საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-473(კს-24) 26 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ.ხ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებაზე.
2023 წლის 1 ივნისს ი.ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქ.ხ-ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა 9 (ცხრა) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ბ-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დამცავი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: აეკრძალა ქ.ხ-ას ი.ბ-თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება მარტო ან თანმხლებ პირებთან ერთად; აეკრძალა ქ.ხ-ას ი.ბ-თან ნებისმიერი სახის ვერბალური კომუნიკაცია, ასევე, ურთიერთობა, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით, სატელეფონო, სოციალური ქსელების და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დამცავი ორდერი გამოიცა 1 (ერთი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ.ხ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებით ქ.ხ-ას საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად. მხარეებს განემარტათ განჩინების საბოლოო ხასიათი, მისი გასაჩივრების დაუშვებლობა.
ქ.ხ-ამ 2023 წლის 19 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.ხ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ განცხადება წარდგენილია დამცავი ორდერის გაცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლი შეეხება დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესს, რომლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხ. პირველი პუნქტ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამცავ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ განმარტებულია აგრეთვე გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებაშიც. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.ხ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 1213 მუხლის მე-6 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ხ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე