Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-520(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირი (16.2) - თ. ჟ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე ზ. მ-იმ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 13 თებერვლის N13 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის N618 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის N309 დადგენილების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტის (წერილი N84-842127228) ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს 120მ2 მიწის ნაკვეთი საქმეზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (შემსრულებელი შპს „...“, თარიღი: 02.08.2010).

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2021 წლის 30 აგვისტოს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ხაშურში, ...ის ქ. N62-ში მდებარე 147,9კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაბრუნება, რომელიც უკანონოდ იყო ჩამოჭრილი მისი მეუღლის - ი. ს-ოს სამკვიდრო მიწის ნაკვეთიდან. ი. ს-ოს გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მამისაგან მიიღო ჩუქების ხელშეკრულებით. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თავდაპირველად მოთხოვნა ვრცელდებოდა 147,9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თუმცა სასამართლოს სხდომაზე დაზუსტდა მოთხოვნა 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნით, მის მიერვე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები და განმარტა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 13 თებერვლის №13 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის №618 გადაწყვეტილების და ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის №309 დადგენილების თაობაზე აპელანტისათვის ცნობილი იყო სარჩელის აღძვრამდე არანაკლებ 10 წლით ადრე. მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს 2010 წლის 19 ივლისს, ხოლო სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 2010 წლის 23 ივლისს. ამდენად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მინიმუმ ამ პერიოდისათვის (ხოლო საქმის მასალების მიხედვით - გაცილებით ადრე) მისთვის უკვე ცნობილი იყო, მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის შესახებ, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 27 ოქტომბერს.

სადავო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტის - N84-842127228 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე, 34-ე, მე-601 მუხლები და განმარტა, რომ აქტების ბათილობის კონკრეტული საფუძველი არ არის მითითებული, ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაზედაც მხარე აპელირებს არის საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით. პალატამ განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენა შესაძლებელია თუ პირი 15 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია რეესტრში მესაკუთრედ, ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება და ნივთს ფლობს, როგორც საკუთარს. ყურადსაღებად მიიჩნია სასამართლომ ის გარემოება, რომ ზ. მ-ი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებული არ არის, დამატებით აღნიშნა, რომ სადავო პერიოდისათვის (1978-1995 წლებში) მიწა იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და იგი საკოლმეურნეო კომლს და ცალკეულ მოქალაქეებს გადაეცემოდა მხოლოდ სარგებლობის უფლებით, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი (გასაჩივრებულ აქტებში ცალსახად და არაორაზროვნად არის მითითებული, რომ ი. ს-ოს მიწის ნაკვეთი ჰქონდა სარგებლობაში და მასზე არ გააჩნდა საკუთრების უფლება) სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, ვინაიდან მამკვიდრებლის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ის ფაქტი, რომ ტექნიკური აღრიცხვის მასალებში, ასევე, სხვა დოკუმენტებში ი. ს-ოს ერიცხებოდა უფრო მეტი (683კვ.მ, 560კვ.მ, 477კვ.მ), ვიდრე მისი მემკვიდრის - ზ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული (379კვ.მ.), სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იქნეს მიჩნეული, ვინაიდან სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მოთხოვნილი 120კვ.მ. ნაკვეთი (თავდაპირველად და სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილი 147,9) ნამდვილად ის ჩიხია, რომელიც ...ის ქუჩას აკავშირებს ივ. ს-ს (ამჟამად თ. ჟ-ას) კუთვნილ მიწის ნაკვეთთან და წარმოადგენს თ. ჟ-ას სახლთან ერთადერთ მისასვლელ გზას. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სხვა გზის არსებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ თ. ჟ-ას განმარტებას, რომ მის სახლთან სხვა მისასვლელი გზა არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ.

კასატორის მიიჩნევს, რომ დარღვეულია მემკვიდრეობის უფლების მოპოვება იმ მიწაზე რომელიც არის სადავო (147 კვ.მეტრი) სამკვიდრო ქონების შემადგენელი ნაწილი. განმარტავს, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიხსნა 477 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, ხოლო დარჩა მიწის ნაწილი - 147 კვ.მ რომელზედაც სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული და რომელიც შედის სამკვიდრო ქონების - 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის საერთო ფართში.

კასატორის განმარტებით, დარღვეულია ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალისტურ - ეკონომიკური უფლება, კერძოდ საკუთრების, მემკვიდრეობის უფლება, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. საკუთრების უფლება სახელმწიფოებრივ უფლებას შეადგენს და ადამიანთა ბუნებით უფლებათა რანგს განეკუთვნება. საკუთრების ობიექტია - მიწა. კასატორის მსჯელობით, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რადგან საკითხი ეხება მემკვიდრეობას და დავის საგანი წარმოადგენს სამკვიდრო ქონების შემადგენელ ნაწილს. კასატორი გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნოდა. აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე, 1507-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების წარმოშობა ახალი მოთხოვნილებებისა და ღირებულებების დამკვიდრება მოითხოვს კერძო საკუთრების სრულად ახლებურად გააზრებას.

ამდენად, კასატორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 13 თებერვლის N13 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის N618 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის N309 დადგენილების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტი (წერილი N84-842127228) კანონიერება. მხარე ასევე ითხოვს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გადასცეს 120მ2 მიწის ნაკვეთი, საქმეზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (შემსრულებელი შპს „...“, თარიღი 02.08.2010).

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. ს-ო გარდაიცვალა 1975 წლის 16 მარტს. მემკვიდრეობა მიიღო მეუღლემ ზ. მ-იმ. 2010 წლის 19 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ზ. მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მისამართზე - ქ. ხაშური, ...ის ქ. N62-ში მდებარე 379კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ....

ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 1985 წლის მასალებით დადგენილია, რომ გარდაცვლილ ი. ს-ოს ერიცხებოდა ქ. ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე 683 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საფუძვლად მითითებულია 1973 წლის 11 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება.

დადგენილია, რომ ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1978 წლის 28 მაისს იმსჯელა ზ. მ-ის და ივ. ს-ის დავის საკითხზე და მუდმივ სარგებლობაში დარჩა ივ. ს-ს 365 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო აწ გარდაცვლილ ი. ს-ს 560 კვ.მეტრი. გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი: ივ. ს-ს სახლთან მისასვლელად გაიჭრას ...ის ქუჩიდან 1,3 მეტრის სიგანის საცალფეხო გზა აწ გარდაცვლილი ი. ს-ოს მიწის ნაკვეთიდან აღმოსავლეთის მხარეზე 49,3 მეტრის სიგრძით, რისთვისაც მოუცვალოს ივ. ს-ს ნაკვეთიდან 64,8 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც არ არის საკმარისი სახლთან მისასვლელად.

ხაშურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის N13 გადაწყვეტილებით, შეიცვალა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 23 მაისის N200 გადაწყვეტილება და დადგინდა შემდეგი: ივ. ს-ს სახლთან მისასვლელად გაიჭრას ...ის ქუჩიდან 3.0 მეტრის სიგანის ჩიხი აწ გარდაცვლილი ი. ს-ოს მიწის ნაკვეთის ხარჯზე აღმოსავლეთის მხრიდან 49.3 მეტრი სიგრძით, რისთვისაც ჩამოეჭრას აწ გარდაცვლილ ი. ს-ს ნაკვეთიდან 147.9 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დარჩეს ქალაქის ფონდში. აღნიშნული ჩიხით სარგებლობის უფლება მიეცეს როგორც ივ. ს-ოს ოჯახს, ასევე აწ გარდაცვლილი ი. ს-ოს ოჯახს. ივ. ს-ოს აეკრძალოს გაჭრილი ჩიხის შემოღობვა, ხოლო თავის ეზოში შესასვლელი კარები მოაწყოს თავისი ნაკვეთის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ აღმოსავლეთით. ასევე დაევალა ივ. ს-ოს გადაუტანოს თავისი ხარჯით გზის/ჩიხის გაჭრასთან დაკავშირებით აწ გარდაცვლილი ი. ს-ოს ნგრევაში მოყოლილი სათავსო. ივ. ს-ოს დარჩეს მუდმივ სარგებლობაში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო აწ გარდაცვლილი ი. ს-ოს 477 კვ.მ.

დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის N618 გადაწყვეტილებით, ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობამ იმსჯელა ქ. ხაშურში ...ის ქN62-ში მცხოვრებ ივ. ს-ს განცხადებაზე მიწის სადავო საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა: გაიჭრას ი. ს-ოს სახლთან მისასვლელი სამი მეტრი სიგანის ჩიხი შემოღობვის გარეშე ისე, რომ იგი დარჩეს ქალაქის ფონდში. მისასვლელი გზის გაჭრის შემდეგ დარჩენილი მიწის ნაკვეთი გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად და ისე მიეცეს ორივე მოდავე მხარეს და ჩატარდეს ხელახალი ტექინვენტარიზაცია.

ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის N309 დადგენილებით მიღებული იქნა კომუნალური მეურნეობის განყოფილების მიერ შეტანილი წინადადება. ძალაში დარჩა ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის N618 დადგენილება და დაემატა ერთი პუნქტი და განიმარტა - ქალაქის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით გამოყოფილი სამი მეტრი სიგანის ჩიხზე, რომელიც რჩება ქალაქის ფონდში აღებული იქნეს სათავსო (სარაია).

დადგენილია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 31 აგვისტოს განცხადებით მიმართა ზ. მ-ის შვილმა/წარმომადგენელმა ო. ს-ომ და მოითხოვა 1979 წლის N13 გადაწყვეტილებით ი. ს-ოსათვის ჩამოჭრილი 147,9 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მემკვიდრეებისათვის დაბრუნება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 29 სექტემბრის N84842127228 წერილით არ მიიჩნია მიზანშეწონილად რაიმე სახის ცვლილებების შეტანა მოცემული საკითხის გადაწყვეტაში.

დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია თ. ჟ-ას საკუთრებად, საკადასტრო კოდი ..., მისამართი ქ. ხაშური, ...ის II ჩიხი N1, ფართობი 397კვ.მ. საფუძვლად მითითებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება N1-2129.

განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანია, არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ბათილად იქნას ცნობილი ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის №13 გადაწყვეტილება, ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის №618 გადაწყვეტილება, ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის №309 დადგენილება და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (უარი 2021 წლის 30 აგვისტოს განცხადებაზე); სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა საფუძველი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელე ზ. მ-ს გადასცეს 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

კასატორის მიერ მითითებული იმ მთავარი არგუმენტის გათვალისწინებით, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რადგან საკითხი ეხება მემკვიდრეობას და დავის საგანი წარმოადგენს სამკვიდრო ქონების შემადგენელ ნაწილს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის №13 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის №618 გადაწყვეტილების და ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის №309 დადგენილების თაობაზე კასატორისთვის ცნობილი იყო სარჩელის აღძვრამდე არანაკლებ 10 წლით ადრე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს (მოსარჩელე) სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს 2010 წლის 19 ივლისს, ხოლო სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2010 წლის 23 ივლისს, ამ პერიოდისათვის მოსარჩელისათვის უკვე ცნობილი იყო მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის შესახებ. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 27 ოქტომბერს, შესაბამისად, ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის №13 გადაწყვეტილების, ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის №618 გადაწყვეტილების და ქალაქ ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 8 ოქტომბრის №309 დადგენილების გაცნობიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 10 წელზე მეტი, აღნიშნული კი ქმნის ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტის - N84-842127228 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას აღნიშნულ ნაწილშიც და განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენა შესაძლებელია თუ პირი 15 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია რეესტრში მესაკუთრედ, ისე რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება და ნივთს ფლობს, როგორც საკუთარს. განსახილველ შემთხვევაში, ზ. მ-ი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების შეძენა განსახილველ შემთხვევაში ვერ განხორციელდება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დასაწყისიდან დღემდე წარმოადგენს რა სახელმწიფოს საკუთრებას, მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა ვალდებულება დაეკმაყოფილებინა ზ. მ-ის განცხადება და მისთვის გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი (ჩიხი). საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია თ. ჟ-ას საკუთრებად, საკადასტრო კოდი ..., მისამართი ქ. ხაშური, ...ის II ჩიხი N1, ფართობი 397 კვ.მ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი თ. ჟ-ას უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ზ. მ-ს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს ი. ღ-ის (...) მიერ, ზ. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 1 მაისს ... ბანკში გადახდილი (გადახდის ქვითარი 32351312) სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის და 2023 წლის 24 მაისს ასევე ... ბანკში გადახდილი (გადახდის ქვითარი 32385335) 100 ლარის (200+100) ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება.

3. ზ. მ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს ი. ღ-ის (...) მიერ, ზ. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 1 მაისს ... ბანკში გადახდილი (გადახდის ქვითარი 32351312) სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის და 2023 წლის 24 მაისს ასევე ... ბანკში გადახდილი (გადახდის ქვითარი 32385335) 100 ლარის (200+100) ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე