Facebook Twitter

საქმე Nბს-15(კ-21) 25 ოქტომბერი, 2023 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საკასაციო პალატამ განიხილა ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების საკითხი

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

ნ. მ-მა, ც. ჩ-მა და რ. ხ-მა 29.05.2018წ. სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.12.1998წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „...ი“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.01.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე არსებული ხელმოწერები იყო ასლი და არა დედანი, ამასთანავე, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით. ც. ჩ-მა და რ. ხ-მა ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ამასთანავე აღნიშნეს, რომ ნ. მ-ი გარდაცვლილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2021წ. განჩინებით ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული მხოლოდ ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში, ხოლო ნ. მ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 19.03.2021წ. მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ ნ. მ-ი გარდაიცვალა 08.02.2021წ., რის შესახებაც გარდაცვალების აქტის ჩანაწერი 09.02.2021წ. შედგა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2021წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება კასატორის (მოსარჩელის) ნ. მ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. განჩინება გაიგზავნა ნ. მ-ის საქმეში მითითებულ მისამართზე და შპს „...-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით ჩაბარდა ნ. მ-ის შვილს ზ. მ-ს. ადმინისტრაციული საქმის შეჩერების პერიოდში ზ. მ-ს, ნ. მ-ის ოჯახის სხვა წევრს ან საქმეში მონაწილე მხარეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ მოუმართავთ.

15.09.2023წ. წერილით ნ. მ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს, მათ შორის, ზ. მ-ს ეცნობათ, რომ გასული იყო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების ნორმატიულად განსაზღვრული მაქსიმალური ვადა და მიეცათ 07 დღე ნ. მ-ის უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციისა და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საკასაციო პალატაში წარსადგენად, ასევე განემარტათ, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში დარჩებოდა განუხილველი. კორესპონდენცია გაიგზავნა ნ. მ-ის საქმეში მითითებულ მისამართზე და 18.09.2023წ. ჩაბარდა ზ. მ-ს, რაც დგინდება შპს „...-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. ზ. მ-ს, ნ. მ-ის ოჯახის სხვა წევრს ან საქმეში მონაწილე მხარეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც აღნიშნულის შემდეგ არ მოუმართავთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში უნდა განახლდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია მხარის გარდაცვალება. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა; მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება, ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის 26.03.2021წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება კასატორის (მოსარჩელის) ნ. მ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. საქმის წარმოების შეჩერების დაახლოებით წელიწადნახევრიან პერიოდში ნ. მ-ის ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ არც ზეპირად და არც წერილობით, არ დაინტერესებულან საქმის მიმდინარეობით, არ წარმოუდგენიათ დოკუმენტაცია ნ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენისა და სამართალწარმოების განახლების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში, ხოლო ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში უნდა განახლდეს საქმის წარმოება შეჩერების საფუძვლის არარსებობის გამო (სსკ-ის 283-ე მუხ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნ. მ-ის ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. ნ. მ-ის, ც. ჩ-ის და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე ც. ჩ-ის და რ. ხ-ის ნაწილში განახლდეს საქმის წარმოება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი