№16541-13 29 მაისი, 2013 წელი
გ-ი ა.- 16541-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, მაია ოშხარელი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ფ-ის
მსჯავრდებულ _ ა. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ლის საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ა. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 10 თვე– ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 სექტემბრიდან. შესაბამისად, გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2013 წლის 14 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს კახეთის პრობაციის ბიურომ მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით პირობითი სასჯელი, 3 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას უნდა განახევრებოდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ა. გ-ი ითხოვს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. გ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, 2 თვე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ ა. გ-ს პირობით მსჯავრად უნდა განესაზღვროს 1 წელი და 10 თვე, 2 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. გ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 თვე ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, საბოლოოდ ა. გ-ს პირობით მსჯავრად განესაზღვროს 1 წელი და 10 თვე, 2 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
მ. ოშხარელი