Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-550(2კ-22) 19 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

პროცესუალური მოწინააღმდეგე - კ.ღ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.ღ-მა 2017 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურა და მოითხოვა კ.ღ-ისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №04/51619 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის კ.ღ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სოლიდარულად ანაზღაურება 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 42000 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, 1979 წლის 3 ივლისიდან 2006 წლის 14 აპრილის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში. 1998 წლის 09 ივლისამდე ეკავა ...ის თანამდებობა. 1998 წლის 09 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, 3 წელი, 9 თვე და 17 დღე ჩაეთვალა სამსახურებრივ სტაჟში. 2002 წლის 26 მარტიდან 2006 წლის 14 აპრილამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გახლდათ - საქართველოს გენერალური პროკურატურის ...ის დეპარტამენტის პროკურორი. კ.ღ-ის საერთო სამუშაო სტაჟმა 2006 წლის 14 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 25 წელი, 8 თვე და 21 დღე, თუმცა კუთვნილ კომპენსაციას იღებს მხოლოდ 2016 წლის 01 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას კ.ღ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 01 ივნისიდან - 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდისთვის ყოველთვიურად - 337,18 ლარისა და 2016 წლის 01 იანვრიდან - 2016 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდისთვის - 560 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კ.ღ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 მაისს კ.ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას, რომელმაც, თავის მხრივ, 2014 წლის 22 მაისის წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სოციალური მომსახურების ცენტრში გადააგზავნა: კ.ღ-ის განცხადება, პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურობის ნუსხა, თუმცა მოსარჩელისთვის კომპენსაციის დანიშვნა არ განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ მისი მუშაობის სტაჟი შეადგენდა 19 წელს, 4 თვესა და 28 დღეს.

ქ. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან მოსარჩელისთვის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტი და მოპასუხეს დაევალა კ.ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის, რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს, შრომით (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინა პერიოდში - 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე, მოსარჩელე კ.ღ-ი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო ქმედების (სტაჟის არასწორად გამოთვლის) გამო დაბრკოლდა მიეღო კანონით მისთვის განსაზღვრული კომპენსაცია, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი.

რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ კ.ღ-ს 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ასევე მიღებული ჰქონდა პენსია ასაკის გამო (კ.ღ-მა საპენსიო ასაკს მიაღწია 2007 წელს), სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება მატ შორის იმ პერიოდისათვის, როდესაც ასაკით პენსია მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა, სააღსრულებო წარმოებისა თუ ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებობდა უკვე მიღებული თანხის გაქვითვის საფუძველზე, მხოლოდ რეალურად დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა მასზე, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე კ.ღ-ისთვის კომპენსაციის დანიშვნა დროულად ვერ განხორციელდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან მოსარჩელის სტაჟის არასწორად დაანგარიშების გამო, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება კ.ღ-ის სასარგებლოდ 2014 წლის ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 337,18 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და კ.ღ-ის მიერ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2014 წლის 13 მაისს კ.ღ-მა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა განცხადებით საპენსიო დოკუმენტაციის გადაცემით შესახებ. 2014 წლის 22 მაისის №13/32573 წერილით საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიგზავნა ...ოს პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურების ნუსხა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №04-01/4036 გადაწყვეტილებით კ.ღ-ს უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს. ამ პერიოდისთვის ...ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე კ.ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის (რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს) შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა, არა თუ კანონიერ ძალაში, არამედ ჩაბარებულიც არ იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განმცხადებელს ეცნობათ იმ მომენტისათვის არსებული მონაცემები. გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ კი პროკურატურამ გამოიყენა კანონით მინიჭებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. სასამართლო დავა დასრულდა 2017 წლის ივნისში, რის შესახებ ეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამდენად, ...ის 2004 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება კ.ღ-ისათვის შრომით სტაჟში 3 წლის, 09 თვის და 17 დღის ჩათვლის თაობაზე, კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის ივნისში, რა დროსაც მას წარმოეშვა სახელმწიფო კომპენსაციის ნამსახურობის საფუძველზე მიღების უფლება, თუმცა იმ დროისათვის მოსარჩელეს უკვე დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესში“ 2016 წლის 28 ივლისს განხორციელებული ცვლილებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, ამ კანონით განსაზღვრული მუშაობის 20 წლის სტაჟში, ასევე ჩაეთვალა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე უკვე იღებდა ასაკით პენსიას, სასამართლომ მოპასუხეს კ.ღ-ის სასარგებლოდ დააკისრა 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიური კომპენსაცია 337,18 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება, რაც წინააღმდეგობაშია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესთან, რომლის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

კასატორის განმარტებით, გაუგებარია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც, რადგან ერთი მხრივ ზიანი გამოხატული უნდა იყოს ერთიან თანხაში, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლომ მსგავსად პირველი ინსტანციისა, არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი, ...ის 14.05.2011 13.09.2017 წლების ამონაწერი კ.ღ-ის ანგარიშიდან სახელმწიფო პენსიის დარიცხვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდს სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება სასამართლომ დააკისრა მოპასუხე მხარეს, მოსარჩელე კ.ღ-ი იღებდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პენსიას, რაც იწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და კ.ღ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით კ.ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მოპასუხეზე მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს კ.ღ-ისთვის კომპენსაციის სახით მისაღები თანხის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად არის ცნობილი ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივარი, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის ფარგლებში გამოთქმულ საკასაციო პრეტენზიაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

მითითებული კონსტიტუციური დებულებების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პასუხისმგებლობა დგება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას, რა დროსაც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ კ.ღ-მა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2014 წლის 13 მაისს. სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №04-01/4036 გადაწყვეტილებით, კ.ღ-ს უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს.

ქ. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3/466-04 გადაწყვეტილებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ ჰქონდა სწორად გაანგარიშებული (ჩათვლილი) მოსარჩელის სტაჟი, რის გამოც დაევალა მოსარჩელე კ.ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის, რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს, შრომით (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა. ისიც დადგენილია, რომ კ.ღ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

ამდენად უდავოა, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ვერ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, რადგან მის მიერ არასწორად მოხდა სახელმწიფო კომპენსაციისთვის ნამსახურებ წელთა დაანგარიშება. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც წარმოშვა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, შესაბამისად სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტულ ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ შედეგს შორის.

რაც შეეხება მოპასუხეზე დაკისრებული მატერიალური ზიანის ოდენობის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში (restitutio in integrum). ქონებრივი ზიანის შემთხვევაში მისი დადგენისა და გამოთვლისას გამოიყენება ე.წ. დიფერენციის ჰიპოთეზა, ანუ სხვაობა „უნდა ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის. დიფერენციის ჰიპოთეზის თანახმად, ზიანი არის ნეგატიური სხვაობა არსებულ ქონებრივ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. ამასთან, ქმედება, რომლის გამოც დადგა ზიანი, უნდა უკავშირდებოდეს შესაბამისი პირის საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და მის ფუნქციას, რომლის შეუსრულებლობამაც გამოიწვია ზიანი. ზიანის ოდენობა კი, თავის მხრივ განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს; ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდის სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაც დაეკისრა მოპასუხეს, კ.ღ-ი იღებდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასაკით პენსიას, რითაც დაირღვა კანონის იმპერატიული დანაწესი ერთდროულად ორი სახის სარგებლის მიღების აკრძალვის შესახებ, რასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საკითხის აღსრულების ეტაპზე გადაწყვეტის (გაქვითვის) თაობაზე მოკლებულია სათანადო საფუძველს, რამეთუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (სუსგ №ბს-1031(კ-20), 21.06.2021წ. ).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საკითხი შეეხება კანონით მკაცრად მოწესრიგებულ სახელმწიფო გასაცემელს, სააპელაციო პალატამ, როგორც ფაქტის დადგენაზე უფლებამოსილმა სასამართლომ, აღნიშნული საკითხი არ უნდა დატოვოს ღიად და სხვაობათა გაქვითვა არ უნდა დაუკავშიროს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სრულყოფილად არ გამოიკვლიეს და დაადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ არის დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით ზიანის სახით ასანაზღაურებელ თანხასა და მოსარჩელის მიერ ასაკით პენსიის სახით მიღებულ თანხას შორის არსებული სხვაობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21 ).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ საქმეზე №ბს-985(კ-20), 2021 წლის 24.11.2021 წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. ამდენად, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, თავის მხრივ, სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და მოპასუხეზე მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მოსარჩელე კ.ღ-ის სასარგებლოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე