საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-277(კ-24) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისიადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 8 მაისს მ. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2011 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან. ჰყავს ერთი შვილი. ვინაიდან, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეუღლესა და შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და მუშაობს, მას 2015 წლის 8 ოქტომბრიდან მიღებული ჰქონდა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000449052/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 8 ოქტომბრის №1000449052 გადაწყვეტილება მ. ი-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნული აქტის საფუძველზე მას აღარ აქვს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში ჰყავს ოჯახი და მუშაობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000449052/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 სექტემბრის №1000449052/5 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის №3/3469-23 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში, ნაცვლად, „ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 სექტემბრის №1000449052/5 გადაწყვეტილება“, მიეთითა „ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000449052/5 გადაწყვეტილება“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-15 და 21-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 და 21-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მხედველობაში მიიღოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში უცხოელი პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ამასთანავე, უცხოელისათვის საქართველოში მინიჭებული ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უპირობოდ არ გულისხმობს ამგვარი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ამასთან, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
საქმის მასალების შესაბამისად, მ. ი-ი 2014 წლის 23 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე გ. ბ-ესთან. მ. ი-ის მეუღლე და შვილი არიან საქართველოს მოქალაქეები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდება მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. სწორედ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' პუნქტისა, წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" პუნქტით დადგენილი წესით კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო- ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა გაცემული ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება და არა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან საუბარია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე რომელიც საფუძვლად დაედო აქტის ძალადაკარგულობას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასება, რომელიც ეხება სააგენტოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, სააგენტოს, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში, ავალდებულებს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და მოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილი (დასკვნა) წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის სამართალდაცვითი მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. თუმცა, საკასაციო სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია არ ტოვებს მცირეოდენ ეჭვსაც კი, რომ სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელა რაიმე ქმედება, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის (დასკვნის) პირობებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. სააგენტომ პირის უფლება შეზღუდა ლეგიტიმური მიზნის სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13).
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (Lupsa v. Romania, 20.06.2002წ.; Nunez v. Norway, 21.06.1988წ.; Jeunesse v. The Netherlands, 13.12.2012წ.), თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, კერძოდ, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ი-ი (დაბადების თარიღი ... წელი, პასპორტის №...) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე და 2014 წლის 23 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე გ. ბ-ესთან.
2015 წლის 8 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000449052 გადაწყვეტილებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ი-იზე გაიცა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000449052/5 გადაწყვეტილებით 2015 წლის 8 ოქტომბრის №1000449052 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ი-ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 10 აპრილიდან.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის არა მხოლოდ მინიჭების, არამედ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის პროცესში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მასზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
საკასაციო სასამართლომ სწორედ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის №1000614514/5 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში. აღნიშნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან.
ამასთან, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა უნდა ქმნიდეს სავარაუდოების გარკვეულ ხარისხს (ალბათობის მაღალ ხარისხს), რაც შექმნის დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თავისივე ინიციატივით გადაამოწმოს მის მიერ მიღებული აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ხოლო ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის მიერ იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას.
განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება.
სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №10337/04, §39, 08.06.2006წ.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, §37-38).
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ზოგადად ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების მაღალი რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას“ (სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მუდმივი ცხოვრების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი. საკასაციო პალატა გაეცნო რა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება მართებულია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება, მ. ი-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცემული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000449052/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი და განცხადების განხილვის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, 20.06.2002წ.; Chahal v. The United Kingdom, 15.11.1996წ.). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის ან ყოფნის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა. როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ზეპირ და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (Lupsa v. Romania (§34), 08.06.2006წ.). მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი მართებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს - მ. ი-ის უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (150+300) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელეს - მ. ი-ს დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე