Facebook Twitter

№ბს-413(2კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

კასატორი (მესამე პირი) - სს „ე...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სპს „კ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სპს „კ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სს „ე...ს“ 2019 წლის 14 თებერვლის №... დადგენილება.

სარჩელის თანახმად, პროვაიდერი კომპანიის აღრიცხვის ჯგუფის უფროსის მიერ 2019 წლის 7 თებერვალს შედგა №... სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, სამართალდამრღვევს წარმოადგენდა შპს „ნ...“. ეს უკანასკნელი იჯარის ხელშეკრულებით სარგებლობდა მოსარჩელის ობიექტით, კომუნალური ხარჯიც იყო მოიჯარის გადასახდელი და შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითნებურად მოხმარებაც განხორციელდა მის მიერ. დადგენილებაში მითითებულია, რომ შპს „ნ...ს“ დირექტორის განმარტებით, ობიექტზე დასაქმებული პირის მიერ მოხდა საჰაერო გამთიშველის თვითნებური ჩართვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სპს „კ...ის“ საჩივარი და ძალაში დარჩა სს „ე...ს“ გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამო დეპოზიტის სახით 2737.20 ლარის დარიცხვის შესახებ, რის საფუძველზეც კომპანიას შეუჩერდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ნ...ს“ მიერ განხორციელებული სამართალდარღვევის გამო სპს „კ...ს“ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და არ უნდა განაპირობოს კომპანიისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. დეპოზიტის დარიცხვისა და გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს სამართალდამრღვევს და არა მესამე პირს. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის ან ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, უშუალოდ ამ ქმედების განმახორციელებლის მიმართ უშვებს კანონმდებელი შესაბამისი ზომების გამოყენებას. სპს „კ...სა“ და შპს „ნ...ს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია და ფართით სარგებლობს სპს „კ...“. თუმცა, მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სპს „კ...ს“ არ აქვს საშუალება განათავსოს დეპოზიტის თანხა, რის გამოც, შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ე...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე სპს „კ...ის“ სარჩელი, მოპასუხის -სს „ე...ს“ მიმართ, სს „ე...ს“ 2019 წლის 14 თებერვლის №... დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სპს „კ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გადაწყვეტილება. დაევალა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სპს „კ...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 02/08/2019) თანახმად, 23/08/1996 წელს დარეგისტრირდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ...“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, რუსთავი, ...ს ქ. №3). სპს „კ...“ სარგებლობს სს „ე...ს“ მომსახურებით და რეგისტრირებულია აბონენტად, ნომრით - ...; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სპს „კ...ს“ უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე; გ) სს „ე...ს“ მიერ 2019 წლის 7 თებერვალს შედგა სამართალდარღვევის ოქმი შპს „ნ...ს“ მიმართ. ოქმის თანახმად, ქ. რუსთავში, ...ს ქ. №...-ში 2019 წლის 30 იანვარს, 14:40 საათზე გადამოწმდა აღნიშნულ მისამართზე აბონენტად მყოფი სპს „კ...ის“ (აბ. ...) ტერიტორიაზე მოქმედი შპს „ნ...“, რომელმაც მოახდინა დავალიანების გამო გათიშული აბონენტის უკანონოდ ქსელზე მიერთება. ოქმში ასევე ასახულია შპს „ნ...ს“ დირექტორის ახსნა-განმარტება, რომელმაც დაადასტურა საწარმოში დასაქმებული პირის მიერ საჰაერო გამთიშველის უკანონოდ ჩართვის ფაქტი. სს „ე...ს“ 2019 წლის 14 თებერვლის №... დადგენილებით შპს „ნ...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ა.ს.კ. 961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება; დ) სს „ე...ს“ მიერ მომზადებული აბონენტის (№...) ბრუნვის ისტორიიდან ამონაწერით დგინდება, რომ სპს „კ...ს“ დეპოზიტის სახით დარიცხული ჰქონდა 1194 ლარი. აღნიშნული დეპოზიტის თანხა აბონენტს 2019 წლის 1 მარტს დაუბრუნდა. 2019 წლის 22 მარტს სს „ე...მ“ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის აბონენტს - სპს „კ...ს“, საბოლოოდ, დეპოზიტის სახით დაარიცხა 2737.20 ლარი; ე) სპს „კ...მ“ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის დეპოზიტის სახით დარიცხული 2737.20 ლარის ჩამოწერა. სს „ე...ს“ 2019 წლის 15 მაისის №5080669 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ სპს „კ...ს“ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი. სპს „კ...ისათვის“ დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2007 წლიდან აღნიშნული საწარმო რეგისტრირებულია აბონენტად, ხოლო შპს „ნ...ს“ კომპანიისათვის დროებით აბონენტად რეგისტრაციისათვის არ მიუმართავს; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გადაწყვეტილებით სპს „კ...ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სს „ე...ს“ მიერ სპს „კ...ისათვის“ დეპოზიტის, 2737.20 ლარის დარიცხვა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სპს „კ...ს“ დეპოზიტის სახით დარიცხული ჰქონდა 1194 ლარი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადახდის გამო, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც 2019 წლის 1 მარტს დაუბრუნდა. სს „ე...მ“ განახორციელა დეპოზიტის დარიცხვა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო რამდენიმე დღეში განახორციელა დარიცხული დეპოზიტის გადაანგარიშება ბოლო ერთი წლის საშუალო მოხმარების მიხედვით, რის საფუძველზეც აბონენტს დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი.

სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე, 29-ე მუხლზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-8 მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და 71 პუნქტებზე, მე-17 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილი 24.04.2019 წ. განცხადებით და სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით დგინდება, რომ შპს „ნ...“ აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შეწყვეტილია სპს-ის ინიციატივით. შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე შპს „ნ...“ აღარ ფუნქციონირებს. მხარეები აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდიან.

სასამართლოს მოსაზრებით, დეპოზიტი, როგორც დარიცხული თანხის ამოღების მექანიზმი, ემსახურება იმ მიზანს, რომ განაწილების ლიცენზიატს/მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს აღნიშნული თანხა წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ ვის მიმართ შეიძლება წარმოიშვას ვალდებულების დაფარვის მოთხოვნა ლიცენზიატის/მიმწოდებლის მხრიდან. ლიცენზიატის/მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის შეტანის მოთხოვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდარღვევის ჩადენით გამოწვეული ზიანის (უკანონოდ მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის) ანაზღაურება შესაბამისი სამართალწარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. სადავო შემთხვევაში, უკანონო მოხმარების ფაქტის დადასტურების პირობებში როგორც სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელი, ისე უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მოთხოვნილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად ცნობილი პირისაგან. შესაბამისად, დეპოზიტის შეტანა შეიძლება დაევალოს იმ პირს, ვინც უშუალოდ ჩაიდინა სამართალდარღვევის ფაქტი და პასუხისმგებელია, როგორც სახდელის, ისე სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. განსხვავებით სხვა გადასახდელისაგან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების მიღებისას და მისი გადახდა შესაძლოა დაეკისროს ამ ,,წესების’’ მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს, სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულება ეკისრება სამართალდამრღვევად ცნობილ პირს. შესაბამისად, იმ პირისათვის დეპოზიტის შეტანის მოთხოვნა, რომელიც ვერ იქნება პასუხისმგებელი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს „კ...ს“ სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის თავად სს „ე...ს“ დადგენილებით სამართალდამრღვევად ცნობილია შპს „ნ...“. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქ. რუსთავში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მისამართზე დადგინდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ფაქტი და გამოვლენილ იქნა სამართალდამრღვევი პირი, არ ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვისათვის დეპოზიტი მოთხოვნილ იქნეს მისამართზე რეგისტრირებული აბონენტისაგან, რომელსაც სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს „ნ...“ დროებით აბონენტად არ იყო აღრიცხული და იგი სადღეისოდ ამ მისამართზე არ ფუნქციონირებს, მოცემული ფაქტი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას არ წარმოადგენს, ვინაიდან სს „ე...ს“ სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის მოთხოვნის წარდგენა შეუძლია მხოლოდ სამართალდარღვევის ჩამდენი პირისადმი, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით და ზიანის თანხის ამოღებისათვის საჭირო უზრუნველყოფის ღონისძიებებიც ამ პირის მიმართ შეიძლება განხორციელდეს.

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გადაწყვეტილების გამოცემისას ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული დანაწესის არსებით დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სს „ე...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სს „ე...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-8 მუხლის მე-2, მე-7 და 71 პუნქტებზე, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და განმარტა, რომ აბონენტს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის შეუწყდა ელექტროენერგია და დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების ფარგლებში უნდა შეფასდეს სპს „კ...ისათვის“ დეპოზიტის სახით 2737.20 ლარის დარიცხვის კანონიერება, დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესწავლა/ურთიერთგაანალიზების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მარეგულირებელი ნორმებით ლიცენზიატი მის მიერ გაწეული მომსახურებისას სამართლებრივ ურთიერთობაშია მომხმარებელთან ან აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტთან. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ფიქსირებული მომხმარებელი სპს „კ...“ და ელექტროენერგიის უკანონო მომხმარებელი - სამართალდამრღვევი შპს „ნ...“. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, უკანონო მოხმარების ფაქტის დადასტურების პირობებში როგორც სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელი, ისე უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მოთხოვნილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად ცნობილი პირისაგან. შესაბამისად, დეპოზიტის შეტანა შეიძლება მოეთხოვოს იმ პირს, ვინც უშუალოდ ჩაიდინა სამართალდარღვევის ფაქტი და პასუხისმგებელია, როგორც სახდელის, ისე სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ლიცენზიატს, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ დამრღვევის მიმართ წარმოეშობა, როგორც დაჯარიმების უფლებამოსილება, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, რამდენადაც დეპოზიტი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების პირობებში წარმოადგენს დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმს, პრევენციული ზომის გამოყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ცნობილი დამრღვევად (შპს „ნ...ს“ მიერ განხორციელებული ქმედებისათვის სპს-ის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება) დაუსაბუთებელია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დეპოზიტის დარიცხვისას სახეზე უნდა იყოს მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში დამრღვევად გვევლინება შპს „ნ...“, რომელიც სს „ე...ს“ 2019 წლის 14 თებერვლის №... დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ა.ს.კ. 961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. აღნიშნული გარემოება სადავო არაა, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მითითებული სამართლებრივი რეჟიმის, კერძოდ, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დეპოზიტის დარიცხვა უსაფუძვლოა, რამდენადაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ ჩარჩოში მოთავსება სცდება თავად დეპოზიტის დანიშნულების მიზანს, კერძოდ კი, მიმდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. რამდენადაც სახეზე არაა დეპოზიტის დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად ეცნო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის შესაბამისადაც, მოპასუხე დაავალდებულა კონკრეტული სახის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სს „ე...ს“ მიერ.

6.1 კასატორის - სს „ე...ს“ განმარტებით, ზიანის ანაზღაურებასა და დეპოზიტს შორის არსებობს განსხვავება, ვინაიდან ისინი, არა მხოლოდ შინაარსობრივად, სამართლებრივადაც სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნებიან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პირდაპირ მიუთითებს მარეგულირებელ კომისიას, რა ტიპის აქტი უნდა გამოსცეს. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე დაშვებულია სასამართლო კონტროლი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ სასამართლო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფუნქციასაც ითავსებს, ვინაიდან იგი ადმინისტრაციულ ორგანოს კი არ ავალებს საკითხის სრულყოფილად და თავიდან გამოკვლევას კონკრეტული მითითებებით, არამედ პირდაპირ უთითებს რა ტიპის და რა შინაარსის ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს კომისიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია იჯარის ხელშეკრულების არსებობა და შემდგომ მისი შეწყვეტა, თუმცა მსგავსი მტკიცებულება არც საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოების პროცესში ყოფილა წარდგენილი. სს „ე..." სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2007 წლიდან (იგი არც ერთი კომპანიის სამართალმემკვიდრე არ არის) და შესაბამისად, მას გადაეცა აბონენტთა ბაზა სს „ს...ისგან“ (რომელიც ამჟამად აღარ არსებობს და მანამდე ახორციელებდა მოსარჩელის ელ. მომარაგებას), სადაც სპს „კ...ც“ იყო მითითებული. საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაცია წარმოდგენილია სასამართლოში (2013 წლიდან დღემდე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა თუ შეწყვეტის თაობაზე), რომლითაც დასტურდება, რომ სპს „კ...“ საკუთრებაში არ ფლობს რუსთავში, ...ს ქ. №...-ში მდებარე არც მიწის ნაკვეთს და არც მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, არამედ იგი მას გადაცემული აქვს სარგებლობის უფლებით, რაც შეფასების გარეშე იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის №20 დადგენილება იცნობს აბონენტთა რეგისტრაციის ორ ფორმას - დროებითს და მუდმივს. დროებით აბონენტად რეგისტრირდება პირი, რომელსაც სარგებლობაში (და არა საკუთრებაში) გააჩნია უძრავი ქონება და აგრეთვე პირი, თუ იგი ელ. გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევებში, იმავე დადგენილების მე-10 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაარიცხოს პირს დეპოზიტი, რათა დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღება უზრუნველყოფილი იყოს. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა დეპოზიტის დარიცხვის არამართებულობასთან დაკავშირებით სწორიც რომ იყოს (რასაც კასატორი არ ეთანხმება), ცხადია, ამ შემთხვევისთვის (უძრავი ქონების სარგებლობაში არსებობისთვის) მაინც უნდა დაერიცხოს დეპოზიტი. საყურადღებოა, რომ დეპოზიტის ოდენობა სხვადასხვა საფუძვლების შემთხვევაშიც კი, ერთი და იმავე პრინციპით გამოითვლება. 07.02.19 წელს ნამდვილად შედგა სამართალდარღვევის ოქმი ელ.ენერგიის აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების ფაქტზე სწორედ მოსარჩელის მისამართზე, სადაც იგი იყო და დღემდე არის დაფიქსირებული, როგორც ენერგოკომპანიის აბონენტი. ბუნებრივია, სასკ-ის თანახმად, სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს დამრღვევის მიმართ, რაც განახორციელა კიდეც ენერგოკომპანიამ და ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებელ პირს სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ლიცენზიატ საწარმოს არ აქვს უფლება საკუთარი აბონენტის მიმართ გამოიყენოს მარეგულირებელი კომისიის 18.09.08 წლის №20 დადგენილების მე-10 მუხლით განსაზღვრული დეპოზიტის დარიცხვის უფლება, ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების დროს. დეპოზიტი ერიცხება აბონენტს და აბონენტი კი სპს „კ...ა“. თუ მოსარჩელეს გარკვეული უთანხმოება აქვს საკუთარ მოიჯარესთან, ეს ენერგოკომპანიასთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე არ უნდა აისახოს. მას სრული უფლება აქვს სადავოდ გამხდარი თანხა, თუნდაც რეგრესის წესით, მოსთხოვოს მოიჯარეს, ხოლო ელ. ენერგიის გამანაწილებელ კომპანიასთან საკუთარი ვალდებულება აბონენტმა უნდა შეასრულოს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დეპოზიტის დარიცხვას ზიანის ანაზღაურებასთან აიგივებს და უსაფუძვლოდ განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მხოლოდ სამართალდამრღვევის მიმართ არის შესაძლებელი. თბილისის სააპელაციო სასამართლო ისე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ენერგოკომპანიის მიერ წარდგენილი საწინააღმდეგო არგუმენტების გაბათილებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. ასეთი მიდგომა ენერგოკომპანიას არ აძლევს საშუალებას, გამოიყენოს დეპოზიტის დარიცხვის კანონით მინიჭებული უფლება მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეიძლება დაავალდებულოს მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რაც თავისთავად გამოსაცემი აქტის შინაარსის განსაზღვრას არ გულისხმობს. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელის წარდგენა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს აქტის გამოცემაზე. ცხადია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნება იმ მიზეზის გამო, რომ კომისიას არც უარი უთქვამს აქტის გამოცემაზე სპს-ისთვის და არც ვადა დაურღვევია, შესაბამისად, „არ ჩადენილი" ქმედებით, ვერც ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების წესების დაუცველობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღების თაობაზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმირებული არ იყო შპს „ნ...“, გამოდის, რომ მოსარჩელე სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად დავობს, რაც ეწინააღმდეგება დისპოზიციურობის ძირეულ პრინციპს (მე-3 მუხლი).

6.2 კასატორი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება დაეფუძნა საქმეში არსებულ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, 2019 წლის 7 თებერვალს ქ. რუსთავში, ...ს ქ. №...-ში ელექტროენერგიის მომხმარებლად 2007 წლიდან დარეგისტრირებული სპს „კ...ის’’ ტერიტორიაზე სს „ე...ს’’ მიერ აღმოჩენილ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი - ელექტროენერგიის მიწოდების ქსელიდან დავალიანების გამო გათიშული აბონენტის (№ ...) მიერ ქსელზე თვითნებური/უკანონო მიერთება. ვინაიდან ფაქტის აღმოჩენის დროს სპს „კ...ის’’ წარმომადგენელი არ იმყოფებოდა მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე (საჯარო რეესტრის მონაცემებით, სპს „კ...’’ - ქ. რუსთავში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს საკუთრებაში არ ფლობს) და იმ დროისათვის ამ ტერიტორიაზე საქმიანობდა შპს „ნ...’’, რომლის დირექტორმაც აღიარა შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების ქსელზე თვითნებური მიერთების ფაქტი, სს „ე...ს’’ მიერ სამართალდარღვევის ოქმი შედგა სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2019 წლის 14 თებერვლის №... დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება. როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, ნორმატიული დანაწესებისაგან განსხვავებული ინტერპრეტაციის შედეგად, დავის საგნის არასწორი შესწავლა-გაანალიზების საფუძველზე, დეპოზიტი უკანონოდ მოხმარებული (და არა შეწყვეტილი ელექტროენერგიის თვითნებური აღდგენისათვის ანუ მიმწოდებელი კომპანიის ელექტროენერგიის ქსელზე თვითნებური დაერთების შედეგად მოხმარებული და მრიცხველის მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურად) ელექტროენერგიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფასურად მიიჩნიეს. როგორც პირველი, ასევე, მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, არასწორად შეაფასეს სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობის, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს (აბონენტს) შორის ურთიერთობის სამართლებრივი არსი, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებით/ხელშეკრულებით არის განპირობებული.

კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" (შემდგომში - წესები) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებად განსაზღვრავს როგორც შეწყვეტილი ელექტროენერგიის თვითნებურ აღდგენას, ასევე გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურ მიერთებას, მრიცხველის ბრჯენის განზრახ დაზიანებას, მრიცხველის ციფრული მაჩვენებლების გაყალბებას, მრიცხველის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარებას. მითითებული ნორმა, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობას - შეწყვეტილი ელექტროენერგიის თვითნებური აღდგენისათვის არ ითვალისწინებს (დატაცების სხვა სახეობებისაგან განსხვავებით), ვინაიდან თვითნებური მიერთებისას ხდება მრიცხველში გატარებული/მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა. გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი ელექტროენერგიის თვითნებური აღდგენა არის სამართალდარღვევა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. ამასთან, ,,წესები’’ დეპოზიტს განიხილავს დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმად. ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. სასამართლოების გადაწყვეტილებაში ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული, თუ რა იყო დავის საგანი - უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები თუ დეპოზიტზე თანხის შეტანის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ სპს „კ...სა“ და სს „ე...ს“ შორის არსებობს წესებით რეგულირებული ელექტროენერგიის ნასყიდობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიით შესაბამისი მომხმარებლის უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ,,წესებით’’ გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად. შესაბამისად, გამყიდველს აქვს ვალდებულება, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ,,წესებითა’’ და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

სამართლებრივი მიზნის გათვალისწინებით, დეპოზიტი წარმოადგენს სს „ე...ს“ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას აბონენტის მიმართ და არა სხვა მესამე პირის, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიმართ. დეპოზიტი არის სამართლებრივი შესაძლებლობა ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი. სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს დაუშვა შეცდომა, როდესაც ვალდებულების დაფარვის მოთხოვნის ვექტორი მიაქცია სამართალდამრღვევზე და არა აბონენტზე, რამდენადაც კანონმდებლობა დეპოზიტის გამოყენების სუბიექტად განიხილავს მხოლოდ აბონენტს და არა სხვა პირს. ამასთან, საყურადღებოა, რომ გარდა სამართლებრივი მხარისა, ფაქტობრივად და ფიზიკურად შეუძლებელი იყო კომპანიას დეპოზიტის თანხის შეტანა მოეთხოვა არააბონენტი პირისაგან, რომელიც არ წარმოადგენდა კომპანიასთან სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეს. შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო ნორმატიული აქტის მოთხოვნას და პრინციპს, რომ დეპოზიტის პასუხისმგებლობის მატარებელია აბონენტი - ხელშეკრულების სუბიექტი და არა სამართალდამრღვევი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება უნდა შეეფასებინა მოქმედ კანონმდებლობასთან ერთობლიობაში - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ ნორმატიულ დანაწესებთან კომისიის გადაწყვეტილების მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი შესაბამისობის თვალსაზრისით.

კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც სპს „კ...ის’’, ისე სს „ე...ს’’ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომისიის მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა საფუძვლიანად, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მითითებული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმისა და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას.

კასატორის განმარტებით, მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ, კომისიას კონტროლის განხორციელებისათვის, გადაცემული აქვს განსაზღვრული რეგულირების სფეროები: ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება და ამ სფეროებში სადავო საკითხების გადაწყვეტის ფართო პროფილის დისკრეცია. დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში კომისიის საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრირების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სახეს, ამდენად, იგი განსაკუთრებული მაკონტროლებელი ფუნქციების მატარებელია, მით უფრო, რომ მომხმარებლის მოთხოვნის ნორმატიულ დანაწესებთან შესაბამისობის შესწავლა კომისიის რეგულირებადი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მსგავს საკითხზე კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და განსაკუთრებულ საჯარო ადმინისტრაციულ მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება როგორც კომისიის საქმიანობის კანონიერებაზე, ასევე, კომპანიებისა და მომხმარებლების უფლებების ობიექტურ დაცვასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლების დარღვევას, მატერიალური სამართლის ნორმების უგულებელყოფას, კანონმდებლობის მოთხოვნების არასწორ განმარტებას, რამდენადაც სასამართლომ კომისიის სადავო გადაწყვეტილების განხილვისას ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების გადამოწმება, რამაც მთლიანობაში არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, სს „ე...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სპს „კ...ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 02/08/2019) თანახმად, 23/08/1996 წელს დარეგისტრირდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ...“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, რუსთავი, ...ს ქ. №3). სპს „კ...“ სარგებლობს სს „ე...ს“ მომსახურებით და რეგისტრირებულია აბონენტად, ნომრით - ... (ს.ფ 20-22, 89-115); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სპს „კ...ს“ უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ს ქ. №3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე (ს.ფ 87-88); გ) სს „ე...ს“ მიერ 2019 წლის 7 თებერვალს შედგა სამართალდარღვევის ოქმი შპს „ნ...ს“ მიმართ. ოქმის თანახმად, ქ. რუსთავში, ...ს ქ. №3-ში 2019 წლის 30 იანვარს, 14:40 საათზე გადამოწმდა აბონენტად მყოფი სპს „კ...ის“ ტერიტორიაზე მოქმედი შპს „ნ...“, რომელმაც მოახდინა დავალიანების გამო გათიშული აბონენტის უკანონოდ ქსელზე მიერთება. ოქმში ასახულია შპს „ნ...ს“ დირექტორის ახსნა-განმარტება, რომელმაც დაადასტურა საწარმოში დასაქმებული პირის მიერ საჰაერო გამთიშველის უკანონოდ ჩართვის ფაქტი (ს.ფ. 190). სს „ე...ს“ 2019 წლის 14 თებერვლის №... დადგენილებით შპს „ნ...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ა.ს.კ. 961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება (ს.ფ. 196-198); დ) სს „ე...ს“ მიერ მომზადებული აბონენტის (№...) ბრუნვის ისტორიიდან ამონაწერით დგინდება, რომ სპს „კ...ს“ დეპოზიტის სახით დარიცხული ჰქონდა 1194 ლარი. აღნიშნული დეპოზიტის თანხა აბონენტს 2019 წლის 1 მარტს დაუბრუნდა. სს „ე...მ“ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის აბონენტს - სპს „კ...ს“, საბოლოოდ, დეპოზიტის სახით დაარიცხა 2737.20 ლარი (ს.ფ. 16-19, 138-164); ე) სპს „კ...მ“ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის დეპოზიტის სახით დარიცხული 2737.20 ლარის ჩამოწერა და ელექტროენერგიის აღდგენა (ს.ფ. 183-184). სს „ე...ს“ 2019 წლის 15 მაისის №5080669 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ სპს „კ...ს“ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი. დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2007 წლიდან აღნიშნული საწარმო რეგისტრირებულია აბონენტად, ხოლო შპს „ნ...ს“ კომპანიისათვის დროებით აბონენტად რეგისტრაციისათვის არ მიუმართავს (ს.ფ 187-188); ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გადაწყვეტილებით სპს „კ...ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სს „ე...ს“ მიერ სპს „კ...ისათვის“ დეპოზიტის, 2737.20 ლარის დარიცხვა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სპს „კ...ს“ დეპოზიტის სახით დარიცხული ჰქონდა 1194 ლარი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ვადაგადაცილებით გადახდის გამო, ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც 2019 წლის 1 მარტს დაუბრუნდა. იმის გათვალისწინებით, რომ აბონენტს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის შეუწყდა ელექტროენერგია, დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი ,,წესების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ს.ფ 179-182).

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 20.12.2019, №5646) მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე.

სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ფუნქციები, რომელთა შორის ერთ-ერთია: გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხილულ იქნა სპს „კ...სა“ და სს „ე...ს“ შორის არსებული დავა. კომისიის მიერ მიღებულ 2019 წლის 26 ივლისის №63/16 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აბონენტს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის შეუწყდა ელექტროენერგია და დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი. კომისიამ მიიჩნია, რომ დეპოზიტის ოდენობა არ აღემატება ,,წესებით’’ დადგენილ ოდენობას, რის გამოც ძალაში დარჩა სს „ე...ს“ მიერ სპს „კ...ისთვის“ დეპოზიტის - 2737.20 ლარის დარიცხვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით (ძალადაკარგულია - 13.08.20, №47) დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“ (შემდგომში - წესები), რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს (1.1 მუხლი). ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია (1.2 მუხლი).

,,წესების’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). მითითებული მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სს „ე...ს“ აღრიცხვის ჯგუფის უფროსის მიერ 2019 წლის 7 თებერვალს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №..., რომელშიც აღნიშნულია, რომ აბონენტად მყოფი სპს „კ...ის“ ტერიტორიაზე მოქმედმა შპს „ნ...მა“ მოახდინა დავალიანების გამო გათიშული აბონენტის უკანონოდ ქსელზე მიერთება. სს „ე...ს“ 2019 წლის 14 თებერვლის №ე.პ 0413-19 დადგენილებით შპს „ნ...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს თანხის დარიცხვასა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას; ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად; გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის; დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის); ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის); ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს და არსებობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი, რის გამოც, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გონივრულია დეპოზიტის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დეპოზიტზე თანხის შეტანა არ არის მხოლოდ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების გამო განაწილების ლიცენზიატისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი. აღნიშნული გამომდინარეობს თავად „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის რეგულაციიდან, რომლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპოზიტზე თანხის განთავსება, შეიძლება მოეთხოვოს პირს, რომელიც აბონენტად რეგისტრირდება დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე. ასევე, დეპოზიტზე თანხის განთავსება, შეიძლება განაწილების ლიცენზიატმა მოსთხოვოს პირს, რომელიც გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად (,,ბ’’ ქვეპუნქტი). ამავე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნტი მიუთითებს, რომ დეპოზიტზე თანხის განთავსების საჭიროება შესაძლოა განაპირობოს იმ ფაქტმა, რომ მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. ამავე პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი დეპოზიტზე თანხის განთავსებას უკავშირებს მომეტებულ რისკს (ამასთან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს), რომ შესაძლოა მომხმარებელმა არ გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნებზე არც ,,წესების’’ მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომლის საფუძველზეც, მოცემულ შემთხვევაში, სპს „კ...ს“ დეპოზიტის სახით დაერიცხა 2737.20 ლარი. დასახელებული ნორმა დაკავშირებულია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასთან, რომელიც შეიძლება არც იწვევდეს ზიანის მიყენებას, კერძოდ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ამავე პუნქტში მითითებულია თუ რა ითვლება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებად, მათ შორის არის, მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ე...ს“ მიერ 2019 წლის 7 თებერვალს შედგა სამართალდარღვევის ოქმი შპს „ნ...ს“ მიმართ. ოქმის თანახმად, ქ. რუსთავში, ...ს ქ. №3-ში 2019 წლის 30 იანვარს, 14:40 საათზე გადამოწმდა, აბონენტად მყოფი სპს „კ...ის“ ტერიტორიაზე მოქმედი შპს „ნ...“, რომელმაც მოახდინა დავალიანების გამო გათიშული აბონენტის უკანონოდ ქსელზე მიერთება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დეპოზიტის შეტანა შეიძლება მოეთხოვოს იმ პირს, ვინც უშუალოდ ჩაიდინა სამართალდარღვევის ფაქტი და პასუხისმგებელია, როგორც სახდელის, ისე სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით ,,გამყიდველი’’ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება ,,მყიდველთან’’. შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოვალეობაც ეკისრება სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს - ელექტროენერგიის მყიდველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ელექტროენერგიის ,,გამყიდველს’’ წარმოადგენს სს „ე...“, ხოლო ,,მყიდველი’’ არის სპს „კ...“, რომელიც ქალაქ რუსთავში, ...ს ქ. №3-ში აღრიცხულია №... აბონენტად. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი ობიექტით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდა შპს „ნ...“, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ შპს „ნ...“ არ იყო რეგისტრირებული აბონენტად და შესაბამისად, მასზე ვერ მოხდებოდა აბონენტისათვის ზემოაღნიშნული წესებით გათვალისწინებული პირობების გავრცელება, მათ შორის, აბონენტზე რიცხული დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ნ...სა“ და სპს „კ...ს“ შორის საიჯარო ურთიერთობის დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებდა სს „ე...სა“ და სპს „კ...ს“ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რადგან, შპს „ნ...“ ამ ურთიერთობაში ვერ ჩაანაცვლებდა სპს „კ...ს“. შესაბამისად, №... სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელი პირი სს „ე...ს“ წინაშე იქნებოდა სპს „კ...“ და არა შპს „ნ...“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განაწილების ლიცენზიატს დეპოზიტზე თანხის შეტანის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მომხმარებლის მიმართ, რომელიც რეგისტრირებულია აბონენტად. კანონმდებლობა, უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, მესაკუთრის წერილობითი თანხმობის პირობებში, ითვალისწინებს მოსარგებლის აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. სწორედ ამ შემთხვევაშია უფლებამოსილი ლიცენზიატი ამ უკანასკნელს მოსთხოვოს დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული დავალიანების დაფარვა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ნ...“ ქ. რუსთავში, ...ს ქ. №3-ში აბონენტად რეგისტრირებული არ ყოფილა და არც აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით მიუმართავს სს „ე...სთვის“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ე...ს“ არ გააჩნდა დეპოზიტზე თანხის განთავსების მოთხოვნის უფლება შპს „ნ...ს“ მიმართ, არამედ აღნიშნული მოთხოვნის უფლება არსებობდა მხოლოდ სპს „კ...ის“ მიმართ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ დაუკავშირდა დეპოზიტის შეტანის მოთხოვნის უფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. იმ პირობებში, როდესაც შპს „ნ...“ არ ყოფილა რეგისტრირებული აბონენტად და არც აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება წარუდგენია სს „ე...სთვის“, არ არსებობს აღნიშნული იურიდიული პირის მიმართ დეპოზიტის შეტანის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სპს „კ...ისთვის“ დეპოზიტის დარიცხვა მართლზომიერად განხორციელდა და სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სპს „კ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-194-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით დაკმაყოფილდა სპს „კ...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. დაევალა სს „ე...ს“ უზრუნველყოს სპს „კ...ისთვის“ (აბონენტის ნომერი - ...) ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ვინაიდან სპს „კ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში სპს „კ...ის“ მიერ სარჩელის აღძვრის დროს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (100 ლარი სარჩელზე, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე) (ს.ფ 23), რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, სპს „კ...ს“ სს „ე...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450-450 ლარის (300 ლარი და 150 ლარი) (თითოეულზე ცალ-ცალკე) ანაზღაურება (ს.ფ 267, 449, 286, 470).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ე...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სპს „კ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაევალა სს „ე...ს“ უზრუნველყოს სპს „კ...ისთვის“ (აბონენტის ნომერი - ...) ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

5. სპს „კ...ს“ სს „ე...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, სს „ე...ს“ მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

6. სპს „კ...ს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე