Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-550(2კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - კ.ღ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.ღ-მა 2017 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს მთავარი პროკურატურა და მოითხოვა კ.ღ-ისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №04/51619 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხეთათვის კ.ღ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სოლიდარულად ანაზღაურება 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 42000 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას კ.ღ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 01 ივნისიდან - 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდისთვის ყოველთვიურად - 337,18 ლარისა და 2016 წლის 01 იანვრიდან - 2016 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდისთვის - 560 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კ.ღ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და კ.ღ-ის მიერ.

კ.ღ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს, სააგენტოს მიმართა 2014 წლის მაისში და შესაბამისად, უფლების რეალიზების მომდევნო თვიდან დაენიშნა განმცხადებელს კომპენსაცია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია 2007 წლის 28 დეკემბრიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რაც უკავშირდება საპენსიო ასაკის დადგომას, 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდის თანხების ანაზღაურების მოპასუხე მხარისათვის დაკისრება, თუმცა, კასატორის განმარტებით, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მათი ვალდებულების მიუხედავად, არ წარადგინეს სრული დოკუმენტაცია და შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, თუ როდის მიმართა კ.ღ-მა შესაბამის ორგანოს, სასამართლომ ვერ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. დღეისთვის კ.ღ-ის ასაკის და მისი დაავადებების ფონზე უცნობი რჩება როდის მიმართა პირველად კ.ღ-მა ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი უფლების რეალიზაციაზე.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი მოსარჩელის უფლების რეალიზების პერიოდი, რის გამოც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელზედაც სასამართლომ უარი უთხრა კ.ღ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უნდა გადაისინჯოს და შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში დაკმაყოფილდეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2014 წლის 13 მაისს, კ.ღ-მა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა განცხადებით საპენსიო დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ. 2014 წლის 22 მაისის N13/32573 წერილით საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიგზავნა ...ოს პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურების ნუსხა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის N04-01/4036 გადაწყვეტილებით კ.ღ-ის უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს. ამ პერიოდისთვის ...ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე კ.ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის (რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს) შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა, არა თუ კანონიერ ძალაში, არამედ ჩაბარებულიც არ იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განმცხადებელს ეცნობათ იმ მომენტისათვის არსებული მონაცემები. გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ კი პროკურატურამ გამოიყენა კანონით მინიჭებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. სასამართლო დავა დასრულდა 2017 წლის ივნისში, რის შესახებ ეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამდენად, ...ის 2004 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება კ.ღ-ისათვის შრომით სტაჟში 3 წლის, 09 თვის და 17 დღის ჩათვლის თაობაზე, კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის ივნისში, რა დროსაც მას წარმოეშვა სახელმწიფო კომპენსაციის ნამსახურობის საფუძველზე მიღების უფლება, თუმცა იმ დროისათვის მოსარჩელეს უკვე დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესში“ 2016 წლის 28 ივლისს განხორციელებული ცვლილებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, ამ კანონით განსაზღვრული მუშაობის 20 წლის სტაჟში, ასევე ჩაეთვლებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. მიუხედავად, იმისა, რომ მოსარჩელე უკვე იღებდა პენსიას, სასამართლომ მოპასუხეს კ.ღ-ის სასარგებლოდ დააკისრა 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად კომპენსაცია 337,18 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება, რაც წინააღმდეგობაშია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესთან, რომლის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

კასატორის განმარტებით, გაუგებარია გადაწყვეტილების ამგვარი სარეზოლუციო ნაწილი, რადგან ზიანი გამოხატული უნდა იყოს ერთიან თანხაში, ხოლო მეორეს მხრივ, სააპელაციო სასამართლომ, მსგავსად პირველი ინსტანციისა, არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი, ...ის 14.05.2011 13.09.2017 წლების ამონაწერი კ.ღ-ის ანგარიშიდან სახელმწიფო პენსიის დარიცხვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდს სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება სასამართლომ დააკისრა მოპასუხე მხარეს, მოსარჩელე კ.ღ-ი იღებდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პენსიას, რაც იწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და კ.ღ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად, ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ კ.ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და კ.ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ.ღ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კ.ღ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით, ხოლო სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა კ.ღ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მიერ შესაფასებელია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ.ღ-მა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2014 წლის 13 მაისს. 2014 წლის 30 ივნისის №04-01/4036 გადაწყვეტილებით კ.ღ-ის უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს.

საქმეზე წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული ქ. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3/466-04 გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ ჰქონდა სწორად გაანგარიშებული მოსარჩელის სტაჟი, რის გამოც დაევალა მოსარჩელე კ.ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის, რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს, შრომით (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა. ასევე, დადგენილია, რომ კ.ღ-ის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

2007 წლის 28 დეკემბრიდან - საპენსიო ასაკის დადგომიდან, 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდის თანხების ანაზღაურების მოპასუხე მხარისათვის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლოს თაობაზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის კ.ღ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის მოქმედი რედაქციის მიხედვით (2006 წლის 14 აპრილი), პროკურატურის მუშაკს, თუ მას აქვს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი (მათ შორის, არანაკლებ 4 წლისა პროკურატურის სისტემაში), კომპენსაცია ენიშნებოდა მხოლოდ პროკურატურის ორგანოებიდან ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გათავისუფლებისას. თავის მხრივ, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო პროკურატურიდან საპენსიო ასაკის გამო, დათხოვნა. მითითებულ მუხლში 2014 წლის 19 მარტს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე, გარდა წელთა ნამსახურობის ოდენობისა, კანონმდებელი კომპენსაციის დანიშვნას იმპერატიულად სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს უკავშირებდა (საპენსიო ასაკის გამო დათხოვნა). მოსარჩელე კი, სამსახურიდან დათხოვნილი იყო რეორგანიზაციის საფუძველზე გამოწვეული შტატების შემცირების გამო, შესაბამისად, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მოსარჩელის მიერ კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე 2008 წლის 9 დეკემბერს წარდგენილი წერილის არსებობის მიუხედავად (რაც წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას), არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სათანადო სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას განაცხადის წარდგენის ზუსტი თარიღის დადგენის თვალსაზრისით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე და უფლების რეალიზების პროცესუალურ საფუძველთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლების რეალიზაცია შესაძლებელია უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი N2-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელზე კომპენსაციის დანიშვნისათვის განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა, საჭიროების შემთხვევაში მუშაობის (შრომის) სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ; ამდენად, კანონმდებელი ხსენებული უფლების რეალიზებას უკავშირებს განმცხადებლის სუბიექტურ ნებას, თუ როდის მიმართავს შესაბამისი განაცხადით კომპეტენტურ ორგანოს და არ განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - კ.ღ-ის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგანაც როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობდა კ.ღ-ისათვის 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის არ ფაქტობრივი და არც ნორმატიული საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს კ.ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კ.ღ-ის სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე