Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-80-437-05 21 ივნისი, 2005 წ., ქ.

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი,

მ. ახალაძე

დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ღ-ემ 2004წ. 20 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი. გ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ 1998წ. 9 სექტემბერს მოპასუხისაგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, ... მე-7 შესახვევის ¹120-ში. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონით დადგენილი წესით, ანუ გაფორმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. იმის გამო, რომ აღნიშნულ სახლში დღემდე ცხოვრობს მოპასუხე. მოსარჩელემ მოითხოვა მისი იძულებითი გამოსახლება.

მოპასუხე ი. გ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1998წ. 9 სექტემბერს მოპასუხესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური გარიგება, რადგან დადებული იყო სხვა გარიგების დაფარვის მიზნით.

მოპასუხის განმარტებით, მან 1998 წელს გადაწვიტა, ბიზნესის წარმოების მიზნით, სესხად აეღო 22000 აშშ დოლარი, რისთვისაც მიმართა თავის ახლობელს _ რ.დ-ს, რომელიც დაჰპირდა, რომ მოუძებნიდა ადამიანს, რომელიც აღნიშნულ თანხას ასესხებდა იმ პირობით, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით გააფორმებდნენ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებას ვალის გადახდამდე. მას შემდეგ, რაც რ.დ-მა მას გადასცა 22000 აშშ დოლარი, იგი შეხვდა თ.ღ-ეს და ე. გ-ის სანოტარო ბიუროში გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება.

მოპასუხის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარიგება წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, როგორც თვალთმაქცური გარიგებისას, რომელიც დადებული იყო სხვა გარიგების დაფარვის მიზნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი. გ-ე გამოსახლებულ იქნა თ. ღ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. მოპასუხის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ, მთლიანად დაუჭირა მხარი შეგებებულ სარჩელს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, რის გამოც იგი იპოთეკად უნდა ჩაითვალოს.

სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 156-ე მუხლი. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ იპოთეკის ხელშეკრულება და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დადებულია ერთი და იმავე ვადით, რასაც უნდა მიეცეს სათანადო შეფასება. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 624-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინა, მდებარე ქ.ქუთაისში, ..., ი. გ-ისაგან თ. ღ-ემ შეიძინა 1998წ. 9 სექტემბრის სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 45000 ლარად. ბინა აღრიცხულია საჯარო რეესტრში თ.ღ-ის სახელზე.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლომ დააკმაყოფილა თ. ღ-ის მოთხოვნა ი.გ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 56-ე მუხლი. სასამართლოს მხარეთა შორის არსებული გარიგება არ მიუჩნევია თვალთმაქცურ გარიგებად და, ბუნებრივია, ვერ გამოიყენებდა მითითებულ ნორმას.

კასატორის მიერ მითითებულ ხელწერილთან მიმართებაში, რომელიც ადასტურებს რომ თითქოს მხარეებს შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ _ იპოთეკის ხელშეკრულება. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წერილს ხელს არ აწერს არც რ.დ-ი და არც თ.ღ-ე, ხოლო ის გარემოება, რომ როგორც სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დადებულია ერთი და იმავე ვადით, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს სურდათ იპოთეკის ხელშეკრულების დადასტურება. კასატორი ვერ უთითებს იმ ძირითად არგუმენტზე, რომლებმაც ხელი შეუშალა მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადებას და მის ნაცვლად ნასყიდობის და სესხის ხელშეკრულებების გაფორმებას.

ვერ იქნება გაზიარებული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ მხარეებს შორის დადებულია იპოთეკის და არა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელწერილში, რომელზეც უთითებს კასატორი საკასაციო საჩივარში, მითითებულია, რომ მას ფული ასესხა რ. დ-მა და არა თ. ღ-ემ. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია დადგინდეს ის გარემოება, რომ მას და თ. ღ-ეს შორის არსებობდა იპოთეკის ხელშკრულება. უფრო მეტიც, არ არსებობს წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ. დ-სა და ი. გ-ეს შორის სესხის ხალშეკრულების არსებობას, ხოლო სკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მხარეებს არაფერი უშლიდათ ხელს, გაეფორმებინათ იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი მითითებული არ არის საკასაციო საჩივარშიც.

ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ვადა და სესხის ხელშეკრულების ვადა ემთხვევა ერთმანეთს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის დასტურად, რომ მხარეებმა დადეს იპოთეკის და არა ნასყიდობის ხელშეკრულება. თვით სასარჩელო განცხადებაში ი.გ-ე უთითებს, რომ მან სესხის უზრუნველსაყოფად თ.ღ-ესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება ვალის გადახდამდე და შემდგომში ისევ უნდა გადაფორმებულიყო ბინა მასზე. იპოთეკის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ბინის გამსესხებელზე გაფორმების შესაძლებლობას, ხოლო გამოსყიდვის უფლებით, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, სკ-ის 509-510-ე მუხლების თანახმად, ხდება ნივთის გაყიდვა და შემდეგ გაყიდული ნივთის გამოსყიდვა, რაც უფრო მეტად მიესადაგება მხარის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ვიდრე იპოთეკის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინება.

დაეკისროს ი. გ-ეს სახელმწიფო ბაჟის სახით 1700 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.