საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1439(კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისი განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 09 აგვისტოს ი. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №04/39012 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ი. კ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე, როგორც დევნილი, 2010 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ. ხობში, სასტუმრო „...ში“ (ყოფილი ...), საიდანაც 2010 წელს გამოასახლეს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის სრული იგნორირებით. მისთვის არ შეუთავაზებიათ არც ალტერნატიული ფართი ან რაიმე კომპენსაცია გამოსახლების სანაცვლოდ. ამის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, სადაც ცხოვრობს დღემდე, ეწევა საოჯახო მეურნეობას და ადაპტირებულია ადგილობრივ გარემოსთან. პარალელურად, 2010 წლიდან მოყოლებული სისტემატურად მიმართავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებებით, რომლითაც აწვდიდა ინფორმაციას, რომ სასტუმრო „კ...დან“ გამოსახლების შემდეგ ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე და ითხოვდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისაგან ფლობდა ინფორმაციას ამ უკანასკნელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, სამინისტრომ თვითნებურად, დევნილთა უფლებების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, ბენეფიციარის ინფორმირებულობისა და ნებართვის გარეშე იგი გადაამისამართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და დაარეგისტრირა ქ. ბორჯომში, სანატორიუმ „მ...ში“, სადაც არასდროს უცხოვრია.
უკანონო გადამისამართების თაობაზე ი. კ-ამ შეიტყო 2013 წლის დეკემბერში, როდესაც გაიარა დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია. მან მაშინვე გააპროტესტა აღნიშნული გარემოება და დევნილის განცხადება-ანკეტაში მიუთითა თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ქ. თბილისი. სამინისტროს დევნილთა ერთიან ბაზაში ი. კ-ა ქ. თბილისში რეგისტრირებულად ფიქსირდება 2013 წლის 01 ივნისის შემდეგ, რაც სამინისტროს უკანონო და არამართლზომიერი მოქმედებების შედეგია; კერძოდ, პირველი - თვითნებური და უკანონო გადამისამართება ქ.ბორჯომში და მეორე - მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ პერიოდულად უნდა განეხორციელებინა დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია, რაც უზრუნველყოფდა დევნილთა რეალურ საცხოვრებელ ადგილზე დამისამართებას. მოსარჩელის მითითებით, მხოლოდ 2013 წლის 01 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულ დევნილებს აქვთ გრძელვადიანი საცხოვრებლის ქ. თბილისში მოთხოვნის უფლება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ი. კ-ამ მოტივირებული განცხადებით და შემდგომ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის 2013 წლის 01 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად ჩათვლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №04/39012 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი. კ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს ი. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის გამოყოფა ქ. ფოთში ან ქ. ბათუმში, სადაც იმ დროისათვის დევნილი ოჯახებისთვის შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსები. აღნიშნულ განცხადებაში ი. კ-ამ მის იმჟამინდელ დროებით საცხოვრებლად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ს ქ. №....
2013 წლის 9 დეკემბერს, ი. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სადაც მიუთითა, რომ იგი, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, მიწერილი იყო და ცხოვრობდა ხობში, სადაც არ ფლობდა ფართს. 2013 წლის იანვარში მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოხდა მისი გადამისამართება ქ. ბორჯომში („მ...“), სადაც რეალურად ცხოვრობს დედამისი - ნ. გ-ა, რომლის მფლობელობაშია 15 მ2 ბინა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ფართში ის რეალურად არ ცხოვრობს და არც არის იქ ორ ადამიანზე განსაზღვრული შესაბამისი ფართი, ითხოვა მის ძველ მისამართზე დაბრუნება. ასევე მოითხოვა იმის დადგენა, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი დამისამართება იმ მისამართზე, რომელზეც არასდროს უცხოვრია. მისი თქმით, სამინისტრომ მასთან შეუთანხმებლად განახორციელა მისი დამისამართება ბორჯომში, დედამისის კუთვნილ 15 მ2 ფართობის მქონე ბინაში. 2013 წლის 27 დეკემბერს, ი. კ-ას მიერ შევსებულ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტაში მის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - ქ. ბორჯომი, ...ს ქუჩა №..., კორ. №1, ბინა №... (ობიექტის დასახელება - „მ...“), ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ...ს ქ. №15.
2019 წლის 8 თებერვალს გ. ფ-ამ სანოტარო წესით თანხმობა განაცხადა იმის შესახებ, რომ ი. კ-ა, როგორც დევნილი, დროებით დარეგისტრირებულიყო მის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №5. 2019 წლის 8 თებერვალს ი. კ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი, როგორც დევნილის დროებით დარეგისტრირება გ. ფ-ას კუთვნილ უძრავ ქონებაში - ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ბინა №5-ში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათით სააგენტოს ეთხოვა დევნილთა მონაცემთა ბაზაში განეხორციელებინა შესაბამისი ცვლილება. ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ი. კ-ა 2019 წლის მარტიდან დამისამართდა ქ. თბილისში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №04/39012 გადაწყვეტილებით ი. კ-ას წარმომადგენელს 2019 წლის 17 აპრილის განცხადების პასუხად განემარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის მიხედვით რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სააგენტოს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შეფასების შედეგად. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე წერილით ეცნობა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი. კ-ას ოჯახს განაცხადი შევსებული ჰქონდა კერძო სახლის/ბინის შესყიდვის თაობაზე. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და მისი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად წინასწარი შეფასებით მიენიჭა 1.5 ქულა, კრიტერიუმში - ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე. სააგენტომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“. დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად, ი. კ-ა 2019 წლის 26 მარტამდე რეგისტრირებული იყო ბორჯომში, ხოლო ქ. თბილისში დარეგისტრირდა 2019 წლის 26 მარტს. ვინაიდან ი. კ-ა ქ. თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის თანახმად, ი. კ-ას ოჯახს, კრიტერიუმში „დამისამართება/თბილისი“ ქულა არ მიენიჭა.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მოსარჩელის 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტი. კოლეგიის მითითებით, გაუგებარი იყო, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია მოპასუხემ, რომ ი. კ-ა 2013 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ფიქსირდებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ...ს ქ. №...-ში მდებარე ს/ს ,,მ...ის“ შენობაში, იმ პირობებში, როდესაც თავად მხარე სადავოდ ხდიდა აღნიშნულ გარემოებას და 2013 წლის 1 ივნისამდე წარდგენილ განცხადებაში მის საცხოვრებელ მისამართად მიუთითებდა ქ. თბილისს, ...ს ქუჩას. 2013 წლის 27 დეკემბერს შევსებულ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტაში ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად კვლავ მიუთითებდა - ქ. თბილისს, ...ს ქ. №...-ს. სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბორჯომში მდებარე უძრავი ქონება 2016 წლის 21 მარტს საკუთრებაში გადასცა მხოლოდ ნ. გ-ას (მოსარჩელე ი. კ-ას დედას). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ა უნდა ჩათვლილიყო 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და მათზე მითითებით აღნიშნა, რომ არსებობდა ი. კ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი. კ-ა (პ/ნ ...) 1999 წლიდან 2013 იანვრის ჩათვლით დამისამართებული იყო ხობის მუნიციპალიტეტში, ...ს ქ. №...-ში მდებარე სასტუმრო „კ...ს“ შენობაში. 2013 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის 2012 წელს 5 აპრილის №05/04/04 განკარგულების საფუძველზე ფიქსირდებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ს ქ. №...-ში მდებარე სს ,,მ...ის“ შენობაში, ხოლო 2019 წლის მარტიდან პირადი განცხადების (08.02.2019წ. №17759) საფუძველზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა №5-ში.
კასატორის მითითებით, ი. კ-ას ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადამისამართება განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულების საფუძველზე, რომლის დანართშიც მოსარჩელე მითითებულია დედასთან - ნ. გ-ასთან ერთად. გადამისამართების დროს არ იქნა გათვალისწინებული, რომ ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე არ გაფორმებულა შესაბამისი ხელშეკრულება. მხოლოდ მოგვიანებით, 2016 წლის 21 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ნ. გ-ასათვის ქ. ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში, სს ,,მ...ის“ შენობაში მდებარე ფართის სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაცემა, სადაც აღარ ფიგურირებდა ი. კ-ა. შესაბამისად, იგი უნდა დარჩენილიყო ხობის მუნიციპალიტეტში, ...ს ქ. №...-ში დამისამართებულად.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წლამდე მოსარჩელეს სამინისტროსათვის მიმართული აქვს 2012 წლის 04 დეკემბრის №26869/01 და 2013 წლის 09 დეკემბრის №81730/01 განცხადებებით. 2012 წლის 04 დეკემბრის №26869/01 განცხადებით იგი ითხოვს ბინის გამოყოფას ფოთში ან ბათუმში, ხოლო 2013 წლის 09 დეკემბრის №81730/01 განცხადებით - ძველი მისამართის დაბრუნებას და არა ქ. თბილისში დამისამართებას. ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. კ-ას, 2019 წლამდე არ მიუმართავს სამინისტროსათვის ქ. თბილისში გადამისამართების მოთხოვნით და არ წარუდგენია მინისტრის 2013 წლის 20 მაისის №120 ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტის ქსეროასლი; ბ) დევნილის წერილობითი განცხადება; გ) დევნილის მოწმობის ქსეროასლი; დ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს, თანხმობის გამცემი მესაკუთრის მიერ შესაბამისი ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
კასატორის მითითებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ხოლო ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამდენად, დევნილი თავად უთითებს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად კონკრეტული მისამართის მითითება არ წარმოშობდა სამინისტროსათვის ვალდებულებას, ავტომატურად მოეხდინა მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას გადამისამართება, პირადი განცხადებისა და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რაც მხარეს 2019 წლამდე არ წარუდგენია. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტის თანახმად, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. მოსარჩელე კი ქ. თბილისში მხოლოდ 2019 წელს დარეგისტრირდა, რა გარემოებაც სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ რეგულაციას შეიცავდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტო №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა - მოსარჩელის ოჯახი 2013 წლის პირველ ივნისამდე არ ყოფილა დარეგისტრირებული ქ. თბილისში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს ი. კ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში დარეგისტრირების ფაქტის დადგენა წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. კ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი. კ-ა 1999 წლიდან 2013 იანვრის ჩათვლით რეგისტრირებული იყო ხობის მუნიციპალიტეტში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ,,სასტუმრო კ...ს“ შენობაში. 2013 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულების საფუძველზე, დამისამართებული იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ს ქ. №...-ში მდებარე სს „მ...ის“ შენობაში, ხოლო 2019 წლის მარტიდან პირადი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა №5-ში.
2012 წლის 4 დეკემბერს ი. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის გამოყოფა ქ. ფოთში ან ქ. ბათუმში. აღნიშნულ განცხადებაში ი. კ-ა მის იმჟამინდელ დროებით საცხოვრებლად უთითებდა ქ.თბილისის მისამართს - ...ს ქ. №..., თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებით მას ქ. თბილისში რეგისტრაცია ან ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება არ მოუთხოვია.
2013 წლის 9 დეკემბერს ი. კ-ამ განცხადებით კვლავ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სადაც მიუთითა, რომ იგი, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, რეგისტრირებული იყო ხობში, სადაც არ ფლობდა საცხოვრებელ ფართს. 2013 წლის იანვარში მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოხდა მისი გადამისამართება ქ. ბორჯომში („მ...“), სადაც ცხოვრობს მისი დედა, რომლის მფლობელობაშია 15მ2 ფართობის მქონე ბინა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე რეალურად არ ცხოვრობდა, მოითხოვა მის ძველ მისამართზე დაბრუნება. მითითებულ განცხადებაში ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ასევე მიუთითა ქ.თბილისი, ...ს ქ. №....
2013 წლის 27 დეკემბერს ი. კ-ას მიერ შევსებულ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტაში, მის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - ქ. ბორჯომი, ...ს ქუჩა №..., კორ. №1, ბინა №... (ობიექტის დასახელება - ,,მ...“), ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად - ქ. თბილისი, ...ს ქ. №....
აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტების გარდა, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი. კ-ას მიერ 2013 წლისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის მიმართვის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის ,,ე ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. მითითებული მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა რეგისტრაცია არის სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დევნილი ვალდებულია: საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ; გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციას გააჩნია არა მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, არამედ რეგისტრაცია თავისი არსით არის იურიდიული ფაქტი, რაც დევნილის უფლებების წარმოშობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მონაცემს წარმოადგენს (გამოიყენება ისეთი უფლებების რეალიზაციისათვის, როგორიცაა მაგ.: დევნილისათვის სათანადო შემწეობის გაცემა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სოციალურ პროგრამებში ჩაბმა და სხვა). როგორც წესი, რეგისტრაციის ადგილი ძირითადად დაკავშირებულია საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა შესაძლებელია იგი პირის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს არ ემთხვეოდეს. მართალია, კონკრეტული რეგისტრაციის ადგილის (ისევე როგორც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის) არჩევის ან არჩეულის შეცვლის უფლება თავად დევნილ პირს გააჩნია, თუმცა აღნიშნული უფლება არ გულისხმობს არსებული საკანონმდებლო პროცედურის გვერდის ავლით მის რეალიზებას, სასურველი შედეგის (რეგისტრაციის ცვლილება) თავისთავად დადგომის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზოგადად უფლება, მისი ვიწრო გაგებით, არის ადამიანის შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ქმედება. ამ სახის უფლებას ნორმატიული, კანონწარმომშობი საწყისი გააჩნია და მისი ძირითადი განზრახულობა ამ უფლებით აღჭურვილი პირისათვის კონკრეტული სარგებლის მიღებას უკავშირდება. სარგებლის მიღება, როგორც ზოგადი მოქმედების უფლების ერთ-ერთი გამოვლინება, ზოგჯერ არ არის დამოკიდებული მხოლოდ უფლების ნორმატიულ ბუნებაზე, არამედ მოითხოვს უფლებით აღჭურვილი პირის ნებელობით მოქმედებას მისი რეალიზების თვალსაზრისით. ამდენად არსებობს უფლება, რაც მისი ეფექტურად გამოყენებისათვის, საჭიროებს ნებაყოფლობითი და თანმიმდევრული მოქმედების განხორციელებას, კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით (მაგ. პენსიის დანიშვნა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე, არამედ ამისათვის აუცილებელია ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მოთხოვნის წარდგენაც). გარდა ამ სახის უფლებრივი ნორმებისა, კანონმდებელი ასევე ითვალისწინებს იმ სახის რეგულაციასაც, რაც უფლებრივი სიკეთის მიღების თვალსაზრისით არ არის დამოკიდებული პირის სუბიექტურ ფაქტორზე და იგი კონკრეტულ ურთიერთობას თავისთავად აწესრიგებს (მაგ. პირადი უფლებები).
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2013 წლის 16 ივლისს მიღებულ იქნა №287 ბრძანება ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ (შემდეგში - ,,წესი“)
მითითებული ,,წესის“ მე-2 მუხლის 36-ე პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება სააგენტოს დირექტორის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ დევნილის რეგისტრაციის ადგილის ცვლილება დაკავშირებულია ორი პირობის კუმულაციურად არსებობასთან - 1. დევნილის მიერ არსებული რეგისტრაციის შეცვლის შესახებ სააგენტოში განცხადებისა და საკითხის განხილვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენასთან და 2. სააგენტოს დირექტორის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან. ამდენად, ამ უფლების რეალიზება უპირველესად დამოკიდებულია დევნილის ნებაზე და ამ მიმართებით არსებულ ნორმატიულ მოწესრიგებაზე. შესაბამისად ნათელია, რომ მხოლოდ კონკრეტულ ადგილას (მათ შორის, სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში) ცხოვრების ფაქტი ვერ გამოდგება დევნილის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (აღიარების) წინაპირობად, ამისათვის კანონით დადგენილი სათანადო პროცედურის განხორციელების, უფლების პრაქტიკული რეალიზების გარეშე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს 2019 წლამდე ქ. თბილისში დარეგისტრირების (რეგისტრაციის ადგილის ცვლილების) მოთხოვნით კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს და ამ მიმართებით მისი განზრახვა არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარეობს. კანონმდებელი კი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში უზრუნველყოფას უკავშირებს დევნილის ქ.თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის არსებობას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას - ქ. თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის შესახებ, არ გააჩნია ნორმატიული საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონმდებლობის მოთხოვნებთან იმგვარი შეუსაბამობა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა