საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1025(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. თ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 1 დეკემბერს ვ. თ-იმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... (...) საკადასტრო კოდით მონიშნული 704 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ვ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის დავალდებულება.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა გაურკვეველი მიზეზით მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არ არის მოედანი, ქუჩის მონაკვეთი, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, პარკი, სკვერი ან ხეივანი, სადავო გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და უკანონოა. მოსარჩელის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რითაც უხეშად ირღვევა მისი ინტერესი.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... (...) საკადასტრო კოდით მონიშნული 704 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც თვითნებურად დაუფლებული ნაკვეთის, ვ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე მითითებით განმარტა, რომ სარეგისტრაციო ბლოკის უმეტესი ნაწილი განკერძოებულია. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთები გაცემულია საკუთრებაში მიწის რეფორმის შედეგად. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 4 ივლისის ოქმით, რომლის თანახმად, ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები, ნაკვეთს ფლობს ვ. თ-ი, ნაკვეთი ნაწილობრივ მოქცეულია მყარ საზღვრებში, არ დგას შენობა-ნაგებობა, არ არის დამუშავებული. ამასთან, ფლობის ფაქტს ეთანხმებიან იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე/მფლობელი. ხსენებულ არეალში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება არაერთ მესაკუთრეს აქვს რეგისტრირებული და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი იყო რეგისტრაციის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტომ საკითხი განიხილა თვითნებურად დაკავებული წესით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ფარგლებში. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მიწები განიკარგა სარეფორმო პერიოდში. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა დაუსაბუთებელია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული სამართლებრივი რეგულირების პირობებში; სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საკასაციო ინსტანციაში ასევე წარმოდგენილ იქნა ვ. თ-ის საკასაციო შესაგებელი, რომლითაც მხარემ მოითხოვა სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისთვის მის მიერ გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის სრულად დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ. თ-ის სახელზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში №... და №... საკადასტრო კოდებით საკუთრების უფლებით ირიცხება 1869 კვ.მ და 1054 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რაც მას მიღებული აქვს მიწის რეფორმის შედეგად.
ასევე დადგენილია, რომ ვ. თ-იმა 2022 წლის 2 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 704 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ ფართზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები, არ დგას შენობა-ნაგებობა, არ არის დამუშავებული, ნაკვეთს ფლობს ვ. თ-ი, ნაკვეთი ნაწილობრივ მოქცეულია მყარ საზღვრებში. ფლობის ფაქტს ეთანხმებიან იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე/მფლობელი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 სექტემბრის მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი არ გაცემულა მიწის რეფორმის პერიოდში და იგი არ მდებარეობს სარეფორმო არეალში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ვ. თ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სადავო გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება; სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ვ. თ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ გაცემულა მიწის რეფორმის პერიოდში და არ მდებარეობს სარეფორმო არეალში. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ჟ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება (3.2 მუხ.). აღსანიშნავია, ამ ჩამონათვალში აკრძალვა მასზედ, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია თუ მიწის ნაკვეთი არ გაცემულა მიწის რეფორმის პერიოდში და არ მდებარეობს სარეფორმო არეალში, გათვალისწინებული არ არის. კანონით გათვალისწინებული აღნიშნული აკრძალვები სრულად არის ასახული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში“, რომლის 378 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამატებით განისაზღვრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის ერთ-ერთი საფუძველი, კერძოდ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ ნაკვეთებს; მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა მიწის ნაკვეთები და სხვ.).
ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით თვითნებურად დაკავებულ ისეთი მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ გაცემულა მიწის რეფორმის პერიოდში და არ მდებარეობს სარეფორმო არეალში, საკუთრების უფლების აღიარება აკრძალული არ არის, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378 მუხლის პირველი პუნქტით „დ“ ქვეპუნქტით ამგვარ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული კანონი არეგულირებს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების მატერიალურ საფუძვლებს, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის, სისტემური და სპორადული რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წარმოებისას სანოტარო მედიაციის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული იერარქიული მიდგომის დანაწესიდან გამომდინარე, კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან მიმართებაში. ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში კი, განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში თუნდაც დადასტურდეს, რომ ვ. თ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის გაცემული მიწის რეფორმის პერიოდში და არ მდებარეობს სარეფორმო არეალში, აღნიშნული არ ქმნის ამ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საფუძველს, რამდენადაც ამგვარი აკრძალვა დასახელებული კანონით დაწესებული არ არის.
საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებაში „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებული არ არის, არამედ უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამავე ინსტრუქციის 378 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ, სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება. სადავო გადაწყვეტილებაში კი, მითითებული არ არის, რა საკანონმდებლო შეზღუდვა იყო დაწესებული მიწის ნაკვეთზე ან რა ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდებოდა ისეთი გარემოება, რაც სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაუშვებელს ხდიდა საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო სასამართლო გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 სექტემბრის მიმართვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სააგენტომ იმ შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, როცა სააგენტოში არ არის დაცული შესაბამისი ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავად სააგენტოს მიერ არის კონკრეტულ სარეგისტრაციო ბლოკში სარეგისტრაციო წარმოებები ჩატარებული, ბლოკის უმეტესი ნაწილი განკერძოებულია, რაც ასევე ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის ცნობით არ უნდა ეხელმძღვანელა მარეგისტრირებელ ორგანოს. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ნაკვეთების ერთობლიობის (ბლოკის) რუკითა და საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთები გაცემულია საკუთრებაში მიწის რეფორმის შედეგად. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი გამორიცხავს მიწის ნაკვეთების აღიარებას იმ სარეგისტრაციო ბლოკში, რომელიც არ განკერძოებულა. კანონმდებელი ადგენს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა რჩებოდეს მთელი ბლოკი. ამ ნორმის მიზანია, გაერთიანებული ბლოკი დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას ჰყავს თვითნებურად დამკავებელი, არ დანაწევრდეს ერთიან სარეგისტრაციო ბლოკში არსებული მიწის ფართი. ამგვარი გარემოება კი, სადავო შემთხვევაში, სახეზე არ არის.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილებას, რომლითაც ვ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი არ გაცემულა მიწის რეფორმის პერიოდში და არ მდებარეობდა სარეფორმო არეალში, დამატებით მიეთითა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს არც საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, არც დასასვენებელ ადგილს თუ დენდროლოგიურ პარკსა და ბოტანიკურ ბაღს, ხოლო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ გაცემულა მიწის რეფორმის პერიოდში და არ მდებარეობს სარეფორმო არეალში, არ იძლევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება საკასაციო შესაგებელში დაყენებულ შუამდგომლობას, რომლითაც ვ. თ-იმა მოითხოვა სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისთვის მის მიერ გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 29 იანვრის მომსახურების ხელშეკრულება და სს „ს...ის“ მიერ გაცემული ქვითარი, რომლითაც დგინდება, რომ საადვოკატო მომსახურების სახით, მოსარჩელის მიერ 2024 წლის 31 იანვარს გადახდილია 1000 (ათასი) ლარი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების შესახებ ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვ. თ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 17.10.2023წ. №47542 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.10.2023წ. №47542 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე