Facebook Twitter

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-1248 (კ-22) 20 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის განცხადება.

გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის წარმომადგენლებმა რ. ბ-ემ და თ. ჭ-ემ 25.04.2024წ. განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე N...; ...; ...; ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების გასხვისების აკრძალვა მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებთან ზედდების ნაწილში ან/და ყადაღის დადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 05.10.2021წ. წერილის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში, მათ შორის მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. N...; ...; ...; ...), მიმდინარეობს ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება, რომლის დასრულების შემდგომ სამინისტრო უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა საინვესტიციო წინადადებების განხილვას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების პრივატიზებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებასთან ზედდება დადასტურებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.09.2021წ. N... წერილით. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების გასხვისება ზიანს მიაყენებს მოსარჩელეთა ინტერესებს და ხელს შეუშლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლოს 25.04.2024წ. განჩინებით გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 191.3 მუხლის მოთხოვნებს. განმცხადებლებს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული განცხადების წარმოდგენა უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების მითითებით, ასევე დაევალათ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა დღეის მდგომარეობით, თითოეული მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ რომელი საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებთან ჰქონდა ზედდება და რა მოცულობით, ასევე დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და იმ უძრავი ქონების ამონაწერის საჯარო რეესტრიდან წარმოდგენა, რომელზეც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იყო მოთხოვნილი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უფლებამოსილ პირს 30.04.2024წ. ჩაბარდა.

დადგენილ ვადაში გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმე დღეების გამო განმცხადებლებმა დროულად ვერ მოახერხეს ინფორმაციის საჯარო რეესტრიდან გამოთხოვა.

საკასაციო სასამართლოს 14.05.2024წ. განჩინებით განმცხადებლებს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდათ. დადგენილ ვადაში გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ცნობა და განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებთან ზედდების ნაწილში.

წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 191.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 22.10.2021წ. შუამდგომლობით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე N...; ...; ...; ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების გასხვისების აკრძალვა მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთებთან ზედდების ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ როგორც 22.10.2021წ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში, ასევე საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში, მოსარჩელეები უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დასასაბუთებლად უთითებენ ერთიდაიმავე საფუძველზე, კერძოდ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 05.10.2021წ. და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.09.2021წ. N... წერილებზე და აღნიშნავენ, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს მოსარჩელეებისს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების გასხვისებას, რის გამოც შეიძლება ზიანი მიადგენს მათ ინტერესებს. ამასთან, უზენაეს სასამართლოში მოთხოვნის დაზუსტების შედეგად განმცხადებლებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენება (გასხვისების აკრძალვა), რაც 22.10.2021წ. შუამდგომლობით ჰქონდათ მოთხოვნილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. ხსენებული ნორმის მიხედვით სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. ქ-ემ, გ. კ-ემ და გ. ბ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვეს იმავე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და იმავე საფუძვლით, რაც 22.10.2021წ. შუამდგომლობით ჰქონდათ მოთხოვნილი. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2021წ. განჩინებით გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სსკ-ის 194.5 მუხლის თანახმად, სახეზეა გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის, გ. კ-ის და გ. ბ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. გ. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს განცხადებაზე 24.04.2024წ. N41130067 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი და 14.05.2024წ. N41883024 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი