საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1281(კ-23) 2 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისიადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ.ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 28 აპრილს მ.კ.ხ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 4 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის №1000708753 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.კ.ხ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან იგი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ პირობას, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის. იგი უკვე 4 წელია ცხოვრობს საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად და ორჯერ იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოწმობა. მისი ოთხი შვილი სწავლობს შპს ... სკოლა ... ,,...ში“. მოსარჩელის მოსაზრებით სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ იქნა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები. ისინი ირანში ვერ მიიღებენ სრულფასოვან განათლებას. ამასთან, მოსარჩელე არის მარტოხელა დედა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის №1000708753 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ.კ.ხ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ.კ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის №1000708753 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.კ.ხ-ის მიმართ საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-15 „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამავე კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ.კ.ხ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მ.კ.ხ-ის განცხადების საფუძველზე წარმოების ფარგლებში სააგენტომ მოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ამასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესში "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, უარის თქმის კანონიერი საფუძვლების დადგენის მიზნით, სააგენტომ 2023 წლის 23 მარტის №01/69028 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის № SSG 5 23 000747114 წერილის მიხედვით სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ.კ.ხ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების გათვალისწინებით.
ამდენად, კასატორის განმარტებით, კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, იხელმძღვანელა რა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავდროულად, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესი და მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, რადგან სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლისა და 96–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის №1000708753 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ საქმეში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად. მითითებული წესის 122 მუხლის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს დადგენილი ფორმის განცხადება, უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება), ფერადი ფოტოსურათი ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.კ.ხ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2020 წლის 29 აპრილს გაცემული №1511/2/77455 ცნობით დგინდება, რომ მ.კ.ხ-ი ნასამართლევი არ არის. მ.კ.ხ-ის საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...ას (ყოფილი ...ის) №35-37, ბინა ...; აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებულია 113 804,10 ლარად. მ.კ.ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის №1000708753 გადაწყვეტილებით მ.კ.ხ-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. მითითებული გადაწყვეტილება მ.კ.ხ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2020 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მ.კ.ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის №1000708753 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.კ.ხ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მ.კ.ხ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის SSG 5 23 00074714 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მ.კ.ხ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის №1000708753 გადაწყვეტილებით მ.კ.ხ-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 01.02.2024წ. წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ.კ.ხ-ის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის SSG 5 23 00074714 წერილში მითითებული გარემოებების საფუძველზე, მ.კ.ხ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის №1000708753 გადაწყვეტილების მიღების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობებისა და საფუძვლების არსებობა და მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.12.2023წ. №25776 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.12.2023წ. №25776 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე