ბს-319 (კ-23) 13 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. კ-იმა 29.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.12.2020წ. N1000722982 დასკვნის/გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2022წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.12.2020წ. N1000722982 დასკვნა/გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა დ შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. კ-ის წარმომადგენელმა 02.10.2020წ. №1000722982 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და რუსეთის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი და მისი თარგმანი, რომლის თანახმად, ჯ. კ-ი წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, პასპორტი მის სახელზე გაცემული იყო 21.09.2011წ. და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ... წლის 21 სექტემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ 16.09.2020წ. სხდომაზე (ოქმი №8253) განიხილა ჯ. კ-ის საკითხი და დაადგინა, რომ საქართველო/რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ჯ. კ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უარყოფითი დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 17.12.2020წ. მომზადდა უარყოფითი დასკვნა (№1000722982) რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ჯ. კ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, რომელიც გადაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული კანონის 211 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. სააპელაციო სასმართლოს მითითებით განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ჯ. კ-ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ შესაბამისი თანხმობის მოპოვების გარეშე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.01.2019წ. №01/21214 ცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ჯ. კ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, მას მოპასუხისათვის განცხადებით მიმართვის დროისათვის - 2020 წლის 02 ოქტომბრისთვის, საქართველოს
მოქალაქეობა შეწყვეტილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებელი იმპერატიულად მოითხოვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან შესაბამისი თანხმობის მოპოვებას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნიდან გამონაკლისის სახით განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეს და ამ საფუძვლით მათ მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე კონკრეტულ პერიოდამდე უფლებამოსილ ორგანოსათვის მიმართვის შესაძლებლობა, რითაც მოსარჩელემ ისარგებლა მოცემულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტი).
სააპელაციო პალატამ მიუთითა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. N2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ სხვა გარემოებებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომისიის ოქმის მიხედვით, მოსარჩელე დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, საქართველოში საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მის მშობლებს რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. სააპელაციო პალატის მითითებით ჯ. კ-ისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორმა მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 21-ე პრიმა მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. კასატორის მითითებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ადგენენ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 24.12.2020წ. N6669 წერილი, სადაც მითითებული იყო იმის თაობაზე, რომ ჯ. კ-ის საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს 17.12.2020წ. 1000722982 დასკვნაზე პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
კასატორმა მიუთითა, რომ საქმის მასალებისა და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით ჯ. კ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ქ. სოხუმში, თუმცა ... წლიდან ოჯახთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში. ამჟამად ცხოვრობს ქ. მოსკოვში, სადაც დაკავებულია სავაჭრო საქმიანობით. კომისიის სხდომის ოქმში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებითა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად კომისიის შინაგანი რწმენის საფუძველზე მიღებულ იქნა უარყოფითი დასკვნა ჯ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის შესახებ, რამეთუ ვერ დადგინდა განმცხადებლის საქართველოსთან სარწმუნო სამართლებრივი კავშირი. ამდენად, სააგენტოს 17.12.2020წ. N1000722982 დასკვნა მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის შემდეგ სააგენტომ დაიწყო მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქმის წარმოება. დადგინდა, რომ ჯ. კ-ის მიმართ არსებობდა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 16.02.2021წ. N63 ბრძანებულებით ჯ. კ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი შუამდგომლობს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სსკ-ის 272-ე მუხლის "ა1" ქვეპუნქტის საფუძველზე. კასატორი თვლის, რომ არ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან სახეზე არ არის მოქალაქეობის შენარჩუნების ძირითადი პირობა და ფაქტობრივი საფუძველი - საქართველოს მოქალაქეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ჯ. კ-ის წარმომადგენელმა 02.10.2020წ. №1000722982 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და რუსეთის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ იქნა ჯ. კ-ის სახელზე 21.09.2011წ. გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, რომლის თანახმად ჯ. კ-ი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, პასპორტის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ... წლის 21 სექტემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ 16.12.2020წ. სხდომაზე განიხილა ჯ. კ-ის საკითხი. დადგინდა, რომ ჯ. კ-ი ...წ. დაიბადა საქართველოში, ქ. სოხუმში. ოჯახთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში, ცხოვრობს ქ. მოსკოვში, სადაც დაკავებულია სავაჭრო საქმიანობით, ჰყავს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე მშობლები. ოქმის მიხედვით, კომისიის ორმა წევრმა განსხვავებული პოზიცია წარადგინა და მიუთითა, რომ ჯ. კ-ი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ოჯახი ფლობს საქართველოში უძრავ ქონებას. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის აღნიშნული წევრების მიერ დაფიქსირებულ იქნა დადებითი პოზიცია ჯ. კ-ის მიმართ მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მათ მიიჩნიეს, რომ ჯ. კ-ის მიმართ არსებობდა საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. საბოლოოდ კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უარყოფითი დასკვნის მომზადების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 17.12.2020წ. გამოსცა უარყოფითი დასკვნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ჯ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 211 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. კ-ის მოპასუხისათვის განცხადებით მიმართვის დროისათვის - 2020 წლის 02 ოქტომბრისათვის უკვე ჰქონდა მიღებული რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა "მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. ამდენად, "მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მას უფლება ჰქონდა უფლებამოსილი ორგანოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიემართა, რაც ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლების არსებობა/არ არსებობის საკითხის არსებითად განხილვის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილების შესახებ დებულების“ მე-40 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის წესს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია. მოცემულ შემთხვევში გასაჩივრებული დასკვნა არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გასაჩივრებული დასკვნა თავის მხრივ ეფუძნება მოქალქეობის საკითხთა კომისიის 16.12.2020წ. სხდომის ოქმს, სადაც კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიციაა დაფიქსირებული ჯ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებების გამოკვლევისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროებას.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დავის საგნის არარსებობის საფუძვლით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის 16.02.2021წ. N63 ბრძანებულებით ჯ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. "მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 29.2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას. განსახილველ შემთხვევაში, ჯ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 16.02.2021წ. N63 ბრძანებულებაში ასევე მითითებულია გასაჩივრების უფლებაზე ბრძანებულების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქმის მასალებით უცნობია და არც კასატორს მიუთითებია თუ როდის ეცნობა კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეს აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს აქვს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების იურიდიული ინტერესი, არ გამოირიცხება მისი მხრიდან მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა. ამასთანავე, ჯ. კ-ის გააჩნდა კომისიის უარის სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რითაც მან ისარგებლა, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მომენტისათვის დავა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე დასრულებული არ იყო. მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე დავის საგანს სასამართლოში და მასზე დამდგარმა სამართლებრივმა შედეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნაზე. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
2.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2022წ. განჩინება;
4.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. N09941 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი