Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-455(კ-23) 10 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის №66/9 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივნისის №867 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივნისის №867 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის №66/9 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ქ. ხ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე, 25-ე მუხლები, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12, 31-ე მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლი და სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის N66/9 ბრძანებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ხ-ეს უარი ეთქვა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილების პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით, კერძოდ განიმარტა, რომ კომისიამ ვერ მოიპოვა ინფორმაცია ოჯახში შემავალი პირების შესახებ.

საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. ხ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში მითითებული აქვს მისამართი - ქ. თბილისი, ...ი, ...ის შენობა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. განაცხადის წარდგენისა და სადავო აქტის გამოცემისას განცხადებაში მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს ასევე ადასტურებენ მოსარჩელე ქ. ხ-ის მეზობლები ერთობლივი განცხადებით, რომლის თანახმად, 2012 წლის ივლისიდან, 2021 წლის სექტემბრამდე ქ. ხ-ე ცხოვრობდა ...ის შენობაში, ...ის ქ. N75. საქმის სასამართლოში განხილვისას ასევე ყურადღება გამახვილდა მოპასუხის მიერ წარდგენილ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ გაცემულ ინფორმაციაზე სადაც მითითებულია, რომ ბ. ხ-ისა და ქ. ხ-ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N17, ბინა N17, ოჯახის ფაქტობრივი მისამართია ქ. თბილისი, ვაკე - საბურთალოს რაიონი, ...ი, ...ის ქ. N7ა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული ინფორმაციის მოძიების ვალდებულება ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად უნდა ხდებოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველი საკითხის გამოკვლევა, აუცილებელია დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პირების შესახებ, ვინც არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სათანადო საცხოვრისის მხრივ, მათ შორის განსაკუთრებულ კატეგორიას უსახლკარო პირები წარმოადგენენ, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება მათი უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრების პირობები. იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, ამის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, თითოეული უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების სრულყოფილად შესწავლა, მათი განხილვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლოს მსჯელობით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ ვერ იქნა მოპოვებული ქ. ხ-ის ოჯახში შემავალი პირების შესახებ ინფორმაცია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებული იქნა კონკრეტული მისამართი, ამასთან განცხადება წარდგენილი იქნა 2018 წლის 27 დეკემბერს, თუმცა სადავო აქტი გამოიცა 2021 წლის 16 აპრილს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ უნდა შეფასებულიყო. სასამართლოს მიერ ასევე ყურადსაღებად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ქ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობაში შედის მისი არასრულწლოვანი შვილი ბ. ხ-ე. განიმარტა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც სასამართლოს მსჯელობით, სადავო აქტების მიღების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებას ვერ დაექვემდებარება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გაწეული შრომის საფასური - საადვოკატო ხარჯი, რომელის ანაზღაურებაც ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ხ-ემ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიერ წარდგენილი იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები სრულად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის ფარგლებში კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საკითხის ხელახლა შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო პალატის მიერ. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან არა აქვს ქირის გადახდის საშუალება, მცირეწლოვან შვილთან ერთად, პერიოდულობით სხვადასხვა მეგობართან და ოჯახის ახლობლებთან ცხოვრობს, ხშირად იცვლის საცხოვრებელს და ფაქტობრივად არასრულწლოვანს არ აქვს საშუალება იცხოვროს სტაბილურად ერთ მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის №66/9 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივნისის №867 ბრძანების კანონშესაბამისობის შემოწმება და იმ გარემოებების დადგენა, თუ რამდენად არსებობდა სადავო აქტების მიღების დროს ქ. ხ-ის ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 27 დეკემბერს ქ. ხ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია (ს.ფ 96). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარდგენილია ქ. ხ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ბ. ხ-ის სახელით, მითითებულია მისამართი - ქ. თბილისი, ...ი, ...ის შენობა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ს.ფ 97-104).

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 დეკემბერს გაცემული დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ბ. ხ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს. დედის გრაფაში მითითებულია - ქ. ხ-ე, ხოლო მამის გრაფა ცარიელია (ს.ფ 21).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის N... წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ქ. ხ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული (ს.ფ 105).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულია ქ. ხ-ე და ბ. ხ-ე, მისამართი - ...ი, ...ის ქ. N7ა, სარეიტინგო ქულა - 53750 (ს.ფ. 106).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 მარტის N... წერილით დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, ქ. ხ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული (ს.ფ. 87).

საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 მაისის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, სადაც ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულია ქ. ხ-ე და ბ. ხ-ე, მისამართი - ...ი, ...ის ქ. N7ა, სარეიტინგო ქულა 53750.

შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ქ. ხ-ისა და ბ. ხ-ის მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (ს.ფ. 81-82).

საქმეში წარმოდგენილია ქ. ხ-ის მეზობლების ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, ბ. ბ-ი, კ. ვ-ე და ჟ. ა-ი ადასტურებენ, რომ 2012 წლის ივლისიდან, 2021 წლის სექტემბრამდე ქ. ხ-ე ცხოვრობდა ...ის შენობაში, მისამართზე - ...ის ქ. N75 (ს.ფ. 192).

საქმეში წარმოდგენილი საბურთალოს რაიონის გამგეობის 2022 წლის 14 აპრილის ინფორმაციით, ბ. ხ-ისა და ქ. ხ-ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N17, ბინა N17, ოჯახის ფაქტობრივი მისამართია ქ. თბილისი, ვაკე - საბურთალოს რაიონი, ...ი, ...ის ქ. N7ა (ს.ფ. 225-226).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის N66/9 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილების პირველის მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე- 2 პუნქტის ‘’ე’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო ბ. ხ-ეს და ქ. ხ-ეს უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ 2021 წლის 21 მაისს გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით (ს.ფ 13; 68-78).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივნისის N867 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ქ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის N66/9 ბრძანება. ბრძანების თანახმად, დადგენილია იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალი, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება ქმნის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ აღნიშნულ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთ - ერთის დაუკმაყოფილებლობა კი იწვევს განმცხადებლისათვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმას (ს.ფ 14-19).

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა დეტალურად შეაფასებს თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას და იმ სამართლებრივ ნორმას, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს უარს, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“, სადაც განმარტებულია პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. აღნიშნული წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის N19.225.312 განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის საკითხს და იღებს შესაბამის რეკომენდაციას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, N37-14 დადგენილების და ამ დებულების შესაბამისად. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღება. ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული 2021 წლის 16 აპრილის N66/9 ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულ საკანონმდებლო ნორმაზე, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალი №37-14 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-5 მუხლში (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) გაწერილია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. მუხლის პირველ პუნქტში კანონმდებელმა მიუთითა ის ჩამონათვალი, რომლის დაკმაყოფილების პირობებშიც უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი დარეგისტრირდება უსახლკარო ოჯახად, კერძოდ ა) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ბ) ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ) ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ) ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით. თ) ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.

ამავე საკანონმდებლო რეგულაციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ ოჯახის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია); ბ) თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ოჯახის მხოლოდ არასრულწლოვანი წევრ(ებ)ი; გ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის არმიწოდებას; დ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც ოჯახმა საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი; ე) კომისია ვერ მოიპოვებს ინფორმაციას ოჯახში შემავალი პირების შესახებ

განსახილველ შემთხვევაში სწორედ ზემოაღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი დაედოს საფუძვლად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს და განიმარტა, რომ კომისიამ ვერ მოიპოვა ინფორმაცია ოჯახში შემავალი პირების შესახებ.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნით ქ. ხ-ის მიერ 2018 წელს წარდგენილ განცხადებაზე სადაც მითითებულია მისამართი - ქ. თბილისი, ...ი, ...ის შენობა, და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარდგენილია ქ. ხ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ბ. ხ-ის სახელით, მითითებულია მისამართი - ქ. თბილისი, ...ი, ...ის შენობა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი განცხადებაში მითითებულ მისამართზე, განაცხადის წარდგენისა და სადავო აქტის გამოცემისას ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ მეზობლები ერთობლივი განცხადებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 მაისის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულია ქ. ხ-ე და ბ. ხ-ე; რაც შეეხება საქმის სასამართლოში განხილვისას მოპასუხის მიერ წარდგენილ საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციას, მითითებულია, რომ ბ. ხ-ისა და ქ. ხ-ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N17, ბინა N17, ოჯახის ფაქტობრივი მისამართია ქ. თბილისი, ვაკე - საბურთალოს რაიონი, ...ი, ...ის ქ. N7ა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად უნდა ხდებოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველი საკითხის გამოკვლევა, აუცილებელია დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პირების შესახებ, ვინც არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სათანადო საცხოვრისის მხრივ, მათ შორის განსაკუთრებულ კატეგორიას უსახლკარო პირები წარმოადგენენ, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება მათი უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრების პირობები. იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, ამის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, თითოეული უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების სრულყოფილად შესწავლა, მათი განხილვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება ოჯახში შემავალი პირების ვინაობა და მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკითხის ხელახლა შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის დავალების თაობაზე.

„..სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას..“ (სუსგ, №ბს-329-327(2კ-17) 19.10.2017წ.). ამასთან, „..გარდა იმისა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის...“ (სუსგ №ბს-1198(კ-19) 17.09.2020წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიერ წარდგენილი იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის ფარგლებში კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საკითხის ხელახლა შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო პალატის მიერ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (შემდგომში პაქტი) მე-11 მუხლი ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია, ვინაიდან იგი საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმას წარმოადგენს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი ბინა. პაქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ბინა, არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, ვინაიდან იგი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ თავშესაფრის ქონას, არამედ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი გაგებული უნდა იქნეს როგორც სათანადო საცხოვრისის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება, მოახდინოს საცხოვრისის უფლების სრული რეალიზება მოიცავს უსახლკარობის პრევენციის ვალდებულებასაც. გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) განმარტების თანახმად, უფლება სათანადო საცხოვრისზე არ არის იზოლირებულად მდგომი უფლება და მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან.

სათანადო საცხოვრისის უფლებას ცალკე არ გამოყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) არ მოიცავს სახლით უზრუნველყოფის უფლებას, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელსაც უწოდებს სახლს და შეძლებს ღირსეულად ცხოვრებას. კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ყველა უზრუნველყოს სახლით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი პოზიტიური ვალდებულება წარმოეშვას. როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, იმ პირებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ პირადი ცხოვრების უფლებით ნორმალური სარგებლობა. სათანადო საცხოვრისის უფლებაზე მითითება პირდაპირ გვხვდება ევროპის გადასინჯულ სოციალურ ქარტიაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. იმავე დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. იმავე ქარტიის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. რაც შეეხება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მითითებულია, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ვალდებულია, საცხოვრებლისა და საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილი ქ. ხ-ის ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციით, უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სამართლიანობა, რაც ასევე გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის №66/9 ბრძანება ბ. ხ-ის და ქ. ხ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის N66/9 ბრძანება, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა იწვევს იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე სახეზეა ქ. ხ-ის ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ქ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის №66/9 ბრძანება;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივნისის №867 ბრძანება;

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა რომლითაც დაკმაყოფილდება ქ. ხ-ის მოთხოვნა ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე