საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-610(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. რ-ე
მესამე პირები - შპს „გ...“, შპს „მ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 27 აპრილს გ. რ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 თებერვლის №..., 2022 წლის 14 აპრილის №... და 2022 წლის 18 აპრილის №... ბრძანებების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და შპს „მ...ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რომლით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილის შესრულება მოსარჩელემ ვერ მოახერხა. შპს „მ...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რის საფუძველზეც დაიწყო გამარტივებული სააღსრულებო წარმოება. გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით შეტყობინება გაიგზავნა მხარის იურიდიულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს მის ფაქტობრივ მისამართს. შეტყობინება ჩაიბარა ასაკოვანმა დედამ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, შესაბამისად მისთვის აღქმადი არ იყო, რას ეხებოდა ზემოხსენებული შეტყობინება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ქალაქ გორში ჩავიდა მხოლოდ 17 აპრილს, ანუ მაშინ, როდესაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიღებული ჰქონდა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებები (№..., №..., №...). შესაბამისად, მას შეეზღუდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან რომელიმეს განხორციელების შესაძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, №3/2620-18 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა წარმოება, №2/12847-18 სამოქალაქო საქმის განხილვამდე და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ხოლო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე თ. ჯ-ას მხარდამჭერის - ნ. ჯ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და განახლდა №3/2620-18 ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. რ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 თებერვლის №..., 2022 წლის 14 აპრილის №... და 2022 წლის 18 აპრილის №... ბრძანებები. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ უზრუნველყო რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარება მხარის ფაქტობრივ მისამართზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გამარტივებული სააღსრულებო წარმოება წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისს, რომელსაც შესაბამისი სააპლიკაციო საფასურის გადახდის შემთხვევაში სწევს ბიურო. გამარტივებული წარმოების ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება რესპონდენტის კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულობას. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი, მოვალის ინფორმირებულობისათვის გაწეული მოქმედებების ამსახველი მტკიცებულებები. წარმოების მასალებით დასტურდება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიყენა მისთვის ცნობილი ყველა მისამართი რესპონდენტის ინფორმირებულობისათვის. კასატორი აღნიშნავს, რომ ადრესატის ინფორმირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს კორესპონდენციის ადრესატის ოჯახის წევრისათვის ჩაბარება. შესაბამისად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო შეტყობინების რესპონდენტის დედისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება სხვა ტექნიკური საშუალებების სავალდებულოდ გამოყენების თაობაზე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ პირის სამოქალაქო უფლებების და ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდება მის ქმედუნარიანობას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არ შეუძლია სრულფასოვნად განახორციელოს აღნიშნული უფლებები და დაკისრებული ვალდებულებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლოს მიერ მოსარჩელის დედის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ფაქტი. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ იგი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაზღვრულ პერიოდში ვერ აცნობებდა ოჯახის წევრს გზავნილის ჩაბარების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 თებერვლის №..., 2022 წლის 14 აპრილის №... და 2022 წლის 18 აპრილის №... ბრძანებების კანონიერება. ხსენებული აქტებით გ. რ-ეს დაეკისრა მესამე პირების სასარგებლოდ თანხის გადახდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
სააღსრულებო წარმოების ერთ-ერთი ფორმაა გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც მოწესრიგებულია კანონის XVI1 თავით. ხსენებული ნორმატიული აქტის 915 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა შპს „მ...სა“ და შპს „გ...ს“ განცხადება, რომელთა მოთხოვნას წარმოადგენდა რესპონდენტის - გ. რ-ეისთვის სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება/თანხის დაკისრება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე ნორმის მე-2 პუნქტში მოცემულია შეტყობინებაში აუცილებლად მისათითებელი პირობები. აღნიშნული ნორმა ადგენს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ეკისრება რესპონდენტს (ვალდებულ პირს), რათა დავალიანების სადავოობის პირობებში თავიდან აიცილოს ამ წესით ბრძანების გამოცემა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. რ-ეისათვის შეტყობინების არაერთგზის გაგზავნის მიუხედავად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერის მიერ 2022 წლის 6 იანვარს, გ. რ-ეს, იურიდიულ მისამართზე (ქალაქი გორი, ..., კორპუსი №..., ბინა №...) გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. დადგენილია, რომ შეტყობინება 2022 წლის 28 იანვარს ზემოაღნიშნულ მისამართზე ჩაიბარა გ. რ-ეის დედამ - ც. გ-იმა. სააღსრულებო ბიურომ აღნიშნული მიიჩნია კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად, შესაბამისად, 2022 წლის 21 თებერვალს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №... ბრძანება, რომლითაც გ. რ-ეს შპს „გ...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 373.77 ლარის გადახდა. 2020 წლის 23 დეკემბერს გ. რ-ეს ამავე მისამართზე გაეგზავნა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომელიც 2022 წლის 29 მარტს კვლავ გ. რ-ეის დედამ ჩაიბარა, რის შედეგადაც, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 აპრილის დავალიანების გადახდევინების შესახებ №... ბრძანებით გ. რ-ეს შპს „მ...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 3480.94 ლარის გადახდა, ხოლო 2022 წლის 18 აპრილის №... ბრძანებით - შპს „მ...ს“ სასარგებლოდ 1936.64 ლარის გადახდა.
საყურადღებოა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2022 წლის 7 დეკემბრის კომისიური ფსიქიატრიული საკონსულტაციო დასკვნით ც. გ-ის დაბადებულს ... წლის ...ს, დაესვა დიაგნოზი ქრონიკული, პროგრესირებადი ფსიქიკური დაავადება - პრესენილური დემენცია /F03/ - (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია IDC მე-10 გადასინჯვა).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გზავნილის, შეტყობინების, წინადადების გადაწყვეტილების და სხვა დოკუმენტების სააღსრულებო წარმოების მხარეებისათვის ჩაბარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგულისხმოა, რომ სააღსრულებო წარმოების მასალებში მოვალის - გ. რ-ეის საკონტაქტო ინფორმაციაში ასევე მითითებულია მისი მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ხოლო იმ პირობებში, როდესაც ადრესატებისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, მას არ უცდია მიემართა გზავნილის ჩაბარების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა ხერხებისათვის. სააღსრულებო ორგანოს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა აღსრულებას დაქვემდებარებული დოკუმენტის სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო შეეცადა უშუალო კომუნიკაციის გზით რესპონდენტისათვის ეცნობებინა მიმდინარე წარმოების შესახებ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის იმ მოსაზრებას და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ გ. რ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს ქალაქ თბილისში, ხოლო შეტყობინებები გაგზავნილია მისი რეგისტრაციის მისამართზე - ქალაქ გორში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. მოსარჩელემ მოგვიანებით შეიტყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებების თაობაზე. შედეგად, რესპონდენტმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაუშვა ამავე შეტყობინებაში ასახული 10 დღიანი ვადა წარდგენილ განაცხადზე შედავების განსახორციელებლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებებს ადრესატი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ გაცნობია. რაც შეეხება რეგისტრაციის მისამართზე გზავნილის ჩაბარებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ გზავნილი ადრესატს სათანადო წესით არ გადაცემია, რამეთუ კომისიური ფსიქიატრიული საკონსულტაციო დასკვნით დასტურდება, რომ შეტყობინებების ჩამბარებელს - ც. გ-ის დადგენილი აქვს დემენცია, იგი ვერ აცნობიერებდა ჩაბარებული დოკუმენტის მნიშვნელობასა და შვილისათვის გზავნილის დროულად გადაუცემლობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიტითებას, რომ შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებულა, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ბრძანებების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 22.05.2023წ. №09127 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.05.2023წ. №09127 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე