Facebook Twitter

საქმე №ბს-15(კ-21) 13 მაისი, 2024 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივრის რ. ხ-ის ნაწილში განუხილველად დატოვების საკითხი

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

ნ. მ-მა, ც. ჩ-მა და რ. ხ-მა 29.05.2018წ. სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) მოპასუხის 31.12.1998წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 11.06.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...ი“.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით, ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინებით, ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.01.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე არსებული ხელმოწერები იყო ასლი და არა დედანი, ამასთანავე, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით. ც. ჩ-მა და რ. ხ-მა ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ასევე აღნიშნეს, რომ ნ. მ-ი გარდაცვლილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2021წ. განჩინებით ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში, ხოლო ნ. მ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 19.03.2021წ. მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ ნ. მ-ი გარდაიცვალა 08.02.2021წ., რის შესახებ გარდაცვალების აქტის ჩანაწერი 09.02.2021წ. შედგა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2021წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება კასატორის (მოსარჩელის) ნ. მ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. განჩინება გაიგზავნა ნ. მ-ის საქმეში მითითებულ მისამართზე, რომელიც შპს „...-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით ჩაბარდა ნ. მ-ის შვილს ზ. მ-ს. ადმინისტრაციული საქმის შეჩერების პერიოდში ზ. მ-ს, ნ. მ-ის ოჯახის სხვა წევრს ან საქმეში მონაწილე მხარეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის საქმეში ჩაბმა ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ მოუმართავთ.

15.09.2023წ. წერილით ნ. მ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს, მათ შორის, ზ. მ-ს ეცნობათ, რომ გასული იყო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების ნორმატიულად განსაზღვრული მაქსიმალური ვადა და მიეცათ 07 დღე ნ. მ-ის უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციისა და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საკასაციო პალატაში წარსადგენად, ასევე განემარტათ, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში დარჩებოდა განუხილველი. კორესპონდენცია გაიგზავნა ნ. მ-ის საქმეში მითითებულ მისამართზე და 18.09.2023წ. ჩაბარდა ზ. მ-ს, რაც დგინდება შპს „...-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. ზ. მ-ს, ნ. მ-ის ოჯახის სხვა წევრს ან საქმეში მონაწილე მხარეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არც აღნიშნულის შემდეგ არ მოუმართავთ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინებით, ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, შესაბამისად, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში განახლდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მხარეებს, მათ შორის გაეგზავნა კასატორს რ. ხ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე. მხარეს გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო. საკასაციო სასამართლოს 25.10.2023წ. განჩინების ასლი რ. ხ-ს გაეგზავნა მეორედ. შპს „...-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით განჩინების ასლი ჩაბარდა რ. ხ-ს შვილს ი. ხ-ს, ასევე ბარათზე მიეთითა, რომ რ. ხ-ი გარდაცვლილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.12.2023წ. წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან კასატორის - რ. ხ-ის სტატუსის შესახებ.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.12.2023წ. წერილის თანახმად, რ. ხ-ი გარდაიცვალა 28.12.2021წ., რ. ხ-ის და ნ. ხ-ის (ქორწინებამდელი გვარი - თ-ე) ქორწინების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია 19.01.1974წ. ახალციხის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ, ჰყავთ შვილები: ...წ. დაბადებული ვ. ხ-ი და ...წ. დაბადებული ი. ხ-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.12.2023წ. წერილებით რ. ხ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს ი. ხ-ს და ვ. ხ-ს ეთხოვათ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რ. ხ-ის უფლებამონაცვლეების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღიშნული წერილები რ. ხ-ს სავარაუდო უფლებამონაცვლეებს ვერ ჩაბარდათ ადრესატ(ებ)ის ადგილზე არყოფნის გამო. 29.01.2024წ. ი. ხ-ს და ვ. ხ-ს განმეორებით გაეგზავნა წერილები იგივე მოთხოვნით. 29.01.2024წ. წერილი ჩაბარდა ი. ხ-ს 31.01.2024წ., ხოლო ვ. ხ-ს წერილი ვერ ჩაბარდა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო. ი. ხ-ს სასამართლოსათვის არ მოუმართავს და რ. ხ-ის უფლებამონაცვლეობის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.01.2024წ. წერილით საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია რ. ხ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 06.02.2024წ. წერილით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ ერთიანი ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი 28.12.2021წ. გარდაცვლილი რ. ხ-ის სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, კერძოდ, ნოტარიუს ლ. მ-ის მიერ 11.02.2022წ. დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ კანონისმიერი მემკვიდრის ი. ხ-ის განცხადება, 23.02.2022წ. ი. ხ-ის მიმართ გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა. ამავე წერილში მიეთითა სანოტარო აქტების თაობაზე შესაბამისი ნოტარიუსისთვის მიმართვის საჭიროებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.02.2024წ. წერილით ნოტარიუს ლ. მ-ისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია რ. ხ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ (სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ).

ნოტარიუს ლ. მ-ის 22.02.2024წ. წერილის თანახმად, მის წარმოებაშია სამემკვიდრეო საქმე 28.12.2021წ. გარდაცვლილი რ. ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე. 11.02.2022წ. მის სანოტარო ბიუროში განცხადება წარადგინა რ. ხ-ის შვილმა ი. ხ-მა, რომელზეც 23.02.2022წ. გაიცა სამკვიდროს მიღებაზე განცხადების წარდგენის შესახებ დროებითი მოწმობა. განცხადებაში მითითებული იყო პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან კანონისმიერი მემკვიდრის, შვილის - ვ. ხ-ის შესახებ, რომელსაც პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით 06.02.2024წ. განცხადებით დაადასტურა სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი. წერილში ასევე მითითებულია, რომ წერილის გაცემის დროისთვის რ. ხ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2024წ. განჩინებით, რ. ხ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს ი. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში რ. ხ-ის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამკვიდრო მოწმობის) წარმოდგენა, ასევე მასვე განემარტა, რომ ამ განჩინებით დადგენილ ვადაში რ. ხ-ის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამკვიდრო მოწმობის) წარმოუდგენლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი რ. ხ-ის ნაწილში დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა რ. ხ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს ი. ხ-ს. შპს „...-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, განჩინების ასლი 19.04.2024წ. ჩაბარდა პირადად ი. ხ-ს. განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 26.04.2024წ. 24.00 საათზე. აღნიშნულ ვადაში რ. ხ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს ი. ხ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი რ. ხ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია მხარის გარდაცვალება. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება, ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. მითითებული ნორმის დათქმა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი (სუსგ 14.06.2023წ. საქმე №ას-916-2021).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის წარმოების შეჩერების ვადა დეტერმინირებულია სამკვიდროს ქონების მიღების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადებით. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ კასატორი (მოსარჩელე) რ. ხ-ი გარდაიცვალა 28.12.2021წ. და გარდაცვალებიდან გასულია ორ წელზე მეტი, შესაბამისად, კასატორის გარდაცვალებიდან გასულია, როგორც სამოქალაქო კოდექსით სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადა, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების ვადები, შესაბამისად, აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღების პროცესუალური წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუს ლ. მ-ისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ კასატორს რ. ხ-ს ჰყავს პირველი რიგი კანონისმიერი მემკვიდრეები - შვილები: ი. ხ-ი და ვ. ხ-ი, ვ. ხ-მა განცხადებით დაადასტურა სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი, ხოლო ი. ხ-მა სანოტარო ბიუროს განცხადებით მიმართა 11.02.2022წ., შესაბამისად, მის მიერ სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან გასულია ორ წელზე მეტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრეობის მიღების საშუალებაა, მისი მეშვეობით დასტურდება სამკვიდროს მიღება და სამართალურთიერთობებში მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ადგილის დაკავება. სამკვიდრო მოწმობა მიეცემათ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, ე.ი. მემკვიდრეებს, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ ან მართავენ სამკვიდროს ან შეიტანეს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 77.1 მუხლის მიხედვით ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. იმავე ინსტრუქციის 84-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი. სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტის დამადასტურებელი მოწმობა არ არის სამკვიდრო მოწმობა და მას არ მოჰყვება ის სამართლებრივი შედეგები, რაც სამკვიდრო მოწმობის გაცემას. აღნიშნული მოწმობა არ გულისხმობს მემკვიდრეზე უფლებრივი წინამორბედის - მამკვიდრებლის სრული ქონებრივი უფლება-მოვალეობების გადასვლას, მოწმობა შესაძლებელია იძლეოდეს სამკვიდროს ქონებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის, მესამე პირების ხელყოფისაგან სამკვიდრო მასის დაცვის უფლებამოსილებას, მაგრამ არა მოსაპოვებელ უფლებასთან დაკავშირებულ დავაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. პირის გარდაცვალებით ფაქტობრივად წყდება ყველა ის ურთიერთობა, რომელიც მას აკავშირებდა სხვა პირებთან და ქონებასთან, მაგრამ თავად სამართალურთიერთობა და ქონება აგრძელებს არსებობას. თუ უფლებამონაცვლეობა სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე დასაშვებია, გარდაცვლილი პირის ნაცვლად ურთიერთობაში ჩნდება მისი უფლებამონაცვლე, რომელიც ანაცვლებს მამკვიდრებელს, შესაბამისად, მემკვიდრე სწორედ სამკვიდრო მოწმობით ახდენს სამკვიდროს, ანუ იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის მიღებას, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში აქვს. მოცემულ შემთხვევაში 29.01.2024წ. წერილით ი. ხ-ს ეთხოვა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2024წ. განჩინებით დაევალა რ. ხ-ის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამკვიდრო მოწმობის) წარმოდგენა, ასევე განემარტა ამ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში რ. ხ-ის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მითითებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ი. ხ-ს სასამართლოსთვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ მოუმართავს, არ წარმოუდგენია რ. ხ-ის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სასამართლოსთვის არ მოუმართავს აღნიშნული დოკუმენტის წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი რ. ხ-ის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე, 284-ე-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი რ. ხ-ის ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა