Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-665(კ-23) 15 მაისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „... კლინიკა“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „... კლინიკის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „მ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/31334 და „გ. ნ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებების, ასევე, მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68145 და იმავე წლის 17 დეკემბრის №04/67770 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები კანონს ეწინააღმდეგება. მათში აღნიშნულია, რომ სამედიცინო შემთხვევები მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ძირითადი ნაზოლოგიური კოდით. ამდენად, ანაზღაურებას უნდა დაქვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი და არა დამატებითი კოდით გადაცემული სამედიცინო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა დამატებითი კოდით გადაცემული შემთხვევის ანაზღაურებაზე, ასევე დაჯარიმდა ძირითადი კოდის 10%-ით. მოსარჩელის მოსაზრებით კი, მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება სამართალდარღვევის არსებობის შესახებ გასაჩივრებულ აქტებში არ მოიპოვება, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „... კლინიკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/31334 და 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს უარი ეთქვა პაციენტების მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, ვინაიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად სამედიცინო დაწესებულების მიერ შეტყობინებათა სისტემაში გეგმიური სტაციონარული მომსახურების ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევებში მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. დასახელებული გადაწყვეტილებები კლინიკამ ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68145 და იმავე წლის 17 დეკემბრის №04/67770 გადაწყვეტილებებით კი ადმინისტრაციული საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ისინი მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცული იყო მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. განსახილველ შემთხვევებში პაციენტები მკურნალობდნენ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი ჩამოთვლილი მდგომარეობები მიეკუთვნებოდა ამბულატორიულ დონეზე, პირველადი ჯანდაცვით მართვად რგოლს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის დონეზე. შესაბამისად საქმის მასალებით არ დგინდებოდა გადაუდებლობის აუცილებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გადაუდებელი ამბულატორიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო მკურნალობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „... კლინიკის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/31334 და 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68145 გადაწყვეტილებები; გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 და 2018 წლის 17 დეკემბრის №04/67770 გადაწყვეტილებები; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა შპს „... კლინიკის“ სასარგებლოდ №1566189869 და №3035581243 სამედიცინო შემთხვევების სრულად ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულ გარემოებებზე: პაციენტი მ. მ-ე შპს „... კლინიკაში“ სამკურნალოდ 2017 წლის 19 დეკემბრის 16:25 სთ-დან 2017 წლის 26 დეკემბრის 14:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაფიქსირდა დიაგნოზი - (...) ... E .... ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე. პაციენტს ...ის გამო ჩაუტარდა ...ის დონეზე. თანმხლებ დაავადებად მითითებულია: ... E …; ... I …; ... II I …; ... II I …; ... (... ფორმა) I … . ძირითადი დაავადების გართულებად აღნიშნულია შედეგი: (...) ... J ...; ... G …, ... დაუზუსტებელი J .... უტარდებოდა მკურნალობა: ..., ... . მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა და შემდგომი მკურნალობის მიზნით პაციენტი 2017 წლის 25 დეკემბერს 12:00 საათზე გადაყვანილ იქნა ... დეპარტამენტში. მეორე სამედიცინო შემთხვევის დროს პაციენტი - გ. ნ-ი კლინიკაში სამკურნალოდ იმყოფებოდა 2018 წლის 3 იანვრის 15:55 სთ-დან 2018 წლის 9 იანვრის 14:00 სთ-მდე. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაფიქსირდა, რომ პაციენტი მოთავსდა კლინიკის ... განყოფილებაში, ჩივილებით: ..., ..., ..., ... . ..., იმყოფებოდა ... მდგომარეობაში, ჩაუტარდა ...ის კონსულტაცია, ...ის რენტგენოგრაფია, რითაც გამოირიცხა .... ...აზე პაციენტის მდგომარეობა შეფასდა მძიმედ, დაესვა ...ის დიაგნოზი და გადაყვანილი იქნა ... დეპარტამენტის ინტენსიურ პალატაში. პაციენტის თანმხლები დაავადებებად მითითებულია ...; ... და ... (... ფორმა); ...; ... - ...; ...; ..., ცალმხრივი. ჩატარებული ...ის, ...ის, ...ი, ...ი, ... და ... თერაპიის შედეგად მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შესაძლებელი გახდა მკურნალობის ამბოლატორიულად გაგრძელება. ადმინისტარციული ორგანოს მიერ მოცემული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმა კი განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ პაციენტები არ საჭიროებდნენ I დონის ინტენსიური მკურნალობას და ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ პაციენტების I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდით დაყოვნების აუცილებლობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ერთი ნოზოლოგიური კოდი. თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ სჭირდებოდათ ის სამედიცინო მომსახურებები, რომელიც ჩაუტარდათ, მით უფრო, როდესაც ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების, ასევე დიაგნოზისა და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა აღნიშნული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სათანადო, მყარი სამედიცინო დასაბუთების გარეშე განმარტება იმისა, რომ პაციენტები არ საჭიროებდნენ I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას, დაუშვებელი იყო, რადგან ხსენებული პოზიციის დაუსაბუთებლად გაზიარების შემთვევაში შესაძლებელია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის გარეშე იქნას დატოვებული პაციენტი/პაციენტები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთლობისა და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა საავადმყოფოს მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული სამედიცინო მომსახურების (I დონის ინტენსიურ მკურნალობა) გაწევა სამედიცინო შემთხვევების მიმართ, მოპასუხის მხრიდან კი არ ყოფილა დასაბუთებული და დადასტურებული შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევების მიმართ გაწეული მომსახურება წარმოადგენდა ანაზღაურებად სამედიცინო შემთხვევებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. მ-ისათვის კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან და სამედიცინო დოკუმენტებიდან გამომდინარე, აშკარა იყო I დონის ინტენსიური მკურნალობის აუცილებლობა, თუმცა, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე გაირკვა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხანგრძლივობით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდებოდა. რაც შეეხება გ. ნ-ის შემთხვევას, მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში შემთხვევა წარმოდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; დიაგნოზი I... - ... (მწვავე); I... - ... III ან IV კლასი ... კლასიფიკაციით/გადაუდებელი თერაპია, თუმცა არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტის I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, წარმოდგენილი ხანგრძლივობით და დიაგნოზით, არ დასტურდებოდა. კასატორის მოსაზრებით, ასეთ ქმედებებში სამედიცინო დაწესებულების ინტერესია სამედიცინო შემთხვევების ხარჯის პროგრამული გაზრდა. შესაბამისად, იგი არ ეთანხმება სასამართლოების მიერ მოცემული საკითხის კლინიკის სასარგებლოდ გადაწყვეტას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მოცემული დადგენილების დანართი №1-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული პეციენტები - მ. მ-ე და გ. ნ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას – საჭიროების შემთხვევაში; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი). ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; ზ) თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი; ი) ადგილი აქვს კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან; კ) ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/31334 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, პაციენტი მ. მ-ე 2017 წლის დეკემბრის თვეში მკურნალობდა შპს „... კლინიკაში“. პაციენტს დაესვა დიაგნოზი: ძირითადი დაავადება - ... (ნოზოლოგიური კოდი E ...); თანმხლები დაავადებები - ... (ნოზოლოგიური კოდი E ...), ... (ნოზოლოგიური კოდი I ...), ... (ნოზოლოგიური კოდი II ...), ... (ნოზოლოგიური კოდი II ...), ... (... ფორმა) (ნოზოლოგიური კოდი I ...); ძირითადი დაავადების გართულება - ... (ნოზოლოგიური კოდი J ...), ... (ნოზოლოგიური კოდი G ...), ... დაუზუსტებელი (ნოზოლოგიური კოდი J ...). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, პაციენტი გ. ნ-ი 2018 წლის იანვრის თვეში მკურნალობდა შპს „... კლინიკაში“. პაციენტს დაესვა დიაგნოზი: ...ა (ნოზოლოგიური კოდი I...); თანხმლები დაავადებები - ... (ნოზოლოგიური კოდი I...), ... და თრთოლვა (... ფორმა) (ნოზოლოგიური კოდი I...), ... (ნოზოლოგიური კოდი I...), ... ... (ნოზოლოგიური კოდი E...), ... (ნოზოლოგიური კოდი E...), თირკმლის ჰიპოპლაზია, ცალმხრივი (ნოზოლოგიური კოდი Q...).

აღნიშნულ პაციენტებს შპს „... კლინიკაში“ მომსახურება გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. სამედიცინო შემთხვევებს №1566189869, №3035581243 კი განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 18-19, 35-36). აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების - მ. მ-ისა და გ. ნ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის კანონიერება. შესაფასებელ საკითხს კი წარმოადგენს ის გარემოება, ... ავტომატურად მოიცავდა თუ არა ...ს, ...ისა და ...ის მკურნალობასაც, ასევე, ...ის მკურნალობა, ავტომატურად მოიცავდა თუ არა ...ის მკურნალობას და ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდებით თუ ასევე ანაზღაურებას ექვემდებარებოდა დამატებითი ნოზოლოგიური კოდებიც.

საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პაციენტი მ. მ-ე შპს „... კლინიკაში“ სამკურნალოდ 2017 წლის 19 დეკემბრის 16:25 სთ-დან 2017 წლის 26 დეკემბრის 14:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაფიქსირდა დიაგნოზი - (...) ... E .... ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე. პაციენტს ...ის გამო ჩაუტარდა ...ის დონეზე. თანმხლებ დაავადებად მითითებულია: ... E ...; ... I ...; ... II I ...; ... II I ...; ... (... ფორმა) I ... . ძირითადი დაავადების გართულებად აღნიშნულია შემდეგი: (...) ... J ...; ... G ..., ... დაუზუსტებელი J .... უტარდებოდა მკურნალობა: ..., .... მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა და შემდგომი მკურნალობის მიზნით პაციენტი 2017 წლის 25 დეკემბერს 12:00 საათზე გადაყვანილ იქნა ... დეპარტამენტში. რაც შეეხება პაციენტ გ. ნ-ს, ის კლინიკაში სამკურნალოდ იმყოფებოდა 2018 წლის 3 იანვრის 15:55 სთ-დან 2018 წლის 9 იანვრის 14:00 სთ-მდე. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაფიქსირდა, რომ პაციენტი მოთავსდა კლინიკის ... განყოფილებაში, ჩივილებით: ..., ..., ..., .... ..., იმყოფებოდა ... მდგომარეობაში, ჩაუტარდა ...ის კონსულტაცია, ...ის რენტგენოგრაფია, რითაც გამოირიცხა .... ...ზე პაციენტის მდგომარეობა შეფასდა მძიმედ, დაესვა ...ის დიაგნოზი და გადაყვანილი იქნა ... დეპარტამენტის ინტენსიურ პალატაში. პაციენტის თანმხლები დაავადებებად მითითებულია ...; ... და ... (... ფორმა); ...; ... - ...; ...; ..., ცალმხრივი. ჩატარებული ...ის, ...ის, ...ი, ...ი, ... და ... თერაპიის შედეგად მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შესაძლებელი გახდა მკურნალობის ამბოლატორიულად გაგრძელება.

სადავო აქტების თანახმად კი, მ. მ-ისა და გ. ნ-ის შემთხვევებს, პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.), განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ პაციენტები არ საჭიროებდნენ I დონის ინტენსიური მკურნალობას და ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი. თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტებით, სათანადოდ არ არის გამოკვლეული და დასაბუთებული, ...ის მკურნალობა, ავტომატურად მოიცავდა თუ არა ...ის მკურნალობას, ასევე ... ავტომატურად მოიცავდა თუ არა ...ს, ...ისა და ...ის მკურნალობასაც და ანაზღაურებას რის საფუძველზე ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდები და არა დამატებითი ნოზოლოგიური კოდებიც.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სათანადო, მყარი სამედიცინო დასაბუთების გარეშე განმარტება იმისა, რომ პაციენტები საჭიროებდნენ ან არ საჭიროებდნენ I დონის ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას, დაუშვებელია, რადგან I დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის გარეშე პაციენტის/პაციენტების დატოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზემოაღნიშნული დასკვნების გაკეთების წინაპირობას. ამასთანავე, საკითხის ხელახლა კვლევისას მხედველობაშია მისაღები ექიმ მ. შ-ის ახსნა-განმარტება, რომელმაც პირველ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა ..., მისი მდგომარეობა შეფასებული იქნა, როგორც მძიმე და ამ მიზნით მოთავსდა ... განყოფილებაში. მას ჰქონდა თანდართული მძიმე ქრონიკული პათოლოგიები: ..., ასევე ...იდან გამომდინარე ... იყო ...ი, რომლის მოხსნას სამ დღეზე მეტი დრო დაჭირდა. მდგომარეობას ართულებდა ის გარემოება, რომ პაციენტს ფაქტობრივად ჰქონდა ერთი ..., ვინაიდან მეორე ... იყო ... - უფუნქციო. აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა პაციენტის ხანგრძლივი სტაციონარიზაცია. რაც შეეხება, მეორე სამედიცინო შემთხვევას, ექიმის განმარტებით, პაციენტი იყო ..., მას ჰქონდა შორს წასული ...ს ფორმა, რამაც გამოიწვია, როგორც ...ა, ისე მძიმე ...ა ანუ ... დაზიანება - ...ი. აღნიშნულიდან გამომდინარე პაციენტს ჩაუტარდა ...ა. ამის შემდგომ პაციენტი გადაყვანილი იქნა პოსტოპერაციულ მოვლის სივრცეში, სადაც, როგორც წესი, პაციენტებს აჩერებენ არა უმეტეს ოპერაციის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში. ხსენებულ პაციენტის მდგომარეობას ამძიმებდა თანმხლები დაავადებები: უმართავი ..., ...ის სინდრომი ანუ ... . პაციენტი იყო ...ი, პერიოდულად ...ი. ამ ყველაფერს ამძიმებდა თანდართული ...ა. სწორედ ამიტომ იქნა მეორე დიაგნოზი გამოტანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - ...ა. მე-5 დღეს, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, პაციენტი გადაყვანილი იქნა ... განყოფილებაში, საიდანაც ორი დღის შემდეგ გაეწერა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/313334 და 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი გამოირჩევა სპეციფიურობით და დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, რომელიც მოითხოვს შესაბამისი სამედიცინო საკითხის სიღრმისეულ და დეტალურ ცოდნას, ხოლო სადავო აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/313334 და 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას (ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, საქმე №497(კ-20)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება). ~

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარემოებები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/31334 და 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68145 და იმავე წლის 17 დეკემბრის №04/67770 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სადავო გადაწყვეტილებების ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტების - მ. მ-ისა და გ. ნ-ის შემთხვევების ნაწილში კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68145 და იმავე წლის 17 დეკემბრის №04/67770 გადაწყვეტილებების შპს „... კლინიკის“ საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „... კლინიკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 200 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის (სულ 350 ლარის) ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „... კლინიკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №04/31334 და 2018 წლის 7 ივლისის №04/39328 გადაწყვეტილებები პაციენტების - მ. მ-ისა და გ. ნ-ისათვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68145 და იმავე წლის 17 დეკემბრის №04/67770 გადაწყვეტილებები შპს „... კლინიკის“ საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

6. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „... კლინიკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 350 ლარის (200+150) ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე