Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-331(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

კასატორი (მოსარჩელე) - სს „...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...მ“ 2019 წლის 13 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა შემდეგი აქტების ბათილად ცნობა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ შემდეგი გადაწყვეტილებები: ... (14/08/2019), ... (15/08/2019), ... (14/08/2019), ... (14/08/2019), ... (14/08/2019), ... (14/08/2019), ... (15/08/2019);

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ შემდეგი გადაწყვეტილებები: ... (16/09/2019), ... (17/09/2019), ... (16/09/2019), ... (16/09/2019), ... (16/09/2019), ... (16/09/2019), ... (17/09/2019);

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

4. ასევე მოითხოვა №..., №..., №..., №..., №..., №... ადმინისტრაციული წარმოებების და №... სარეგისტრაციო განაცხადებზე ადმინისტრაციული წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, სს „...ს“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სს „...მ“ 2019 წლის 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა შემდეგი აქტების ბათილად ცნობა:

1. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს №1/6-583, 2017 წლის 3 თებერვლის №10/5382 და 2017 წლის 9 თებერვლის №1/6-55 ბრძანებები სს ,,...ს“ საკუთრებაში არსებული ქონების საკუთარ სახელზე დარეგისტრირების ნაწილში;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილება სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...), სს ,,...ს“ საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილში;

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სს „...ს“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით, №3-356-19 და №3-392-19 ადმინისტრაციული საქმეები, მოსარჩელე - სს ,,...“, მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის სტატისტიკური ნომერი 3-356-19.

2020 წლის 16 მარტს სს „...მ“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა შემდეგი აქტების ბათილად ცნობა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ შემდეგი გადაწყვეტილებები: ... (14/08/2019), ... (15/08/2019), ... (14/08/2019), ... (14/08/2019), ... (14/08/2019), ... (14/08/2019), ... (15/08/2019);

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ შემდეგი გადაწყვეტილებები: ... (16/09/2019), ... (17/09/2019), ... (16/09/2019), ... (16/09/2019), ... (16/09/2019), ... (16/09/2019), ... (17/09/2019);

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს №1/6-583 ბრძანების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, სს „...ს“ საკუთრებაში არსებული შენობების (...ი - ფართობი: 1229.0 მ2; ...ი - ფართობი: 721.0 მ2; ადმინისტრაციული შენობა - ფართობი: 390.0 მ2; ...ო - ფართობი: 223.0 მ2; ...ი - ფართობი: 151.0 მ2; ...ო - ფართობი: 9.0 მ2; ...ო - ფართობი:10.0 მ2) ნაწილში;

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 თებერვლის №1/6-55 ბრძანება, ს.ს. „...ს“ საკუთრებაში არსებულ შენობების (...ი - ფართობი: 1229.0 მ2; ...ი - ფართობი: 721.0 მ2; ადმინისტრაციული შენობა - ფართობი: 390.0 მ2; ...ო - ფართობი: 223.0 მ2; ...ი - ფართობი: 151.0 მ2; ...ო - ფართობი: 9.0 მ2; ...ო - ფართობი:10.0 მ2) ნაწილში;

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ... ), ს.ს. „...ს“ საკუთრებაში არსებული შენობების (...ი - ფართობი: 1229.0 მ2; ...ი - ფართობი: 721.0 მ2; ადმინისტრაციული შენობა - ფართობი: 390.0 მ2; ...ო - ფართობი: 223.0 მ2; ...ი - ფართობი: 151.0 მ2; ...ო - ფართობი: 9.0 მ2; ...ო - ფართობი:10.0 მ2) ნაწილში;

7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 ნოემბრის №... გადაწყვეტილება;

8. ასევე მოითხოვა №..., №..., №..., №..., № ..., №... და №... სარეგისტრაციო განაცხადებზე ადმინისტრაციული წარმოებების განახლება და წარდგენილი ნახაზებისა და უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე სს „...ს“ 2019 წლის 15 ივლისის განცხადების დაკმაყოფილება, რომლითაც ს.ს. „...“ ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მემართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასათვის, უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული შენობების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

სარჩელის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოებაში იყო მოსარჩელის შვიდი განცხადება, რომლითაც ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას შემდეგ შენობა-ნაგებობებზე: ...ი, ფართობი: 1229.0 მ2 (№... სარეგისტრაციო განაცხადი); ...ი, ფართობი: 721.0 მ2 (№8... (ძველი №...) სარეგისტრაციო განაცხადი); ადმინისტრაციული შენობა, ფართობი: 390.0 მ2 (№... სარეგისტრაციო განაცხადი); ...ო, ფართობი: 223.0 მ2 (... სარეგისტრაციო განაცხადი); ...ი, ფართობი: 151.0 მ2 (№... სარეგისტრაციო განაცხადი); ...ო, ფართობი: 9.0 მ2 (№... სარეგისტრაციო განაცხადი) და ...ო, ფართობი: 10.0 მ2 (№... (ძველი №...) სარეგისტრაციო განაცხადი). მოსარჩელემ 2019 წლის 15 ივლისს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რათა რუსთავის მინუციპალიტეტის მერიას დაედგინა შვიდივე შენობის ადგილმდებარეობა - განაშენიანების ფართი. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2019 წლის 14-15 აგვისტოს სს „...ს“ შვიდივე განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების თაობაზე. განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება მოხდა ორი მიზეზის გამო: 1) დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 2) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა 2012 წლის 01 იანვრიდან დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლება.

სს „...მ“ 2019 წლის 13 სექტემბერს №... საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მიუხედავად გასაჩივრებისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის მიზეზით შვიდივე სარეგისტრაციო განაცხადზე შეწყვიტა წარმოებები. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის პასუხად სს „...მ“ ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჯერ წარმოების შეჩერებაზე, ხოლო შემდეგ მათ შეწყვეტაზე, 2019 წლის 26 სექტემბერს №... ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ვინაიდან №... და №... ნომრებზე სარეგისტრაციო წარმოებაზე მომზადებულ 16/07/2019 წლის სიტუაციური ნახაზების მიხედვით, ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სს „...ს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება უსაფუძვლოდ დაირეგისტრირა სახელმწიფომ, შესაბამისად ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სს „...ს“ საკუთრებაში არსებული შენობების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს №1/6-583 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 2017 წლის 9 თებერვლის №1/6-55 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელების თაობაზე მსჯელობა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სს „...ს“ საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.

კოლეგიამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი გაგზავნილ წერილებში თავად განმარტავდა, რომ სს „...ს“ მიერ წარდგენილ საპრივატიზაციო დოკუმენტაციაში მითითებული იყო შენობა-ნაგებობები და რეგისტრაცია შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო ამ შენობების ქვეშ არსებულ მიწის ფართზე. ამავე მიმართვებით განიმარტა, რომ სს „...ს“ მიერ წარდგენილი იყო აზომვითი ნახაზები შენობა-ნაგებობებზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა განეხილა და მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სარეგისტრაციო შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გადაცემულ ნაგებობებს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით მოთხოვნილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა აზომვით ნახაზზე ასახულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება, უსაფუძვლო იყო და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ფაქტის გამო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.

კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს „...მ“ 2019 წლის 15 ივლისის განცხადებით მოითხოვა №..., №..., №..., №..., №..., №... და №... განცხადებების გადაგზავნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აზომვით ნახაზზე ასახული შენობა-ნაგებობებისა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების იდენტურობის დადგენის მიზნით, რაც ფაქტობრივად უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ 2019 წლის 28 ოქტომბრის №489775/17 ადმინისტრაციული საჩივრით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სს „...ს“ მიერ გასაჩივრებულ იქნა №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საზოგადოებაში უნდა არსებობდეს იმის პრეზუმფცია, რომ საჯარო მოხელე თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის სახელით. შესაბამისად, მოქალაქეები მათ მოთხოვნებს ემორჩილებიან არა ასეთი საჯარო მოსამსახურეების პირადი ავტორიტეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს საკითხი და უსაფუძვლოდ მიიღეს სადავო აქტები, შესაბამისად სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც სახეზე იყო მათი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „...მ“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვტილებით, სს ,,...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,...ს“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში დადგენას ...როებდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაცია რამდენად წარმოადგენდა საკუთრების უფლების წარმოშობის და შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველს.

პალატის მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28185 პასუხით, სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, სს „...“ (... საწარმო) დაფუძნდა „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 აპრილის №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით. წერილში მიეთითა, რომ სააგენტოს ეგზავნებოდა ზემოაღნიშნული საზოგადოების სააგენტოს არქივში დაცულ აქციათა საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რომლის საფუძვლებში დაცული არ იყო მის კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა - ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (კოორდინატთა სისტემასა და პროექციაში), ასევე ინფორმაცია მათი ფუნქციური დანიშნულების შესახებ, რისი გათვალისწინებით, სააგენტო ვერ იმსჯელებდა 2017 წლის 20 ივნისის №..., 2017 წლის 04 ივლისის №..., №..., №..., №..., 2017 წლის 24 ივნისის №... და №... წერილების დანართებით წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე მითითებული ქონებების და პრივატიზებული საზოგადოების კაპიტალში რიცხული შენობა-ნაგებობების იდენტურობის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28185 პასუხს თან დაერთო სს „...ს“ აქციათა საპრივატიზებო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელთაგან, პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმის ობიექტის რეკვიზიტებში აღნიშნული იყო „... საწარმო“, იურიდიული მისამართი: ...ის ქ. ..., თუმცა, შენობა-ნაგებობები არ ფიქსირდებოდა.

პალატის მოსაზრებით, სს „...ს“ მიერ წარდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების წარმოშობის და შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველს. საქმეში წარმოდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ დაიწყო სადავო ქონების პრივატიზების პროცესი, თუმცა იგი არ დასრულებულა. შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ მართებულად არ განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საქმის მასალების გადაგზავნა იდენტიფიცირებისათვის მუნიციპალიტეტში.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლზე, სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და დაასკვნა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციაში/ინფორმაციაში არ მოიპოვებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე სს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი/სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამგვარი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ იქნა წარდგენილი ვერც სს „...ს“ მიერ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უალტერნატივოდ გაიზიარა მოწინაარმდეგე მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ სს „...ს“ არ ჰქონდა უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი. კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ცდილობს კანონის ჩარჩოებში მოაქციოს მის მიერ არასწორად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და „რეიდერული“ წესით მითვისებული ქონება საკუთრებაში დაიტოვოს. სს „...ს“ სარჩელშიც და რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც ნათლად არის აღწერილი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომები, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

კასატორის მითითებით, უფლების დამდგენი დოკუმენტები გასცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, თუმცა შემდგომ თავადვე უარყო მათი არსებობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ სს „...ს“ საერთოდ არ წარუდგენია ადმინსტრაციული ორგანოებისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტები, თუმცა გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ „საქმეში წარმოდგენილი საპრივატიზაციო დოკუმეტაციით ცალსახაა, რომ დაიწყო სადავო ქონების პრივატიზების პროცესი, თუმცა იგი დასრულებული არ არის“. თავად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სს „...“ შექმნილი არის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით და გამოცემული არის შესაბამისი აქციები. ამდენად, გაუგებარია, რატომ გაუსვა ხაზი პროცესის დაუსრულებლობას სააპელაციო სასამართლომ, მით უფრო, რომ პრივატიზაციის პროცესი დასრულებულია და ამჟამად სს „...“ ცდილობს თავის კანონიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დარეგისტრირებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ... საწარმოს ობიექტები შეფასდა, ანუ საკუთრებაში ამ ორგანიზაციას ჰქონდა ქონება. ამასთან დადგენილია, რომ ... გარდაიქმნა სს „...დ“. კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და საქმის წარმოების მიმდინარეობისას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, ანუ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები ადმინისტრაციული წარმოებისათვის შემაფერხებელი გარემოება არ ყოფილა. მოცემულ დოკუმენტებში მითითებული არ იყო მხოლოდ შესაბამისი შენობის განაშენიანების ფართი. სწორედ ამ მიზეზის გამო მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შვიდი წერილით (... (20/06/2017), ... (24/06/2017), ... (24/06/2017), ... (04/07/2017), ... (04/07/2017), ... (04/07/2017), ... (04/07/2017)) და საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებში და აზომვით ნახაზებში წარმოდგენილ შენობებს შორის იდენტურობის დადგენა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 მაისს №6/28185 წერილით აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ მასთან არ ინახებოდა სს ,,...ს“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ზუსტი მდებარეობა და გავრცელების საზღვრები, თუმცა ამავე წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადასტურებდა, რომ სს „...“ შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით. სწორედ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გადაეცა ახლადშექმნილ სააქციო საზოგადოება „...ს“ წინამორბედის ქონება და ამ წესის შესაბამისად არის შედგენილი შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტები. აღნიშნული დადგენილების მიხედვით გადაეცა სს „...ს“ მოძრავ-უძრავი ქონება და ამ ქონების გადაცემას ხელს აწერენ კომისიის წევრები და ხელმოწერით ადასტურებს სახელმწიფო ქონების სააგენტოს რუსთავის სამსახურის უფლებამოსილი პირი.

კასატორის მითითებით, სს „...ს“ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი მატერიალურად ერთ საბუთს არ წარმოადგენს. იგი არის რამდენიმე დოკუმენტის ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ... საწარმოს გარდაქმნით შეიქნმა სს „...“, რომლის ბალანსზეც წინამორბედიდან გადმოვიდა როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს 1994 წლის 31 დეკემბრის №124 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა სს ,,...“. ახლადშექმნილი სააქციო საზოგადოების ბალანსზე წინამორბედისგან გადმოვიდა პასიური (უძრავი ქონება) და აქტიური (მოძრავი ქონება) ძირითადი საშუალებები. აღნიშნულს ადასტურებს სარჩელზე დანართის სახით წარდგენილი დოკუმენტები. სარჩელში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ზოგი მათგანი ინხახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო ზოგი მათგანი წარმოადგინა თავად სს „...მ“. იმ გარემოებას, რომ სს „...ს“ ბალანსზე აქვს შენობა-ნაგებობები, ანუ უძრავი ქონება წარმოადგენს სს „...ს“ საკუთრებას, ადასტურებს შპს „ა...ის“ აუდიტის ე. კ-ის სს „...ს“ საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის აუდიტორული დასკვნა 1996 წლის 01 ივლისის მდგომარეობით. აღნიშნული დასკვნა ასევე დაცულია საჯარო რეესტრში. დასკვნის შესაბამისად, სს „...“ წარმოადგენს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების (აქტიური და პასიური ნაწილი) მესაკუთრეს. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კი ჩანს, რომ ძირითადი საშუალებების პასიურ ნაწილად მიჩნეულია უძრავი ქონება, ხოლო ძირითადი საშუალებების აქტიურ ნაწილად მიჩნეულია მოძრავი ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ს“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, სს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისა და სს „...ს“ სარეგიტრაციო განაცხადებზე საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება წარმოადგენს.

მოსარჩელის განმატრებით, სადავო ქონებაზე სს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია მისი ... საწარმოს სამართალმემკვიდრედ ცნობის ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს სადავო ქონებაზე ... საწარმოს რაიმე ტიპის უფლების არსებობა და სახელწიფო ქონების პრივატიზების კვალდაკვალ ამ უფლების სს „...ზე“ გადასვლის საკითხის გარკვევა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ 1990-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის პროცესი. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიურ რესპუბლიკათა და მუნიციპალურ (ადგილობრივ) საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო საწარმოთა ღია სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ” დებულება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიურ რესპუბლიკათა და მუნიციპალურ (ადგილობრივ) საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო საწარმოთა (შემდგომში - სახელმწიფო საწარმოები) ღია სააქციო საზოგადოებებად (შემდგომში - სააქციო საზოგადოება) გარდაქმნის წესი. საწარმოს გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად ხორციელდებოდა შემდეგი წესით: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების დამტკიცებული გეგმის შესაბამისად კომიტეტი აფუძნებდა სააქციო საზოგადოებას, ხელისუფლების ორგანოებში რეგისტრაციისათვის წარადგენდა კომიტეტის გადაწყვეტილებას ღია ტიპის სააქციო საზოგადოების დაფუძნების შესახებ, განცხადებას რეგისტრაციის შესახებ და სააქციო საზოგადოების წესდებას. სააქციო საზოგადოება რეგისტრაციის მომენტიდან გამოდიოდა მისი ზემდგომი ტერიტორიული, დარგობრივი მმართველობის ორგანოს დაქვემდებარებიდან. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის დღიდან სახელმწიფო საწარმო ითვლებოდა გარდაქმნილად, ხოლო მისი ქონება სააქციო საზოგადოების ბალანსზე გადაცემულად. სააქციო საზოგადოებას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცემოდა სახელმწიფო საწარმოს ქონება, რომელიც შეადგენდა სააქციო საზოგადოების საწესდებო ფონდს, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს ის ქონება, რომელიც სააქციო საზოგადოებას გადაეცემოდა კომიტეტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე. სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს უფლებამონაცვლეს მისი გარდაქმნის მომენტისათვის არსებულ უფლება-ვალდებულებებზე, მათ შორის, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლებაზე (4.1, 4.2, 4.3 პუნქტები).

„სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით. კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ აქციათა გაყიდვა. ამავე დადგენილების №1 დანართით დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება“. დებულების მე-6 პუნქტის თანახმად, სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონებისმართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად. დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, იმ საწარმოთა სიებს, რომლებიც პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ამ დებულების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარუდგენდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად, რის შესახებაც აცნობებდა შესაბამის სამინისტროსან უწყებას. იმ შემთხვევაში თუ მინისტრთა კაბინეტი ორი კვირის ვადაში არ მიიღებდა მოტივირებულ გადაწყვეტილებას საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაციის შეჩერების შესახებ, პრივატიზაციის გეგმა ითვლებოდა დამტკიცებულად და საწარმო ექვემდებარებოდა პრივატიზაციას. დებულების მე-10 პუნქტით სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღება სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდება გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. ქვეგანაყოფების გარდაქმნით შექმნილი სააქციო საზოგადოებების უფლებამემკვიდრეობის საზღვრები დგინდებოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში განაწილებითი, გადასაცემი ბალანსების შედგენა არ მოითხოვებოდა. სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. აქციების გამოშვების ორგანიზაციაზე, მათ სწორ აღრიცხვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ მუშაკებს. დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს. მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პრივატიზაცია, როგორც კანონით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების პროცესი, სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობის, განკარგვის უფლების დაკარგვას. „..სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებად, თუნდაც ამ იურიდიული პირის წილთა 100%-ის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩეს...“ (სუს დიდი პალატის 06.11.2003წ. N3გ-ად-15-გ-03 განჩინება). ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება აქციათა გამოსყიდვის გზით, წარმოადგენდა მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, სს „...ს“ სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებდა ... საწარმოს პრივატიზაციის პროცესის დასრულების დადასტურებას ან უარყოფას. ამასთან, ... საწარმოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების დადგენას, რაც სააპელაციო პალატა არ განუხორციელებია. ამ პირობებში სააპელაციო პალატის დასკვა, რომ სს „...ს“ მიერ წარდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების წარმოშობის და შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველს, არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სს „...ს“ წესდების რეგისტრაციაში გატარების შესახებ ქალაქ რუსთავის მერის 1995 წლის 03 მარტისგანკარგულებით ცალსახადაა დადასტურებული ... საწარმოს სამართალმემკვიდრედ სს „...ს“ დარეგისტრირების ფაქტი. ამავე განკარგულებით, ცნობად იქნა მიღებული, რომ სს „...ს“ პრივატიზაციის გეგმა შეთანხმებული იყო ქ. რუსთავის მერიასთან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია სს „...ს“ დაფუძნების შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოების მისამართია ქ. რუსთავი, ...ის ქ. .... საწარმოს უკავია 2.28 ჰა მიწის ფართობი, მუშაობს ...ი ნაგებობა, გააჩნია ..., განთავებულია საავტომობილო გზა, საწარმოს ესაზღვრება ... საწარმო (ტ.2, ს. ფ. 56). საქმეში ასევე წარმოდგენილია ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის/შენობა-ნაგებობისა და საბაზრო ღირებულების შეფასების აქტი, რომლის მიხედვით, 1993 წლის 01 აპრილის მდგომარეობით შეფასდა ქალაქ ... საწარმოს ობიექტის ქონება, კერძოდ: 1) ადმინისტრაციული შენობა; 2) ...; 3) „...“; 4) ...; 5) ...ის შენობა; 6) ...ი; 7) ...; 8) აგურის ღობე; 9) ტერიტ. კეთილ მოწყ.; 10) ....; 11) ....; 12) ....; 13) ...ი; 14) ...ი. ამასთან, მოსარჩელემ წარმოადგინა სხვადასხვა პერიოდში შედგენილი ... საწარმოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობათა ფიზიკური ცვეთის თაობაზე ინფორმაცია, რა დოკუმენტები სააპელაციო პალატამ შეფასების მიღმა დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული ... საწარმოს სამართალმემკვიდრედ სს „...ს“ დარეგისტრირების ფაქტი, სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია ... საწარმოს ბალანსზე ქონების არსებობის საკითხი.

საქმეში ასევე დაცულია პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმა, რომელშიც ობიექტის რეკვიზიტებში აღნიშნულია: „... საწარმო“, იურიდიული მისამართი: ...ის ქ. .... საქმეში აგრეთვე დაცულია 1993 წლის 01 აპრილის მდგომარეობით საწარმოს საბალანსო ღირებულებების თაობაზე მონაცემები და საწარმოს ღირებულების შეფასების აქტი, რომლის თანახმად, საწარმოს საწყისი ფასია 54369.9 აშშ დოლარი, ხოლო ქონების ღირებულება 72747.1 აშშ დოლარი. საქმეში აგრეთვე დაცულია მონაცემები პრივატიზაციის სამუშაო კომისიის შესახებ, სადაც მითითებულია აქციების გადაცემისა და გაყიდვის წესი, მოცულობა და ვადები.

საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის მინისტრის 1995 წლის 18 მარტის წერილი სს „...ს“ დირექტორის მიმართ, სადაც განმარტებულია, რომ 1995 წლის 10 მარტს განხორციელდა სს „...ს“ აქციების გამოშვების სახელმწიფო რეგისტრაცია. დირექტორს ამავე წერილით გაეგზავნა პრივატიზაციის გეგემა/ემისიის პროსპექტი. საქმეში აგრეთვე დაცულია სს „...ს“ შრომითი კოლექტივის წარმომადგენელთა კონფერენციის ოქმი, საიდანაც დგინდება, რომ კოლექტივის კონკრეტულ წევრებზე განაწილდა უფასო და ფასდაკლებული აქციები, გაიცა სერტიფიკატი, რომლის თანახმად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 37 189 ათას კუპონს. მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილია სს "...ს" დირექტორისადმი გაგზავნილი წერილი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ჩატარდა სპეციალიზებული აუქციონი (ნულოვანი საწყისი ფასით), აუქციონის შედეგები დამტკიცებულია სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 9 სექტემბრის N1-3/550 ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 9 სექტემბრის ბრძანება საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 1997 წლის 13 ნოემბრის N06/334 წერილის მიხედვით, ბრძანებას გააჩნდა რეგისტრაციის ნომერი და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები (იხ. ტ. 3, ს.ფ.77).

პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დოკუმენტები სათანადო წესით არ შეფასებულა სააპელაციო პალატის მიერ. შესაბამისად, ამ პირობებში სათანადო მტკიცებულებებით არ არის გამყარებული პალატის დასკვნა პრივატიზების პროცესის დაუსრულებლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)). „საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, „...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390).

აღსანიშნავია, რომ სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ესაჭიროება „ობიექტური ფუნდამენტი“, რომელსაც ქმნის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რისკი, მცირდება სხვა მტკიცებულებით მისი გამყარების საჭიროება (იხ.: inter alia, Khan v. the United Kingdom).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია საქმეში არსებული საპრივატიზებო დოკუმენტაცია ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ასევე ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავო ქონებას, როგორც საკუთარს, რამდენიმე ათეული წელია ფლობს, შესაბამისად მას გააჩნია გარკვეული კავშირი აღნიშნულ უძრავ ქონებასთან. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე (მისი წინამორბედი იურიდიული პირი) სახელმწიფოსთან იმყოფებოდა კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობაში, გაუჩნდა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების საკუთრებად ტრანსფორმირების ლეგიტიმური მოლოდინი, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებებს, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის მომწესრიგებელი ნორმატიული მასალის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხევევაში პრივატიზაციის პროცესის დასრულების გამომრიცხველ გარემოებათა შესახებ. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, სს „...ს“ სარეგისტრაციო განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ძირითადად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაციში დაცული არ იყო საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ფართობი, ასევე უთითებდა, რომ მხარის მიერ არ იყო წარდგენილი არც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე მიეთითა, რომ 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.

საკასაციო პალატა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ნორმის აღნიშნული დანაწესი ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარისი საფუძველი, მაშინ როდესაც როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის გარეშე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ №ბს-985(კ-20), 24.11.2021 წ.).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა