Facebook Twitter

საქმე №ბს-856(2კ-23) 21 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რკ „...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - მ.თ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

რკ „...მა“ 2020 წლის 31 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის - გ.ე-ის მიერ 2017 წლის 21 აპრილს მიღებული სადავო №345 ბრძანების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება. მანამდე მითითებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხებოდა ქალაქ ბათუმის ..., რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ: 1998 წლის 2 სექტემბრის ქალაქ ბათუმის მერის №288 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც ...ის გამგეობას დაევალა, ...ის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით აეღო ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე მდებარე, ...ის ბალანსზე არსებული, ...ის მაღაზია; ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელშიც ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონება ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებას არ წარმოადგენს და მის მიმართ მერიას არანაირი ინტერესი არ გააჩნია.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ...ის გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის დადგენილებით დაკმაყოფილდა „...ის“ №... მაღაზიის ...ის - მ.თ-ის განცხადება პირდაპირი შესყიდვის წესით, 6 700 ლარად, ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქ. №60/37-ში მდებარე შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული №... მაღაზიის მიყიდვის შესახებ. ...ის 2006 წლის 31 მარტის №4-ა დადგენილებით კი დამტკიცდა ზემოაღნიშნული დადგენილება მაღაზიის გაყიდვის შესახებ. მ.თ-ის მიერ სრულად იქნა გადახდილი უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა - 6 700 ლარი. აღსანიშნავია, რომ იგი 1998 წლიდან ამავე მაღაზიაში მუშაობდა, ...ის პოზიციაზე და იხდიდა ყოველთვიურად ქირის გადასახადს 140 ლარის ოდენობით, ...ის ...აში, ვიდრე თავად არ შეისყიდა ობიექტი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არასდროს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია ამ ქონებასთან დაკავშირებით, ვიდრე არ გამოიცა სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი ბრძანება ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო აქტის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ში/...ის (...ის) ქ. №58-ში (დღევანდელი ...ის ქ. 5/...ის ქ. №60) მდებარე ლიტ. „ბ“ (ფართობი -42,09 კვ.მ) 1939 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ირიცხება ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე (აღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო, ხოლო მოსარგებლედ - მერია), თუმცა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასარკვევი იყო მითითებული დოკუმენტის ნამდვილობა, ასევე ის გარემოება - 1939 წლის შემდგომ ფლობდა თუ არა მერია აღნიშნულ ფართს, ან საუბარია თუ არა ერთსა და იმავე ფართზე მაშინ, როდესაც სადავო ფართი 1969 წლიდან იყო ...ის ბალანსზე.

დასახელებული გარემოებები, მოსარჩელის მტკიცებით, მიუთითებდა იმაზე, რომ ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მიღებული იყო არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ მოითხოვა „ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებულ 58,00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41,60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის „საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ ამავე მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება საჯარო რეესტრის მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანაზე, ამასთანავე, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, მოითხოვა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აკრძალვოდა მის საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (სკ ...) გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით, რკ „...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება კი საჩივრით გაასაჩივრა რკ „...მა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით რკ „...ის“ საჩივარი მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და იგი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, რკ „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინება და რკ „...ის“ შუამდგომლობა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკმაყოფილდა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება მ.თ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით რკ „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „...“ (რეგისტრირებული კავშირი) რეგისტრირებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1998 წლის 4 მაისიდან. მანამდე კი, იგი (სამართლებრივი ფორმა „კოოპერატივი“) რეგისტრირებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1997 წლის 3 დეკემბრიდან (ს/კ ...), ხოლო შპს „...“ რეგისტრირებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1996 წლის 22 ოქტომბრიდან, რომლის დამფუძნებელი პარტნიორი 100 %-იანი წილით იყო „...“.

საქმის მასალებში დაცული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, მ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 2011 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ.თ-ის განცხადებასთან დაკავშირებით;

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კანონით დადგენილი, მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.თ-ემ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემდეგ კი, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.

მ.თ-ემ 2014 წლის 17 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1) იმ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, რომ აჭარის ა/რ სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის - „...ის“ ბათუმის სავაჭრო გაერთიანების ბალანსზე 1969 წლიდან მართლზომიერი მფლობელობის უფლებით ირიცხებოდა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე, №60/37-ში არსებული 58,04 კვ.მ №... მაღაზიის შენობა, რომლის ასაშენებლად აჭარის ა/რ სამომხმარებლო კოოპერატივის კავშირისათვის, ხელისუფლების ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, დადგენილი წესის თანახმად, სათანადო აქტის გამოცემით იყო გამოყოფილი 60.73 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 2) იმ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, რომ „...სათვის“, შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული მაღაზიის პირდაპირი წესით შესყიდვისათვის, მოსარჩელე მ.თ-ეს გადახდილი აქვს ნასყიდობის საგნის ღირებულება - 6700 ლარის ოდენობით და ამ გარიგების საფუძველზე იგი წარმოადგენს ხსენებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს; 3) „სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების შესახებ” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მ.თ-ემ 2016 წლის 15 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც მოითხოვა: 1) ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე №51-ში/60-ში მდებარე, ყოფილი №...(...) სავაჭრო მაღაზიის შენობაზე, ფართით 41,60 კვ.მ, აღიარებული ყოფილიყო მოპასუხე რკ „...ის“ საკუთრების უფლება, ხოლო ამ ობიექტით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 58 კვ.მ-ზე, მართლზომიერი სარგებლობის უფლება და შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულიყო ტექაღრიცხვის მასალებში (ტექაღრიცხვის ბარათში), სადაც ლიტერ „ბ-ზე“, ფართობი 42.09 კვ.მ, ფიქსირდება ჩანაწერი - „ქალაქის მერია“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე; 2) შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული მაღაზიის გაყიდვის შესახებ ...ის გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის სხდომის დადგენილების აღიარება, მ.თ-ის სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლების დათმობად, შეძენილი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.თ-ემ;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით, მ.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება; სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც მ.თ-ე ითხოვდა ცვლილების განხორციელებას ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, სადაც ლიტერი „ბ“, ფართით - 42,09 კვ.მ, რეგისტრირებული იყო ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე; მ.თ-ის სარჩელი, იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე №51-ში/60-ში მდებარე ყოფილი სავაჭრო მაღაზიის შენობა, ფართით 41,60 კვ.მ, აღიარებული ყოფილიყო „...ის“ საკუთრებად, ხოლო ამ ობიექტით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 58 კვ.მ, „...ის“ მართლზომიერი სარგებლობის უფლება, დარჩა განუხილველად; ასევე, განუხილველად დარჩა მოთხოვნა - ,,...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის სხდომის დადგენილების (რომლითაც დადგინდა შპს “...ის“ ბალანსზე რიცხული მაღაზიის მ.თ-ისათვის მიყიდვა) მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ გარიგებად აღიარების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის პირველი აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად;

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 21 აპრილს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო №345 ბრძანება „ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით კი, დასახელებული ბრძანების საფუძველზე, 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.

საქალაქო სასამართლო ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, 2008 წლის 22 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან გაცემული №... პასუხით, ამავე სამსახურის მონაცემებით, ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ისა ქ. №60/37-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს „...“, თუმცა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით (საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით) ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ ქონებად მითითებულია ...ისა და ...ის ქ. №51-ში/60-ში მდებარე 42,09 კვ.მ ფართის (ლიტერი „ბ“) უძრავი ნივთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის მითითების გარეშე. კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-2949/16) დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური არქივის 12.01.06 წლის №01-11/41 ცნობით, ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის 09.02.06 წლის №2-25-128 და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს 13.02.06 წლის №01-10/29 ცნობების თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №60/37-ში მდებარე ...ის ბალანსზე რიცხულ ობიექტზე სხვა ცნობები ვერ იქნა მოპოვებული.

ამრიგად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ რკ „...“ არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთის არც მესაკუთრეს და არც მართლზომიერ მფლობელს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ყველა ის მტკიცებულება, რომელთა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო აქტის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების კანონიერება, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით უკვე შეფასებულია. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გარემოებები განსახილველი დავის მიმართ ქმნიდა პრეიუდიციას, შესაბამისად, დადგენილი ფაქტები და შეფასებები - პრეიუდიციული იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ.კ „...მა“ და მ.თ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მესამე პირის - მ.თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.თ-ემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით კი მ.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით რკ „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ში/...ის (...ის) ქ. №60 (58)-ში (დღევანდელი ...ის ქ. №51/...ის ქ. №60) მდებარე ლიტერი „ბ“ (ფართობი 42,09 კვ.მ) 1939 წლიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხული იყო ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე. ამდენად, სასამართლომ შეაფასა სადავო ბრძანების მიღებისას იყო თუ არა დაცული ამ შინაარსის აქტის გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური და მატერიალური საფუძვლები და დაადგინა, რომ განსახილველ დავაზე, სადავო აქტის ფორმალური კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე სადავო აქტი აკმაყოფილებდა ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს და ამ მიმართებით მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. კერძოდ, იგი მიღებული იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის კანონით დადგენილი წესისა და ფორმის დაცვით. რაც შეეხება აქტის მატერიალურ კანონიერებას, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ბრძანება ეფუძნებოდა ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების საფუძველზე მომზადებულ ცნობა-დახასიათებას, სადავო აქტის არც მატერიალური კანონიერება არ იდგა ეჭვქვეშ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რკ „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით უგულებელყოფილია ინდივიდუალური საკუთრება, რომელიც აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საჯარო რეესტრში დაცული, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №60-ში/...ის ქ. №37-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების სააღრიცხვო მასალები, არ შეიცავდა სამართლებრივი ძალის მქონე უფლების დამდგენ დოკუმენტს რკ „...ს“, როგორც კანონიერი მოსარგებლის ან მესაკუთრის შესახებ. ამასთან, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მესამე პირის - მ.თ-ის მიერ წამოწყებულ მრავალწლიან სამართლებრივ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების შინაარს, რეალურად, ყველა სასამართლო გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს, რომ სადავო ქონება იყო და არის რკ „...ს“ საკუთრება, რომელიც მესაკუთრესა და მ.თ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა გადაეცეს მ.თ-ეს. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა ძალას აცლის 1995 წელს შედგენილ ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტს და ტექაღრიცხვის ბარათს, რომელიც თურმე დამოწმებული არ არის სათანადო ბეჭდით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ ბათუმის მერიის უფლების დამდგენი დოკუმენტის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების ნამდვილობა, არც ბეჭდის არსებობა, არ უმსჯელიათ დავა ეხებოდა თუ არა ერთსა და იმავე ფართს იმ პირობებში, როდესაც სადავოდ გამხდარი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებული ქონების რეგისტრაციაზე მაშინ, როდესაც სადავო ფართი 1969 წლიდან რეგისტრირებულია რკ „...ს“ ბალანსზე და მას დღემდე ფლობს მ.თ-ე. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ.თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რკ „...ის“ საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ.თ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რკ „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.

2024 წლის 22 იანვარს რკ „...ის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, რათა კასატორის უფლებების და ინტერესების დაცვა უკეთ უზრუნველყოფილიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით რკ „...ის“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ რკ „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას, კერძოდ, არ არის გამოკვლეული და შეფასებული, ვინ წარმოადგენდა ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელს ან მესაკუთრეს - რკ „...“ თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. მართალია, ქვედა ინსტანციის სასამართლოები გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნენ კანონიერ ძალაში შესულ სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელთა შეფასების შედეგად განმარტეს, რომ სადავო უძრავ ნივთზე არცერთ შემთხვევაში არ დასტურდებოდა სხვა რომელიმე პირის მართლზომიერი მფლობელობის ან/და საკუთრების უფლება, გარდა მუნიციპალიტეტისა, რაც განსახილველი დავის მიმართ ქმნიდა პრეიუდიციას, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს სადავო უძრავ ქონებაზე რკ „...ის“ (ან მის მიერ დაფუძნებული შპს „...ის“) მართლზომიერი მფლობელობას ან/და საკუთრების უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას არ ადასტურებს მასში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებების იმ დებულებებზე მითითება, რომლის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოიცავს ზედა ინსტანციაში ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, თავის მხრივ, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაა დასაბუთებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ შპს „...“ 1996 წლის 22 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში (რეგისტრაციის №01/04-52). საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი 100 %-იანი წილით არის, „...“; სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებული კავშირი „...“ (სამართლებრივი ფორმა „კოოპერატივი“, ს/კ...) რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1997 წლის 3 დეკემბრიდან; სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებული კავშირი „...“ რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1998 წლის 4 მაისიდან (რეგისტრაციის №01/06-06);

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 აპრილს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო №345 ბრძანება „ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით კი, დასახელებული ბრძანების საფუძველზე 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.

აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ის/...ის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ამავე მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების კანონიერება. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №51-ში/...ის (...ის) ქ. №60 (58)-ში (დღევანდელი ...ის ქ. №51/...ის ქ. №60) მდებარე ლიტერი „ბ“ (ფართობი 42,09 კვ.მ) 1939 წლიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აღრიცხული იყო ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე. დასახელებული ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 25 აპრილიდან ზემოთ მითითებული 58.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 41.60 კვ.მ შენობა-ნაგებობით აღირიცხა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს/კ ...).

სწორედ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას მიიჩნევს მოსარჩელე (აპელანტი, კასატორი) დარღვეული უფლების რეალიზაციის საშუალებად, რადგან, მისივე მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა გამოიწვევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების შესახებ ჩანაწერის გაუქმებას და მხარეს მიეცემა საშუალება მოიპოვოს უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. აღნიშნულ მოსაზრებას მოსარჩელე ამყარებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მანამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხებოდა შპს „...“, ხოლო ის გარემოება, რომ სადავო ქონება არ წარმოადენდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას, დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, 1998 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მერის მიერ მიღებული №288 გადაწყვეტილებით, რომლითაც რკ „...ის“ გამგეობას დაევალა, ...ის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით აეღო ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ...ის მაღაზია. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონება ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებას არ წარმოადგენს და მის მიმართ ქალაქ ბათუმის მერიას არანაირი ინტერესი არ გააჩნია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.

საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)).

„საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, ,,...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390).

აღსანიშნავია, რომ სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ესაჭიროება „ობიექტური ფუნდამენტი“, რომელსაც ქმნის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რისკი, მცირდება სხვა მტკიცებულებით მისი გამყარების საჭიროება (იხ.: inter alia, Khan v. the United Kingdom).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის შესაფასებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების კანონიერება, თუმცა მის შეფასებამდე არსებითი მნიშვნელობისაა იმ გარემოებების დადგენა, თუ რა სტატუსის მატარებელია რკ „...“ და სახელმწიფოს მიერ მის ბალანსზე გადაცემული ქონება მოიცავდა თუ არა იმ უძრავ ქონებას, რომლის რეგისტრაციაც სადავო აქტით 2017 წელს განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე. სწორედ მითითებული საკითხების დადგენას უკავშირდება დავის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტა. ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე მიღებული საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578 დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს რეგისტრაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანას სახელმწიფო რეესტრში. მას აქვს გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა. რეგისტრაციის ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სწორედ დასახელებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად არის რეგისტრირებული შპს „...“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1996 წლის 22 ოქტომბრიდან (რეგისტრაციის №01/04-52). საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორად კი 100 %-იანი წილით მითითებულია „...“. რკ „...“ (სამართლებრივი ფორმა „კოოპერატივი“) დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1997 წლის 3 დეკემბრიდან (ს/კ...). რკ „...ის“ ხელახალი რეგისტრაცია კი განხორციელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1998 წლის 4 მაისიდან (რეგისტრაციის №01/06-06).

საქმეზე წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის - „...ის“ ბათუმის სავაჭრო გაერთიანების ბალანსზე 1969 წლიდან ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე, №60-ში/37-ში არსებული 58,04 კვ.მ №6 მაღაზიის შენობა. საქმის მასალებში წარმოდგენილია საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ასლი ((რომელზეც სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს სათანადო ბეჭედი), იხ. ტ. I, ს.ფ. 25-28), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 იანვრის №... წერილი ((ამ წერილით მოქალაქე მ.თ-ეს ეცნობა, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, ქონებაზე მდებარე ...ის და ...ის ქუჩის №60-ში/...-ში, რომლის მესაკუთრეა შპს „...“, ყადაღის შესახებ ინფორმაცია არ არის რეგისტრირებული), იხ. ტ. I, ს.ფ. 24), რომელთა თანახმად, სადავო ქონება ირიცხებოდა რკ „...ის“ მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „...ის“ ბალანსზე, რომელიც შემდგომ ასევე განიკარგა მესამე პირზე - მ.თ-ეზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ქალაქ ბათუმის მერიის 1998 წლის 2 სექტემბრის №288 გადაწყვეტილება, რომლითაც ...ის გამგეობას დაევალა 5 დღის ვადაში უზრუნველეყო ...ისა და ...ის კვეთაზე მდებარე ...ის მაღაზიის აღება (იხ. ტ. I, ს.ფ. 36). ქალაქ ბათუმის მერია აღნიშნული წერილით თავად ადასტურებს სადავო ქონების „...ის“ მიერ დაფუძნებული შპს-ს ბალანსზე არსებობის ფაქტს. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გამორიცხა სადავო ქონების რკ „...ის“ მიერ დაფუძნებული შპს „...ის“ ბალანსზე არსებობა .

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.

საქმეში არსებული მასალებით, მართალია, არ დასტურდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებამდე მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონით (ძალა დაკარგა 2007 წლის 20 სექტემბერს) მინიჭებული უფლებით სარგებლობა, თუმცა 2016 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (კანონის სათაურის დღეს მოქმედი რედაქცია) კანონის 12.2 მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად ცალსახაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის უფლება დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართზე. აღნიშნული ნორმის ანალიზი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნის იმ გარემოების მტკიცების საფუძველს, რომ შენობა შესაძლებელია წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 1996 წლის 22 ოქტომბრიდან „...დან“ (შემდგომში რკ „...“) სადავო მაღაზია გადაეცა ახლადაფუძნებულ შპს „...ას“, რომელმაც 2006 წლიდან აღნიშნული შენობა-ნაგებობა მიჰყიდა ფიზიკურ პირს - მ.თ-ეს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ „ ...ის“ ბალანსზე 1969 წლიდან ირიცხება სადავო მაღაზია, რომლის მფლობელობასაც თავად ახორციელებდა, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, კერძოდ, რკ „...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის დადგენილება, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა შპს „...ის“ №... მაღაზიის ...ის, მ.თ-ის განცხადება პირდაპირი შესყიდვის წესით, 6 700 ლარად, ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩის №60-ში/...-ში მდებარე შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული №... მაღაზიის მიყიდვის შესახებ. რკ „...ის“ 2006 წლის 31 მარტის №4-ა დადგენილებით კი დამტკიცდა რკ „...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის დადგენილება შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული მაღაზიის გაყიდვის შესახებ. სადავო არ არის, რომ მ.თ-ემ სრულად გადაიხადა უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა - 6 700 ლარი, რომელიც ამ მაღაზიაში 1998 წლიდან მუშაობდა ...ის პოზიციაზე და რკ „...ის“ შპს „...ში“ იხდიდა ყოველთვიური ქირის გადასახადს 140 ლარის ოდენობით, ვიდრე თავად არ შეისყიდა ობიექტი. 2005 წელს მ.თ-ემ პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა ზემოთდასახელებული უძრავი ნივთი და დღემდე სარგებლობს მისით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არასდროს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია ამ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე არ დასტურდება სადავო ქონებით მერიის მიერ სარგებლობის ფაქტი.

დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ვერ გამორიცხა „...ის“ არსებობა, რომელსაც 1969 წლიდან ბალანსზე ჰქონდა სადავო მაღაზია. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გამორიცხა ის ფაქტი, რომ „...მა“ კანონით დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ...ის მაღაზია. სასამართლომ, ზედაპირულად, მოცემული გარემოებების გამოუკვლევლად მიიღო გადაწყვეტილება. მართალია, იგი დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებულ გარემოებებს, თუმცა მათში მოცემული მსჯელობებიც არ გამორიცხავს „...ის“ ბალანსზე, შემდგომში შპს „...ის“ ბალანსზე აღნიშნული მაღაზიის არსებობას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების პრეიუდიციულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში განმარტავს, რომ „..ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პრეიუდიციულ ძალას იძენს სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადგენა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებშია შესაძლებელი ან თანაბრად შეიძლება როგორც სამოქალაქო, ასევე, ადმინისტრაციული დავის განხილვისას. ამდენად, ის გარემოებები, რომლებიც ექსკლუზიურად და იმპერატიულად მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში დადგენასა და დადასტურებას ექვემდებარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სამართალწარმოებისას კონკრეტული დავის განხილვის პროცესში მაინც დადგინდა, ყოველგვარი მოკვლევისა და დადგენის გარეშე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისათვის გაზიარებული ვერ იქნება, შესაბამისად, მას ვერც პრეიუდიციული ძალა მიენიჭება. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების, კერძოდ, 1992 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების საკითხის შემოწმება მოიცავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში მისი წარმოშობის საფუძვლების დადგენა-შეფასებასაც. შესაბამისად, ხსენებული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგნობრივი განსჯადობის თვალსაზრისით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საფუძვლების სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში შეფასება არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით დავის განმხილველი სასამართლოს შესაძლებლობას, მოიკვლიოს ასეთი ხელშეკრულების საფუძვლები და განსხვავებული შედეგის შემთხვევაში, სხვაგვარად განსაზღვროს ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით დადგენილ ინკვიზიციურობის პრინციპს ეფუძნება. აღნიშნული განაპირობებს ადმინისტრაციული წესით განმხილველი სასამართლოს არა მხოლოდ უფლებამოსილებას, არამედ იმავდროულად ვალდებულებასაც, მოიკვლიოს საგნობრივად მისი განსჯადი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები“ (სუსგ 28.03.2019წ.; საქმე №ბს-420-420(კ-18).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მითითებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში განმტკიცებული ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს გარემოებათა დადგენის საჭიროება და მოიძიოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი ან უარმყოფი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში კი დასახელებული უფლებამოსილებები სააპელაციო პალატის მიერ სრულიად უგულებელყოფილია. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია შპს „...ის“ ბალანსზე არსებული (შემდგომში - მ.თ-ეზე განკარგული) სადავო მაღაზიის საკუთრებად რეგისტრაცია რამდენად შეეძლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან ერთობლიობაში უნდა ემსჯელა ზემოთ მითითებულ გარემოებებზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის გარდა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება - საჯარო რეესტრის მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანაზე. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებაა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს არ ჰყავს სათანადო მოპასუხე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს ამ ნაწილში საქმეში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათანადო მოპასუხედ ჩაბმის საჭიროებაზე. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა აღნიშნულ გარემოებას, აგრეთვე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაძლო მონაწილეობას და ასევე მის მიერ საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მიიჩნევს, რომ მოპასუხე მინიმუმ ორი ინსტანციით სრულად შეძლებს საპროცესო უფლებების რეალიზებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს შპს „...ის“ აღნიშნულ სამართალწარმოებაში სავალდებულოდ მიწვევის აუცილებლობაზე, რადგან იგი ამ სამართალურთიერთობის მონაწილეა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად რკ „...ის“ საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სწორი შეფასება მისცეს მათ. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაგროვოს საჭირო მტკიცებულებები და სათანადო შეფასება მისცეს მათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რკ „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. რკ „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა