გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-821-1089-05 6 ოქტომბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: კრების ოქმის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხის _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ-ის“ მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2001წ. 12 მარტის ¹10 კრების ოქმის ბათილად ცნობა, თბილისში, ... მდებარე ¹10 ბინისა და მანსარდის მიკუთვნება, საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაციის გაუქმება.
მოთხოვნა დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით: ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „დ.» ჩამოყალიბდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო აღმასკომის 1989წ. 4 ნოემბრის ¹1511 განკარგულებით, რის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს გამოეყო მიწის ნაკვეთი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ჯერ ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფის, ხოლო შემდგომ ფინანსთა სამინისტროს პროფკომიტეტის 1999წ. 19 დეკემბრის ¹5 ოქმის საფუძველზე და 1990წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით _ ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა.
ამხანაგობამ 1990წ. 12 თებერვლის სხდომაზე აირჩია ამხანაგობის თავმჯდომარედ ვ. კ-ა, ხოლო ხაზინადარად _ ზ.მ-ი. მშენებლობა წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდებოდა.
2001წ. 10 მარტს შედგა ამხანაგობის კრება, რომლითაც ზ.მ-ი მიყენებული ზარალისათვის გარიცხულ იქნა ამხანაგობიდან, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ბინა ¹10 გადავიდა ამხანაგობის მფლობელობაში ზარალის ანაზღაურების მიზნით. ზ.მ-ი კრებას არ ესწრებოდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი კრების ოქმი და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ამხანაგობის წევრად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სააპელაციო საჩივარში ზ.მ-მა გაზარდა დავის საგანი და დამატებით მოითხოვა ამხანაგობა «დ-ის 2001წ. 13 იანვრის ¹7 ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.მ-ისა და ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «დ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «დ.»-ის საერთო კრების 2001წ. 12 მარტის ¹10 ოქმი და ზ.მ-ი აღდგენილ იქნა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «დ-ის» წევრად. ზ. მ-ს უარი ეთქვა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «დ-ის» საერთო კრების 2001წ. 13 იანვრის ¹7 კრების ოქმის ბათილად ცნობისა და ... ქუჩის ¹2 კორპუსში ¹10 ბინისა და მანსარდის მიკუთვნებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო აღმასკომის 1989წ. 4 ნოემბრის განკარგულებით ჩამოყალიბდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინდიმენაშენეთა ამხანაგობა „დ.“, რომელსაც ოთხსართულიანი კორპუსის ასაშანებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი. შემდგომში ქ. თბილისის მერიის 1991წ. 13 ნოემბრის განკარგულებით ამხანაგობას, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სამსართულიანი და ათბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების უფლება მიეცა. 2002წ. 16 სექტემბერს აღნიშნულ კორპუსში მდებარე ბინები საკუთრების უფლებით აღირიცხა ამხანაგობის წევრებზე.
სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის 2001წ. 14 ივნისის დადგენილებით საცხოვრებელი კორპუსი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. გამგეობის 2002წ. 26 ივნისის დადგენილებით გამგეობის ზემოაღნიშნულ დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და 2002წ. 16 სექტემბერს აღნიშნულ კორპუსში მდებარე ბინები საკუთრების უფლებით აღირიცხა ამხანაგობის წევრებზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 930-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 934-ე მუხლის მიხედვით, ერთიანი მიზნის მისაღწევად წარმოებული ყველა საქმიანობის მართვა ყველა მონაწილის მიერ ხდება ერთობლივად, მაგრამ საქმეების მართვა შეიძლება დაევალოს ერთ ან რამოდენიმე პირს (მონაწილეს), რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ და ხელშეკრულების საერთო მიზნის მისაღწევად განხორციელებულ საქმეებზე თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფენ მათ შესრულებას გამოდიან მესამე პირებთან ურთიერთობაში.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა დ-ის“ 1990წ. 12 თებერვლის კრებაზე ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვ.კ-ა და ხაზინადრად ზ.მ-ი, რომელთაც სკ-ის 934-ე მუხლით მიენდოთ ერთობლივი საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება. ამავე მუხლის თანახმად, ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად და ხელშეკრულება საერთო მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ საქმეებზე თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფენ მათ შესრულებას, მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამხანაგობა „დ-ის“ 2004წ. 12 მარტის კრებაზე ზ.მ-ის საქმიანობა შეფასდა არადაკმაყოფილებლად და იგი გარიცხულ იქნა წევრობიდან მიყენებული ზარალისათვის, ხოლო კუთვნილი ბინა გადავიდა ამხანაგობა «დ.»-ის მფლობელობაში შემდგომში მისი გაყიდვით ამხანაგობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში ამხანაგობის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ სკ-ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ ერთობლივი საქმიანობისას წარმოშობილ ურთიერთობებს, არ ითვალისწინებენ ზემოაღნიშნული საფუძვლით ამხანაგობიდან წევრის გარიცხვას.
სკ-ის 934-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო საქმეების მართვაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა არ ნიშნავს რომ მას უარი ეთქვას მისი კუთვნილი წილის მიღებაზე. აქედან გამომდინარე, თუ მოსარჩელე არღვევდა მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამხანაგობის საქმეების მართვაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ეთქვას ერთობლივი საქმიანობის საბოლოო შედეგებიდან მისი კუთვნილი წილის შესაბამისი სარგებლის მიღებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააოელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ ზ.მ-ი უხეშად არღვევდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ეს კი ზიანს აყენებდა ერთობლივი საქმიანობის ინტერესებს და საფრთხეს უქმნიდა, ამ ამხანაგობას შეეძლო მისთვის ჩამოერთმია ამხანაგობის საქმეების მართვაში მონაწილეობის უფლება, ხოლო ეს ზიანი გათვალისწინებულიყო სარგებლის (მოცემულ შემთხვევაში ბინის) მიღებისას.
რაც შეეხება ზ.მ-ის მოთხოვნას ამხანაგობის 2001წ. 13 იანვრის ¹7 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2001წ. 13 იანვარს ჩატარებულ კრებაზე ამხანაგობა „დ-მა“ მიიღო გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ ბოლო სართულის ბინა თავისი მანსარდით (¹10 სადავო ბინა) დაუბრუნდებოდა ვ.კონჭარიას და ერთი კვირის განმავლობაში ზ.მ-სა და ვ.კ-ას შორის მოხდებოდა მოლაპარაკება ბინების გაცვლისა და განსხვავებული თანხის რაოდენობაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საერთო კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა ნებაზე სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას. მოცემულ შემთვევაში მოსარჩელის ნება ამ გადაწყვეტილების მიღებაზე დადასტურებულია ოქმზე მისი ხელმოწერით. ზ.მ-ს კრების გადაწყვეტილების ამ ნაწილზე პრეტენზია არ განუცხადებია 2003წ. 18 სექტემბრამდე, გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაში კი მას პრეტენზია გააჩნია არა გარიგების შინაარსის, არამედ ამ გარიგების პირობების შეუსრულებლობის მიმართ, გარიგების პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილად ცნობას, ის შეიძლება სხვა დავის საგანი გახდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სამართლის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას, ამასთან, სააპელაციო პალატამ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც არ ყოფილა რაიონული სასამართლოს მსჯელობის საგანი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის გზით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს „დ-ის“ თავმჯდომარე ვ.კ-ამ და ზ.მ-მა.
ვ.კ-ამ თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ინდმენაშენეთა ამხანაგობა „ დ-ის “ 12.03.01წ. საერთო კრების ოქმი ¹10 და ზ.მ-ი აღდგენილ იქნა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „@ დ-ის “ წევრად, კერძოდ, ზ.მ-ს არც სარჩელით, არც დაზუსტებული სარჩელით და არც სააპელაციო საჩივრით არ მოუთხოვია ინდ.ბინათმშენებლობითი ამხანაგობა „ დ-ის“ 12.03.01წ. საერთო კრების ¹10 ოქმის ბათილად ცნობა. სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის რაც მას არ მოუთხოვია, რითაც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც, სსკ-ის 393.3 მუხლის შესაბამისად ,გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლოს თავისი გადაწყვეტილება მ-ის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად აღდგენის შესახებ სამართლებრივად არ დაუსაბუთებია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
სასამართლოს აზრით, მოქმედი კანონმდებლობა, ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, არ უშვებს ამხანაგობიდან წევრის გარიცხვის შესაძლებლობას, რაც არასწორია. კასატორი თვლის, რომ ნორმის ამდაგვარი განმარტებით გამოირიცხება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესაძლებლობა. სკ-ის 935-ე მუხლის მეორე ნაწილით შესაძლებელია ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მოშლა, თუ მონაწილე არაკეთილსინდისიერად ასრულებს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. კასატორს მიაჩნია, რომ ზ.მ-ს ამხანაგობიდან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 399-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოება, რასაც სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.
სკ-ის 930-ე მუხლით, ამხანაგობა წარმოადგენს მასში მონაწილე პირების ერობლივ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და მიმართულია საერთო სამეურნეო ან სხვა სახის მიზნის მისაღწევად.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 930-ე, 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 339-ე მუხლის I ნაწილი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. რაც შეეხება სკ-ის 934-ე მუხლის მე-4 ნაწილს, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ამ მუხლით დადგენილია ერთადერთი წინაპირობა, (ხელშეკრულების უხეშად დარღვევა), რომელსაც თითქოს ერთადერთი შედეგი – ამხანაგობის საქმეების ჩამოცილება შეიძლება მოჰყვეს.
ამგვარად სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ზ.მ-მა თავის საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა ამხანაგობის 2001წ. 13 იანვრის ¹7 კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 54-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა არ იზიარებს კასატორ «დ-ის « მითიტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. სარჩელით ზ.მ-მა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა « დ-ის» 2001წ. 12 მარტის ¹10 კრების ოქმი გაასაჩივრა როგორც კანონშეუსაბამო. პალატა მითიტებს, რომ კრების ოქმი მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც გარკვეულ უფლება-მოვალეობებს წარმოუშობს გარიგების მონაწილე მხარეებს. სკ-ის 54-ე მუხლით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ დ-ის 2001წ. 12 მარტის ¹10 კრების ოქმით ირკვევა, რომ კრების დღის წესრიგში შეტანილი იყო ამხანაგობის ხაზინადრის ზ.მ-ის მიერ ბინათმშენებლობაზე გაწეული საბინაო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (მოსმენა). კრებაზე არ გამოცხადდა მომხსენებელი (ზ.მ-ი), კრებამ ზ.მ-ს (ხაზინადრის) საქმიანობა შეაფასა არადამაკმაყოფილებლად; კრებამ აირჩია ახალი ხაზინადარი, ხოლო ზ.მ-ი ამხანაგობისათვის მიყენებული ზარალისათვის გარიცხულ იქნა ამხანაგობის წევრობიდან.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა კრების გადაწყვეტილებას, რადგან კრების გადაწყვეტილებით ზ.მ-ს, შეუწყდა სამართლებრივი ურთიერთობა როგორც ხაზინადარს და არა როგორც ამხანაგობის წევრს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სკ-ის 934-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმით, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ამხანაგობის საქმეების მართვაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ეთქვას ერთობლივი საქმიანობის საბოლოო შედეგებიდან მისი კუთვნილი წილის შესაბამის სარგებლის მიღებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამხანაგობის საქმეების მართვაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა არ შეიძლება საფუძველი გახდეს ცალმხრივად ბინათმშენებლობის ამხანაგობის ხელშეკრულების მოშლისა, რადგან, ჯერ ერთი, მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს აღნიშნულ შედეგს; მეორე, სკ-ის 405-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის წესს, არ ითვალისწინებს მიტთითებული საფუძვლით ორმხრიივი ხელშეკრულების მოშლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა დავას და შესაბამისად, სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. აქედან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს ბინათმშენებლობის ამხანაგობა « დ-ის» მითითებას სკ-ის 399-ე და 405-ე მუხლებთან დაკავშირებით.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორ მ.მ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 54-ე მუხლი. დადგენილია, რომ 2001წ. 13 იანვრის კრებაზე ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმის თაობაზეც, რომ სახლის ბოლო სართულზე მდებარე ბინა მანსარდით დაუბრუნდებოდა ვ. კ-ას (მობინადრეს) და ერთი კვირის განმავლობაში ზ.მ-სა და ვ.კ-ას შორის მოხდებოდა მოლაპარაკება ბინების გაცვლისა და თანხსი გადახდის თაობაზე. პალატამ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული გარიგება ნამდვილია, რადგან ზ.მ-მა ნების გამოვლენა კრების ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა. ამასთან, ზ.მ-ი ამ გარიგების ბათილობას ითხოვს არა გარიგების ბათილობისათვის კანონით დადგენილი საფუძვლებით, არამედ მიუთითებს გარიგების პირობების შეუსრულებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვვის გარეშეა მიღებული, რის გამოც იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდივიდუალურ ბინათშმნებლობის ამხანაგობა „ დ-ის“ და ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.