Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-513(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ი-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ი-იმა 2020 წლის 18 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის №9960/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე საბჭოსთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში საჩივრის განხილვის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტს. უფრო მეტიც, იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას - მან საზღვარზე შემოიტანა არადეკლარირებული საქონელი - 20 .... აღნიშნული ოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვარს. ასევე აღნიშნა, რომ საქონელი საკუთარი მოხმარებისთვის იყო. მოსარჩელის მოსაზრებით, მას სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ სანქცია ითვალისწინებდა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, მაგრამ არ განუმარტეს თუ რატომ ჩამოართვეს ავტომანქანა, როდესაც სანქცია ითვალისწინებს ასევე ჯარიმასაც. ამასთან, ბრძანება არ იყო შედგენილი მისთვის გასაგებ ენაზე, რის გამოც გაუგებარი იყო როგორც ბრძანების შინაარსი, ისე მისი გასაჩივრების წესი, რის გამოც მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში მოითხოვა გასაჩივრებისათვის აქტით გათვალისწინებული ვადის აღდგენა. ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის №9960/2/2020 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დაევალა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში საჩივრის განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარდგენილ მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2023 წლის 2 თებერვლის №6 ცნობაზე მითითებით განმარტა, რომ 2019 წლის ივნისიდან სოფელ ...ში დაიწყო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეუძლებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 2019 წლის 19 სექტემბერს. ბრძანების გასაჩივრების 20 დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა 2019 წლის 27 დეკემბერს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად მიიჩნევს მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2023 წლის 2 თებერვლის №6 ცნობას, სადაც აღნიშნულია სოფელ ...ის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. კასატორის მოსაზრებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ წარმოადგენს დაუძლეველ ძალას და არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეს გასაჩივრების ვადის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა საჩივარი საგადასახადო ორგანოში კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მიუთითებს, რომ მოსარჩელეს შეეძლო საჩივრის ელექტრონული წესით წარდგენაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ი-ის საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, გასაჩივრების 20 დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსს, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ხსენებული კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2019 წლის 6 აგვისტოს გ. ი-ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №..., რომლის თანახმად, გადამოწმების დროს გამოვლინდა, რომ გ. ი-ის მიერ დარღვეულ იქნა საბაჟო კონტროლის წესი და საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 1 000 ლარით, ასევე მას ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის №31859 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. ი-ის 2019 წლის 16 აგვისტოს №45416/1/2019 საჩივარი, რომელიც შეეხებოდა საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 6 აგვისტოს №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

დადგენილია, რომ საქართველოს ფოსტის გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის №31859 ბრძანება გ. ი-ის 2019 წლის 19 სექტემბერს ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარდა. გ. ი-ის განცხადება სსიპ შემოსავლების სამსახურს მისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების მოთხოვნით წარედგინა 2019 წლის 27 დეკემბერს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის №9960/2/2020 გადაწყვეტილებით, საჩივარი დარჩა განუხილველად. საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების 20 დღიანი ვადა და საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაბარდა ადრესატს პირადად. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხსენებული კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. რაც შეეხება 305-ე მუხლის პირველ ნაწილს, მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ი-ი სადავოდ არ ხდიდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. თუმცა იგი არ ეთანხმებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ სანქციას სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. საქმის განხილვის ეტაპზე მხარე აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, დაუდევრობით, ასევე გადახდილია როგორც საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკისრებული ჯარიმები. მხარე ადმინისტრაციულ ორგანოში ითხოვდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას და განმარტავდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2023 წლის 2 თებერვლის №6 ცნობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო სოფელ ...ის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (სუსგ ბს-222-219(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს“.

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, რომელსაც გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებული უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არამედ იგი არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ სანქციას სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. ამასთან, მის მიერ საჩივრის წარდგენის დაგვიანება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და გარემოებებით, კერძოდ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაადგილების შეუძლებლობით. აღნიშნულ გარემოებას ასაბუთებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ცნობაც.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას სადავო აქტის ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში საჩივრის განხილვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე