საქმე №ბ-332-3(გან-24) 10 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „...“
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების (საქმე №ბს-883(2კ-20)) განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 18.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 06.04.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს „...ს“ 13.02.2017წ. განცხადებისა და 29.03.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2017წ. განჩინებით, შპს „...ს“ შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „...ს“ 13.02.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,...ს’’ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, შპს „...მ“ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებით შპს „...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.05.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883 (2კ-20)), შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შპს „...ს“ დირექტორმა ი.კ-მა 06.10.2023წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო №ბს-883(2კ-20) საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინებით (საქმე №ბ-1365-5(ა-23)), შპს „...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
შპს „...მ“ 28.11.2023წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) განმარტება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინებით, შპს „...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
შპს „...ს“ დირექტორმა 22.01.2024წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების (საქმე №ბს-883(2კ-20)) და 12.10.2023წ. განჩინების (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) განმარტების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2024წ. განჩინებით, შპს „...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. და 12.10.2023წ. განჩინებების განმარტების თაობაზე დარჩა განუხილველი.
შპს „...მ“ 11.03.2024წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების (საქმე №ბს-883(2კ-20)) განმარტების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მითითებული განჩინებით საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსთვის, თუმცა აღნიშნული მოცემულ შემთხვევაში გამოიწვევს სსკ-ის და სარეგისტრაციო კანონმდებლობის დარღვევას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნების დაცვა გამოიწვევს სსკ-ის 412-ე მუხლის დარღვევას და საკასაციო სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობას. აღნიშნული ქმნის გამოუვალ მდგომარეობას. საკასაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოუყენებია სათანადო სპეციალური სარეგისტრაციო კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლოს განჩინება სრულად ემყარება შპს „...სთვის“ 1,8ჰა-ის გადაცემის ფაქტს და ამ ფაქტთან 26170კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციის თითქოს შეუსაბამობასა და უკანონობას. საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია ასევე შპს „...ს“ კუთვნილი 18 000 კვ.მ. ნაკვეთიდან კ.მ-ის საკუთრებად 1000კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციაზე, თუმცა 1000კვ.მ. მიწის ნაკვეთი კ.მ-ეზე დარეგისტრირებული არასოდეს ყოფილა, ვინაიდან შესაბამისი ამონაწერი არ მომზადებულა და არ გაცემულა. საკასაციო სასამართლომ სრულფასოვანი და არსებითი მსჯელობის გარეშე არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა 28.12.1998წ. ამონაწერის მიმართ შპს „...ს“ ნდობის თაობაზე. აღნიშნული ამონაწერი მოპასუხეს არასოდეს არ გაუუქმებია და დღემდე ძალაშია. შპს „...მ“ 29.01.2024წ. კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების მიღების გამო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის მოთხოვნით, რაზეც განემარტა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლებაზე. განმცხადებელი გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას, დამოკიდებულია იმაზე ამ განცხადებაზე როგორ რეაგირებას მოახდენს სასამართლო, მიიღებს თუ არა განმცხადებელი განმარტებას განცხადებაში დასმულ საკითხებზე. განმცხადებელმა განმარტება მოითხოვა შემდეგ საკითხებზე: 1) სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობაზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებული საქმის განხილვისას გამოიყენოს ის კანონები, რომლებზეც მიუთითებს განმცხადებელი და რომლებიც საკასაციო პალატას არ გამოუყენებია; 2) თუ აღმოჩნდება, რომ საკასაციო პალატის მიერ გამოუყენებელი კანონების გამოყენება იძლევა საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილისაგან განსხვავებულ შედეგს, როგორ უნდა მოიქცეს სააპელაციო სასამართლო; 3) რა აზრი აქვს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვას, თუ სააპელაციო სასამართლოს არ ექნება საკასაციო პალატის მიერ გამოუყენებელი, თუმცა სათანადო კანონების გამოყენების უფლება? 4) თუ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს საკასაციო სასამართლოს განჩინების დებულებების და დასკვნებისაგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას, ჩაითვლება თუ არა სააპელაციო სასამართლო კანონდამრღვევად?
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „...ს“ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. სსკ-ის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით (სუსგ 22.04.2021წ. საქმე №ბ-305-2(2გან-21)). განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (სუსგ 07.12.2020წ. საქმე №ბ-1328-10(გან-20)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრას და არა სამოტივაციო ნაწილის განმარტებას ან ახალი სამართლებრივი საკითხის შეფასებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883(2კ-20)) შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის საქმეზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, ამასთანავე, გადაწყვეტილების განმარტებაზე უფლებამოსილი სასამართლო დადგენილია კანონით. აღნიშნულ დანაწესს ვერ შეცვლის მხარის მოსაზრება ან სურვილი მის მიერ შერჩეული სასამართლო ინსტანციისგან მიიღოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განჩინება, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლება არ ცვლის განმარტების თაობაზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ ქმნის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.
შპს „...ს“ განცხადებით მოთხოვნილი განმარტება სცდება სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული განმარტების ფარგლებს, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. მითითებული ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა შეეხება მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და განმარტებას ექვემდებარება იმგვარი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. მითითებული წესი იმპერატიულია. მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, განმცხადებელი განმარტებას სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების გამო არ ითხოვს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტების ან დამატებითი არგუმენტების მიღების შესახებ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ასევე არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, რომლის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი ნორმის გამოყენების სისწორის გადამოწმება. ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე შპს „...ს“ განცხადებაზე და საკასაციო პალატის 20.02.2024წ. განჩინებით, განცხადება დარჩა განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა