საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-931(2კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.დ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 31 იანვარს გ.დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად იმსჯელა გ.დ-ის შემდეგ სასარჩელო მოთხოვნებზე: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №3191168 ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №3191168 ბრძანება და დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.დ-მა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით გ.დ-ს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდება“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი) და განმარტა შემდეგი: საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე ყურადღება გამახვილდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი წესის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცულია აქტის გამოცემის პროცედურის ფორმალური მოთხოვნები, კერძოდ, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო დისციპლინური წარმოება; დისციპლინური სახდელის შეფასებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის MIA 7 16 03156055 დასკვნა, ხოლო რაც შეეხება მატერიალური კანონიერების შეფასებას, სააპელაციო პალატამ დეტალურად გაამახვილა ყურადღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებზე რაც გ.დ-ს გათავისუფლების მიზეზად - დისციპლინურ გადაცდომად იქნა მიჩნეული.
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 53-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესი დისციპლინური სახდელის შეფარდებისას დისკრეციული უფლებამოსილების არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მხოლოდ ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით სადავო ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.დ-ს მიერ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სრულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორი - გ.დ-ს განმარტებით, სააპელაციო პალატის განჩინების შინაარსი ადასტურებს, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით მოკვლევა ჩატარებულია ყველა საჭირო მოწმეთა გამოკითხვის ჩათვლით და მოპასუხე მხარის ჩართულობით. წარმომადგენლის მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საქმის ხელახალი გამოკვლევის - ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლად გამოიყენა გ.დ-ს 2016 წლის 05 დეკემბრის ახსნა - განმარტება, რასაც არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გ.დ-ს მიერ, ახსნა -განმარტებაში დაბნეულობის გამო აღნიშნულია მხოლოდ სიტყვა - შეცდომები და კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა არ დაუსახელებია. განმარტავს, რომ არცოდნის გამო ვერც დაასახელებდა იმ შეცდომებს, რომლებიც გენერალური ინსპექციის 2016 წლის 20 დეკემბრის დასკვნის გაცნობის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა ახსნა - განმარტების შედგენიდან 15 დღის შემდეგ. მიუთითებს, რომ გ.დ-ს მიერ დროულად იქნა გასაჩივრებული სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი.
რაც შეეხება გ.დ-ს მიერ ახსნა - განმარტებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მექანიკურად გამორჩა საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიბმა/ატვირთვა, წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქმის მასალების სასამართლოში არსებობის გამო, 2016 წლის 19 ივლისს მიღებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე მიბმა შეუძლებელი იყო და იგი გ.დ-ს არ გამორჩენია. ახსნა - განმარტების შედგენის ეტაპზე, არსებული ფაქტიდან დიდი დროის გასვლის გამო მან ვერ გაიხსენა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე არ ატვირთვის მიზეზი, რაც წარმომადგენლის მსჯელობით არ გულისხმობს აღიარებას.
წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს და მიიჩნევს, რომ სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში გ.დ-ის მიმართ ვერც ერთი დარღვევა მოპასუხის მიმართ ვერ იქნა დასაბუთებული. მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქმის ხელახალი გამოკვლევა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას შექმნას და საქმეში შეიტანოს დაუშვებელი მტკიცებულებები, რაც ვერ შეძლო საქმის წარმოების განმავლობაში და აღნიშნული მტკიცებულებების საფუძვლით, შესაძლებელია მოხდეს გ.დ-ის ხელახლა სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ასევე გამოიწვევს სამართალწარმოების დროში უფრო მეტ გაჭიანურებას.
კასატორის მსჯელობით, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა გ.დ-ის სამსახურიდან განთავისუფლება გამოცემულია როგორც ფორმალური ასევე მატერიალური კანონიერების დარღვევით, მიიჩნევს, რომ არ არის გამოყენებული ამავე კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, არ არის დაცული ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა, ასევე არ არის დასაბუთებული და არ არის დაცული ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა. რაც შეეხება მატერიალურ კანონიერებას, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის გათვალისწინების გარეშე, ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმებს, არ არის დაცული კანონის უზენაესობის პრინციპი, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით არ არის დაცული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი როგორც ფორმალური ასევე მატერიალური კანონიერების დარღვევით და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში დაშვებული შეცდომით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2016 წლის 23 დეკემბრის N3191168-ბრძანება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღდგენილ უნდა იქნეს სამსახურში იმავე თანამდებობაზე.
გ.დ-ი ასევე აპელირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. მისივე მსჯელობით, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე განსაზღვრულია საჯარო მოხელის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან განთავისუფლებამდე. განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვერ იქნება ხელფასის გაუცემლობის საფუძველი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში გ.დ-ი ვერ განიხილება პირად, რომელმაც დაკარგა საჯარო მოხელის სტატუსი, მას აღნიშნული სტატუსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული აქვს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღებამდე პერიოდი არ შეიძლება მოექცეს სამოხელეო ურთიერთობის მიღმა. ამდენად, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კასატორის გ.დ-ს მიერ, იძულებითი განაცდური ხელფასის მოთხოვნა განთავისუფლებიდან ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, აპელირებს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-2, მე-4 მუხლებზე, „პოლიციის შესახებ" კანონის პირველ, 57-ე მუხლებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის პოზიცია, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ბუნებრივია, ხორციელდება მისი შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში ასეთი ჩარევა მართლზომიერად მიიჩნევა. წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ გ.დ-ს მიერ განხორციელებული დისციპლინური წესდების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის – საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მსჯელობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი კონკრეტული გარემოება, რომლის შეფასებაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნიდა. მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით. მიიჩნევს, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული გ.დ-ს ქმედებების სიმძიმე, ის მომეტებული პასუხისმგებლობა, რომელიც ერთი მხრივ, როგორც პოლიციელს, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს ეკისრებოდა.
წარმომადგენლის მსჯელობით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევის მართებულობის გამოსარკვევად და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, არსებითია მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ის გარემოება, რომელიც კავშირშია მოსარჩელის პიროვნებასთან, გადაცდომის ხასიათთან და ა.შ. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი შეფასებულ უნდა იქნეს არა ერთი კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო ჭრილში, რათა დადგინდეს გადაცდომის რეალური სიმძიმე, ხარისხი და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით საბოლოოდ გამოყენებული სახდელის ადეკვატურობა.
საკასაციო საჩივრის ავტორი აპელირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის 995-ე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის“ წესზე და განმარტავს, რომ სამინისტროში სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კანონიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფისაკენ. მიუთითებს წესის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. წარმომადგენლის მსჯელობით, ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა,მართებულია ვინაიდან, გ.დ-ს სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო - საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის ბს-644-637(კ-16) განჩინებაზე და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის, განსაკუთრებით კი პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით კი პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, ეს კი მიიღწევა შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სათანადო ქცევით და საქმიანობით.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში; გადაწყვეტილება იქნა მიღებული საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე; ბრძანება, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სათანადო დასაბუთების ფარგლებში და არ არსებობს მის ბათილად ცნობის საფუძვლები. განმარტავს, რომ ბრძანება ეფუძნება შსს გენერალური ინსპექციის დასკვნას და შეიცავს მითითებას იმ ნორმატიულ აქტებზე, რომელთა საფუძველზედაც იგი გამოიცა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.დ-ს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №3191168 ბრძანების კანონიერება, ასევე მსჯელობის საგანია არსებობს თუ არა თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ.დ-ი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2009 წლიდან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე იმყოფებოდა 2015 წლიდან.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №3191168 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ბ“ (სამსახურებრივ მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი - გ.დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. საფუძვლად მითითებულია შსს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი ბარათი.
საჯარო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. საჯარო მოხელის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა დისციპლინურ გადაცდომას; 2. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დარღვევა წარმოადგენდა მსუბუქ თუ მძიმე გადაცდომას; 3. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დამდგარი ზიანი, რაც უშუალოდ მოხელის მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს; 4 მოსარჩელის სუბიექტურ დამოკიდებულება ჩადენილი გადაცდომისადმი და ბრალეულობის ხარისხი; 5. ასევე, მიზეზ - შედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის №MIA 7 16 03156055 დასკვნა, რომელიც შედგენილია რუსთავის რაიონული პროკურატურიდან შესული №13/12-58888 წარდგინებით და სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული პოლიციის კაპიტან - გ.დ-ის ახსნა - განმარტებით, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ შეცდომები დაშვებული იქნა მექანიკურად, გადაღლილობის გამო. სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება №021070316002 სისხლის სამართლის საქმეზე, გ.ა-ის არაერთგზის, ჯგუფური წამების და ჯანმრთელობის განზრახ ჯგუფურად დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. მიმდინარე გამოძიების პროცესში საქმეზე დაკავებულნი იქნენ ბრალდებულები: გი.ა-ი, გ.ა-ი, ლ.ა-ი და მ.გ-ე, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო №021070316003 სისხლის სამართლის საქმე, ბ.გ-ს, ი.გ-ის, გ.გ-ის, კ.ჭ-ის და მ.რ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. პირველად და გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოება დაევალა პოლიციის კაპიტან გ.დ-ს.
2016 წლის მარტის თვეში, გამომძიებელ გ.დ-ს მიერ, №021070316002 სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც მოიცავდა გენეტიკურ ექსპერტიზას. ვინაიდან ჩასატარებელი კომპლექსური ექსპერტიზა იყო მოცულობითი, მისი დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის აგვისტოს თვით. გამოძიების მიმდინარეობისას კომპლექსური ექსპერტიზის შემადგენელი დასკვნები, სამეცნიერო დისციპლინის მიხედვით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ იგზავნებოდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან. ამგვარად, მიღებულ იქნა დაქტილოსკოპიური, ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური და საინფორმაციო - ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმეს არ ერთოდა ყველაზე მნიშვნელოვანი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულის გამო არაერთხელ გადაიდო წინასასამართლო სხდომა. წინასასამართლო სხდომების მიმდინარეობისას პროკურორის კითხვაზე გამომძიებელი - გ.დ-ი განმარტავდა, რომ დასკვნა არ ჰქონდა მიღებული და მიღებისთანავე წარუდგენდა პროკურორს. ზემოაღნიშნული მიზეზით, წინასასამართლო სხდომის დასრულებამდე პროკურორის მიერ ვერ იქნა წარდგენილი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა.
2016 წლის 12 სექტემბერს, პროკურორი უშუალოდ დაუკავშირდა ექსპერტს, რომელიც ატარებდა გენეტიკურ ექსპერტიზას, რომლისგანაც შეიტყო, რომ დასკვნა შედგენილი იქნა 2016 წლის 16 ივნისს, რომელიც გამომძიებელ გ.დ-ს გადაეცა 2016 წლის 19 ივლისს. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული, რომ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიღების შესახებ გამომძიებელ - გ.დ-ს არ უცნობებია პროკურორისათვის. დაგვიანებით მიღებული ექსპერტიზის დასკვნა პროკურორის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოში მტკიცებულების სახით, დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან სასამართლოში მტკიცებულების წარდგენის ეტაპი იყო დასრულებული. აღნიშნული დასკვნა წარმოადგენდა არსებით მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე და მისი წარუდგენლობის შედეგად ვერ მოხერხდა ბრალდებული ოთხი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. დასკვნის თანახმად, გ.დ-ს მიერ დაკარგული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების - მოსმენა-მიყურადების ამსახველი კრებსები, რომლებიც პროკურორის მიერ აღმოჩენილი იქნა ამავე განყოფილების სხვა გამომძიებლის სეიფში. ასევე გამომძიებელ გ.დ-ს მიერ, მოსამართლის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოთხოვილი ოპერატორი ქსელებიდან ინფორმაცია სატელეფონო ნომრების მფლობელების შესახებ, რის გამოც აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება ოპერატორი ქსელებიდან ვეღარ მოხერხდა. პროკურორისათვის შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ იმ დროისათვის ძებნილის, ამჟამად პატიმარ - მ.გ-ის დედა მუშაობდა შსს-ს ...ის რაიონულ სამმართველოს ...ის განყოფილებაში. აღნიშნული ინფორმაცია საქმის მწარმოებელი გამომძიებლის - გ.დ-ს მიერ არ იქნა მიწოდებული პროკურორისათვის.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ პოლიციის კაპიტან გ.დ-ს მხრიდან ჩადენილი იყო საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ბ“ (სამსახურებრივ მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა საგამოძიებო მოქმედებების არაჯეროვნად შესრულებაში, რის გამოც გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის კაპიტან გ.დ-ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
გ.დ-ს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის კანონიერების შეფასებისას, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი წესის მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საქმის მასალების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მოსაზრებას, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცულია აქტის გამოცემის პროცედურის ფორმალური მოთხოვნები, კერძოდ, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო დისციპლინური წარმოება და, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის MIA 7 16 03156055 დასკვნა.
მატერიალური კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ.დ-ს გათავისუფლების მიზეზად - დისციპლინურ გადაცდომად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენიმე გარემოებაა მითითებული, კერძოდ, გ.დ-მა მისთვის დავალებულ საგამოძიებო საქმეზე, დროულად არ მიაწოდა პროკურორს საქმისათვის არსებითი მტკიცებულება - გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც ვერ მოხერხდა საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. გ.დ-მა დაკარგა ფარული საგამოძიებო მოქმედების - მოსმენა - მიყურადების ამსახველი კრებსები, რომლებიც პროკურორის მიერ აღმოჩენილ იქნა ამავე განყოფილების სხვა გამომძიებლის სეიფში. გარდა ამისა, გ.დ-მა მოსამართლის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ გამოითხოვა ოპერატორი ქსელებიდან ინფორმაცია სატელეფონო ნომრების მფლობელების შესახებ. გ.დ-მა ასევე არ მიაწოდა ინფორმაცია პროკურორს იმის შესახებ, რომ შსს ...ის რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილებაში მუშაობდა იმ დროისათვის ძებნილი პირის დედა.
საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ შეფასებას, რომ შსს გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებები სრულად არ ასახავს რეალურ სურათს. მოცემულ შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ №021070316002 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიების წარმოება დაევალა პოლიციის კაპიტან გ.დ-ს, არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა ისე, რომ არ ერთოდა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულის გამო არაერთხელ გადაიდო წინასასამართლო სხდომა. წინასასამართლო სხდომების მიმდინარეობისას პროკურორის კითხვაზე გამომძიებელი გ.დ-ი განმარტავდა, რომ დასკვნა არ ჰქონდა მიღებული და მიღებისთანავე წარუდგენდა პროკურორს. ზემოაღნიშნული მიზეზით, წინასასამართლო სხდომის დასრულებამდე პროკურორის მიერ ვერ იქნა წარდგენილი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა აქვე შესაფასებელია წინასასამართლო სხდომის გადავადებისა და წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ივნისის განჩინება და ასევე ის ფაქტი, რომ საქმეზე ჩატარდა ერთი წინასასამართლო სხდომა, 2016 წლის 15 ივლისს, იმ პერიოდში როდესაც გ.დ-ი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად შესაფასებელია დაავალა თუ არა პროკურორმა, შვებულების პერიოდში, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივ გარემოებებს ეწინააღმდეგება გენერალური ინსპექციის დასკვნაში მოყვანილი ის მტკიცება, რომ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობის გამო ბრალდებული ოთხი პირის მიმართ ვერ მოხერხდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, იმ პირობებში, როდესაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის (საქმე №1-373-16) განაჩენის მიხედვით გი.ა-ი, გ.ა-ი, ლ.ა-ი და მ.გ-ე ცნობილი იქნენ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით, გ.დ-ს მიერ დისციპლინური წესდების დარღვევად მიჩნეულ მეორე გარემოებას, აღნიშნული შეეხება გ.დ-ს ფარული საგამოძიებო მოქმედების - მოსმენამიყურადების ამსახველი კრებსების დაკარგვის ფაქტს. გ.დ-მა გენერალურ ინსპექციაში მიცემულ განმარტებაში მიუთითა, რომ აღნიშნული მასალა არ დაუკარგავს და იგი ინახებოდა მისი თანამშრომლის - შ.ნ-ის სეიფში. შ.ნ-მა გენერალურ ინსპექციაში მიცემულ განმარტებაში აღნიშნა, რომ №021070316002 და №021070316003 სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო საქმისწარმოება დაევალა გ.დ-ს, ხოლო ვინაიდან საქმე მოცულობითი იყო, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში ეხმარებოდა ის და დანარჩენი ჯგუფის წევრები გ.დ-ს. კერძოდ, საქმეზე მოიპოვა პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე განხორციელებული ფარული მოსმენა - მიყურადების ამსახველი კრებსები, რომლებიც გადასცა გამომძიებელ გ.დ-ს. 2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქ.ს-ემ განმარტა, რომ ფარული მოსმენამიყურადების კრებსები დ-მა მას მიუტანა და როგორც შემდგომ აღმოჩნდა ეს იყო ნაწილი. მოწმის განმარტებით, ეგონა რომ აღნიშნული იყო სრულად. რამდენიმე თვის შემდეგ კი გამომძიებელმა - შ.ნ-მა უთხრა, რომ მის სეიფში ინახებოდა კრებსები, რომელიც მისი თქმით, გ.დ-ს პროკურორისთვის უნდა წაეღო და მის სეიფში ამის ადგილი არ იყო. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება გ.დ-ს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების - მოსმენამიყურადების ამსახველი კრებსების დაკარგვის ფაქტი, ვინაიდან, კრებსები ფიზიკურად იყო განყოფილებაში. ამდენად, შესაფასებელია გ.დ-ს ბრალეულობა აღნიშნული კრებსების პროკურორისათვის სრულყოფილად წარუდგენლობაში, რაზეც თავად პროკურორმაც - ქ.ს-ემ გამოთქვა ვარაუდი (ქ.ს-ის განმარტებით: „..შესაძლოა შ...მ მართლა არ მიაწოდა, არ შეატყობინა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ სხვა იმდენი რამ გააფუჭა გ.დ-მა აღნიშნულ საქმეში, დარწმუნებულია, რომ კრებსების ასე უყურადღებოდ მიგდება, შ.ნ-ის უფრო დაეჯერება, ვიდრე გ.დ-ს“).
საჩივრებზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წესზე დისციპლინური სახდელის შეფარდებისას დისკრეციული უფლებამოსილების არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მითითებული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ გამართლებად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მხოლოდ ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა აჩენდეს განცდას, აღნიშნული უფლებამოსილების შერჩევითად გამოყენებასა და კონკრეტული თანამშრომლისადმი განსაკუთრებულად მკაცრი მიდგომის გამოჩენასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობისა და მისი მიღების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად არჩევანი შეჩერდა საკითხის კონკრეტულ გადაწყვეტაზე და უარი ეთქვა ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებულ სხვა ალტერნატივებს.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახდელი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნების მიღწევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულოობას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, გ.დ-ს ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც გასაჩივრებული ბრძანება და არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მსჯელობას ან რაიმე სახის მითითებას, სახდელის შეფარდებისას გათვალისწინებული იქნა თუ არა გ.დ-ს ქმედებების შედეგი - დადგა თუ არა რაიმე ქმედითი ზიანი; მეორე მხრივ, გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს მითითებას, რატომ მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის უმკაცრესი ფორმის გამოყენება, იმ პირობებში, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებით“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი) გათვალისწინებულია სახდელის სხვა სახეობებიც. კერძოდ, მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცალსახად არაპროპორციულია ჩადენილ გადაცდომასთან. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან. ამრიგად, ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების ფარგლებში, გამოკვლეული გარემოებები შესაძლოა ქმნიდეს უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაფასოს გ.დ-ს მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მისი ხასიათის გათვალისწინებით უნდა იქნას გამოყენებული ადეკვატური ხასიათის ღონისძიება.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის გამოყენებას, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №3191168 ბრძანება გ.დ-ს დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე არ არის შეფასებული გამოყენებული სახდელის ჩადენილ ქმედებასთან პროპორციულობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო ვერ იმსჯელებს გ.დ-ს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დავალების საკითხებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ.დ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.დ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე