საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-755(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „თ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 4 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შპს ,,მ...ის“ მიმართ, მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 701 516 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „მ...“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 701 516 (შვიდას ერთი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, შპს ,,მ...ის“ უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა შპს ,,თ...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ის“ უფლებამონაცვლე შპს ,,თ...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების მიხედვით, უდავოა, რომ შპს „მ...ა“ 2013-2015 წლებში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების პროცესში მიმწოდებლად მონაწილეობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისად, მისი, როგორც პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებები და ვალდებულებები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებული ნორმებით რეგულირდება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, მე-151 მუხლზე, მე-19 მუხლის პირველ, მე-3, მე-9, მე-11 პუნქტებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 მარტის №04–25/მ ბრძანების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველომ განახორციელა შპს „მ...აში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პროგრამის მიმწოდებელთან დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება, რის შედეგადაც შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 15 მაისს გამოიცა №23 შერჩევითი შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად 325 სამედიცინო შემთხვევაზე გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც სამედიცინო შემთხვევების შეფასებიდან გამომდინარე, შპს „მ...ის“ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 701 516 ლარი და 16 თეთრი, მათ შორის, უკვე ანაზღაურების სახით მიღებული თანხა განისაზღვრა 611 722.76 ლარით, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 89 793.40 ლარით.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული №23 შერჩევითი შემოწმების აქტი გასაჩივრებული იქნა შპს „მ...ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, სხვადასხვა საფუძვლებზე მითითებით. მათ შორის, საჩივრის ავტორი მიუთითებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმების უფლებამოსილების არარსებობასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N04/58130 შუალედური გადაწყვეტილებით (№8 სხდომის ოქმი), შპს „მ...ის“ 2015 წლის 12 ივნისის №55437 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმების უფლებამოსილების არარსებობასთან დაკავშირებული არგუმენტებით 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარზე გაგრძელდა წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე. ამასთან, უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ამავე კოდექსის 202-ე მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N04/58130 შუალედური გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოებიდან გამომდინარე, შპს „მ...ამ“ 2016 წლის 27 ივლისს №01-1275 წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ კლინიკას მიზანშეწონილად მიაჩნდა სასამართლოს წარმოების დასრულებამდე უარის თქმა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №04/61107 წერილით შპს „მ...“ ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ დააკმაყოფილა კლინიკის მოთხოვნა და შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 12 ივნისის №55437 ადმინისტრაციულ საჩივარზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო თავად კლინიკის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, თავისთავად ვერ გამოიწვევდა დამდგარ შედეგს (ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას), ვინაიდან ამგვარი მოთხოვნის წარდგენის პირობებშიც, აუცილებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საკითხის განხილვა და გადაწყვეტა, რამეთუ, კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №04/61107 წერილი, რომლის შესახებაც მოსარჩელე მიუთითებს, წარმოადგენს კლინიკის მხრიდან წარდგენილი განცხადების საპასუხო საინფორმაციო შინაარსის დოკუმენტს და არა თავად ინდივიდუალურ აქტს.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვა, საქმის მასალებში კი ამგვარი მტკიცებულებები არ მოიპოვება. უფრო მეტიც, უდავოდ დადგენილია ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ისე მიიჩნევს ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას დასრულებულად, რომ საჩივარში დასმული საკითხები არსებითად შეფასებული და გადაწყვეტილი არ არის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №04/61107 წერილით საჩივარზე წარმოების შეწყვეტას ასევე გამორიცხავს ის გარემოება, რომ კლინიკის მხრიდან მოთხოვნა წარდგენილი იყო ჯერ კიდევ შუალედური გადაწყვეტილების თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოების პირობებში და განმცხადებელი მხოლოდ საქმის წარმოების დასრულებამდე ამბობდა უარს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ამავე პერიოდში (მიმდინარე სამართალწარმოებისას) მიიღო საპასუხო წერილი მოპასუხემ, რომლითაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პალატამ ყურადღება მიაქცია ხსენებული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხი ეხებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. ამასთან, რაც შეეხებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 მაისის N23 შერჩევითი შემოწმების აქტის კანონიერების, შემოწმების პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს, აღნიშნული მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენდა, რამეთუ იგი განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის შემდეგაც მისი კანონიერების შემოწმება დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში დაექვემდებარებოდა სასამართლოს, სასამართლოს მიერ მისი კანონთან შესაბამისობის საკითხის გამორკვევა-შეფასებას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად, არასწორად დაადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს წერილით მოპასუხის მიერ 2015 წლის 12 ივნისს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 27 ივლისის №01-1275 წერილით კლინიკის მოთხოვნა მდგომარეობდა არა ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების შეწყვეტაში, არამედ იმაში, რომ საჩივარი არ ყოფილიყო განხილული იმ დროს სასამართლოს წარმოებაში არსებული ზემოხსენებული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. კლინიკის მოთხოვნის დაკმაყოფილება გაგებული უნდა ყოფილიყო იმგვარად, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო სასამართლოში მიმდინარე საქმის დასრულებამდე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლოს დავის დასრულების შემდგომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული საჩივარი, შეემოწმებინა მისი ფორმალური და მატერიალური საფუძვლიანობა, რამეთუ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოპასუხის კანონიერი მოლოდინი სრულიად ლეგიტიმური იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შემოწმების აქტი ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის შემოწმების აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სააგენტოს მხრიდან ადგილი არ აქვს ამ გარემოებების გამოკვლევას. მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში შეფასებული არაა შემოწმების აქტის კანონიერება, რაც გამორიცხავს მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უპირობოდ გაზიარებისა და მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 701 516 (შვიდას ერთი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდის დაკისრების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ შემოწმების აქტზე არსებითად არ უმსჯელია, ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც შემოწმების აქტში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად შეაფასოს შემოწმების აქტში მოცემული გარემოებები და ის ფაქტი, თუ რამდენად კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული იგი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის მითითებით, 2015 წლის 15 მაისს გამოიცა №23 შერჩევითი შემოწმების აქტი, რომლითაც შპს „მ...ის“ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 701 516 ლარი და 16 თეთრი, მათ შორის, უკვე ანაზღაურების სახით მიღებული თანხა განისაზღვრა 611 722.76 ლარით, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 89 793.40 ლარით. აღნიშნული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, რაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ხოლო საკასაციო სასამართლომ საჩივარი ცნო დაუშვებლად. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და წარმოიშვა დაკისრებული თანხის მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღსრულების მექანიზმს, თანხის ჩამოჭრის შესაძლებლობას, სააგენტოს მიერ სასამართლოს წარედგინა სარჩელი კლინიკისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ეწინააღმდეგება სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო გაცდა დავის საგანს, ფაქტობრივად შევიდა სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე განხილული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში და სააგენტოს მოუსპო მისი აღსრულების შესაძლებლობა. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც მხარე უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე, რის საფუძველზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეწყვიტა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, შეწყვეტის შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება კი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველომ განახორციელა შპს „მ...აში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პროგრამის მიმწოდებელთან დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება, რის შედეგადაც შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 15 მაისს გამოიცა №23 შერჩევითი შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად 325 სამედიცინო შემთხვევაზე გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც სამედიცინო შემთხვევების შეფასებიდან გამომდინარე, შპს „მ...ის“ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 701 516 ლარი და 16 თეთრი, მათ შორის, უკვე ანაზღაურების სახით მიღებული თანხა განისაზღვრა 611 722.76 ლარით, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 89 793.40 ლარით.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტი გასაჩივრებული იქნა შპს „მ...ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, სხვადასხვა საფუძვლებზე მითითებით, მათ შორის, საჩივრის ავტორი მიუთითებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმების უფლებამოსილების არარსებობასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N04/58130 შუალედური გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №8), საჩივრის ავტორის მოთხოვნა 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს არ გააჩნდა მიმწოდებლის მიერ 2015 წლის 1 იანვრამდე გაწეული მომსახურების შემოწმების უფლებამოსილება, არ დაკმაყოფილდა. ამავე შუალედური გადაწყვეტილებით, გაგრძელდა კლინიკის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დადგენილი წესით, მასში მითითებული სხვა საფუძვლების მიხედვით.
დადგენილია, რომ შპს „მ...ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტსა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტში დასაქმებულთა მივლინების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 05 მარტის N04-25/მ ბრძანების არარად აღიარება, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 15 მაისს შედგენილი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების თანახმად, შპს ,,მ...აში’’ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების N23 აქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N04/58130 შუალედური გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „მ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, შპს „მ...ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოიშვა კლინიკისთვის 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტით დაკისრებული თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი სასამართლო გაცდა დავის საგანს, ფაქტობრივად შევიდა სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე განხილული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში და სააგენტოს მოუსპო მისი აღსრულების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე და უკვე დასრულებული, ზემოაღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში შპს „მ...ა“ დავას აწარმოებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კლინიკის შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების არარსებობის საკითხთან და არა შემოწმების აქტის საფუძველზე კლინიკისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული აქტები (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება) არ შეიცავენ მითითებას/მსჯელობას 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტის არსებითი, შინაარსობრივი ნაწილის კანონიერების ან უკანონობის თაობაზე. მეტიც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებაში სააპელაციო სასამართლო პირდაპირ ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს სადავო აქტების შინაარსობრივი მხარე და განხორციელებული დარიცხვების კანონიერება (ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ დასრულებულა), სასამართლოს შეფასების საგანია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება შემოწმების თვალსაზრისით. ამდენად, ცალსახაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კლინიკისთვის 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტით დაკისრებული თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველი არ წარმოშობილა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით, მითითებული შემოწმების აქტის არსებითი ნაწილის (ცალკეული შემთხვევების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის) კანონიერება/უკანონობა სასამართლოს არ გადაუწყვეტია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეხება საერთო სასამართლოების მიერ ერთხელ უკვე შეფასებულ საკითხს, არ მოიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განხილული დავის საგნის ფარგლებს და მით უფრო, არ ეწინააღმდეგება მას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2015 წლის 15 მაისის №23 შერჩევითი შემოწმების აქტის არსებითი ნაწილის, აქტში დაფიქსირებულ ცალკეულ შემთხვევებში კლინიკისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონიერების/უკანონობის საკითხი არათუ სასამართლოს მიერ, არამედ თავად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერაც კი არ ყოფილა შეფასებული და განხილული ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, ამგვარ პირობებში, მითითებული შემოწმების აქტის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული თანხის მოთხოვნა, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც მხარე უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე, რის საფუძველზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეწყვიტა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, შეწყვეტის შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება კი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „მ...ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 27 ივლისის N01-1275 წერილი, რომლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში მიმდინარე საქმიდან გამომდინარე (შპს „მ...ის“ საჩივარი, სასარჩელო მოთხოვნები: ,,სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტსა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტში დასაქმებულთა მივლინების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 05 მარტის N04-25/მ ბრძანების არარად აღიარება, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 მაისის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების თანახმად, შპს ,,მ...აში’’ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების N23 აქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N04/58130 შუალედური გადაწყვეტილების ბათილად ცნობა), შპს „მ...“ მიზანშეწონილად მიაჩნია სასამართლო წარმოების დასრულებამდე უარი თქვას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №04/61107 წერილით შპს „მ...“ ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სააგენტო აკმაყოფილებს კლინიკის მოთხოვნას და წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას 2015 წლის 12 ივნისის №55437 ადმინისტრაციულ საჩივარზე.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ შპს „მ...“ მიზანშეწონილად მიაჩნდა უარი ეთქვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, მხოლოდ სასამართლო წარმოების დასრულებამდე. აღნიშნული სასამართლო წარმოება კი წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების არარსებობასთან დაკავშირებით კლინიკის მიერ აღძრულ სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოებას, რომელიც მოცემულ ეტაპზე არ იყო დასრულებული (დავა მიმდინარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში). შესაბამისად, ცალსახაა, რომ განმცხადებელს არ სურდა მითითებული სამართალწარმოების დასრულებამდე, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს გაეგრძელებინა გასაჩივრებული შემოწმების აქტის არსებითი ნაწილის კანონიერებასთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, რაც დადგენილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N04/58130 შუალედური გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №8). ამდენად, საქმეში წარმოდგენილი განაცხადი ვერ იქნება მიჩნეული საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმად, მით უფრო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ განაცხადში ერთი მხრივ, პირდაპირ არის აღნიშნული მიზეზი და ვადა, თუ რატომ და როდემდე არ სურს კლინიკას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი საჩივრის განხილვა, ხოლო მეორე მხრივ, განაცხადში არ არის მითითებული, რომ საჩივრის ავტორს აღარ სურს დავის გაგრძელება და ითხოვს წარმოების შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე. ამასთან, უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ამავე კოდექსის 202-ე მუხლიდან გამომდინარე კი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებში არ მოიპოვება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნა თავისთავად ვერ გამოიწვევდა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნის წარდგენის პირობებშიც კი, აუცილებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საკითხის განხილვა/გადაწყვეტა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №04/61107 წერილი კი, რომელზეც კასატორი მიუთითებს, წარმოადგენს კლინიკის მიერ წარდგენილი განცხადების საპასუხო საინფორმაციო შინაარსის დოკუმენტს და არა თავად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (სუსგ. Nბს-625(კ-19), 18.07.2019 წელი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო დავის დასრულების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, სრულყოფილად უნდა შეესწავლა დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული საჩივარი, შეემოწმებინა მისი ფორმალური და მატერიალური საფუძვლიანობა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კასატორის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში შეფასებული არ არის შემოწმების აქტის კანონიერება, აღნიშნული გამორიცხავს მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უპირობოდ გაზიარებისა და მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 701 516 (შვიდას ერთი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდის დაკისრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 22 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2022 წლის 3 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7 700 ლარის (ჯამში - 8 000 ლარის) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 22 ივლისის N18616 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2022 წლის 3 აგვისტოს N19857 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7 700 ლარის (ჯამში - 8 000 ლარის) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე