Facebook Twitter

№ბს-385(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ა“

მესამე პირი - შპს „ჯ...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტები.

სარჩელის თანახმად, შპს „ჯ...მა“ (შემდგომში ,,საწარმო’’) 2017 წლის 4 დეკემბერს №6562 წერილით მიმართა სს „...ას“ (შემდგომში ,,კომპანია’’) არსებული სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოსარჩელემ 2017 წლის 27 დეკემბერს გასცა მიერთების ტექნიკური პირობა. შპს „ჯ...მა“ 2018 წლის 15 იანვრის №278 წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ტექნიკური პირობის ცალკეული პუნქტების კორექტირება. კომპანიამ განიხილა საწარმოს მოსაზრებები, ნაწილი გაიზიარა და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით მოსაზრებებთან ერთად საწარმოს გადაუგზავნა გადამცემ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის განახლებული რედაქცია. მოსარჩელემ 2018 წლის 30 იანვარს მიიღო მოპასუხის წერილი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ შპს „ჯ...მა“ დაიწყო სადავო წარმოება ტექნიკური პირობის მოთხოვნებთან დაკავშირებით ისე, რომ არც დალოდებია პასუხს 2018 წლის 15 იანვრის წერილზე. საბოლოოდ, ტექნიკური პირობის პუნქტებთან დაკავშირებით საწარმოსა და მოსარჩელეს შორის მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, გარდა პირობის მე-10 პუნქტისა, რომელიც განსაზღვრავს დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონს. საწარმოს მტკიცებით, მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი არ შეესაბამებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ მოთხოვნებს. 2018 წლის 18 აპრილს კომისიის მიერ მიღებულ იქნა №27/23 გადაწყვეტილება შპს „ჯ...სა“ და სს „...ას“ შორის არსებული დავის შესახებ და მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მიჩნეულ იქნა „ქსელის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში „სემეკი“) 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ საქართველოს კანონის 1.3 ,,გ“ მუხლს და სემეკ-ის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სამთვიანი ვადის საკითხები, რომლის მიხედვით, „მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე - ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. სემეკ-ის განმარტებით „ქსელის წესების“ მე–10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირის მიერ კონკრეტული პირის მიმართ გაგზავნილ წინადადებას - ოფერტს, რომელსაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს აქცეპტის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 333–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ სხვა პირობებით, ვიდრე ამას ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება უარად ოფერტზე და ამავე დროს, ახალ წინადადებად“. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების - კომპანიის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს საწარმოსთვის გაგზავნილი მიერთების შეთავაზებაზე (წერილი №6325/09) თანდართული ტექნიკური პირობისა და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილზე თანდართული ტექნიკური პირობის შინაარსის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2018 წლის 2 თებერვალს გაგზავნილი ტექნიკური პირობა განსხვავდება 2017 წლის 27 დეკემბერს საწარმოსათვის გაგზავნილი მიერთების შეთავაზებაზე თანდართული ტექნიკური პირობისაგან, იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 333–ე მუხლის შესაბამისად, არის ახალი ოფერტი (ანუ, ახალი მიერთების შეთავაზება), რის გამოც მასზე აქცეპტის (დათანხმების) სამთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს ამ შეთავაზების მიღების დღიდან“. სწორედ მოცემულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიიჩნია სემეკ-მა „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სამთვიანი პერიოდი დაცულად. სემეკ-ის მსჯელობა და განმარტება არასწორია და ეწინააღმდეგება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, ამ კანონის ამოცანაა „ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას“. სემეკ-ის განმარტება ასევე წინააღმდეგობაში მოდის „ქსელის წესების“ პირველ მუხლთან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ქსელის წესები განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა და მაძიებლების მიერ გადამცემი ქსელის განვითარების, მართვის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებსა და სტანდარტებს“. ასევე, წინააღმდეგობაშია ამავე მუხლის მე-3 პუნქტთან, რომლის მიხედვით, „ქსელის წესების ამოცანაა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი ქსელის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეკონომიური (უმცირესი ღირებულების პრინციპით) ხელმისაწვდომობა და გამოყენება მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით“.

მოსარჩელის განმარტებით, „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სამთვიან ვადას აქვს თავისი ნორმატიული შინაარსი, რომელიც სწორედ უნდა განიმარტოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით. სწორი განმარტებისთვის კი მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას ნორმის ტელეოლოგიური განმარტება, რაც თავისთავად გულისხმობს ნორმის მიზნიდან გამომდინარე გაკეთებულ განმარტებას. აუცილებელია გაირკვეს „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სამთვიანი ვადის არსებობის ობიექტური მიზანი, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: ენერგეტიკის ბაზარი ხასიათდება თავის სპეციფიკურობით, სწორედ ამის გამო არსებობს სპეციალური მარეგულირებელი კანონი („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“) და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. სპეციალური კანონმდებლობის არსებობა განპირობებულია თავად ენერგეტიკული დარგის თავისებურებითა და სპეციფიკით. როგორც ცნობილია ენერგეტიკის სფერო წარმოადგენს ბუნებრივი მონოპოლიის სფეროს და მასში თავისუფალი კონკურენციისა თუ ხელშეკრულებების გაფორმების თავისუფლების პრინციპები შეზღუდულია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით კომისიის მსჯელობა სამთვიან ვადასთან დაკავშირებით არის არასწორი და ეწინააღმდეგება დარგის რეგულირების ძირითად პრინციპებსა და ლოგიკას. კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია გადამცემ ქსელზე მიერთების ურთიერთობებზე (შემდეგში „მიერთება“). მიერთების შეთავაზებისა და განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი (მაძიებლის მიერ მოთხოვნილი) თავისუფალი სიმძლავრის არსებობის ფაქტს, „ქსელის წესების“ მეცხრე (პრიმა) მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით „გადამცემი ლიცენზიატი უფლებამოსილია უარი უთხრას განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთებაზე, როდესაც მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არსებობს თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრე ან ასეთი მიერთება საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას“. ,,ქსელის წესების’’ მოცემული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს ამავე წესების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის სასიცოცხლო მნიშვნელობას, მიერთების მაძიებელმა, რომელსაც სურს ქსელზე მიერთება, კონკრეტულ და არა უსასრულო ვადის ფარგლებში უნდა მოახდინოს ამ პროცედურის დამთავრება, რადგანაც ქსელს განუსაზღვრელი ვადით ვერ ექნება შენახული კონკრეტული სიმძლავრე, რომლით სარგებლობაც სურს მიერთების მსურველს. შესაბამისად, „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სამთვიან ვადას არ შეიძლება გააჩნდეს სამოქალაქო კოდექსის 328-335 მუხლებით განსაზღვრული ოფერტის ბუნება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმცირიდან გამომდინარე, ორჯერ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს მიერთების შეთავაზებაზე სამთვიანი ვადის არსებობა, რათა მისი დაუცველობის ან არასწორი ინტერპრეტირების შედეგად არ განხორციელდეს ქსელის ისედაც შეზღუდული შესაძლებლობების კიდევ უფრო შემცირება. „ქსელის წესების“ მე-10 მუხლით გათვალისწინებული შეთავაზება მიერთების თაობაზე თავისთავში გულისხმობს იმას, რომ შეთავაზების განმახორციელებელს (ლიცენზიატი) გათვალისწინებული აქვს კონკრეტული სიმძლავრე, რომელიც უნდა მიაწოდოს პირს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური პირობების დადგენას და შემდგომ მომხმარებლის მხრიდან ამ ტექნიკური პირობების დაცვას გარკვეული ვადა სჭირდება, მაგრამ ეს ვადა არ უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად, ვინაიდან, ერთი მხრივ, ის ახორციელებს კომერციულ საქმიანობას და მეორე მხრივ, სიმძლავრის გამოუყენებლობა აზარალებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ენერგოსტაბილურობას და იმ მნიშვნელოვან სიკეთეებს, რომლებსაც იცავს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ საქართველოს კანონი და „ქსელის წესები“. აღნიშნულის შესაბამისად, „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სამთვიანი ვადის მიზანი არის ერთი მხრივ, დაიცვას ზემოთ დასახელებული საჯარო და კერძო ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, დაიცვას მიერთების მსურველის ინტერესი, რათა მას ჰქონდეს გონივრული ვადა ტექნიკური პირობების დასადგენად და შემდგომ ამ პირობების შესასრულებლად.

სემეკ-ის განმარტებით „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს ყოველგვარი აზრი ეკარგება, რადგან სამი თვის განმავლობაში არსებული მოლაპარაკებების პროცესში შესაძლებელია ტექნიკური პირობა უამრავჯერ შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული ურთიერთობა შესაძლებელია გაგრძელდეს უსასრულოდ. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით და თავად „ქსელის წესებით“ გათვალისწინებულ იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რომელთაც ემსახურება „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მოცემული სამთვიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანახმებით, შესაბამისად, ,,სემეკის’’ მიერ გაკეთებული განმარტება საერთოდ აზრს უკარგავს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეგულაციას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ „ქსელის წესები“ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის თავად სემეკ-ის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დარღვეულია „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადა და ,,სემეკს’’ შპს „ჯ...ის“ საჩივართან დაკავშირებით, სემეკ-ის 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად, სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სემეკ-ის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილება ბათილია.

მოსარჩელის განმარტებით, სემეკ-ის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვალს №0550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება ,,ქსელის წესების’’ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’და ,,ბ’’ ქვეპუნქტებს.

სემეკ-ის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვალს №0550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, რამდენადაც ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობა არ არის ასახული საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის (სიმძლავრის) წესებში“.

ქსელის წესების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ჰ43 ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექნიკური პირობა განმარტებულია როგორც „დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მაძიებლის ელექტრულ ქსელთან მიერთების ან მიერთების მოდიფიკაციისთვის საჭირო სამუშაოებსა და პირობებს“. ამრიგად, ტექნიკური პირობა არის ის დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს განსახორციელებელი სამუშაოებისა და პირობების ამომწურავ ჩამონათვალს. ამ დანიშნულების გათვალისწინებით იგი (ტექნიკური პირობა) უბრალოდ ვერ იქნება მხოლოდ ქსელის წესების ან სხვა რომელიმე ზოგადი ხასიათის ქცევის წესისა თუ მოთხოვნის მარტივი კოპირება ან ასლი, რამდენადაც ზოგადი ხასიათის ქცევის წესი არ შეიცავს ისეთ კონკრეტიკას, რაც აუცილებელია თითოეული მისაერთებელი ობიექტის მახასიათებლებისა და ქსელის (მიერთების ადგილის) სპეციფიკის გათვალისწინებით ობიექტის გადამცემ ქსელში უსაფრთხო (როგორც ობიექტისთვის, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის) ინტეგრირებისთვის. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით თავად ქსელის წესებმა განსაზღვრა, რომ ობიექტის გადამცემ ქსელში ინტეგრირებისთვის აუცილებელია (ქსელის წესების მოთხოვნების არსებობის ფაქტის მიუხედავად) დამატებით მომზადებული და გაცემული იქნეს მიერთების ტექნიკური პირობა - დოკუმენტი, რომელიც მარეგულირებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე, კონკრეტული მინაერთის, კვანძის ან/და ქვესადგურის სპეციფიკის, ასევე შესაბამის ქსელში არსებულ რეჟიმულ სიტუაციაზე დაყრდნობით, მისაერთებელი ობიექტის მახასიათებლებისა და დატვირთვის/გამომუშავების, სხვა აუცილებელი პარამეტრების გათვალისწინებით, შეიცავს მისი (მისაერთებლი ობიექტის) ქსელში უსაფრთხო და მდგრადი ინტეგრირებისთვის აუცილებელი კონკრეტული მოთხოვნების ამომწურავ ჩამონათვალს. ამრიგად, თუ ქსელის წესები წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო, განზოგადებული პირობების ერთობლიობას, ტექნიკური პირობა არის ამ პირობებზე დაყრდნობით, კონკრეტული მიერთებაზე ფოკუსირებული იმ სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლის გარეშეც ობიექტის ქსელში უსაფრთხო ინტეგრირება შეუძლებელი და დაუშვებელია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს „...ა“ არის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომლის უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა („ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77-ე ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 161 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი). შესაბამისად, მისი ნებისმიერი აქტივობა, მიღებული გადაწყვეტილება, თუ ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) უპირველესად უნდა შეესაბამებოდეს და უზრუნველყოფდეს საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ტექნიკური პირობა ვერ იქნება მხოლოდ ქსელის წესების მოთხოვნების მარტივი კოპირება და იგი ქსელის წესებით პირდაპირ გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა შეიცავს ისეთ პირობებსაც, რომელთა შესრულებაც უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროენერგეტიკული სისტემის, კონკრეტული გადამცემი ქსელის თუ მისაერთებელი ობიექტის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების/საქმიანობის შესაძლებლობას.

„ქსელის წესების“ მე-6 მუხლი განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთების წესის მიზნებს და ამოცანებს, რომლის მიხედვით, მიერთების წესის მიზნად განსაზღვრულია: 1. გადამცემი ქსელისა და ამ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა; 2 მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის მახასიათებლების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრა, სათანადო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების, სქემების, კონტროლისა და დაცვის სისტემის შერჩევა; ხოლო ამოცანებად დადგენილია: 1. მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების სტანდარტების განსაზღვრა; 2. გადამცემ ქსელთან მიერთების ტექნიკური გადაწყვეტისა და კრიტერიუმების ექსპლუატაციის განსაზღვრა ეკონომიკური მიზანშეწონილობის (უმცირესი ღირებულების პრინციპით) გათვალისწინებით.

,,ქსელის წესების’’ მოცემული ნორმა-პრინციპები ლიცენზიატებს უსაზღვრავენ იმ სამოქმედო სივრცეს, რომელ სივრცეშიც უნდა ხვდებოდეს მათ მიერ დადგენილი ტექნიკური პირობა. მოცემული ნორმა-პრინციპები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ქსელის წესებში ჩამოთვლილი მიერთების სტანდარტები არ არის ამომწურავი ხასიათის და მათ გარდა შესაძლებელია სხვა პირობის დადგენა თუ ის შეესაბამება ,,ქსელის წესების’’ მე-6 მუხლით დადგენილ პრინციპებს. ,,ქსელის წესების’’, როგორც ნორმატიული აქტის, მიზანი, რომ ყოფილიყო მიერთების პირობების განსაზღვრა ის პირდაპირ დაადგენდა, რომ მიერთებისას უნდა იყოს დაცული მხოლოდ ,,ქსელის წესებით’’ გათვალისწინებული პირობები და სხვა პირობის დადგენას აკრძალავდა. მსგავსი ნორმატიული მოცემულობა კი თავშივე აზრს დაუკარგავდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური პირობის გაცემას. ტექნიკური პირობის გაცემის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა შემთხვევა (მიერთება) სპეციფიურია და საჭიროებს ინდივიდუალურ გადაწყვეტას, ყველა შემთხვევას კი ქსელის წესები ვერ მოაგვარებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნორმატიულ აქტს არ შეუძლია განსაზღვროს ყველა შესაძლო შემთხვევა და შედეგი. სხვა დანარჩენი შემთხვევის ყოველი კონკრეტული გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს იმ ნორმა-პრინციპებს, რომელსაც განსაზღვრავს ქსელის წესების მე-6 მუხლი. სემეკ-მა თავის გადაწყვეტილებაში ხისტად მიუთითა, რომ რადგანაც ,,ქსელის წესების მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ არის დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი’’ ამიტომ შეუსაბამოა ტექნიკურ პირობებში მსგავსი მოთხოვნის გაწერა. ამ პოზიციის ნაცვლად სემეკს უნდა შეეფასებინა რამდენად შეესაბამებოდა ტექნიკური პირობა ქსელის წესების მე-6 მუხლით დადგენილ პრინციპებს და თუ შეუსაბამობა დადგინდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეცნო მოცემული პირობა ქსელის წესებთან შეუსაბამოდ.

სემეკი 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ,,ამ პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ არის დადასტურებული მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის ჩატარებული რეჟიმული გათვლებით და მოდელირებით’’. ამ წინადადებით სემეკი ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავოდ გამხდარი ტექნიკური პირობის დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ არის დადასტურებული და სს „...ამ“ ეს საფრთხე ვერ დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ სწორედ სემეკი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული გამოეკვლია ტექნიკური პირობის სადავოდ გამხდარი პუნქტის არარსებობა რა ნეგატიურ შედეგებს გამოიღებდა და მას შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კომისიას სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე ან ერთმნიშვნელოვნად უნდა დაედასტურებინა მიერთებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგების რეალურობა, ან დასაბუთებულად უნდა ყოფილიყო უარყოფილი სს „...ის“ მიერ წარდგენილი პოზიცია. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების დასასაბუთებლად სს „...ის“ მიერ სემეკში საჯარო სხდომაზე (2018 წლის 2 აპრილს) წარდგენილ იქნა პრეზენტაცია რკალური ღუმლების ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობის შესახებ, სადაც ასახულ იქნა საკითხის დეტალიზაცია, კონკრეტული მოდელირება და მისი შედეგები, თუმცა კომისიის მხრიდან აღნიშნულ სხდომაზე შენიშვნა ან მოსაზრება არ გამოთქმულა წარდგენილი კვლევის საწინააღმდეგოდ, პირიქით მოწონებულ იქნა მასში მოცემული ანალიტიკა. სემეკმა 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებაში მითითება არ გააკეთა საჯარო სხდომაზე წარდგენილ-განხილული ანალიტიკური კვლევის (მოდელირების) შესახებ, რომლის შინაარსის საპირისპიროდ არათუ კონკრეტული საწინააღმდეგო აზრი არ გამოთქმულა, შენიშვნაც არ დაფიქსირებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, საქართველოს ელ. ენერგეტიკული ქსელის სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტით მითითებული ზღვრების დაცვა აუცილებელია სისტემის მდგრადობის, სტაბილურობის და უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადი და სტაბილური მუშაობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას როგორც მეზობელ ქვეყნებთან მისი სინქრონული კავშირისას, ასევე იზოლირებულად ფუნქციონირებისას. მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ენერგეტიკულ სისტემაში აქტიური სიმძლავრის 20 მგვტ.-ზე მეტი სიდიდით მყისიერ ცვლილებას, რომლის დაბალანსებაც საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმცირიდან გამომდინარე შეუძლებელია. შესაბამისად, სიმძლავრის ამ სახის ცვალებადობა გამოიწვევს სასისტემო ავტომატიკის ამოქმედებას და მომხმარებლების ავარიულ რეჟიმში გამორთვას, რაც დაუშვებელია. ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტში აღნიშნული ზღვრების გადაჭარბება პრობლემატური საკითხია საქართველოს ენერგეტიკული სისტემის სხვა ენერგოსისტემასთან პარალელურად მუშაობის შემთხვევაშიც - მეზობელ ქვეყნებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობისას აქტიური სიმძლავრის 20 მგვტ.-ზე მეტი სიდიდით მყისიერი ცვლილებები შეუძლებელს ხდის ხაზზე არსებული გადადინებების ზღვრების დაცვას, რაც აუცილებლად გამოიწვევს მეზობელ ქვეყანასთან მუშაობის შეთანხმებული რეჟიმის დარღვევას, აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-10 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეთავაზებიდან ამოღება დაუშვებელია, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში პირდაპირი საფრთხის წინაშე დგება ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოება. დამატებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგოსისტემის მინიმალური მოხმარება 900-1000 მგვტ.-ია. ენერგოსისტემას შეუძლია მხოლოდ რომელიმე ერთ მეზობელ სისტემასთან სინქრონული ოპერირება. რუსეთისა და სომხეთის ენერგოსისტემებთან სინქრონული ოპერირების დაკარგვის ალბათობა ძალიან მაღალია. შესაბამისად, მაღალია იზოლირებულ (ავტონომიურ) რეჟიმში გადასვლის ალბათობა. ამასთან, ავტონომიურ რეჟიმში ოპერირებისას საქართველოს ენერგოსისტემა განიცდის ინერციის მუდმივის დეფიციტს. ამიტომ, მოხმარება-მიწოდების ბალანსის უმნიშვნელო დარღვევაც კი გარდაისახება სისტემის სიხშირის მნიშვნელოვან ცვლილებაში. მინიმალური მოხმარების რეჟიმებში სიმძლავრის უბალანსობა იცვლება 20-25 მგვტ.-ის ფარგლებში, ეს იწვევს სიხშირის ცვლილებას 49.4-50.6 ჰერცის ფარგლებში და მეტად. რაც შეეხება რკალურ ღუმელს, მისი ნორმალური ოპერირება იწყება მოკლე შერთვის რეჟიმში, რომლის დროსაც მის მიერ მოთხოვნილი აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეები იცვლება დიდ ფარგლებში, რაც სისტემისთვის სტრესს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუკი ენერგოსისტემები მცირე ზომისაა (დაბალი ინერციის მუდმივა) ეს ცვლილებები მკვეთრად აისახება სიხშირის ხარისხზე. ამასთან, თუ განვიხილავთ სხვა ქვეყნების მაგალითებს, აღსანიშნავია, რომ თურქეთის ენერგოსისტემაში, რომლის პიკური სიმძლავრე დაახლოებით 45 000 მგვტ.-ია (რაც ჩვენი სისტემის პიკურ სიმძლავრეზე დაახლოებით 21.5 ჯერ მეტია), შეზღუდულია ერთეულოვანი რკალური ღუმლის დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ.-მდე. პროპორციულად საქართველოსთვის ეს სიდიდე 7 მგვტ.-ს შეადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სემეკმა 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ დააყენა ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოება. სემეკის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილება სზაკ-ის 601 პირველი ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ჯ...ი“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტები და დაევალა მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 4 დეკემბერს შპს „ჯ...მა“ №6562 წერილით მიმართა სს „...ას“ და არსებული 30 მგვტ. სიმძლავრის 70 მგვტ.-მდე გაზრდა მოითხოვა; ბ) სს „...ის“ 2017 წლის 27 დეკემბრის №6325/09 წერილით შპს „ჯ...ს“ წარედგინა შეთავაზება გადამცემ ქსელთან მიერთების შესახებ; გ) 2018 წლის 15 იანვარს შპს „ჯ...მა“ №278 წერილით მიმართა სს „...ას“ და ტექნიკური პირობის ცალკეული პუნქტების კორექტირება მოითხოვა; დ) სს „...ის“ 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით შპს „ჯ...ს“ ეცნობა სს „...ის“ პოზიცია ტექნიკური პირობის პროექტის შენიშვნებთან დაკავშირებით და წარედგინა რედაქტირებული ტექნიკური პირობის პროექტი. შპს „ჯ...ის“ გარე ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობის (რედაქტირებული პროექტი) მე-10 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებები სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს მიერთების შესაბამის პროექტში; ე) 2018 წლის 26 იანვარს შპს „ჯ...მა“ №949/01 წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის საწარმოს სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით გაცემულ ტექნიკურ პირობაში არსებული ზოგიერთი პუნქტის კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ რიგ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტთან დაკავშირებით; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 30 იანვრის №6/02-5-952 წერილით სს „...ას“ ეთხოვა განეხილა შპს „ჯ...ის“ მიერ დასმული საკითხები და კომისიაში წარედგინა შესაბამისი განმარტებები; ზ) სს „...ის“ 2018 წლის 6 თებერვლის №609/09 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით, შპს „ჯ...ს“, 2018 წლის 15 იანვრის №009/18 წერილში ტექნიკური პირობის რიგი პუნქტების მიმართ გამოთქმული პრეტენზიის პასუხად, სათანადო დასაბუთებით, შეეთავაზა ტექნიკური პირობის გადამუშავებული რედაქცია. ამავე წერილში კომპანიამ აღნიშნა, რომ ტექნიკური პირობის ახალ შეთავაზებულ ვარიანტზე თავისი პოზიცია საწარმოს ჯერ დაფიქსირებული არ ჰქონდა და კომისიის წინაშე დასვა საკითხი: შეწყვეტილი ან შეჩერებული იყო თუ არა მხარეთა მიერ ტექნიკურ პირობაზე შეთანხმებისთვის „ქსელის წესებით“ განსაზღვრული სამთვიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა თუ სადავო საკითხი მხოლოდ კომისიის მეშვეობით გადასაწყვეტ ფორმატში უნდა განხილულიყო; თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის №6/02-18-1457 წერილით შპს „ჯ...ს“ ეთხოვა კომისიაში წარედგინა თავისი პოზიცია კომპანიის მიერ ტექნიკური პირობის გადამუშავებული ვარიანტის და კომისიაში მისი 2018 წლის 26 იანვრის №949/01 (№021/18) წერილის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიმართ; ი) შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 20 თებერვლის №2124/01 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ სს „...ის“ მიერ ტექნიკური პირობის გადამუშავებული რედაქციის მე-5 პუნქტს და მე-9 პუნქტის „ბ“ ვარიანტს ეთანხმებოდა; მე-8 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის მიმართ აღნიშნა, რომ მისი ზემოქმედების გარეშე კომპანიის მხრიდან გადამცემ ქსელში ძაბვის ციმციმის მაჩვენებლების დასაშვები ზღვრების გარანტირებულად დაცვის შემთხვევაში, იგი შეძლებდა ქსელის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას; მე-10 პუნქტის მიმართ მიუთითა, რომ ტექნიკური პირობის აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა შეუსაბამო იყო საქართველოში მოქმედი „ქსელის წესების“ მოთხოვნებთან; კ) „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ სს „...ის“ მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგოსისტემისთვის რკალური ღუმელის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე შეადგენს 20 მგვტ.-ს; ლ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა; სს „...ის“ მიერ შპს „ჯ...ისთვის“ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მიჩნეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შეუსაბამოდ; სს „...ას“ დაევალა ცვლილების შეტანა 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებულ ტექნიკურ პირობაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით „ქსელის წესების“ შეუსაბამოდ ცნობილი პუნქტის ამოღება (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტი). ამავე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაშია კომისიის საჯარო სხდომაზე გამოცხადების დღიდან. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, „ქსელის წესების“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ იყო დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი, ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მოცემული მომენტისთვის შეუსაბამო იყო „ქსელის წესების“ მოთხოვნებთან. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მე-10 პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ იყო დადასტურებული მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის ჩატარებული რეჟიმული გათვლებითა და მოდელირებით.

სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, სადავო პერიოდში მოქმედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, 29-ე მუხლზე, მე-2 მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტზე, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ43“ ქვეპუნქტზე, 111 მუხლზე და განმარტა, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელოს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების პრინციპის შესაბამისად და გაითვალისწინოს შესაბამისი ნორმატიული აქტის, მათ შორის - „ქსელის წესების“ მოთხოვნები. ამასთან, „ქსელის წესები“, რომელიც შექმნილია გადამცემი ქსელის უსაფრთხო სარგებლობის პროცედურების განსაზღვრის მიზნით, თავის მხრივ, ითვალისწინებს, რომ „ქსელის წესების“ მიზანს წარმოადგენს გადამცემი ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. შესაბამისად, „ქსელის წესებით“ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობის რეგულირებისას, მათ შორის, ტექნიკური პირობის „ქსელის წესებთან“ შესაბამისობის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების პრინციპის, ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინება.

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტში იმ გარემოებაზე მითითება, რომ „ქსელის წესები“ საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონს არ ითვალისწინებდა, არ წარმოადგენს ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის „ქსელის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიჩნევის უპირობო საფუძველს. ტექნიკური პირობის „ქსელის წესებთან“ შესაბამისობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგად პრინციპებთან შესაბამისობის შეფასება განახორციელოს ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე (18.03.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი) თავად დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრით სისტემის იზოლირებულ რეჟიმში (მხოლოდ შიდა რესურსის გამოყენებით) მუშაობისას შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ქსელის უსაფრთხოებას. რაც შეეხება მითითებას სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მხოლოდ მცირე დროით მუშაობის სტატისტიკაზე, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული მომავალში სისტემის იზოლირებულ რეჟიმში ხანგრძლივი დროით მუშაობის გამომრიცხველ გარემოებად და შესაბამისად, ქსელის უსაფრთხოდ, საიმედოდ და ეფექტიანად ფუნქციონირების გარანტად.

სასამართლომ არ გაიზიარა სადავო აქტში მითითებული მსჯელობა სს „...ის“ მიერ მე-10 პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგების დაუდასტურებლობაზე და ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ენერგოსისტემისთვის რკალური ღუმელის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე შეადგენს 20 მგვტ.-ს. სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის მსჯელობას მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მითითებულ კვლევაზე და ამასთან, მოპასუხე მხარეს თავადაც არ გამოუკვლევია ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები და არ წარმოუდგენია სს „...ის“ კვლევაში მითითებული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის (2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობა) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებთან“ შეუსაბამობის თაობაზე. მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის „ქსელის წესების“ ზოგად პრინციპებთან შესაბამისობის შეფასება ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ სს „...ის“ კვლევა, ხოლო მასში მითითებული გარემოების გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუთითოს აღნიშნული გარემოების გამაბათილებელ შესაბამის მტკიცებულებებზე. მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ შეიძლება სათანადოდ შეფასდეს სადავო საკითხი. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს სადავო საკითხთან დაკავშირებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ და „ჰ43“ ქვეპუნქტზე, 111 მუხლზე და განმარტა, რომ სს „...ის“ მიერ შპს „ჯ...ს“, რომლის მფლობელობაში არსებული ობიექტი (ფოლადის საწარმო) მიერთებულია ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან, მიეცა მიერთების შეთავაზება, კერძოდ, სს „...ის“ მიერ შპს „ჯ...ისთვის“ გაგზავნილი შეთავაზების თანდართული ტექნიკური პირობის მიხედვით სს „...ა“ წინააღმდეგი არ იყო შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე გაზრდილიყო 40 მგვტ.-ით (არსებული 30 მგვტ. სიმძლავრის 70 მგვტ.-მდე გაზრდა), თუმცა ტექნიკური პირობების დაცვით, მათ შორის, მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებები სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს მიერთების შესაბამის პროექტში. სწორედ აღნიშნული რეგულირება იქნა მიჩნეული სადავო აქტით „ქსელის წესებთან“ შეუსაბამოდ იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან, „ქსელის წესების“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ იყო დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი, ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მოცემული მომენტისთვის შეუსაბამო იყო „ქსელის წესების“ მოთხოვნებთან. გარდა ამისა, კომისიის დასკვნით, მე-10 პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ იყო დადასტურებული მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის ჩატარებული რეჟიმული გათვლებითა და მოდელირებით.

პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ სადავო აქტში გადმოცემული აღნიშნული დასკვნები მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გააკეთა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ის ფაქტი, რომ „ქსელის წესები“ საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონს არ ითვალისწინებდა, არ შეიძლება გამხდარიყო შეთავაზებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის „ქსელის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი, უფრო მეტიც, იმ პირობებში, როდესაც არ იყო დადგენილი აღნიშნული დიაპაზონი, ლიცენზიატს ჰქონდა თავისუფლება და ვალდებულება შეთავაზება მოეხდინა ,,ქსელის წესების“ ზოგად პრინციპებთან შესაბამისობით, ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში ისე იქნა მიღებული სადავო ნაწილში გასაჩივრებული აქტი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სს „...ა“ ვერ ადასტურებდა მე-10 პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს, თუმცა არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ კვლევა და შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრით სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას შესაძლო საფრთხის არსებობა. მოპასუხემ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს, ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა, კერძოდ, არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოსალოდნელი ნეგატიური შედეგებისა თუ საფრთხის თვალსაზრისით და შპს „ჯ...ის“ წერილობითი პოზიციის სრულად გაზიარებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოებები, რაც საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელი მნიშვნელობის იყო. სადავო აქტით არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც აღნიშნავდა მოსარჩელე მოცემულ საქმეზე და მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა.

პალატამ მართებულად მიიჩნია სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის „ქსელის წესების“ ზოგად პრინციპებთან შესაბამისობის შეფასება ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ სს „...ის“ კვლევა, ხოლო მასში მითითებული გარემოების გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუთითოს აღნიშნული გარემოების გამაბათილებელ შესაბამის მტკიცებულებებზე. მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ შეიძლება სათანადოდ შეფასდეს სადავო საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მითითებით, 2019 წლის 3 სექტემბერს, სს „...ასა“ და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება, თანდართული ტექნიკური პირობის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისადაც სს „...ა“ წინააღმდეგი არ არის შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე გაიზარდოს 40მგვტ.-ით (არსებული 30 მგვტ. სიმძლავრის 70 მგვტ.-მდე გაზრდა). ამ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, აპელანტი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობდა გასაჩივრებული ტექნიკური პირობიდან მე-10 პუნქტის ამოღების საჭიროება, ვინაიდან იგი შეცვლილი იყო თავად სს „...ის" მიერ, ანუ ფაქტობრივად კომისიის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც სასამართლომ ბათილად ცნო, შესრულებული იქნა სს „...ის“ მხრიდან, რაც პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ სს „...ასა“ და შპს „ჯ...ს“ შორის 2019 წლის 3 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების დანართი შპს „ჯ...ის“ გარე ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობის შესახებ მართალია, ითვალისწინებს შპს „ჯ...ისთვის“ მის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის გაზრდას 40 მგვტ.-ით, თუმცა ზუსტად ამავეს ითვალისწინებდა სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული ტექნიკური პირობები. ამასთან, მოქმედ ხელშეკრულებაზე თანდართული ტექნიკური პირობებით შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის გაზრდა 40 მგვტ.-ით ასევე დასაშვები იქნა გარკვეული ტექნიკური პირობების დაცვით, მათ შორის, მოქმედი ტექნიკური პირობების მე-10 პუნქტის თანახმად, სსე-დან შესაბამისი მითითების მიღებისას საწარმომ უნდა უზრუნველყოს რკალური ღუმელის მაქსიმალური სიმძლავრის ცვლილება ღუმელის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნისას, აცნობოს სსე-ს ცვლილების დასრულების შესახებ და განაგრძოს ღუმელის მუშაობა მხოლოდ სსე-დან დასტურის მიღების შემდგომ. საწარმოს რკალურ ღუმელს უნდა შეეძლოს სიმძლავრის ცვლილება მოცემულ ფარგლებში: 35 მგვტ.-დან შემცირება 20 მგვტ.-მდე. რკალური ღუმელის ამ რეჟიმში მუშაობისას ღუმელის სიმძლავრის პიკურმა მნიშვნელობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 მგვტ.-ს (20 მგვტ. + 20%).

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ რეგულაციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის ის ტექნიკური პირობა, რომელიც შეუსაბამოდ იქნა ჩათვლილი სადავო გადაწყვეტილებით, პირიქით, დადგენილია, რომ შპს „ჯ...ის“ გარე ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებები სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს მიერთების შესაბამის პროექტში. ამდენად, ამჟამად მოქმედი ტექნიკური პირობების არსებობა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სსე-ს მიერ თავდაპირველად შეთავაზებული ტექნიკური პირობა ასევე სრულ შესაბამისობაში იყოს „ქსელის წესებთან“ და კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მოსაზრება, სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.

კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება მხოლოდ ერთ სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა და სასამართლოს არგუმენტაცია შემდეგია: ,,დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელოს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების პრინციპის შესაბამისად… აქედან გამომდინარე, ,,ქსელის წესებით’’ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობის რეგულირებისას, მათ შორის, ტექნიკური პირობის ,,ქსელის წესებთან’’ შესაბამისობის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების პრინციპის, ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინება’’. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ კომისიამ სადავო საკითხის განხილვისას ტექნიკური პირობის ,,ქსელის წესების’’ ზოგად პრინციპებთან შესაბამისობის შეფასება განახორციელა ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინების გარეშე. სასამართლოს ამგვარი განმარტება, გარდა იმისა, რომ ერთი მხრივ, საზღვარს უწესებს მარეგულირებელ კომისიას, მეორე მხრივ, ქმნის პრეცედენტს სს „...ისათვის“ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების მოტივით თვითნებურად, ნორმატიული აქტის დანაწესების უგულებელყოფით განსაზღვროს ტექნიკური პირობები. ასევე, არღვევს ,,ქსელის წესების’’ მოთხოვნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების დაუშვებლობისა და კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ პირველი მუხლის დანაწესებს, რომელის თანახმად, წესების ამოცანაა წესებით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება წესების მოთხოვნების შესასრულებლად. აღნიშნული წესები უშუალოდ შეეხება სს „...ას’’ როგორც ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმათა ერთობლიობას წარმოადგენს და ამავდროულად, ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრული სამართალურთიერთობების მონაწილე იმ სუბიექტებზე, რომლებიც მიერთებულნი არიან გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე.

კასატორის განმარტებით, კომისიის მიერ, მისთვის დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქსელის წესებიც’’ საჯარო სამართლის შემადგენელი მარეგულირებელი აქტია, რომელიც, ერთი მხრივ, ლიცენზიატებისთვის განსაზღვრავს უფლებების და ვალდებულებების ფარგლებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე განსაზღვრავს გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველის უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებს. დაუშვებელია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველს ლიცენზიატმა მოსთხოვოს იმ პირობის შესრულება, რომელსაც ,,ქსელის წესები’’ პირდაპირ არ ითვალისწინებს. ასეთი მოთხოვნა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამართლის პრინციპებთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მთავარი ფუნქცია კი, სწორედ ასეთი მოთხოვნების შესაბამისობის ან შეუსაბამობის დადგენაა მოქმედ ნორმატიული შინაარსის მარეგულირებელ აქტებთან. სადავო შემთხვევაში, კომისიის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებით დადგინა, რომ შპს ,,ჯ...ზე’’ გაცემული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი არ შეესაბამებოდა კომისიის მიერ დადგენილ ,,ქსელის წესებს’’. მე-10 პუნქტში აღნიშნული იყო შემდეგი: ,,ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს ქსელის მიერთების შესაბამის პროექტში’’. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობდა ,,ქსელის წესებიდან’’, თუმცა, ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და ჩათვალა, რომ მოთხოვნა შესაბამისობაში იყო ,,ქსელის წესების’’ ზოგად პრინციპებთან უსაფრთხოებასთან მიმართებით. აღნიშნული განმარტებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ნორმატიული აქტის შინაარსისა, ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების მოტივით ლიცენზიატებს შეეძლებათ თვითნებურად განსაზღვრონ ნებისმიერი ტექნიკური პირობა და მომხმარებლები აიძულონ დაეთანხმონ მათ. მოცემულ შემთხვევაში, ორივე ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა, რომ ლიცენზიატებს თვითნებურად შეუძლიათ განსაზღვრონ ქსელის უსაფრთხოების პირობები თავისი შეხედულებისამებრ, რასაც სავალდებულო წესით უნდა დაეთანხმოს ქსელზე მიერთების მსურველი. გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება, მომავალში აუცილებლად გამოიწვევს მონოპოლისტი კომპანიების მიერ ნორმატიულ აქტთან შეუსაბამო პირობების დადგენას მომხმარებლებისთვის, რასაც ყოველ ჯერზე გაამართლებენ ქსელის უსაფრთხოების პრინციპით. კომისია კი მოკლებული იქნება შესაძლებლობას დაადგინოს ასეთი მოთხოვნების ,,ქსელის წესებთან’’ შეუსაბამობა.

კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების’’ მე-3 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ოფიციალურად განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები. იგივე დანაწესს შეიცავს დღეს მოქმედი კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი. სადავო 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებით კომისიამ სს ,,...ას’’ განუმარტა ,,ქსელის წესებით’’ გათვალისწინებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებები და მიუთითა, რომ ,,ქსელის წესების’’ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ არის დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი და ლიცენზიატის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ახალი ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი ,,ქსელის წესების’’ მოთხოვნებთან შეუსაბამოა. კომისიამ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ სს „...ა“ როგორც გადაცემის სისტემის ოპერატორი, უფლებამოსილია იმოქმედოს „ქსელის წესების“ მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (მათ შორის, მოიცავს ქსელის წესების 43-ე მუხლის მე-20 პუნქტისა ან/და 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომის გამოყენებას) და „ქსელის წესების“ მოთხოვნების შესრულებისა და სისტემის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით იმ ობიექტების მიმართ, რომელთა ზემოქმედება დადასტურებულად იწვევს სისტემის მდგრადობის ან ელექტროენერგიის ხარისხის დადგენილი პარამეტრების გაუარესებას, გაატაროს უკიდურესი ზომები - სიმძლავრის შეზღუდვისა და გათიშვის სახით.

დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვარს შპს „ჯ...მა“ №021/18 წერილით მიმართა კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №949/01; 26.01.2018) სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს საწარმოს სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით გაცემულ ტექნიკურ პირობაში არსებული ზოგიერთი პუნქტის კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ რიგ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტთან დაკავშირებით. საბოლოოდ, შპს „ჯ...ისთვის“ სადავო დარჩა სს „...ის“ მიერ 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი, ხოლო სს „...ა“ ეწინააღმდეგებოდა ტექნიკური პირობიდან ამ პუნქტის ამოღებას და დამატებით უთითებდა, რომ მის მიერ შპს „ჯ...ისთვის“ გაგზავნილ „მიერთების შეთავაზებას“ გაუვიდა ქსელის წესების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული სამთვიანი ვადა და იგი ითვლებოდა ავტომატურად გაუქმებულად. სამთვიან ვადასთან დაკავშირებით კომისიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქსელის წესების მე–10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა პირის მიერ კონკრეტული პირის მიმართ გაგზავნილ წინადადებას – ოფერტს, რომელსაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული ჰქონდა აქცეპტის ვადა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 333–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ სხვა პირობებით, ვიდრე ამას ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება უარად ოფერტზე და, ამავე დროს, – ახალ წინადადებად“. კომისიის პოზიციაა, რომ 2018 წლის 2 თებერვლის ტექნიკური პირობა განსხვავდებოდა 2017 წლის 27 დეკემბერს შპს „ჯ...ისთვის“ გაგზავნილი მიერთების შეთავაზებაზე თანდართული ტექნიკური პირობისაგან, იგი იყო ახალი შეთავაზება და მასზე „ქსელის წესებით“ გათვალისწინებული სამთვიანი ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო ამ შეთავაზების მიღების დღიდან.

კასატორის განმარტებით, სს „...ის“ მიერ 2018 წლის 2 თებერვალს №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობიდან სადავო მე-10 პუნქტთან დაკავშირებით, შპს „ჯ...ი“ მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგნაირად (წერილი 20.02.2018, კომისიაში რეგ. №2124/01): „ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვგეგმავთ ელექტრო რკალური ღუმელის მკვებავი ტრანსფორმატორის სიმძლავრის გაზრდას 20 მგვტ.-დან 35 მგვტ.-მდე. ელექტრო რკალური ღუმელის ოპერირების თავისებურებიდან გამომდინარე, ერთი დნობის ხანგრძლივობა დაახლოებით 70-80 წუთია. რეკონსტრუქციის და სიმძლავრის გაზრდის შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ ერთი დნობის დროის შემცირებას 55/60 წუთამდე, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ წარმოებული პროდუქციის მოცულობა. დღევანდელი მდგომარეობით, ერთ დნობაზე ღუმელში მიწოდებული უნდა იქნას 42-45 ტონა ჯართი, ამ რაოდენობის ჯართის მიწოდება კი ღუმელში ერთჯერადად შეუძლებელია. შესაბამისად, ერთი დნობის განმავლობაში ღუმელი უნდა გამოირთოს 3-5-ჯერ ჯართის მისაწოდებლად. თითოეული გამორთვა/ჩართვის დროს ჩვენ დავარღვევთ პუნქტი №10-ის მოთხოვნას. ასევე, ელექტრო რკალური ღუმელის მუშაობისას საჭირო გახდება ღუმელის მყისიერი გამორთვა გრაფიტის ელექტროდის სიგრძის დამატების დროს, თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ დავარღვევთ პუნქტი №10-ის მოთხოვნას. ამასთან ერთად, ანალიზისათვის სულ მცირე 3-4-ჯერ უნდა მოხდეს ნიმუშის აღება თითოეულ დნობაზე და ამ პროცესის დროს, საჭიროა ელექტროდების ამოწევა და ყოველ ჯერზე მოხდება პუნქტი №10-ის მოთხოვნის დარღვევა. ხანდახან ელექტროდის გატეხვის გამო, ჩვენ იძულებული ვართ, რომ გამოვრთოთ ღუმელი და ყოველ ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ დავარღვევთ პუნქტი №10-ის მოთხოვნას. ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი პროცესები შენარჩუნდება, სიმძლავრის გაზრდის შემდეგაც“. მე-10 სადავო პუნქტთან დაკავშირებით სს „...ის“ პოზიცია იყო შემდეგი (წერილი №550/17, 02.02.2018): „3. საქართველოს ელ. ენერგეტიკული ქსელის სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტით მითითებული ზღვრების დაცვა აუცილებელია სისტემის მდგრადობის, სტაბილურობის და უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადი და სტაბილური მუშაობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას როგორც მეზობელ ქვეყნებთან მისი სინქრონული კავშირისას, ასევე იზოლირებულად ფუნქციონირებისას. მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ენერგეტიკულ სისტემაში აქტიური სიმძლავრის 20 მგვტ.-ზე მეტი სიდიდით მყისიერ ცვლილებას, რომლის დაბალანსებაც საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმცირიდან გამომდინარე შეუძლებელია. შესაბამისად, სიმძლავრის ამ სახის ცვალებადობა გამოიწვევს სასისტემო ავტომატიკის ამოქმედებას და მომხმარებლების ავარიულ რეჟიმში გამორთვას, რაც დაუშვებელია. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტში აღნიშნული ზღვრების გადაჭარბება პრობლემატური საკითხია საქართველოს ენერგეტიკული სისტემის სხვა ენერგოსისტემასთან პარალელურად მუშაობის შემთხვევაშიც: მეზობელ ქვეყნებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობისას აქტიური სიმძლავრის 20 მგვტ.-ზე მეტი სიდიდით მყისიერი ცვლილებები შეუძლებელს ხდის ხაზზე არსებული გადადინებების ზღვრების დაცვას, რაც აუცილებლად გამოიწვევს მეზობელ ქვეყანასთან მუშაობის შეთანხმებული რეჟიმის დარღვევას, აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მე-10 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეთავაზებიდან ამოღება დაუშვებელია, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში პირდაპირი საფრთხის წინაშე დგება ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოება. ამასთან, მოცემულ პუნქტთან დაკავშირებით სსე მზად არის განიხილოს ნებისმიერი ისეთი ალტერნატიული შემოთავაზება, რომელიც შემოგვთავაზებდა საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტას იმგვარად, რომ დაცული იყოს საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება, მდგრადობა და სტაბილურობა“. ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტთან მიმართებით, კომისიამ 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებაში აღნიშნა შემდეგი: „ქსელის წესების მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ არის დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი. შესაბამისად, ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მოცემული მომენტისთვის ქსელის წესების მოთხოვნებთან შეუსაბამოა. ასევე, ამ პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ არის დადასტურებული მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის ჩატარებული რეჟიმული გათვლებითა და მოდელირებით. გადამცემ სისტემაში არსებული ძაბვის ფონური დამახინჯების დონეები (ციმციმის დონეები) საწარმოს მუშაობის თუ მისი უქმად ყოფნის პერიოდებში უნდა აკმაყოფილებდეს ქსელის წესებით დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, კომპანიამ უნდა განსაზღვროს კვების ცენტრებში მიერთებულ საწარმოთა ფონურ დამახინჯებაში შესაძლო მონაწილეობა და მათი პასუხისმგებლობა“. კომისიამ სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2-4 პუნქტებში მიუთითა: „2. შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვალს №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე–10 პუნქტთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს. 3. სს „...ის“ მიერ შპს „ჯ...ისთვის“ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვალს №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე–10 პუნქტი მიჩნეულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შეუსაბამოდ. 4. დაევალოს სს „...ას“, შეიტანოს ცვლილება 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებულ და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებულ ტექნიკურ პირობაში და ამოიღოს ამ გადაწყვეტილების მე–3 პუნქტით „ქსელის წესებთან“ შეუსაბამოდ ცნობილი პუნქტი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (რომლითაც ზემოაღნიშნული პუნქტები ბათილადაა ცნობილი), რომ აღნიშნული განჩინებით ფაქტობრივად დააკანონა ,,ქსელის წესებთან’’ შეუსაბამო მოთხოვნების ლეგიტიმურობა. მიუხედავად იმისა, რომ სსე-ის მოთხოვნა არ გამომდინარეობდა ,,ქსელის წესებიდან’’, ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და ჩათვალა, რომ მოთხოვნა შესაბამისობაში იყო ,,ქსელის წესების’’ ზოგად პრინციპებთან უსაფრთხოებასთან მიმართებით. აღნიშნული განმარტებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ნორმატიული აქტის შინაარსისა, ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების მოტივით ლიცენზიატს შეეძლება თვითნებურად განსაზღვროს ნებისმიერი ტექნიკური პირობა და მომხმარებლები აიძულოს დაეთანხმონ მათ. მოცემულ შემთხვევაში, ორივე ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა, რომ ლიცენზიატს თვითნებურად შეუძლია განსაზღვროს ქსელის უსაფრთხოების პირობები თავისი შეხედულებისამებრ, რასაც სავალდებულო წესით უნდა დაეთანხმოს ქსელზე მიერთების მსურველი. გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება, მომავალში აუცილებლად გამოიწვევს მონოპოლისტი კომპანიების მიერ ნორმატიული აქტთან შეუსაბამო პირობების დადგენას მომხმარებლებისთვის, რასაც ყოველ ჯერზე გაამართლებენ ქსელის უსაფრთხოების ზოგადი პრინციპით. კომისია კი მოკლებული იქნება შესაძლებლობას დაადგინოს ასეთი მოთხოვნების ,,ქსელის წესებთან’’ შეუსაბამობა.

კასატორის განმარტებით, სს ,,...ის’’ მითითება, რომ მის უფლებამოსილებას და ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვერ აბათილებდა კომისიის პოზიციას და ,,ქსელის წესების’’ მოთხოვნების შესრულების სავალდებულოობას. სს ,,...ამ’’ ვერ დაასაბუთა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას, ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას, ვერ მიუთითა, თუ რა გარემოებები და ფაქტები არ იქნა გამოკვლეული, რა იმპერატიული მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული, რომელი კანონის რა მოთხოვნები დაირღვა კომისიის მიერ საკითხის განხილვისას და რატომ არის ბათილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო განჩინების მიღების დროისთვის ,,ქსელის წესების’’ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიჩნეული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი სადავო შინაარსით და ფორმით აღარ არსებობს, იგი შეცვლილი იყო თავად სს „...ის’’ მიერ და ხელშეკრულებით შეთანხმებული შპს ,,ჯ...თან’’, ანუ ფაქტობრივად კომისიის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც სასამართლომ ბათილად ცნო, შესრულებული იქნა სს „...ის’’ მხრიდან და კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე სს „...ასა“ და შპს „ჯ...ს“ შორის 2019 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებითა და ახალი ტექნიკური პირობის გაცემით დასრულდა მხარეებს შორის არსებული დავა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სს „...ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 4 დეკემბერს შპს „ჯ...მა“ №6562 წერილით მიმართა სს „...ას“ და არსებული 30 მგვტ. სიმძლავრის 70 მგვტ.-მდე გაზრდა მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 21-23); ბ) სს „...ის“ 2017 წლის 27 დეკემბრის №6325/09 წერილით შპს „ჯ...ს“ წარედგინა შეთავაზება გადამცემ ქსელთან მიერთების შესახებ. შეთავაზება მოიცავდა: ა) ტექნიკურ პირობას; ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს; გ) მიერთების ხელშეკრულების პროექტს (ხელმოწერილი სსე-ს მიერ) ორ ეგზემპლარად. ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის თანახმად: ,,ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ასევე, ნებისმიერ 1 წმ-იან შუალედში სიმძლავრის ცვლილების სიდიდე არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებები სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს მიერთების შესაბამის პროექტში (ტ.1, ს.ფ 24-33); გ) 2018 წლის 15 იანვარს შპს „ჯ...მა“ №278 წერილით მიმართა სს „...ას“ და ტექნიკური პირობის ცალკეული პუნქტების კორექტირება მოითხოვა, მათ შორის, ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის ამოღება შეთავაზებიდან იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პუნქტი აქტიური სიმძლავრის მოხმარების ცვალებადობის კონტროლის შესახებ არ არის შესაბამისობაში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან (ტ.1, ს.ფ 34-35); დ) სს „...ის“ 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით შპს „ჯ...ს“ ეცნობა სს „...ის“ პოზიცია ტექნიკური პირობის პროექტის შენიშვნებთან დაკავშირებით და წარედგინა რედაქტირებული ტექნიკური პირობის პროექტი. შპს „ჯ...ის“ გარე ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობის (რედაქტირებული პროექტი) მე-10 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებები სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს მიერთების შესაბამის პროექტში (ტ.1, ს.ფ 50-56); ე) 2018 წლის 26 იანვარს შპს „ჯ...მა“ №949/01 საჩივრით (განცხადებით) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის საწარმოს სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით გაცემულ ტექნიკურ პირობაში არსებული ზოგიერთი პუნქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შესახებ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა ტექნიკური პირობიდან სიმძლავრის მოხმარების ცვალებადობის კონტროლის შესახებ მე-10 პუნქტის ამოღება (ტ.1, ს.ფ 41-46); ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 30 იანვრის №6/02-5-952 წერილით სს „...ას“ ეთხოვა განეხილა შპს „ჯ...ის“ მიერ №949/01 საჩივრში (განცხადებაში) დასმული საკითხები და კომისიაში წარედგინა შესაბამისი განმარტებები (ტ.1, ს.ფ 40); ზ) სს „...ის“ 2018 წლის 6 თებერვლის №609/09 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით, შპს „ჯ...ს“, 2018 წლის 15 იანვრის წერილში ტექნიკური პირობის რიგი პუნქტების მიმართ გამოთქმული პრეტენზიის პასუხად, სათანადო დასაბუთებით, შეეთავაზა ტექნიკური პირობის გადამუშავებული რედაქცია. ტექნიკური პირობის ახალ შეთავაზებულ ვარიანტზე თავისი პოზიცია საწარმოს ჯერ დაფიქსირებული არ ჰქონდა. სს „...ამ“ კომისიის წინაშე დასვა საკითხი: შეწყვეტილი ან შეჩერებული იყო თუ არა მხარეთა მიერ ტექნიკურ პირობაზე შეთანხმებისთვის „ქსელის წესებით“ განსაზღვრული სამთვიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა, თუ სადავო საკითხი მხოლოდ კომისიის მეშვეობით გადასაწყვეტ ფორმატში უნდა განხილულიყო (ტ.1, ს.ფ 123-125); თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის №6/02-18-1457 წერილით შპს „ჯ...ს“ ეთხოვა კომისიაში წარედგინა თავისი პოზიცია 2017 წლის 27 დეკემბრის ტექნიკური პირობის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ 126); ი) შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 20 თებერვლის №2124/01 განცხადებით (საჩივრით) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ სს „...ამ“ არ გაითვალისწინა შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა მე-10 პუნქტის ტექნიკური პირობიდან ამოღების შესახებ, რომელიც შეუსაბამოა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. საჩივრის ავტორის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, იგეგმება ელექტრო რკალური ღუმელის მკვებავი ტრანსფორმატორის სიმძლავრის გაზრდა 20 მგვტ.-დან 35 მგვტ.-მდე. ელექტრო რკალური ღუმელის ოპერირების თავისებურებიდან გამომდინარე, ერთი დნობის ხანგრძლივობა დაახლოებით 70-80 წუთია. რეკონსტრუქციის და სიმძლავრის გაზრდის შემდეგ კომპანია გეგმავს ერთი დნობის დროის შემცირებას 55-60 წუთამდე, რაც საშუალებას მისცემს შპს „ჯ...ს“ გაზარდოს წარმოებული პროდუქციის მოცულობა. დღევანდელი მდგომარეობით, ერთ დნობაზე ღუმელში მიწოდებული უნდა იქნას 42-45 ტონა ჯართი, ამ რაოდენობის ჯართის მიწოდება კი ღუმელში ერთჯერადად შეუძლებელია. შესაბამისად, ერთი დნობის განმავლობაში ღუმელი უნდა გამოირთოს 3-5-ჯერ ჯართის მისაწოდებლად. თითოეული გამორთვა/ჩართვის დროს შპს „ჯ...ი“ დაარღვევს პუნქტი №10-ის მოთხოვნას. ასევე, ელექტრო რკალური ღუმელის მუშაობისას საჭირო გახდება ღუმელის მყისიერი გამორთვა გრაფიტის ელექტროდის სიგრძის დამატების დროს, თითოეულ ამ შემთხვევაში დაირღვევა პუნქტი №10-ის მოთხოვნა. ამასთან ერთად, ანალიზისათვის სულ მცირე 3-4-ჯერ უნდა მოხდეს ნიმუშის აღება თითოეულ დნობაზე და ამ პროცესის დროს, საჭიროა ელექტროდების ამოწევა და ყოველ ჯერზე მოხდება პუნქტი №10-ის მოთხოვნის დარღვევა. ხანდახან ელექტროდის გატეხვის გამო, შპს „ჯ...ი“ იძულებულია გამორთოს ღუმელი და ყოველ ასეთ შემთხვევაშიც დაირღვევა პუნქტი №10-ის მოთხოვნა. ზემოთ აღწერილი პროცესები შენარჩუნდება, სიმძლავრის გაზრდის შემდეგაც (ტ.1, ს.ფ 127-130); კ) „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ სს „...ის“ მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგოსისტემისთვის რკალური ღუმელის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე შეადგენს 20 მგვტ.-ს (ტ.1, ს.ფ 239-254); ლ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 აპრილის №27/23 გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა სს „...ის“ მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა; სს „...ის“ მიერ შპს „ჯ...ისთვის“ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მიჩნეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შეუსაბამოდ; სს „...ას“ დაევალა ცვლილების შეტანა 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებულ და 2018 წლის 2 თებერვლის №550/17 წერილით განახლებულ ტექნიკურ პირობაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით „ქსელის წესების“ შეუსაბამოდ ცნობილი პუნქტის ამოღება (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტი). ამავე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაშია კომისიის საჯარო სხდომაზე გამოცხადების დღიდან. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, „ქსელის წესების“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ იყო დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი, ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი მოცემული მომენტისთვის შეუსაბამო იყო „ქსელის წესების“ მოთხოვნებთან. ასევე, მე-10 პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ იყო დადასტურებული მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის ჩატარებული რეჟიმული გათვლებითა და მოდელირებით (ტ.1, ს.ფ 102-108).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 20.12.2019, №5646) მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე.

სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ფუნქციები: ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად; ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ტარიფების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ე) ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია; თ) წყალმომარაგების ტარიფის დადგენა; ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის 18 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ჯ...სა“ და სს „...ას“ შორის არსებული დავის თაობაზე, რომლის საფუძველზეც შპს „ჯ...ის“ მოთხოვნა ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და აღნიშნული პუნქტი მიჩნეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შეუსაბამოდ. მოსარჩელეს დაევალა შეეტანა ცვლილება ტექნიკურ პირობაში და ამოეღო „ქსელის წესებთან“ შეუსაბამოდ ცნობილი პუნქტი. ამდენად, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შპს „ჯ...ისთვის“ 2017 წლის 27 დეკემბერს შეთავაზებული და 2018 წლის 2 თებერვალს განახლებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტის შესაბამისობა 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებთან“.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 20.12.2019, №5646) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება ქსელის წესები. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქსელის წესები არის კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა და მაძიებლების მიერ გადამცემი ქსელის განვითარების, მართვის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებსა და სტანდარტებს. წესების მოქმედება ვრცელდება მაძიებელსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ქვემოთ ჩამოთვლილ მონაწილეებზე: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი; ბ) გადაცემის ლიცენზიატი; გ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი; ე) განაწილების ლიცენზიატი; ვ) მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე; ზ) სხვა მომხმარებელი, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მაგრამ თავისი პარამეტრებით თუ ადგილმდებარეობით ხვდება ამ წესების მოქმედების სფეროში (მათ შორის, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მქონე მოსარგებლეები). წესების ამოცანაა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გადამცემი ქსელის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეკონომიური (უმცირესი ღირებულების პრინციპით) ხელმისაწვდომობა და გამოყენება მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით; ბ) მოსარგებლეებისა და მაძიებლებისათვის ტექნიკური პირობის მოთხოვნების დადგენა; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა შორის სათანადო ინფორმაციის გაცვლა (1.1, 1.2, 1.3 მუხლები).

„ქსელის წესების“ მე-3 მუხლის თანახმად, (1) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება წესების მოთხოვნების შესასრულებლად; (2) წესების მოთხოვნების შესასრულებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიმართ განახორციელოს წესებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, გასცეს განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ადრესატისათვის. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ წესების მოთხოვნები და პრინციპები, ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი ელექტრომოწყობილობა და სისტემური მომსახურება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის და შეასრულონ მისი განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები.

სადავო პერიოდში მოქმედი „ქსელის წესების“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიერთების განაცხადი არის ამ წესებით დადგენილი ფორმით შედგენილი წერილობითი მიმართვა ქსელთან მიერთების ან არსებული კავშირის მოდიფიკაციის შესახებ. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიერთების განაცხადის ფორმაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განმცხადებლის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები; გ) მისაერთებელი ობიექტის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; დ) მისაერთებელი ობიექტის საქმიანობის ტიპი (სფერო); ე) ახალი მიერთების ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტიპები; ვ) განმცხადებლის ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთების სავარაუდო თარიღი; ზ) ობიექტის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური; თ) მისაერთებელი ობიექტის: თ.ა) საპროექტო სიმძლავრე - მწარმოებლის შემთხვევაში; თ.ბ) აქტიური სიმძლავრე - სხვა მოსარგებლის შემთხვევაში; თ.გ) რეაქტიური სიმძლავრე ან აქტიური სიმძლავრის კოეფიციენტი; ი) მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგების აუცილებლობა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პრევენციისთვის. ,,ქსელის წესების’’ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის თანახმად, მიერთების შეთავაზება არის ქსელის მფლობელი ლიცენზიატის წინადადება განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მის კუთვნილ ქსელზე მიერთებისათვის, რომელიც მოიცავს ტექნიკურ პირობასა და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,ქსელის წესების’’ მე-10 მუხლის მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეთავაზება მიერთების შესახებ უნდა მოიცავდეს: ა) ტექნიკურ პირობას, რომელიც უნდა მოიცავდეს წესების 111 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს; გ) მიერთების ხელშეკრულების პროექტს; დ) განმცხადებლის (მაძიებლის) მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ მეორე ეტაპის საფასურს.

,,ქსელის წესების’’ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ43“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური პირობა არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს განმცხადებლის ელექტრულ ქსელთან მიერთების ან მიერთების მოდიფიკაციისთვის საჭირო სამუშაოებსა და პირობებს.

,,ქსელის წესების’’ მე-111 მუხლის თანახმად, (1) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური პირობა ყველა ტიპის მისაერთებელი ობიექტისათვის უნდა განსაზღვრავდეს შემდეგ საკითხებს: ა) განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)ს, ძაბვის საფეხურების მითითებით; ბ) განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ გადამცემ ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზი, ქვესადგური, სატრანსფორმატორო პუნქტი და ა.შ.) მოწყობის ან/და არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პირობებს; გ) საანაგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილ(ებ)ში ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობისთვის საჭირო პირობებს; დ) საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის ადგილმდებარეობას და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვისი უჯრედების მოწყობისათვის საჭირო პირობებს; ე) ელექტროენერგიის მრიცხველის ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის პირობებს; ვ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების პირობებს ძაბვის რეგულირების მიზნით; ზ) ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობაში მონაწილეობის პირობებს; თ) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განმცხადებლის ობიექტზე/ქვესადგურზე მოწყობის პირობებს; ი) ალტერნატიული ელექტრომომარაგების პირობებს და სქემას, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში. (2) გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებისა, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროსადგურ(ებ)ის გადამცემ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულირების პირობებს; ბ) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობას; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროსადგურის ავტომატური დისტანციური მართვის შესაძლებლობას; დ) ელექტროსადგურის გენერატორ(ებ)ზე, საკუთარ მოხმარებასა და სხვა მინაერთ(ებ)ზე ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედების მოწყობის პირობებს; ე) ელექტროსადგურების მიერ რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას ქსელის წესებით დადგენილ ფარგლებში. (3) ტექნიკურ პირობაში მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული გადაცემის ლიცენზიატის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ შესასრულებელი სამუშაოები.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს შპს „ჯ...მა“ განცხადებით მიმართა სს „...ას“ და არსებული 30 მგვტ. სიმძლავრის 70 მგვტ.-მდე გაზრდა მოითხოვა. მოსარჩელის 2017 წლის 27 დეკემბრის წერილით შპს „ჯ...ს“ გადაეგზავნა გარე ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობა, რომლის მე-10 პუნქტი განსაზღვრული იყო შემდეგი სახით: ,,ნებისმიერი 60 წამის შუალედში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ასევე, ნებისმიერ 1 წმ-იან შუალედში სიმძლავრის ცვლილების სიდიდე არ უნდა იყოს 20 მგვტ.-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველმყოფი ღონისძიებები სსე-სთან შეთანხმებული უნდა იქნეს პროექტირების ეტაპზე და აისახოს მიერთების შესაბამის პროექტში’’. შპს „ჯ...ის“ მიერ ტექნიკური პირობის პროექტზე გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ, მოსარჩელის მიერ მე-10 პუნქტთან მიმართებით განიმარტა, რომ მოთხოვნის შეთავაზებიდან ამოღება დაუშვებელი იყო, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში პირდაპირი საფრთხის წინაშე დადგებოდა ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ გაუთვალისწინებია „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ კვლევა და შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრით სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას შესაძლო საფრთხის არსებობა. აღნიშნული მითითებისას სააპელაციო პალატა დაეყრდნო სს „...ის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ კვლევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ „ქსელის წესებით“ პირდაპირ არ არის განსაზღვრული დროის გარკვეულ მონაკვეთებში საწარმოს აქტიური სიმძლავრის ცვალებადობის დიაპაზონი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შპს „ჯ...ისათვის“ შეთავაზებული ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული „ქსელის წესებთან“ შეუსაბამოდ. ასევე, მართებულად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომ სადავო პუნქტში არსებული პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები არ არის დადასტურებული მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის ჩატარებული რეჟიმული გათვლებითა და მოდელირებით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ,,ქსელის წესების’’ ამოცანაა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი ქსელის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეკონომიური (უმცირესი ღირებულების პრინციპით) ხელმისაწვდომობა და გამოყენება მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ კვლევა ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ ტექნიკურ პირობებში მე-10 პუნქტის სადავო ფორმით არარსებობა საფრთხეს შეუქმნიდა გადამცემი ქსელის გამოყენებას მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს „საქართველოს ენერგოსისტემაში რკალური ღუმელების ინტეგრირების შესაძლებლობის შესახებ“ სს „...ის“ კვლევა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველ საქმეზე სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2019 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელესა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება თანდართული შპს „ჯ...ის“ გარე ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობით, რომლის საფუძველზეც სს „...ამ“ თანხმობა გამოთქვა შპს „ჯ...ის“ მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე გაიზარდოს 40 მგვტ.-ით (არსებული 30 მგვტ. სიმძლავრის 70 მგვტ.-მდე გაზრდა) ამავე პირობებში მითითებული ტექნიკური პირობების დაცვით. აღნიშნულ ტექნიკურ პირობებში სადავო მე-10 პუნქტი წარმოდგენილია კორექტირებული სახით (ტ.2. ს.ფ. 84-93).

გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამობა „ქსელის წესების“ ზოგად პრინციპებთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში სს „...ის“ მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 67), რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, სს „...ას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის (150 ლარი და 300 ლარი) ანაზღაურება (ტ.2, ს.ფ 9, 148).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სს „...ას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე