ბს-353 (კ-22) 13 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ო-ემ 07.11.2019წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიისათვის გ. ო-ის სახელზე გაცემული სამხედრო ნამსახურების ბარათში შეტანილი შტამპისა და ჩანაწერის ცვლილება, კერძოდ ნაცვლად შტამპისა და ჩანაწერისა "ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით" ("ბ" მუხლი), მოსარჩელემ მოითხოვა შტამპის და ჩანაწერის შემდეგი ფორმულირება "ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის" ("ა" მუხლი). მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურისათვის გ. ო-ის სახელზე გაცემულ რეზერვისტის დროებით მოწმობაში ჩანაწერის ცვლილების დავალება, კერძოდ ნაცვლად ჩანაწერისა "სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილია ვარგისად უმნიშვნელო შეზღუდვით სამხედრო სამსახურისათვის", მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი ფორმულირებით ჩანაწერის განხორციელება "სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილია ვარგისად სამხედრო სამსახურისათვის".
ახალციხის რაიონული სასამართლოს 23.01.2020წ. მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა თავდაცვის სამინისტროს მესამე პირად შეცვლის თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.06.2020წ. გადაწყვეტილებით (მესამე პირად მითითებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ო-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. გადაწყვეტილებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.06.2020წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით ახალციხის რაიონული სასამართლოს 23.01.2020წ. მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს მესამე პირად შეცვლის თაობაზე, რაზეც I ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ მიუღია გადაწყვეტილება (განჩინების ფორმით) მოსარჩელის მიერ მოპასუხე მხარედ დასახელებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ან ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, I ინსტანციის სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია მესამე პირის სტატუსით და მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო როგორც მესამე პირმა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე გ. ო-ემ შეამცირა ან უარი განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნაზე. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საააპელაციო სასამართლომ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ჩათვალა კანონის დარღვევით მიღებულად, რადგან სასამართლომ საქმე განიხილა იმ მხარის (კანონიერი წარმომადგენლის გარეშე) დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ო-ემ 21.09.2013 წლიდან 21.09.2014 წლამდე პერიოდში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში (...). მოსარჩელის სამხედრო ნამსახურების ბარათზე დატანილია ტექსტური შტამპი, რომელშიც განთავსებულია წარწერა - “ბ ვარგისია სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით მუხლი - 18გ (ბ-5), თარიღი - 11.04.2013წ.". აღნიშნული ჩანაწერის საფუძველია სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის 11.04.2013წ. სამედიცინო საექსპერტო დასკვნა (გადაწყვეტილება), რომლის თანახმად გ.ო-ე ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით. ამასთან, გ. ო-ემ 08.01.2014წ. გაიარა გეგმიური სამედიცინო შემოწმება სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის N129 ცნობის თანახმად, რიგითი ო-ე გაწვეულია სამხედრო სამსახურში ადიგენის სამობილიზაციო განყოფილების მიერ 18.08.2013წ., შემოწმებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ 16.01.2014წ., დიაგნოზი - პრაქტიკულად ჯანმრთელი, ,,ა ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის“. რეზერვისტის დროებითი მოწმობის თანახმად გ. ო-ე, სამხედრო წოდებით - რიგითი, აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე 22.09.2014წ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.09.2014წ. Nგ-974 ბრძანების საფუძველზე. სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილია ვარგისად უმნიშვნელო შეზღუდვით სამხედრო სამსახურისთვის.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 04.08.1999წ. N481 ბრძანებულებით დამტკიცებული "სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების" მე-2 მუხლის მიხედვით სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს სამხედრო ძალებში საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამხედრო სამსახურისათვის მათი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენის მიზნით. დებულების მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების საშტატო ცენტრალური სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია ატარებს განმეორებით შემოწმებას, თუ არასაშტატო სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიების დასკვნა არ იყო რეალიზებული ან შემოწმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა ისე, რომ არსებობს ადრე გამოტანილი დასკვნის განხილვის საფუძველი, ხოლო მე-11 მუხლის მიხედვით, მოქალაქეს (სამხედრო მოსამსახურეს) უფლება აქვს სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალურ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე ზემოაღნიშნული დებულების 28-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეები, სამსახურის ადგილზე გაგზავნამდე და ის მოქალაქეები, რომლებიც არ ეთანხმებიან რაიონის, ქალაქის, სამხედრო კომისარიატის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის შესახებ, გადიან საკონტროლო სამედიცინო შემოწმებას ცენტრალური გამწვევი კომისიის არასაშტატო მუდმივმოქმედ სამხედრო-საექიმო საექსპერტო კომისიაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 10.01.2013წ. N11 ბრძანებულებით დამტკიცებული "მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ" დებულების 21-ე მუხლით განსაზღვრულია მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წვევამდელთა შემოწმების წესი. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის 11.04.2013წ. სამედიცინო საექსპერტო დასკვნა (გადაწყვეტილება), ასევე არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიმართა სამხედრო ძალების საშტატო ცენტრალურ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიას განმეორებითი შემოწმების ჩატარების მოთხოვნით, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა ისე, რომ არსებობდა ადრე გამოტანილი დასკვნის განხილვის საფუძველი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექიმ-სპეციალისტის 01.10.2007წ. შემოწმების ფურცელი/დასკვნა, აგრეთვე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოსარჩელის მიერ 08.01.2014წ. გეგმიური სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე 16.01.2014წ. გაცემული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N49 და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ წარმოადგენს მოსარჩელის სამხედრო ნამსახურების ბარათზე დატანილი ტექსტური შტამპის წარწერის შეცვლის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ო-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნამსახურების ბარათზე დატანილი შტამპის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სრულად გაიარა სამხედრო სამსახური და ჩაბარდა სამხედრო ნამსახურების ბარათი. კასატორის მითითებით მან სამხედრო ვარგისიანობის დასადგენად დამატებითი სტაციონალური სამედიცინო შემოწმება გაიარა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, შესაბამისად სამედიცინო-საექსპერტო შემოწმების დამატებით მოთხოვნის საჭიროება არ არსებობდა. კასატორმა აღნიშნა, რომ მან სამხედრო სამსახურის სრული კურსი გაიარა, იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ამოცანების შესრულებაში და ურთიერთობა ჰქონდა საბრძოლო იარაღთან. კასატორმა მიუთითა, რომ სამხედრო ჰოსპიტალში შემოწმების შედეგად სამხედრო-საექიმო კომისიის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა შემდეგი ფორმულირებით - "ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის". კასატორმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალში მას გაეწია სრული სტაციონალური გამოკვლევა, ხოლო ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიამ მისი ფსიქიკური მდგოამრეობა მხოლოდ ამბულატორიულად გამოიკვლია. ამდენად, მხოლოდ ამბულატორიული შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა - "ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით", სრულად ეწინააღმდეგება იმავე მიზნით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მის მიმართ ჩატარებული სტაციონალური კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნას - "ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის". კასატორის მითითებით სამხედრო ჰოსპიტალი მოკლებული იყო შესაძლებლობას დასკვნა სამხედრო ნამსახურების ბარათში შეეტანა. რაც შეეხება ნამსახურების ბარათში შესწორების/ცვლილების შეტანას შესაბამისი ორგანოს მიერ, კასატორმა მიუთითა რომ აღნიშნულის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა მოწინააღმდეგე მხარეებს, მაგრამ მათ უარი უთხრეს ცვლილების განხორციელებაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასკ-ის 331 მუხლზე მითითებით, ბლანკეტურად და ირიბად განმარტა, რომ მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ან უფლებას არ ადგენა ზიანი. კასატორმა "პოლიციის შესახებ" კანონის 37.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღება შეიძლება თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია პოლიციელის ფუნქციების შესრულება. კასატორის მოსაზრებით სამხედრო ნამსახურების ბარათში მითითებული ჩანაწერი, "ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით", არ არის ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის არის აუცილებელი. ამასთან, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და მისი არასწორად დაფიქსირება კასატორის მოსაზრებით არღვევს მის კანონიერ ინტერესსა და უფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით გ. ო-ე 2013 წლის 21 სექტემბრიდან 2014 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ... საინჟინრო ასეულის ... საინჟინრო ოცეულის ... ...თა ათეულის ...დ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე გ. ო-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე იქნა შემოწმებული. 05.09.2006წ. სამედიცინო შემოწმების ფურცლით დგინდება, რომ გ. ო-ის დიაგნოზია ...ი ან ...ა, ხოლო ამავე ფურცლის მიხედვით ექიმ-სპეციალისტის დასკვნაში მითითებულია, რომ იგი შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. 01.10.2007წ. სამედიცინო შემოწმების ფურცელში ექიმ-სპეციალისტის მიერ დასკვნაში მითითებულია, რომ გ. ო-ე ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის. სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის 11.04.2013წ. სამედიცინო საექსპერტო დასკვნის თანახმად გ. ო-ე ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით. ამასთან, საქმეში დაცულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის N129 ცნობა, რომლის თანახმად გ. ო-ე შემოწმებულია ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ 16.01.2014წ.. ცნობაში მითითებულია, რომ იგი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. საინჟინრო ... ბატალიონის მეთაურის 01.09.2014წ. N44 ბრძანებით რიგითი გ. ო-ე დათხოვნილ იქნა რეზერვში და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2014 წლის 02 სექტემბრიდან. სამხედრო ნამსახურების ბარათზე დატანილ ტექსტურ შტამპში აღნიშნულია - "ბ ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით". რეზერვისტის დროებითი მოწმობის თანახმად, გ. ო-ის სამხედრო წოდებაა რიგითი, იგი აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე 22.09.2014წ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.09.2014წ. Nგ-974 ბრძანების საფუძველზე, ხოლო სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილია ვარგისად უმნიშვნელო შეზღუდვით სამხედრო სამსახურისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონზე, რომლის 25.3 მუხლის თანახმად, წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე – შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ- გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის ხარისხსა და კატეგორიას. ამავე კანონის 27.1 მუხლის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წვევამდელის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენა და მისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის კომპეტენციას წარმოადგენდა. განსახილველ შემთხვევაში გ. ო-ემ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში 11.04.2013წ. გიარა სამედიცინო შემოწმება წვევამდელის სტატუსით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ. ო-ე ვარგისია სამხედრო სასმახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით, რის საფუძველზეც გაკეთდა ჩანაწერი როგორც სამხედრო ნამსახურების ბარათზე, ასევე რეზერვისტის დროებით მოწმობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 05.09.2006წ. და 01.10.2007წ. სამედიცინო შემოწმების ფურცლები ასახავს არა კომისიური წესით, არამედ მხოლოდ ცალკეული ექიმ-სპეციალისტის მიერ პაციენტის შემოწმების შედეგებს, რაც არ წარმოადგენს სამხედრო ნამსახურების ბარათზე და რეზერვისტის მოწმობაში დატანილი ტექსტური შტამპის წარწერის შეცვლის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიაში მოსარჩელის მიერ 08.01.2014წ. გეგმიური სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე გაცემული დოკუმენტაცია ასევე არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, რამეთუ წვევამდელის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენაზე და მისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებაზე უფლებამოსილ კომისიას მხოლოდ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია წარმოადგენდა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ გ. ო-ეს სადავოდ არ გაუხდია სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის 11.04.2013წ. დასკვნა და არ მოუთხოვია განმეორებითი შემოწმების ჩატარება საქართველოს პრეზიდენტის 04.08.1999წ. N481 ბრძანებულებით დამტკიცებული "სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ" დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. გადაწყვეტილება;
3. გ. ო-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.2022წ. N12883513155 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი