ბს-15(კ-21) 20 მაისი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ც. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა, ც. ჩ-მა და რ. ხ-მა 29.05.2018წ. სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) 31.12.1998წ. №... მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 11.06.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სს „...ი“.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით, ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინებით, ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.10.2001წ. გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სააქციო საამშენებლო საზოგადოება „...მა“ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ორგანიზაციამ პრივატიზაციის წესით მიიღო საქმიანი ეზო, კერძოდ, ქ. ახალციხეში, ...ის №... ჩიხში მდებარე 45000კვ.მ. ფართობი, საიდანაც მიწის ფართის ნაწილი გამოსყიდულია. საბოლოოდ ფირმის საკუთრებაში დარჩა 3500კვ.მ. ფართი, რომელიც სპეციალური სქემით აიზომა და გადაეცა სს „...ის“ საკუთრებაში. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო მიწა „ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის შესაბამისად ახალციხის მიწის მართვის სამმართველოს გადაწყვეტილებით მესამე პირს გადაეცა საკუთრებაში და გაიცა 31.12.1998წ. №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა ვერ უზრუნველყო ისეთი გარემოებების დამტკიცება და მტკიცებულებების წარდგენა, რაც საქმეზე დადგენილ გარემოებებს შეცვლიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ 31.12.1998წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, რომლითაც სს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებულია 3500კვ.მ. ნაკვეთი, უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ახალციხის რაისაბჭოს აღმასკომის 19.10.1990წ. გადაწყვეტილების დანართი №5 და ახალციხის რაიონის მშენებლობისა და არქიტექტურის მიერ 01.06.1992წ. გაცემული გენგეგმა. აღმასკომის გადაწყვეტილების №5 დანართით საქმიან ეზოში გამოყოფილი იქნა 300 კვ.მ. კოოპერატიული ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, შესაბამისად, 3500კვ.მ. ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უფლების რეგისტრაციის საფუძვლად აღნიშნული დანართის მიჩნევა საქმის გარემოებების არასრულ შესწავლაზე მიუთითებს. სათანადო შეფასება არ მიეცა 01.06.1992წ. გენგეგმას, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი გადაწყვეტილება, სადაც მითითებული უნდა იყოს დაკვეთისა და გენგეგმის შედგენის მიზანი. აღნიშნული გეგმით გასხვისებული ფართის დადგენა შეუძლებელია, ასევე სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული გადახდის ქვითარი. ქვითარზე არსებული ანგარიშის ნომრით თანხა ჩარიცხულია ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ გასცა ინფორმაცია, ხოლო სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება თავისი ინიციატივით დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50% უნდა ჩარიცხულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში და 50% - ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში მოძიებული ვერ იქნა გადახდის შესაბამისი ქვითარი და სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტაცია, ამასთან, აღნიშნული ქვითარი გამოყენებულია რამდენიმე უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, რასაც შეფასება არ მიეცა. სადავო ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ახალციხის მერიაში. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტარციისათვის საჭიროა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2021წ. განჩინებით, კასატორის (მოსარჩელის) ნ. მ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინებით, ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი (საქმეში ნ. მ-ის უფლებამონაცვლის ჩაურთველობის გამო), ხოლო ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში საქმის წარმოება განახლდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.12.2023წ. წერილის თანახმად, რ. ხ-ი გარდაიცვალა 28.12.2021წ..
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2024წ. განჩინებით, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი რ. ხ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი (საქმეში რ. ხ-ის უფლებამონაცვლის ჩაურთველობის გამო).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.10.2023წ. განჩინებით, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ნ. მ-ის ნაწილში, ხოლო 13.05.2024წ. განჩინებით - რ. ხ-ის ნაწილში, შესაბამისად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს ამოწმებს მხოლოდ ც. ჩ-ის ნაწილში. საქმის მასალებში დაცული 31.12.1998წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (განცხ. №...) მიხედვით, ...ის ქუჩაზე (სააქციო სამშენებლო საზოგადეობა „...ის“ საქმიან ეზოში) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3500კვ.მ. ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა სს „...ის“ საკუთრებად (ტ. 1, ს.ფ. 26-27). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში მიეთითა 19.10.1990წ. №12/270 ახალციხის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების დანართი №5, ახალციხის რაიონის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების 01.06.1998წ. გენგეგმა, ასევე „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია 2007 წლის 20 სექტემბრიდან). კასატორი მიუთითებს ახალციხის რაისაბჭოს აღმასკომის 19.10.1990წ. გადაწყვეტილების დანართ №5-ში მითითებული ფართობის ოდენობისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობაზე, თუმცა საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას სს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი გენგეგმის ურთიერთშესაბამისობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის ერთ-ერთ სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი („ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის 4.3 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), რომელიც განიმარტებოდა, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთი გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი (1 მუხ., „ვ“ ქვ.პ.). სააპელაციო სასამართლოში 14.06.2019წ. სხდომაზე (13:27სთ) მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზი (ტ. 3, ს.ფ. 73). მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ნახაზი ასახავს გენგეგმისა და სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ურთიერშესაბამისობას. რაც შეეხება უძრავი ნივთის რეგისტრაციისთვის წარსადგენ გადახდის დამადასტურებელ საბუთებს, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სხვა კონკრეტულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, სადაც აღნიშნული საბუთები რეგისტრაციის მიზნით იქნა წარდგენილი, ამასთან, მითითებული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულის გამო (მიწის გადასახადის, ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში) მოსარჩელის უფლების შეზღუდვის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ..., №... განცხ.) 31.12.1998წ. განხორციელებული რეგისტრაციის მართლზომიერება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო რეგისტრაციის დროისათვის მოქმედებდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია 2006 წლის 20 მარტიდან „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონით) არ ითვალისწინებდა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა (მუხ. 1). რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოცემა დადგინდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონში (ძალადაკარგულია 2009 წლის 13 იანვრიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით) 11.05.2007წ. შეტანილი ცვლილებით. აღნიშნული ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა სარეგისტრაციო სამსახურს საჯარო რეესტრის ჩანაწერების განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებდა, ხოლო კანონში შეტანილი ცვლილებით მარეგისტრირებელ ორგანოს მიენიჭა გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილება. ამდენად, სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერი არ არის ადმინისტრაციული აქტი, თუმცა იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივ მოქმედებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული, პირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების არამართლზომიერების დადგენას მოითხოვს თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად (სასკ-ის 24.2 მუხ.). უფლების დაცვის რეალიზება ხდება კონკრეტული პირადი უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევის შემთხვევაში. მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული (სუსგ 25.11.2021წ. საქმე №ბს-467(კ-19)). მოცემულ შემთხვევაში სარჩელს ერთვის სს „ე...ას“ ახალციხის მომსახურების ცენტრის აბონენტის ბარათი (ტ. 1, ს.ფ. 24-25), სადაც აბონენტად მითითებულია ც. ჩ-ი. მოსარჩელის წარმომადგენლის 06.06.2018წ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „...ის“ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფარგლებში ექცევა ც. ჩ-ის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მითითებულია აბონენტის ბარათზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონის განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (9.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ მიუთითებს ისეთი სახის სამართლებრივ აქტზე, რომელიც წარმოშობს ც. ჩ-ის საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ნივთზე, ასევე არ მიუთითებს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის ფაქტზე, შესაბამის სარეგისტრაციო წარმოებასა და მის შედეგებზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესები და პროცედურები, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ც. ჩ-ი არ მიუთითებს აღნიშნული ნორმატიული მოწესრიგებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების წარმოშობის რომელიმე საფუძვლის არსებობაზე. მართალია, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი შესაძლებელია განხილული იქნას მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად (საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხ., „ე“ ქვ.პ.), თუმცა აღიარების მიზნებისთვის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონის ამოქმედებამდე (მუხ. 2). ამ შემთხვევაში მოსარჩელის ც. ჩ-ის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბარათი მოიცავს მითითებული კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდს (18.05.2017წ.-30.04.2018წ.). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკეთუ არ დადასტურდა ც. ჩ-ის მიერ რაიმე სამართლებრივი საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, მოსარჩელის ც. ჩ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა არ დგინდება, ასევე მოსარჩელე არ მიუთითებს რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე ან ასეთი რეგისტრაციის საფუძვლების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაცია, რომლითაც დარეგისტრირდა სს „...ის“ საკუთრების უფლება, უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის ც. ჩ-ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ც. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინება;
3. ც. ჩ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.02.2021წ. №10453106536 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა