Facebook Twitter

№ბს-879(კ-23)

15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ-ის, ბ. შ-ის, ო. რ-ის, გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო)

.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 5 მაისს დ. გ-ემ, ბ. შ-მა, ო. რ-მა და გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: დ. გ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14431 გადაწყვეტილების; ბ. შ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14445 გადაწყვეტილების, ო. რ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04 00-ი/14437 გადაწყვეტილების, გ. მ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14446 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დ. გ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ 4 400 ლარის ოდენობით, ბ. შ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ 10 120 ლარის ოდენობით, ო. რ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ 14 080 ლარის ოდენობით; გ. მ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ 9460 ლარის ოდენობით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართული ჰქონდათ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვათ, რადგან ეწეოდნენ საჯარო სამსახურს. იმ პერიოდში ყველას ზეპირსიტყვიერად ეუბნებოდნენ უარს და მათი განცხადება დაფიქსირებული არც ყოფილა. სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერი ტექნიკური ცენტრი „დელტა“ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უარს აცხადებს მათთვის პენსიის დანიშვნაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის, ბ. შ-ის, ო. რ-ის და გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ემ, ბ. შ-მა, ო. რ-მა და გ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით დ. გ-ის, ბ. შ-ის, ო. რ-ის და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 5.1, 10.1, 13.1, 14.1 მუხლებზე და „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის" 2.1, 4.1, 5.1, 6.1 მუხლებზე.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის (60-65 წელი) მიღწევისთანავე განცხადებით - წერილობით ან ელექტრონულად არ მიუმართავთ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე, ამდენად, სახეზე არ იყო საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება უსაფუძვლოა ვინაიდან მოსარჩელეებს, პენსიის მიღების უფლების წარმოშობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და დოკუმენტების წარდგენა) არ მიუმართავთ კომპეტენტური ორგანოსთვის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოის მოქმედებასა (მოსარჩელებისთვის პენსიის არ დანიშვნა, ასაკით პენსიის დანიშვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან) და მოსარჩელეების მიმართ დამდგარ შედეგს შორის (განსაზღვრულ პერიოდში პენსიის მიუღებლობა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ემ, ბ. შ-მა, ო. რ-მა და გ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სასამართლოების მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. კასატორების განმარტებით, მათ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართეს შესაბამის სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზეპირსიტყვიერად უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლები ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა საწარმოს მუშები და მათ შემოსავალი დააკარგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ის, ბ. შ-ის, ო. რ-ის და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის, ბ. შ-ის, ო. რ-ის და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს კასატორთათვის მიუღებელი პენსიის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კასატორები (მოსარჩელეები) არიან საპენსიო ასაკის მქონე პირები.

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს დაენიშნათ სახელმწიფო პენსია 2018 წლის 1 აპრილიდან (დ. გ-ე დაბ: ...), 2020 წლის 1 თებერვლიდან (ბ. შ-ი დაბ: ...), 2018 წლის 1 ივნისიდან (ო. რ-ი დაბ: ...), 2020 წლის 1 თებერვლიდან (გ. მ-ი დაბ:...).

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2018 წლის 29 მარტამდე დ. გ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით არ მიუმართავს. 2020 წლის 28 იანვრამდე ბ. შ-ს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს. 2018 წლის 11 მაისამდე ო. რ-ს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს. 2020 წლის 28 იანვრამდე გ. მ-ს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

ამავე კანონის 13.1 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამავე კანონის 14.1. მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

"სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცდა: „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი" (დანართ №1) და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი №2).

„სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართ №1) 2.1. მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამ წესის 4.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. ამავე წესის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე წესის 6.1 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, პენსია ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, ასევე ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა კასატორთათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის №ბს-1031(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილია პენსიის მოსაპოვებლად საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მხრიდან ნების გამოვლენის სავალდებულობა, კერძოდ მის მიერ განცხადების წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს იმ გარემოების დადასტურება, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კასატორების მიერ საპენსიო ასაკის (60-65 წელი) მიღწევისთანავე განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე მიმართვის ფაქტი, უსაფუძვლოა მათი მოთხოვნა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის (დ. გ-ისთვის, ბ. შ-ისთვის, ო. რ-ისთვის, გ. მ-ისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების) დავალების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ფიზიკური პირების მიერ საპენსიო ასაკის მიღწევიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ საკუთარი უფლების (ელექტრონული თუ მატერიალური ფორმით პენსიის მიღების თაობაზე განაცხადის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა) რეალიზება განცხადების წარდგენამდე არსებულ პერიოდთან მიმართებაში არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა ერთი მხრივ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებასა (ასაკით პენსიის დანიშვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან მოსარჩელებისთვის პენსიის არდანიშვნა) და მეორე მხრივ, კასატორების მიმართ დამდგარ შედეგს შორის (განსაზღვრულ პერიოდში პენსიის მიუღებლობა). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის, ბ. შ-ის, ო. რ-ის და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა