№ბს-423(გ-24) 13 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს „მ...“
მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2024 წლის 29 მარტს შპს „მ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად გამოცხადდეს მისი მიღების დღიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება №21685/2/2023; ბ) დაევალოს მოპასუხეს არსებითად განიხილოს მოსარჩელის 21.12.2023 წელს რეგისტრირებული №21685/2/2023 საჩივარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „მ...ს“ სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: ბათილად გამოცხადდეს მისი მიღების დღიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება №21685/2/2023; დაევალოს მოპასუხეს არსებითად განიხილოს მოსარჩელის 21.12.2023 წელს რეგისტრირებული №21685/2/2023 საჩივარი. საქმეში წარმოდგენილი სადავო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილების თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებებია: 1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №... საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28072 ბრძანება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურის მისამართია: ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16 და ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „მ...ს“ იურიდიული მისამართია: ხელვაჩაური, სოფელი ..., ხოლო ფაქტობრივი მისამართი: ბათუმი, ...ს ქუჩა №.... შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლო პროცესის ეკონომიურობის პრინციპის განხორციელებისთვის, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28072 ბრძანებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ბრძანება შეეძლო გაესაჩივრებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს განემარტა სწორედ იმ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დავის განხილვაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ...ს“ სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს, საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად შეამოწმოს განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე მოპასუხედ მითითებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო. სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მისამართია ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს - ბათილად გამოცხადდეს მისი მიღების დღიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება №21685/2/2023; დაევალოს მოპასუხეს არსებითად განიხილოს მოსარჩელის 21.12.2023 წელს რეგისტრირებული №21685/2/2023 საჩივარი.
სასამართლოს განმარტებით, დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე. ზემოაღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოდ მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, მოცემული საქმე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიერ გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. მოცემულ დავაზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ...ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი. მოსარჩელე ასევე ითხოვს - დაევალოს მოპასუხეს არსებითად განიხილოს 21.12.2023 წელს რეგისტრირებული №21685/2/2023 საჩივარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „მ...ს“ საჩივარი შეეხებოდა შემდეგ გადაწყვეტილებებს: 1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №... საგადასახადო მოთხოვნას და 2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28072 ბრძანებას. დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ დარღვეული იყო შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28072 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და საჩივარი დატოვა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარეობას. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილება. მოსარჩელე ასევე ითხოვს, ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოსათვის საჩივრის განხილვის დავალებას. შპს „მ...“, ამ ეტაპზე, სასამართლოში არ ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №... საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28072 ბრძანებას. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, რომლის მისამართია ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №16. საგადასახადო კოდექსის 297.1 მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები). ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო. საგადასახადო კოდექსის 305.1 მუხლით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. აღნიშნული ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხედ მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქმის განსჯადობით გადაგზავნამდე, უნდა განესაზღვრა ვისკენ იყო მიმართული სასარჩელო მოთხოვნა და სსსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად დაედგინა განსჯადი სასამართლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სადავო აქტი არ გამოუცია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად და არ შეუმოწმებია გასაჩივრებული აქტების გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ (დავების განხილვის საბჭო) განუხილველად დატოვა საჩივარი. ამასთან, მოსარჩელე, გარდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა, ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის საჩივრის განხილვის დავალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 მარტის №21685/2/2023 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს განემარტა სწორედ იმ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დავის განხილვაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე