Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-500(ს-24) 02 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ას საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო).

2020 წლის 02 მარტს მოსარჩელე მ. მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 13 იანვრის A19111735-013/002 განკარგულების ბათილად ცნობა; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის განკარგულების გამოცემის დავალება, რომლის თანახმად გ. ო-ი აუქციონზე გამარჯვების შედეგად გახდება უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა N4, 16,60 კვ.მ. მისი წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა N20, ს/კ ...) მესაკუთრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მ. მ-ას სარჩელზე, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

2023 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ. მ-ას სარჩელზე, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით მ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინება. ამასთან, ამავე განჩინებით მ. მ-ას განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მ. მ-ამ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ას საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა - კანონმდებლობა ადგენს ორსაფეხურიან საქმის წარმოებას. კერძო საჩივარზე წარმოება სრულდება გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. მ-ას საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა დამოკიდებული არ არის არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე (იხ. სუსგ Nას-1033-2018, 30.10.2018წ; Nას-1025-986-2016, 13.01.2017წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით სასამართლო დოკუმენტის გასაჩივრების უფლების დადგენა, მხარეს აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიოს მისთვის საუკეთესო შედეგს. ამასთანავე, გასაჩივრების უფლებით სარგებლობა ამოწურვადი და დროში შეზღუდულია. მართალია, სამართლიანი სასამართლოს უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სასამართლო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობაც აღნიშნული უფლების დაცული კომპონენტია და დასაშვებია მისი შეზღუდვა, ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად, თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. „..სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს...დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება N3/1/531).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება, მ. მ-ას მიერ მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ას საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ას საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე