საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-921(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჟ. ქ-ე
მესამე პირი - საქართველოს მთავრობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 2 მარტს ე. მ-ემ და ჟ. ქ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქმის განხილვისას დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელედ დასახელდა მხოლოდ ჟ. ქ-ე. მოსარჩელემ მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03/3306 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ჟ. ქ-ეის, როგორც სტიქიით დაზარალებულის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება.
მოსარჩელე ჟ. ქ-ეის განმარტებით, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით (ოქმი №14) ნება დაერთო კონკრეტულ პირებს, მათ შორის, მოსარჩელის ოჯახს, ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის ...ის ...ში. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით სოფელ ...ში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასახელებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩამოსახლებულ ოჯახთა ნაწილი დააკმაყოფილა საცხოვრებელი ბინებით, ხოლო ნაწილს გადაეცა კომპენსაცია ფულადი დახმარების სახით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03/3306 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ჟ. ქ-ეის, როგორც სტიქიით დაზარალებულის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ჟ. ქ-ეის ოჯახი სულ 41 ოჯახთან ერთად შეყვანილი იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით, მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის გამოეძებნა საჭირო თანხა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ჟ. ქ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ითხოვა განკარგულების გამოცემა, რომლის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელე ჟ. ქ-ეის განცხადება, 2021 წლის 23 თებერვალს განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლის 2021 წლის 1 მარტის №03/3306 აქტის თანახმად, სააგენტომ განიხილა ზემოაღნიშნული მიმართვა, განმარტა, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამათგან, გარკვეულმა ოჯახებმა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით. ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ნოემბრის №2271 განკარგულების შესაბამისად, დღესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ორი ოჯახის განსახლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ჟ. ქ-ეის საკითხის გადაწყვეტის მიზნითაც არსებობდეს ანალოგიური სამართლებრივი საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, ხსენებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, კონკრეტული დაზარალებულის განცხადებების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი სახლის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში - კომისია). სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად იგი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით, კერძოდ, შეაფასოს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა, შეისწავლოს მათი საჭიროებები - წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთან, მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები.
საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს, მისი განცხადების საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 1 მარტის №03/3306 გადაწყვეტილებით განუმარტა, რომ განსახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ განიხილა უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი, ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სხვა ეკომიგრანტების მიმართ, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელთა შორის მოსარჩელე არ იყო. ამასთან, არ განუხილავს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უმსჯელია მოსარჩელისთვის, როგორც ეკომიგრანტისთვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხზე, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნას. მოპასუხის მითითება სამართლებრივი დოკუმენტის არარსებობაზე არის უგულებელყოფა იმ აქტების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოების მიერ 1989 წლიდან არის გამოცემული კონკრეტული, ეკომიგრანტად აღიარებული პირების მიმართ, რომლებიც უფლებამოსილ ორგანოს ავალებენ საკითხის გადაწყვეტას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული ვალდებულებისა, რაც მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აკისრია, არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც მას უნდა მიეღო მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03/3306 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურებულია, რომ ჟ. ქ-ეს, როგორც ეკომიგრანტს, 1989 წლის შემდეგ არ მიუღია ფულადი კომპენსაცია, ასევე არ გადასცემია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მითითებულ რაიონში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის სრულყოფილად შესწავლისას უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჟ. ქ-ეის მიმართ არ გაავრცელოს იმ გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული მიდგომა, რაც მიღებული აქვს 1989 წლის ხულოს რაიონში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მოსარჩელე ჟ. ქ-ეის განცხადება 2021 წლის 23 თებერვალს განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, როგორც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა მოპასუხედ დასახელებული - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სწორედ მას უნდა დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ჟ. ქ-ეის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოც.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჟ. ქ-ე არის აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირი და მისი ოჯახი ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით, შეყვანილ იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი აწესრიგებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, იგი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით, კერძოდ, შეაფასოს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეისწავლოს მათი საჭიროებები, მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 1 მარტის №03/3306 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ განსახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ განიხილა უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი, არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ შეუსწავლია რა შესაძლებლობები და განმცხადებლისათვის მისაღები ალტერნატივები არსებობდა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; ადმინისტრაციული ორგანო საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სხვა ეკომიგრანტების მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელთა შორის მოსარჩელე არ იყო. ამასთან, არ განუხილავს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უმსჯელია მოსარჩელისთვის, როგორც ეკომიგრანტისთვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხზე, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება სამართლებრივი დოკუმენტის არარსებობაზე არის უგულებელყოფა იმ აქტების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოების მიერ 1989 წლიდან არის გამოცემული კონკრეტული, ეკომიგრანტად აღიარებული პირების მიმართ; დასახელებული აქტები უფლებამოსილ ორგანოს ავალებენ საკითხის გადაწყვეტას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ განმცხადებლის მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ მიღებულია კომპენსირების გადაწყვეტილებები, მათ შორის, თვით ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ორი ოჯახის განსახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. ქ-ეის სარჩელი საფუძვლიანია, სახეზეა კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც იგი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კასატორი საკასაციო საჩივარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარის მიერ საქართველოს მთავრობაში წარდგენილი განცხადების ადრესატი იყო საქართველოს მთავრობა. მოსარჩელემ სწორედ მთავრობას მიმართა განკარგულების გამოცემის მოთხოვნით, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალებოდა მოსარჩელის ოჯახისათვის, როგორც სტიქიური დაზარალებულისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი სააგენტოს უნდა გადაეწყვიტა, რაც კასატორის მოსაზრებით, არამართებულია.
კასატორის მითითებით, მართალია, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბენეფიციარები არიან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად. ამდენად, კასატორის მითითებით, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების თანახმად, სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის გზით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
კასატორის განმარტებით, სადავო შემთხვევაში სასამართლოს მოპასუხე მხარედ უნდა განესაზღვრა მხოლოდ საქართველოს მთავრობა და ემსჯელა მოსარჩელის მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება) არ მიუმართავს სააგენტოსათვის განცხადებით. თავის მხრივ კი, სააგენტოსათვის არც სასამართლოს და არც საქართველოს მთავრობას კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავება არ დაუვალებია; არც თავად უმსჯელია მოსარჩელის განცხადებაში მითითებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა არამარტო მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებას და არ გაითვალისწინა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, არამედ სადავო განჩინების მიღებით, უარყო ზემდგომი ინსტანციების მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავს საქმეზე განმარტა (საქმე ბს-1002(2კ-19), 05.03.2020წ.), რომ მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა. აღნიშნულის შესაბამისად კი, გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულმა პირმა - საქართველოს მთავრობამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში უნდა განიხილოს მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მხარის მიერ წარდგენილ წერილზე სწორედ აღნიშნულ ორგანოს უნდა მოეხდინა რეაგირება და სააგენტო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა წარდგენილი განცხადება და საქართველოს მთავრობის ნაცვლად მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ შემთხვევაში კი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესის და ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოების შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დაცვით არ მომხდარა საკითხის განხილვა“. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის კომპეტენციას და აღნიშნულზე დამოუკიდებლად სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ადმინისტრაციულ წარმოებას ვერ ჩაატარებდა და საკითხს ვერ გადაწყვეტდა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე, როგორც სტიქიით დაზარალებული, ვერ უთითებს ვერცერთ ნორმატიულ აქტსა თუ დებულებაზე, რომელიც სააგენტოს დაავალდებულებდა გაეცა როგორც კომპენსაცია, ასევე შეესწავლა საქართველოს მთავრობისათვის მიმართულ განცხადებაში დასმული საკითხი.
კასატორი 1990-იანი წლების მთავრობის დადგენილებებსა და პრეზიდენტის ბრძანებულებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახი დაკმაყოფილდა არა სააგენტოს, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საგამონაკლისო წესით, სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სადავო პერიოდში სამინისტრო და დღეის მდგომარეობით სააგენტო, მოცემულ სამართალურთიერთობაში, არ წარმოადგენდა და ვერც იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ვინაიდან 1990-იან წლებში გამოცემული აქტებით ამ აქტების აღსასრულებლად განსაზღვრულია სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. ზემოხსენებული 49 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა და ასევე მათი სხვაგვარად დახმარება წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, კონკრეტულ სამართალურთიერთობაში, კონკრეტული შეთანხმების ფარგლებში.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს 1989 წლიდან სხვა დაზარალებულების მსგავსად, განსახილველ შემთხვევამდე არ მიუმართავს არც საქართველოს მთავრობისთვის, არც სასამართლოსათვის და არც სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით, ნებისმიერი ფორმულირებით დაყენებული მოთხოვნა ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს - ექვს წელს. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეებმა 1989 წლის 18 აგვისტოს ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სასამართლოს მიმართეს 2021 წელს, აქედან გამომდინარე, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და არ გაითვალისწინა და გვერდი აუარა ხანდაზმულობის საკითხს.
კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე არასწორად მიიჩნია დაზარალებულად ხულოს დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით დაზარალებულ 41 ოჯახთან ერთად, ვინაიდან ხსენებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ადამიანების იდენტიფიცირება ვერ ხდება მათი პირადი ნომრების მიუთითებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ჟ. ქ-ეის ოჯახი, 41 ოჯახთან ერთად შეყვანილი იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის გამოეძებნა საჭირო თანხა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე 3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება დაევალა; საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნულ სასამართლო წარმოებაში ჟ. ქ-ეის ოჯახი მხარეს არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა სტიქიით დაზარალებული 49 პირის/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით მათი განსახლების უზრუნველყოფა, ამავე განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალათ საქართველოს მთავრობის წინაშე მომდევნო წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების გასათვალისწინებლად წინადადებების წარდგენა.
ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის განკარგულებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე 3ბ/453-12) აღსრულების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სტიქიით დაზარალებული 49 ეკომიგრანტი ოჯახის ნაწილის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ.
ჟ. ქ-ემ 2021 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა განკარგულების გამოცემა, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა, არსებული პრაქტიკის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მოსარჩელე ჟ. ქ-ეის განცხადება 2021 წლის 23 თებერვალს განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლის 2021 წლის 1 მარტის №03/3306 სადავო აქტის თანახმად, სააგენტომ განიხილა ზემოაღნიშნული მიმართვა, განმარტა, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში; ამათგან, გარკვეულმა ოჯახებმა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით; ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ნოემბრის №2271 განკარგულების შესაბამისად, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ორი ოჯახის განსახლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ჟ. ქ-ეის საკითხის გადაწყვეტის მიზნითაც არსებობდეს ანალოგიური სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მისი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულის სათანადო სოციალურ უზრუნველყოფას - საცხოვრებლით დაკმაყოფილებას (განსახლებას).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ეკომიგრანტები არიან პირები (ან პირთა ჯგუფი), რომლებიც გარემოში უეცარი ან თანდათანობითი ცვლილებების გამო, რაც გავლენას ახდენს მათ საცხოვრებელ პირობებზე, იძულებული არიან დროებით ან მუდმივად დატოვონ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღსანიშნავია, რომ ადგილნაცვალ პირთა - მიგრანტთა დაცვა და დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მოვალეობაა. ყველა მიგრანტ პირს აქვს სახელმწიფოსაგან დაცვისა და დახმარების მიღების უფლება. ეროვნული პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღოს შესაბამისი დახმარება და სათანადო მოპყრობა, დისკრიმინაციის გარეშე და იძულებითი გადაადგილების გამომწვევი მიზეზის მიუხედავად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომელიც აწესრიგებს ეკომიგრანტთა განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ხსენებული წესით ჩამოყალიბდა ეკომიგრანტის დეფინიცია და განისაზღვრა პირთა წრე, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული სამართლებრივი სტატუსი; ასევე განისაზღვრა ეკომიგრანტი ოჯახების დაზარალების კატეგორია - პირველი კატეგორია მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად და არ ექვემდებარება აღდგენას. მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ, 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 და მე-3 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, ხოლო ეკომიგრანტ ოჯახად განიმარტა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2013 წელს ზემომითითებული №779 ბრძანების მიღებით განისაზღვრა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელი ეროვნული უწყება, სახელდობრ, წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). წესის (პროცედურის) მე-2 მუხლი არეგულირებს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურას - ხსენებული მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტების თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, შესაბამის მუნიციპალიტეტს გაუგზავნოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები. მუნიციპალიტეტი, საცხოვრებელი სახლის დაზიანების გათვალისწინებით, შევსებულ, სათანადოდ დამოწმებულ და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ფორმას წარუდგენს დეპარტამენტს. ამ მუხლის მე-11, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ კომისია განსაზღვრავს იმ განაცხადების რაოდენობას, რომელიც დეპარტამენტის და/ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს მიერ გადამოწმებული უნდა იქნეს ადგილზე (2.15 მუხ.) კომისია ახორციელებს, გამსვლელი ქულის მქონე განაცხადებიდან შერჩევითი წესით და დეპარტამენტიდან ან/და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, თუ განაცხადის დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან/და მის საკარმიდამო ნაკვეთში არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება მინიჭებულ დაზიანების კატეგორიას, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ფოტომასალითა და მონიტორინგის ოქმით) განაცხადების გადაგზავნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის გეოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით (2.18 მუხ).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას კიდევ ერთხელ გაამახვილებს ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჟ. ქ-ეის ოჯახი განისაზღვრა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში და ამასთან, განისაზღვრა დაზარალებულთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად კონკრეტული მისამართი (გარდაბნის რაიონის ...ის ...)/მიწის ნაკვეთი, სადაც მიგრანტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰა მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე ბრძანებულებით გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხის გამოძებნა აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის. ამრიგად, მოსარჩელის ოჯახის მიმართ უნდა გატარებულიყო ეკომიგრანტთა მიმართ გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებები. თუმცა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზემოხსენებული ბრძანებულება არ აღსრულებულა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პირველი ნორმატიული აქტი, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა პრობლემის გადასაჭრელად გამოიცა, იყო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №67 ბრძანებულებით დამტკიცებული „1987 წლის შემდგომ პერიოდში დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა (1998–2005 წწ.)“. აღნიშნული ბრძანებულებით შეიქმნა პროგრამის რეალიზაციის სახელმწიფო კომისია. ბრძანებულება მიზნად ისახავდა ეკომიგრანტთა იმ დროისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას და ხარვეზების აღმოფხვრას. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №67 ბრძანებულება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №720 ბრძანებულებით. კიდევ ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც მიგრაციის პროცესის მოწესრიგებასა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას ისახავდა მიზნად, „აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან წალკის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ეკოლოგიური მიგრაციის პროცესის მარეგულირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №40 განკარგულება იყო. ხსენებულ განკარგულებას ქმედითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, ხოლო კომისიამ ისე შეწყვიტა ფუნქციონირება, რომ განკარგულებით გათვალისწინებული შედეგისთვის არ მიუღწევია. 2004 წლის 3 ივნისის №40 განკარგულება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №842 განკარგულებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებითა და შემდგომში, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მოსარჩელის ოჯახს გამოეყო კონკრეტული ადგილი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, თუმცა სახელმწიფოს მიერ აღებული ეს ვალდებულება არ შესრულებულა. ამრიგად, მოსარჩელე მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული აქტებით მინიჭებული უფლების რეალიზაციას. შესაბამისად, მოსარჩელეს ამ პერიოდში სადავოდ არ გაუხდია აქტებით მოპოვებული უფლების აღსრულების სახელმწიფოსათვის დავალება, რამდენადაც მას კანონიერი მოლოდინი ჰქონდა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა მის დაკმაყოფილებას საცხოვრებელი სახლით პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით გათვალისწინებულ კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის მე-4 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს (მუხ. 15.1). სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით (მუხ. 16.1).
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №535 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის დებულება და სტრუქტურა. დებულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოს, რომელიც შეიქმნა საგანგებო სიტუაციებით, მათ შორის, სტიქიური უბედურებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების დროს მიგრანტთა, ასევე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უფლებათა დაცვის მიზნით. დებულების თანახმად, კომიტეტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესების რეგულირება და მიგრანტთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საგანგებო სიტუაციების, მათ შორის, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულებით საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ძალადაკარგულად ჩაითვალა მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №535 დადგენილება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის №467 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამინისტრო წარმოადგენდა სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. აღნიშნული დებულებით სამინისტროს ამოცანას ასევე წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციებით, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დადებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზაცია, ადაპტაცია-ინტეგრაციის პირობების შექმნა და სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა, ხოლო დებულების 3.1 პუნქტით, სამინისტროს ფუნქციას წარმოადგენდა თავისი ძირითადი ამოცანების ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებისა და პროექტების წარდგენა და ასევე მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის №467 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულება და დამტკიცდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულება, სადაც მიეთითა, რომ სამინისტრო წარმოადგენს სამთავრობო დაწესებულებას, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. დებულების თანახმად, სამინისტრო ხელმძღვანელობს სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროს, პასუხს აგებს მინდობილი დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და დასახულ სხვა ამოცანათა გადაწყვეტის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავდა სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებდა მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომელიც აწესრიგებს ეკომიგრანტთა განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, არ ითვალისწინებს ბენეფიციარისათვის კონკრეტულ ადგილას სახლის აშენებას, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტის №750 ბრძანებულება არეგულირებდა, არამედ №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ითვალისწინებს სააგენტოს ან ეკომიგრანტის მიერ მოძიებული სახლის მხოლოდ შესყიდვას. №779 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 1 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევას. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა და, შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ სახლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი სახლის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა, კომისიის გადაწყვეტილებით ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული წესის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 6 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელი სახლის შერჩევას (მუხ. 4.2); კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას (მუხ. 4.3); ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ სახლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი სახლის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა, კომისიის გადაწყვეტილებით, ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ (მუხ. 4.4); ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე (მუხ. 4.6).
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო კასატორის საყურადღებოდ განმარტავს, რომ აღნიშნულ დავაში საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რამეთუ სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისგან, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.
ამდენად, მართებულია მთავრობის გადაწყვეტილება ჟ. ქ-ეის წერილის სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე მასზე შემდგომი რეაგირების მიზნით. ამასთან, საკასაციო სასამართლო სააგენტოს პოზიციასთან მიმართებაში აღნიშნავს, მართალია, ჟ. ქ-ეის, როგორც ეკომიგრანტის, განსახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით არ მიმდინარეობდა სასამართლო დავა (როგორც ეს დანარჩენი 49 მოსარჩელის შემთხვევაში მოხდა), თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ქმნის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, სოციალური უფლებების დაცვასა და განხორციელების უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობას, ასევე განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე