Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-425(კს-24) 22 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ბ-ე

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 13 დეკემბერს გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს პარლამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჭიათურის მერიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს შემოწმების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს, შპს "მ...ის", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის რეგიონული სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის, საჩხერის რაიონული პროკურატურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულის სოფელი ...ას ტერიტორიული მართვის ორგანოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სახით 4900 ლარის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 2 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის 1 ლარის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საჩხერის პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის 2 ლარის, სახელმწიფო რწმუნებულისთვის მორალური ზიანის სახით 2 ლარის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჭიათურის სამმართველოსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს პარლამენტისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 1 ლარის, ჭიათურის მერიისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს მთავრობისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს შემოწმების სამსახურისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, სოფელ ...ას ტერიტორიაზე მართვის ორგანოში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ეის სარჩელი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის ნაწილში, არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით კი, გ. ბ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი და სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად, დაუბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრისა და 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. გ. ბ-ეის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით გ. ბ-ეის კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

2023 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინებაში, ყველგან, ნაცვლად გ. ბ-ეისა, მიეთითა გ. ბ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა გ. ბ-ეს და 2023 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა მას პირადად. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის წარდგენისთვის განსაზღვრული 12-დღიანი ვადის დენა (რომელიც მხარისთვის განმარტებულ იქნა ჩაბარებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით) 2023 წლის 17 აგვისტოდან დაიწყო და უქმე დღის (28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა)) გათვალისწინებით 2023 წლის 29 აგვისტოს (სამშაბათი) ამოიწურა. კერძო საჩივარი კი გ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოუდგინა 2024 წლის 20 მარტს. ამდენად, გ. ბ-ეის მიერ კერძო საჩივარი წარმოდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, გ. ბ-ეის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე და 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ეის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე