საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-588(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ე...მა“ 2019 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიმართ მოპასუხისათვის აკრედიტაციის ხელშეკრულების დადებისა და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარების დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აკრედიტაციის სისტემისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება არის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც დასტურდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონით (მე-11 მუხ.), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (96.4, 97.1 და 99.4 მუხ.), საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (1-ელი მუხ.) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით (მე-2 მუხ.). შპს „ე...მა“ აკრედიტაციის ცენტრში 2019 წლის 27 მაისს წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი 528. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის 2019 წლის 2 ივლისის წერილით, კონკრეტული საფუძვლის მითითებისა და დასაბუთების გარეშე შპს „ე...ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის ხელშეკრულების გაფორმებასა და მის საფუძველზე აკრედიტაციის პროცედურების დაწყებაზე. აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება ან დადებაზე უარი განეკუთვნება სახელშეკრულებო დავათა კატეგორიას, რომლის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო არის მხოლოდ სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს დაევალა მოსარჩელის მიერ 2019 წლის 27 მაისს წარდგენილ №528 აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განმცხადებელთან გაფორმებული „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ და შესაბამისი ხელშეკრულება არ წარმოადგენს შესაბამისობის დადასტურებას, აღნიშნულის შემდეგ უნდა მოხდეს პირის აკრედიტაციისათვის ნორმატიულად გათვალისწინებული ეტაპების გავლა და აკრედიტაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან და იმოქმედოს მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე, რასაც ქმნის სათანადო წესით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხის განხილვისას დაიცვას ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურა და განაცხადი პირველ რიგში შეაფასოს საკ 1.1:2020 - „აკრედიტაციის საერთო წესების და პროცედურების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის კუთხით, კერძოდ, დაადგინოს: 1. განაცხადით წარდგენილი საკითხი არის თუ არა აკრედიტაციის საგანი; 2. წარდგენილი განაცხადი რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამის აკრედიტაციის სქემას და ამ აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მხოლოდ მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განხილვაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს დაევალოს შპს „ე...თან“ აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეფასებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, განხორციელებული მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, წარმოიშვა და არსებობს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობები სამინისტროსა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს შორის. აქედან გამომდინარე, აკრედიტაციის ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს აკრედიტაცია მხოლოდ დადგენილი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალ ცენტრზე, რათა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეფორმას ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს რეფორმის მთავარი მიზნების და ამოცანების განხორციელება და მიღწევა, რაც გულისხმობს საგზაო ტრანსპორტისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში მოქმედი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობას - პტი ცენტრების გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპის დაცვითა და მოსახლეობისათვის პერიოდული ინსპექტირების ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პტი ცენტრების აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი აღნიშნულ განაცხადს უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვინაიდან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების მხარე სწორედ სამინისტროა. აღნიშნულის გათვალისწინება მნიშვნელოვანია აკრედიტაციის შემდგომი პროცესის წარსამართად.
კასატორის მითითებით, მართალია, მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №1-1/27 ბრძანებით აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში შევიდა ცვლილება და ამოღებულ იქნა ბრძანების №1 დანართი, რომლის მოქმედება ისედაც განსაზღვრული იყო რეფორმის საწყისი კონკრეტული პერიოდისთვის და შესაბამისად, უკვე აღარ იყო რელევანტური დანართის ამოღების დროისთვის, თუმცა დანართის ნორმები ითვალისწინებდა კონკრეტული პირობების კონკრეტულ თარიღებში დაკმაყოფილებას და მიზნად ისახავდა კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას (მაგ: კონკურსის გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და სხვ.). რომლის გარეშეც კონკურენტული კონკურსის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. დანართის ამოღებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება არ და ვერც მოხდება. უკვე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და ვალდებულებები დღემდე ძალაშია და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, აკრედიტაციის ცენტრმა პტი ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები უნდა წარმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, ვინაიდან ახალი ცენტრის განაცხადისათვის მსვლელობის მიცემის ერთ-ერთი საფუძველია სამინისტროსა და აღნიშნულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე“, რომლის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით კანონმდებელი ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებულია აკრედიტაციის წესები და პროცედურები. საკ 1.1:2020 – „აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურის (შემდგომ – საკ 1.1:2020) მიზანი და ამოცანებია დაადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის აკრედიტაციასთან დაკავშირებული განაცხადების მიღების, დამუშავების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე და არ ახორციელებს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებების ქვეკონტრაქტორზე (სხვა პირისთვის) გადაცემას, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე საკ 1.1:2020-ით განისაზღვრება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის წინასწარი შეფასების (მოთხოვნის შემთხვევაში), პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის შენარჩუნებისა და განმეორებითი აკრედიტაციის პროცესი, დადგენილია შესაბამისი საფუძვლები აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თხოვნით ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისა და აკრედიტაციის შემცირების თაობაზე. „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაციის სფეროს გაფართოება არის შშო-ს აკრედიტებულ სფეროზე შესაბამისობის შეფასების საქმიანობის დამატება. ამდენად, აკრედიტაციის ცენტრი წარმოადგენს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ (უფლებამოსილ) ორგანოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2019 წლის 2 ივლისის №GAC- 03/610 წერილით შპს „ე...ს“ დირექტორს 2019 წლის 27 მაისის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამის კანონმდებლობის და დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანართი №1-ის მე-2 მუხლის შესაბამისად სახეზე არ არის შპს „ე...ს“ ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციაზე განცხადებისათვის მსვლელობის მიცემის სამართლებრივი საფუძველი - გაფორმებული არ არის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი ვერ მისცემდა მსვლელობას შპს „ე...ს“ განაცხადს აკრედიტაციაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „აკრედიტაციის საერთო წესების და პროცედურების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია აკრედიტაციის პროცესის ეტაპები, კერძოდ, აკრედიტაციის პროცესი შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან: ა) განაცხადის წარდგენა; ბ) მზადება შეფასებისთვის; გ) წინასწარი შეფასება (განმცხადებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში); დ) შეფასება აკრედიტაციისათვის (მათ შორის, ადგილზე შეფასება/დისტანციური შეფასება); ე) შეფასების შემდგომი ანალიზი/შეჯამება, დამატებითი შეფასების ჩათვლით; ვ) გადაწყვეტილების მიღება; ზ) აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; თ) განმეორებითი აკრედიტაცია. ამავე წესის მე-4 მუხლის თანახმად, განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად. მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის სფეროს გაფართოება ხორციელდება დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტებულმა შშო-მ განაცხადით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ შეფასდეს ორგანიზაციის ტექნიკური კომპეტენცია. განაცხადი და წარმოება აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე არის პირველადი აკრედიტაციის მსგავსი. დამატებით სფეროში აკრედიტაციისათვის შეფასება განხორციელდება პირველადი აკრედიტაციის მსგავსად და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.
აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესახებ განცხადებაზე ასევე ვრცელდება „აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების“ მე-5 მუხლით განსაზღვრული განაცხადების მიღებისა და განხილვის ზოგადი წესი და პირობები. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) არის თუ არა განაცხადით წარმოდგენილი საკითხი აკრედიტაციის საგანი; ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხადი საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამის აკრედიტაციის სქემას და ამ აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და განაცხადის განხილვაზე დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს განაცხადის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ამდენად, აკრედიტაციის პროცესის განაცხადის (მათ შორის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოება) წარდგენის ეტაპზე, აკრედიტაციის ცენტრმა არსებითად უნდა იმსჯელოს - აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე განაცხადი შესაბამისობაშია თუ არა საქართველოს კანონმდებლობასთან, შესაბამის აკრედიტაციის სქემასთან და ამ აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ამასთან, აღნიშნული შესაბამისობის არარსებობის პირობებში, აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული უარი განაცხადის განხილვაზე. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, განაცხადის ავტორს უნდა მიუთითოს იმ გარემოებებზე, რამაც აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე განაცხადის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 2019 წლის 2 ივლისის №GAC-03/610 წერილი არ შეიცავს მითითებას შპს „ე...ს“ განცხადებით წარდგენილი საკითხის აკრედიტაციის საგანთან შესაბამისობაზე, წერილი ასევე არ შეიცავს მითითებას „წესით“ გათვალისწინებული სქემების და პროცედურების მოთხოვნებისადმი შპს „ე...ს“ განცხადების შეუსაბამობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განცხადებას მსვლელობა არ მიეცა №1 დანართით გათვალისწინებული დამატებითი პირობებისადმი მისი შეუსაბამობის გამო.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ დებულებაში 2018 წლის 8 იანვრის №1-1/5 ბრძანებით შეტანილი დამატებების შედეგად დებულებას დაემატა 21 მუხლი, რომლის თანახმად „ტექნიკური რეგლამენტის - „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრა დებულების №1 დანართით (დებულების 21 მუხლი და №1 დანართი გაუქმებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.02.2021წ. №1-1/27 ბრძანებით). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის №1-1/5 ბრძანებით აგრეთვე დამტკიცდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დანართი №1, რომლითაც დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. ამ დანართით განისაზღვრა, რომ ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამავე დებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული დანართი აწესრიგებდა ასევე ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავდა აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენდა შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №1-1/27 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, ამოღებულ იქნა დებულების 21 მუხლი და დებულების №1 დანართი. ამრიგად, შეიცვალა საკითხის ნორმატიული მოწესრიგება, კერძოდ, დებულების №1 დანართით გათვალისწინებული აკრედიტაციის დამატებითი პირობები გაუქმდა და დღეის მდგომარეობით აღარ მოქმედებს. საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული აკრედიტაციის ცენტრის 2019 წლის 2 ივლისის №GAC-03/610 წერილის მიხედვით, შპს „ე...მა“ აკრედიტაციის მოთხოვნით აკრედიტაციის ცენტრს განცხადებით მიმართა 2019 წლის 27 მაისს, ამდენად, დასტურდება, რომ შპს-მ აკრედიტაციის ცენტრში განცხადება აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართის მოქმედების პერიოდში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ №1 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აღარ გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა. როგორც წესი, სამართლებრივი ნორმის ცვლილება/გაუქმება გავლენას არ ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, თუ ეს უკანასკნელი გამოცემულ იქნა ამ ნორმის ცვლილებამდე/გაუქმებამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მაგ. საჯარიმო სანქციის შეფარდების მართლზომიერების შეფასებისას (სუსგ 18.01.2018წ. საქმე №380-375(2კ-16)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს არც ინდივიდუალური და არც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის №1-1/5 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი, რომლითაც დადგინდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები ცალკე სასამართლო დავის საგანს შეადგენს), მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალდებულებას და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების დავალებას. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგება არ არსებობს (გაუქმდა დანართი №1), სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება უნდა შემოწმდეს არა აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არამედ ამჟამად მოქმედი აკრედიტაციის პროცედურების გათვალისწინებით.
ამრიგად, ვინაიდან განცხადების განხილვაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ნორმის გაუქმებით ის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, რომელსაც აღნიშნული უარი ემყარებოდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადებისა და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარების მოპასუხისათვის დავალების თაობაზე, ვინაიდან შექმნილი ახალი მოცემულობა განაპირობებს განაცხადის არსებითად განხილვისა და შეფასების უპირობო საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს საკასაციო საჩივარზე 15.05.2023წ. №01187 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (ს/კ 200169325) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (ს/კ 200169325) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.05.2023წ. №01187 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე