Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-359(კ-23) 15 მაისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ. ნ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 19 თებერვალს პ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის პ. ნ-ის მიერ შპს „...ში", 1993-1997 წლებში, მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993-1997 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ... ინსტიტუტში, ...ის ფაკულტეტზე, სპეციალობა-...ი. მან 2019 წლის იანვარში მიმართა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება, რაზეც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით პ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, პ. ნ-ის მიერ „...ში” 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა ევალება საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ამასთან, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ნებისმიერ სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და რასაც არც მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხდის სადავოდ, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, მათ შორის, შპს ,,... ინსტიტუტის“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი სტუდენტის ბილეთით, ე. ს-ის, გ. ნ-ისა და თ. ბ-ის წერილობითი განცხადებით დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ნ-ე 1993-1997 წლებში ნამდვილად სწავლობდა შპს ,,... ინსტიტუტში“ ...ის ფაკულტეტზე. სასამართლომ ყურადღება გამახვილა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეროვნული არქივის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნულია იმის შესახებ, რომ შპს ,,... ინსტიტუტის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული არ ყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის მიერ ,,...ში” მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის წარმოებისას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია: მოსარჩელის მითითებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებები, კურსიდან-კურსზე გადაყვანის ბრძანებები, სახელმწიფო საგამოცდო ოქმები, კვალიფიკაციის მინიჭების ოქმები, დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლები და სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

თბილსის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია: მოსარჩელის მითითებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება, კურსიდან-კურსზე გადაყვანის ბრძანება, სახელმწიფო საგამოცდო ოქმი, კვალიფიკაციის მინიჭების ოქმი, დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლები და სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ის გარემოება, რომ ხსენებული დოკუმენტები არც საქართველოს ეროვნულ არქივში ინახებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მიზნიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მითითებით, არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაბათილებულიყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ ,,...ში” 1993-1997 წლებში მიღებული, უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებიდან გამომდინარე შპს ,,... ინსტიტუტი“ წარმოადგენდა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88.11 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, მათ შორის, შპს ,,... ინსტიტუტის“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქმეში არსებული სტუდენტის ბილეთით, ასევე ე. ს-ის, გ. ნ-ისა და თ. ბ-ის წერილობითი განცხადებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ნ-ე 1993-1997 წლებში ნამდვილად სწავლობდა შპს ,,... ინსტიტუტში“, ...ის ფაკულტეტზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნულია იმის შესახებ, რომ შპს ,,... ინსტიტუტის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ იყო დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით. საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს დამატებით უნდა მოეპოვებინა მოსარჩელის - პ. ნ-ის მიერ შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში ემსჯელა წარმოდგენილი სტუდენტის ბილეთი, რამდენად მიეკუთვნება წარსულში მიღებული განათლების და კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს, თუ რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად.

მოცემული ადმინისტრაციული საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ის საგამონაკლისო გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა დოკუმენტაციის განადგურებას, მიიჩნია, რომ თვით ეს ფაქტი გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის მითითებული სახით მოძიებისა და წარდგენის შესაძლებლობას; ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისათვის დაწესებულია უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო მოთხოვნა, ამასთან, პ. ნ-ემ განმარტა, რომ მისი სამომავლო ინტერესი უკავშირდება პროფესიული თვალსაზრისით საქმიანობას. რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით, არათანაზომიერად დააზარალებს მოსარჩელის მნიშვნელოვან ინტერესებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სტუდბილეთისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მოსარჩელეს დადასტურებულად უნდა ჩაეთვალოს იმ დისციპლინების შესწავლა, რომლებიც კონკრეტული ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამაში შედიოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ წლებში, შესაბამისად, აღიარებულ იქნეს მის მიერ სათანადო კვალიფიკაციის დაუფლება.

აღნიშნული განჩინება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო საჩივრით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას გასაჩივრებული გადაწყვეტილება არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო პალატამ შესაბამისი მითითებებით უკან დაუბრუნა განმეორებით განხილვა-გამოკვლევისათვის.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. ს-მა, გ. ნ-ემ და თ. ბ-ემ წერილობით დაადასტურეს 1993-1997 წლებში შპს „...ში“ პ. ნ-ის სწავლა და იმ ფაქტის ნამდვილობა, რომ პ. ნ-ე იყო მათი კურსელი. თუმცა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული პირები არ დაუკითხავს მოწმის სახით, ნოტარიუსი კი ამოწმებს მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობას. გარდა აღნიშნულისა, მითითებული პირების თაობაზე როგორც სწავლის დასრულების, ისე მისგან გამომდინარე სწავლების შედეგის თაობაზე ინფორმაცია- მინიჭებულ კვალიფიკაციასა და მათ სახელზე გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტ -დიპლომთან დაკავშირებით, არაფერს ადასტურებს. შესაბამისად, საქმეში არ არსებობდა კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაადასტურებდა პ. ნ-ის მიერ განათლების მიღების ფაქტს. კასატორის მოსაზრებით, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ შპს ,,...ის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ იყო დაცული. ამასთან, პ. ნ-ემ ვერ წარადგინა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული „წესით“ გათვალისწინებული დოკუმენტაცია კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. წარდგენილია მხოლოდ სტუდენტის ბილეთი, რომელიც განათლების აღიარების მიზნებისთვის არ არის რელევანტური. განათლების მიღების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, რაც მოცემულ საქმეში, თუნდაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებშიც, სწორედ მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია, ვინაიდან როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფდა მის მიმართ კონკრეტული კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემისას კი, აუცილებელი იყო, კონკრეტული კვალიფიკაციის დიპლომში მითითება, ვინაიდან, კასატორის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორი მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე" და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სწორედ ამ წესის შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ცალსახად დაადგინა, რომ არ არსებობდა ხსენებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პ. ნ-ის სწავლის თაობაზე ინფორმაცია, ასევე, ვერ მოიძებნა შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში პ. ნ-ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტები.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა დაწესებულებაში არსებულ ხანძართან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია დოკუმენტების განადგურება და აღნიშნა, რომ მითითებული ფაქტი დადასტურებული არ არის. მითითებულ ინფორმაციას ცენტრი ფლობს მხოლოდ დაწესებულების ყოფილი რექტორის შვილის ახსნა-განმარტებიდან, რომელიც სასამართლოში მონაწილეობდა მესამე პირის სტატუსით. თუმცა ხანძრის არსებობის ფაქტიც ვერ ამართლებს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების მართებულობას და სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან ხანძრი მოხდა 2005 წელს, როდესაც დაწესებულებამ ვერ გაიარა აკრედიტაცია და შეწყვიტა საქმიანობა, პ. ნ-ის განმარტებით კი, მას გაცილებით ადრე - 8 (რვა) წლის წინ აქვს დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.

კასატორმა განმარტა, რომ ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტებები უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებულ იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების პროცედურა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს პ. ნ-ის მიერ შპს „...ში", 1993-1997 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

პ. ნ-ემ 2019 წლის 14 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,...ში“ 1993-1997 წლებში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა;

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 16 იანვრის №MES 0 19 00034004 წერილით პ. ნ-ეს მოსთხოვა შპს ,,...ში“, 1993-1997 წლებში, მიღებული განათლების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. პ. ნ-ემ 2019 წლის 18 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა სტუდენტის ბილეთი;

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 16 და 18 იანვრის წერილებით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა არქივში დაცული, შპს ,,...ში“ პ. ნ-ის მიერ უმაღლესი განათლების აღიარებისთვის საჭირო, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა;

საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 30 იანვრის წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ შპს ,,...ის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ იყო დაცული. შესაბამისად, არქივი მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა პ. ნ-ის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში სწავლების ფაქტის შესახებ ინფორმაცია;

ე. ს-მა, გ. ნ-ემ და თ. ბ-ემ წერილობით დაადასტურეს, რომ პ. ნ-ე 1993-1997 წლებში ნამდვილად სწავლობდა შპს ,,...ში“ და იყო მათი კურსელი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, შპს „... ინსტიტუტი“ წარმოადგენდა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, მათ შორის, შპს „... ინსტიტუტის“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული წინაპირობები პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას.

განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია, ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმავე კანონის 251 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილებას, საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში პ. ნ-ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არქივს დაევალა პ. ნ-ის მიერ შპს „...ში“ 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის მტკიცებულების წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2022 წლის 29 აპრილს წარდგენილ იქნა საქართველოს ეროვნული არქივის წერილი, რომლითაც სააპელაციო პალატას ეცნობა, რომ შპს „...ის“ თაობაზე რაიმე ინფორმაცია არქივში არ ინახებოდა, ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 02 მაისისა და 2022 წლის 04 მაისის წერილებით სააპელაციო პალატას ეცნობა, რომ შპს „...ის“ 1993-1997 წლების სახელმწიფო საგამოცდო უწყისებში პ. ნ-ის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, მათ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 10 ნოემბრის წერილზე, რომლითაც პალატაში წარდგენილ იქნა 1993-2000 წლებში შპს „...ში“ სტუდენტების შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტაცია, სამსახურებრივი ბარათები, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმი და 1997 წლიდან - 1999 წლამდე სახელმწიფო გამოცდის გამართვისა და კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭებისათვის სახელმწიფო გამოცდის ჩატარების დოკუმენტები. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მითითებულ მასალებში არც პ. ნ-ისა და არც მის მიერ მოწმის სახით მოყვანილ პირთა - ე. ს-ის, გ. ნ-ის და თ. ბ-ის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, ხოლო მოსარჩელის მიერ აღნიშნული დოკუმენტების საპირწონედ და გასაბათილებლად რაიმე ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მითითებულ კანონიერი ნდობის პრინციპთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას და შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ, №ბს-1265(კ-19), 05/03/2020); №ბს-470(კ-19), 23/04/2019; №ბს-812(კ-18), 04/10/2018). ამასთან, განათლების სფეროში, სახელმწიფოს მხრიდან ზემოხსენებული პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულება ასევე გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (Mürsel Eren v. Turkey). თუმცა პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოქტრინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. ერთი მხრივ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა)მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ., არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ცენტრს მიმართა 2019 წელს, 22 წლის შემდგომ სწავლის დასრულებიდან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და მის მიერ 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების არ ქონის პირობებში არ არსებობს მის მიმართ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის“ დაცვის სამართლებრივი საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გამოითხოვა ადმინისტრაციული ორგანოდან და საქართველოს ეროვნული არქივიდან საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ასევე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, რომლითაც არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ 1993-1997 წლებში შპს ,,...ში'' სრული სასწავლო პროგრამის გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების რაიმე მტკიცებულება, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოს კვლავ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს, თუ რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. გარდა აღნიშნულისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება უნდა დასტურდებოდეს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი კანონით განსაზღვრული რაიმე დოკუმენტი, რაც ცხადყოფდა მის მიმართ კონკრეტული კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს, რაც მის მიერ მიღებული განათლების აღიარების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელე პ. ნ-ეს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) და 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. პ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე პ. ნ-ეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) და 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე