№ბს-37(გ-24) 21 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის ნ. ბ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 20 თებერვალს ნ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ. ხ-ას, დ. ჟ-ის, თ. ჩ-ეის, ა. უ-ის, შპს „ვ...სა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალს. სსსკ-ის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ. ბ-იმა 2014 წლის თებერვლის თვეში ხელშეკრულების საფუძველზე გაასესხა ფულადი თანხა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდაც მსესხებლის - მოპასუხე ა. უ-ის მიერ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, ...ში, ...ში (ს/კ ...). სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი არ იდგა.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება თ. მ-ემ 2004 წლის 15 ოქტომბერს მიჰყიდა ნ. გ-ის. ნ. გ-იმა 2008 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ქონება მ. ხ-აზე გაასხვისა. მ. ხ-ამ კი, სარჩელში აღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხე ა. უ-ის მიჰყიდა. აღნიშნული ნასყიდობის საფუძველზე, ა. უ-იმა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 6 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მიზეზით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო დაცული საკადასტრო მონაცემები უძრავ ქონებაზე ს/კ ... და განმცხადებელს დაავალა აღნიშნული უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა.
აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, უძრავი ქონების მესაკუთრე მ. ხ-ამ გააფორმა მინდობილობა მოპასუხე დ. ჟ-ითან და დაავალა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვა, აზომვითი ნახაზის აღება შესაბამისი დაწესებულებიდან და ამ საკადასტრო აზომვითი ნახაზების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირება. სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ჟ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა არაავთენტური საკადასტრო გეგმა, რომელიც რეალურად არ შეესაბამებოდა იმ უძრავ ქონებას, რომელიც ჯერ ლ. ქ-იმა სახელმწიფოსგან მიიღო, შემდეგ მისმა მემკვიდრემ თ. მ-ემ - ნ. გ-იზე და ამ უკანასკნელმა მ. ხ-აზე გაასხვისა. აღნიშნული საკადასტრო გეგმის საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან ერთი დღის შემდეგ, 2012 წლის 9 თებერვალს ა. უ-იმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ განცხადებით. მოთხოვნის ფორმულირებაში მითითებული იყო ასევე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა ფართის განსაზღვრაც. დ. ხ-ას მიერ მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე შენობა-ნაგებობა არ არის დატანილი. ა. უ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარმოდგენილი გამიჯვნის სიტუაციური ნახაზის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია დატანილი. სასამართლომ მიუთითა, რომ ერთ დღეში ვერ მოხდებოდა ამ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და დ. ხ-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო გეგმაც და ა. უ-ის მიერ წარდგენილი გამიჯვნის სიტუაციური ნახაზიც უკანონოდ არის მომზადებული და საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირებული. ზემოაღნიშნული გამიჯვნის სიტუაციური ნახაზის საფუძველზე, დარეგისტრირდა ორი უძრავი ქონება: ს/კ:... და ს/კ:....
სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დიდი წვლილი შეიტანა უკანონო და ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების დარეგისტრირებით ნ. ბ-ისთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანში. 2012 წლის 8 თებერვლის საკადასტრო გეგმა არ შეესაბამება 2004 წლის საკადასტრო რუკას. მათი შეუსაბამობა იკვეთება უძრავი ქონების ზონის, კვარტლის, სექტორის ცვლილებებით. მ. ხ-ამ ნ. გ-იისგან შეიძინა სრულიად სხვა უძრავი ქონება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაირეგისტრირა სრულიად სხვა ქონება. მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონების (ს/კ ...) 2012 წლის 8 თებერვლის საკადასტრო გეგმაზე დატანილი არ არის შენობა-ნაგებობები. ა. უ-ის მიერ წარდგენილ გამიჯვნის სიტუაციურ ნახაზში კი ორი სამსართულიანი სახლია დატანილი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონების საკადასტრო გეგმის ამსახველი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტი დაარეგისტრირა. ზემოაღნიშნული ქმედებების შესახებ მოსარჩელე ნ. ბ-იმა არაფერი იცოდა. მან ა. უ-ის გადასცა 20 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. შესაბამისად, მოსარჩელეს მიადგა ქონებრივი ზიანი. აღნიშნული თაღლითობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ. ბ-ი პროკურატურის №0010116616 დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანის მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არის ადმინისტრაციული წესით განსახილველი, ვინაიდან, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სასამართლოს შეფასებით, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი ზიანის ანაზღაურების სახით ფულადი კომპენსაციის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, 2023 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან განსჯადობის წესით განსახილველად გადაიგზავნა ნ. ბ-ის სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 26 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ნ. ბ-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-იმა სასამართლოს განუმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების 20000 აშშ დოლარის ოდენობით სოლიდარულად დაკისრება და მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის საგანზე, მის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების 20000 აშშ დოლარის ოდენობით სოლიდარულად დაკისრება, რაც გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. ასევე სარჩელში მითითებულია გარემოებები, თუ რატომ ითხოვს მხარე აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას სოლიდარულად მოპასუხეებისაგან. ის გარემოება, რომ ერთ-ერთ მოპასუხე მხარე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, დავას ვერ გახდის ადმინისტრაციულ კატეგორიად, ვინაიდან, როგორც მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, ის სადავოდ არ ხდის ცალკე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს და მისი მოთხოვნა მიმართულია ყველა მოპასუხის მიმართ და ითხოვს მოპასუხეების მიერ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურებას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე იყო კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ის დამატებით აღძრული აქვს კიდევ ერთი სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 8 თებერვლის №... (ს/კ: ... უძრავ ქონებაზე ა. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) და №... (უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე - ს/კ: ..., ს/კ: ...) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით, განსჯადობით გადაგზავნილია მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად, იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული საქმე დღემდე იმყოფება სასამართლოს წარმოებაში და იხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ამ ეტაპზე უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა კოლეგიას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დავის ბუნებას და არა სუბიექტურ შემადგენლობას ენიჭება. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ბ-იმა 2014 წლის თებერვლის თვეში ხელშეკრულების საფუძველზე გაასესხა ფულადი თანხა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდაც მსესხებლის - მოპასუხე ა. უ-ის მიერ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, ...ში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით (ს/კ ...). რეალურად, ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არანაირი საცხოვრებელი სახლი არ იდგა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარდგენილი სარჩელით ნ. ბ-ი მოპასუხეების მ. ხ-ას, დ. ჟ-ის, თ. ჩ-ეის, ა. უ-ის, შპს „ვ...ს“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ითხოვს ზიანის ანაზღაურების დაკისრებას სოლიდარულად, 20000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ თაღლითური ქმედებების საფუძველზე მიადგა ქონებრივი ზიანი. საქმეზე დგინდება, რომ თაღლითობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ. ბ-ი პროკურატურის მიერ №0010116616 დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებითია შეფასდეს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის პროცესში. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის მნიშვნელოვანია, თავად სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა არ მიეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალს, ასევე, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-596(გ-22) განჩინება). მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-1008 მუხლები (დელიქტური ვალდებულებანი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლოს იურიდიული პირების მიმართ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნას განხილული იმ საფუძვლით, რომ სამართალურთიერთობა, რომლიდანაც წარმოშობილია წინამდებარე დავა, არის სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული ხასიათის. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თაღლითობით მიყენებული ზიანის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დავაში მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას, თუკი მოთხოვნის საფუძველი იქნება არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე უკანონოდ განხორციელებული უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და აღნიშნულიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, დავა განეკუთვნება ადმინისტრაციულ განსჯადობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც საქმეზე დგინდება (ტომი 2, ს.ფ. 38-43), მოსარჩელე ნ. ბ-ის აღძრული აქვს სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 8 თებერვლის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით, ტერიტორიული განსჯადობით გადაგზავნილია მცხეთის რაიონულ სასამართლოში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის, №ბს-715-711(გ-17) განჩინების შესაბამისად). აღნიშნული საქმე დღესაც განხილვის პროცესშია. მითითებული გარემოებებისა და საპროცესო ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უნდა შეაფასოს მოცემულ საქმეში მოსარჩელის რეალური კანონიერი ინტერესი, მისი მოთხოვნები. მოსარჩელის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განსახილველი საქმიდან ცალკე უნდა გამოყოს სასარჩელო მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი გადაუგზავნოს მცხეთის რაიონულ სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 8 თებერვლის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების - მ. ხ-ას, დ. ჟ-ის, თ. ჩ-ეის, ა. უ-ისა და შპს „ვ...ს“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის გადასაგზავნად;
3. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა