Facebook Twitter

ბს-636(კ-23) 23 მაისი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-მა 24.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის 500 000 ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 1500 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.08.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის და ნ. კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ნ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის 1005.3 მუხლიდან გამომდინარე ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს სკ-ის 413-ე მუხლი. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია, ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი 4 წლით, 10 თვითა და 14 დღით. გასათვალისწინებელია მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, დაკავებისას მარჩენალის გარეშე დარჩა მოსარჩელის მეუღლე, ორი შვილი და მოხუცებული დედა, უკანონოდ წარდგენილი ბრალდების გამო ახლობლებთან შეელახა პატივი და ღირსება, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ექვემდებარებოდა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და მოპასუხეს მოსარჩელე ნ. კ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მორალური ზიანის სახით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს, შესაბამისად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებული იქნას, როგორც განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენება. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას - დევნის განხორციელებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სამართლებრივ უფლებებში აღდგენა განხორციელდა მოპასუხის მიერ, შესაბამისად, სატისფაქციური ეფექტი, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების ძირითად მიზანს წარმოადგენს, უკვე მიღწეულია თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახლი გამოძიებითა და ნ. კ-ის გამართლებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პატიმრობას ნ. კ-ის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება არ გამოუწვევია. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ საქმეებზე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. კასატორმა მიუთითა, რომ საქმეზე არსებული გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით ნ. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობით (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანით). მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სკ-ის 1005.3 მუხლი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. სკ-ის 1005.3 მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა 4 წლის, 10 თვისა და 14 დღის განმავლობაში. საქმის მასალებში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 05.11.2020წ. განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და ნ. კ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ასევე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე. პალატის მიერ შესწავლილი იქნა ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, წარდგენილმა მტკიცებულებებმა ეჭვი შექმნა იმ ბრალდების საფუძვლიანობაში, რაშიც ნ. კ-ი დამნაშავედ იყო ცნობილი. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ არსებობს ეჭვი ნ. კ-ის მიმართ ჩატარებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის უტყუარობასთან დაკავშირებით, განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს და დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს ნ. კ-ის უდანაშაულობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015წ. საქმე №ბს-485-474(2კ-14)). განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.). დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (32-ე მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (37.3 მუხ.), თავის მხრივ გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (37.2 მუხ.). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (25.2 მუხ.). შეჯიბრებითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისთვის შექმნას შესაძლებლობა, წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „რ. მიქელაძე და გ. ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). შეჯიბრებითი მოდელის მქონე სისხლის სამართლის პროცესის სისტემაში სამართალწარმოების მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების როლები გამიჯნულია, მოსამართლის როლი შემოიფარგლება ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით, ხოლო ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის ინიციატივა მხარეებზეა მინდობილი, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608, 609 II-15). განსახილველ შემთხვევაში სწორედ ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს. ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - პროკურატურა არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ 20.07.2022წ. საქმე №ბს-628(2კ-20)). ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა გამოირიცხება, არ არის დასაბუთებული.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის იმ გარემოებაზე მითითება, რომ ხელახალი გამოძიების ჩატარებითა და პირის გამართლებით სატისფაქციური ეფექტი მიღწეულია. უკანონო ბრალდების/მჯავრდების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე არ ქმნის კასატორის მითითება თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტის არარსებობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლი ითვალისწინებს პირის უფლებას სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების და უკანონო გადაწყვეტილების გამო, ამასთან, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის 22.11.1984წ. №7 ოქმის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.02.2000წ. N155-IIს დადგენილებით) მესამე მუხლის თანახმად, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისთვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით. უფრო მეტიც, საქმეზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც. №7 ოქმის მე-3 მუხლის მიზანი არ არის მხოლოდ იმ ფინანსური ზიანის ანაზღაურება, რომელიც პირს მიადგა არასწორი მსჯავრდებით, არამედ ეს არის უსწორო მართლმსაჯულების პირობებში მსჯავრდებული პირისთვის ისეთი მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორიცაა მწუხარება, ნერვული აშლილობა, უხერხულობა და სიცოცხლით ტკბობის დაკარგვა (§51). განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო მსჯავრდება/ბრალდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). იმ შემთხვევებში, როდესაც დავის საგანია პირადი, ფიზიკური თუ ფსიქიკური ტანჯვა, მიყენებული ზიანის ოდენობის შეფასება რთული ამოცანაა, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს დაკავების ხანგრძლივობის არაპროპორციული და აბსოლუტური თვალსაზრისით უმნიშვნელო, უკანონო პატიმრობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ოდენობამ არ უნდა დაუკარგოს არსი ასეთ შემთხვევებში გარანტირებული კომპენსაციის მიღების უფლებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვასილევსკი და ბოგდანოვი რუსეთის წინააღმდეგ“, 2018, § 23, 24, 26). სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) მითითება სხვა საქმეებზე (მით უმეტეს უკანონო პატიმრობის განსხვავებული ხანგრძლივობით), უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის გათვალისწინებით არსებობს მოპასუხის მიერ იმ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოებით - მოსარჩელის მიმართ საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენის მიღებით, ამასთანავე, კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი