Facebook Twitter

ბს-1248 (კ-22) 28 მაისი, 2024 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ქ-ემ 24.03.2021წ. სარჩელით (საქმე N3/157-21) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გ. ქ-ისათვის მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გადაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 28.01.2021წ. Nგ-22.14210282 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 1459 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ქ-ეზე საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალდებულება.

გ. ბ-ემ 24.03.2021წ. სარჩელით (საქმე N3/158-21) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გ. ბ-ისათვის მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გადაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 28.01.2021წ. Nგ-22.14210283 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ბ-ეზე საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალდებულება.

გ. კ-ემ 24.03.2021წ. სარჩელით (საქმე N3/159-21) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გ. კ-ისათვის მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გადაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 28.01.2021წ. Nგ-22.14210284 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 1999 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. კ-ეზე საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალდებულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2021წ. განჩინებით N3/157-21, N3/158-21 და N3/159-21 ადმინისტრაციული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის 28.01.2021წ. Nგ-22.14210282, Nგ-22.14210283 და Nგ-22.14210284 განკარგულებები, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ისათვის მიწის ნაკვეთების საკარმიდამო დანიშნულებით გადაცემის დადასტურების საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამივე მოსარჩელის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიცავს იდენტურ დასაბუთებას, კერძოდ მითითებულია, რომ ნაკვეთები არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დგინდება მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება და დაინტერესებული პირისათვის მათი საკარმიდამოდ გამოყოფის დადასტურება. სააპელაციო პალატის მითითებით სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა გარეშე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელეების ინტერესში შემავალ მიწის ნაკვეთებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება, თუმცა საარქივო ცნობით დგინდება, რომ ისინი ...ს მკვიდრნი არიან და მამისეული კომლებიდან არა საკოლმეურნეო კომლის სამართლებრივი რეჟიმით, თუმცა მაინც გამოყოფილნი არიან. მიუხედავად ამისა, მათთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ რაიმე ჩანაწერს საარქივო ცნობები არ შეიცავს. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი გაცემული იქნა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ბ-ემ და გ. ქ-ემ განმარტეს, რომ მოსარჩელეების მიერ საყანედ გამოყენებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მიმდებარედაა განლაგებული. მოსარჩელეების ოჯახები (ჯერ კიდევ მამისეული კომლები) სადავო მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად იყენებდნენ 1996-1997 წლებიდან. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემობა, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივი მდგომარეობით არ ფლობდნენ და არ სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთებით, არ დასტურდება აგრეთვე, რომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემის პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიწის მფლობელობის ფაქტი, მათ შორის მფლობელობის პერიოდი, მისი ფართობი და დანიშნულება ყოველმხრივ და საფუძვლიანად გამოიკვლია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო მიწის ნაკვეთები მიწის რეფორმის ფონდში რიცხულ მიწებად არ ფიქსირდებოდა და არ შეიძლებოდა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილიყო. კასატორის მითითებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში და არ დგინდება აღიშნული მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს, არ არის ფიქსირებლი საზღვრებით შემოსაზღვრული, არ დგას შენობა-ნაგებობა, არც მრავალწლიანი ნარგავები. კასატორი, „მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ სარეკომენდაციო ინსტრუქციის“ 7.1 მუხლზე, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლში, არ შედის მიწის რეფორმის ფონდში და მათი საკარმიდამოდ გაცემა არაა დასაშვები. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48 და 06.02.1992წ. N128 დადგენილება ადგენს იმ მიწების ჩამონათვალს, რომლებიც არ შედის მიწის რეფორმის ფონდში. კასატორის მითითებით რეფორმის ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე არცერთი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა არ დაიშვებოდა და აღნიშნული ტერიტორია შესაძლებელი იყო მოსახლეობას მხოლოდ სარგებლობაში გადასცემოდა. კასატორი „მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ სარეკომენდაციო ინსტრუქციის“ 8.1 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილია არ განახორციელოს ამ ინსტრუქციის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები (საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის მომზადება/გაცემა) თუ მუნიციპალიტეტში დაცული ან მისთვის ცნობილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ საკადასტრო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად არ გაცემულა და მოამზადოს წერილობითი უარი ცნობის გაცემაზე. კასატორის მოსაზრებით სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობს „მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ სარეკომენდაციო ინსტრუქციის“ 7.2 მუხლით გათვალისწინებულ იმ საკადასტრო ბლოკში, სადაც მიწის ნაკვეთები არ არის რეგისტრირებული „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „რ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწის რეფორმის კომისიის მიერ არ ტერიტორიაზე არ განკერძოებულა მიწის ნაკვეთები.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები გ. კ-ე და გ. ბ-ე 2005 წლიდან, ხოლო გ. ქ-ე 2002 წლიდან აღარ წარმოადგენდნენ კომლის წევრებს. იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი ჩაითვალოს საკარმიდამო მიწის ნაკვეთად, უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: მიწის ნაკვეთი უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის კრიტერიუმებს. ამდენად, კომისია არაა უფლებამოსილი გასცეს ცნობა ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ აკმაყოფილებს საკარმიდამო ან თუნდაც საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის კრიტერიუმებს. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელეები მიწის ნაკვეთებს საყანედ იყენებდნენ. კასატორი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ საყანედ, იგივე სახნავად არსებული კატეგორიის მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. ამდენად, მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები არ არის საკარმიდამო კატეგორიის და შესაბამისად, კომისიის უარი მიწის ნაკვეთების საკარმიდამოდ დადასტურებაზე ეფუძნება სწორად შეფასებულ და გამოკვლეულ გარემოებებს.

კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის, მისი კონსტიტუციის, კანონის, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სპეციფიკისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინების გარეშე დაუშვებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია კერძო პირთა სახელზე. კასატორის მითითებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებაზე მოქმედებს პრივატიზების განსხვავებული წესი და სამართლებრივი რეჟიმი. ამდენად, ის ვერ დაექვემდებარება სახელმწიფო ქონების განკარგვის(პრივატიზების) რეჟიმს, რომელიც გამომდინარეობს მიწის აღიარების კანონმდებლობიდან და ვერც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკა გამოდგება აჭარის ავტოვომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლების აღიარების ან თუნდაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის საფუძვლად.

გ. ქ-ემ, გ. კ-ემ და გ. ბ-ემ უზენას სასამართლოში წარმოადგინეს საკასაციო შესაგებელი და იშუამდგომლეს საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით გ. ქ-ემ, გ. კ-ემ და გ. ბ-ემ განცხადებით მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მოითხოვეს ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის შემოსავლების სამსახურიდან, არქივიდან და ქ. ბათუმის მერიიდან. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ვერ იქნა და დაინტერესებული პირების განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაცია გადაეგზავნა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიას, რომელსაც მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემა უნდა დაედასტურებინა. ზემოაღნიშნული კომისიის სადავო განკარგულებებით გ. ქ-ეს, გ. კ-ეს და გ. ბ-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთების საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე. სადავო აქტებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთები არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დგინდება მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისა და დაინტერესებულ პირთათვის ამ უძრავ ქონებათა საკარმიდამოდ გამოყოფის ფაქტი. ამასთან, აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის 41 მუხლის "გ1 " ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას. ამავე კანონის მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეების ინტერესში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მარეგისტრირებული ორგანოს მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული. ამასთან, საქმეში დაცული საარქივო ცნობებით დგინდება, რომ ისინი მამისეულ კომლში ირიცხებოდნენ, ხოლო ...ს თემის საკრებულოს გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ცალკე კომლად არიან გამოყოფილნი. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენდნენ მიწის რეფორმის ფონდში რიცხულ მიწებს, ასევე არ მდებარეობდნენ "მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ სარეკომენდაციო ინსტრუქციის" 7.2 მუხლით გათვალისწინებულ საკადასტრო ბლოკში და შესაბამისად არ შეიძლება გამოყოფილიყო საკარმიდამოდ. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე არგუმენეტებსა და მტკიცებულებებზე. ამასთან, სადავო აქტებში კასატორი უარის თქმის საფუძვლად უთითებს არა ზემოთდასახელებულ გარემოებებზე, არამედ იმაზე, რომ მიწის ნაკვეთები არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დგინდება მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისა და დაინტერესებულ პირთათვის ამ უძრავ ქონებათა საკარმიდამოდ გამოყოფის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცულ დათვალიერების ოქმებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთები შემოსაზღვრულია საერთო ფიქსირებული ღობით და ტერიტორია არის უხეშად მოხნული. შესაბამისად, სადავო აქტები არ შეიცავს დათვალიერების შედეგების გაუზიარებლობის სათანადო დასაბუთებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკითხული მოწმეები მიუთითებენ, რომ მოსარჩელეების მიერ საყანედ გამოყენებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მიმდებარედაა განლაგებული. მოსარჩელეების ოჯახები (ჯერ კიდევ მამისეული კომლები) სადავო მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად იყენებდნენ 1996-1997 წლებიდან. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლევას საჭიროებს მიწის ნაკვეთების მფლობელობის ფაქტი და პერიოდი.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48 და 06.02.1992წ. N128 დადგენილებების მიხედვით რეფორმის ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროს სამ კილომეტრიან ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა არ დაიშვებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებების მიხედვით მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფოდა შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე ის მიწები, რომლებზეც პერსპექტივაში გათვალისწინებული იყო ახალი კურორტების აგება ან საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო კომუნიკაციების მოწყობა, არსებული კურორტების გენერალური გეგმით გათვალისწინებული მიწები, აგრეთვე ფართობები, რომელთაც ზღვის ნაპირდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდათ და მოსახლეობისათვის მათი გადაცემა გარემო დაცვის თვალსაზრისით იყო გაუმართლებელი. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები მსგავსი კატეგორიის მიწებს განეკუთვნება, სადავო აქტები არ შეიცავენ მითითებას აღნიშნულის შესახებ.

საფუძველსაა მოკლებული აგრეთვე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ რადგან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, არ შეიძლება მათზე საკარმიდამოდ დადასტურების ცნობის გაცემა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში გადაცემით არ იცვლება მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი. აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება (იხ. სუსგ 28.06.2021წ. N535(კ-20)).

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებებში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, შესაბამისად მართებულია სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, არ უნდა დაკმაყოფილდეს გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს მხარეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. გადაწყვეტილება;

3. გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულება დაუბრუნდეს მხარეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი