Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-30(კ-24) 24 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ზ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ზ-იმა 2019 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 3 082 ლარისა და 02 თეთრის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ზ-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში ხელზე გასაცემი ხელფასის - 1374 ლარისა და 34 თეთრის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლით. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამახვილებული ყურადღება მ. ზ-ის მიერ მოპასუხისათვის მიმართვის თარიღზე. პაალტამ დადგენილად მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში მ. ზ-იმა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 19 მარტის N MOD 7 19 00274514 წერილი დავალიანების დადასტურების შესახებ, რომლითაც განემარტა სასამართლოსათვის მომართვის უფლების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, მ. ზ-იმა 2019 წლის 10 მაისს, ახალი კანონის ამოქმედებიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით, სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით 1374.34 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორის მითითებით, 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალაში შევიდა 2017 წლის 01 ივლისს) ამოქმედებამდე, 1998- 2000 წლებში წარმოქმნილი დავალიანების მარეგულირებელ ნორმებს შეიცავდა „საჯარო სამსახურის შესახებ" 1997 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს კანონის 1341 მუხლი, რომლის თანახმად 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმა გაუქმდა 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლით 2017 წლის 1 ივლისიდან, აღნიშნული კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს მოწესრიგებას. კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელემ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების (სახელფასო დავალიანების ანაზღაურება) მოთხოვნის უფლების რეალიზაცია მოახდინა 2019 წლის 22 თებერვალს, რაზეც, კასატორის მოსაზრებით უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების დაკისრების საფუძვლების არსებობა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ზ-ის არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 მარტის ცნობის თანახმად, მ. ზ-ის მიმართ 1998-2000 წლებში დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, კვება, პრემია, დახმარება) შეადგენს 2541.13 ლარს, მათ შორის კვების კომპენსაცია - 974.49 ლარს, მატერიალური დახმარება - 192.30 ლარს.

მ. ზ-იმა 2019 წლის 22 თებერვალს №184698 განცხადებით, დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის 2019 წლის 19 მარტის №MOD 7 19 00274514 წერილით მ. ზ-ის ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის მოთხოვნა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37 მუხ. 1-ლი პუნქტ., „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 57 მუხ. მე-2 პუნქტ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რამაც წარმოშვა მ. ზ-ის მოთხოვნის უფლება მიუღებელი დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერების საფუძველს კასატორი უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ზოგადი ვადები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის მე-2 თავით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხანდაზმულობის სპეციალური ვადების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე შეთანხმება არ შეიძლება შეადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების შეთანხმების საგანს, ხანდაზმულობის სპეციალური ვადა და კონკრეტულ მოთხოვნებზე მისი გავრცელების გამორიცხვა მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განხორციელდეს (სუსგ 2020 წლის 26 მარტის საქმე Nბს-1110(კ-18)). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა უფლება, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მოეთხოვათ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. თუმცა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ანალოგიური შინაარსის შემცველ დანაწესს არ ითვალისწინებს (სუსგ 2019 წლის 12 სექტემბრის საქმე N1104(კ-18)).

1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1341 მუხლის განმტკიცებით, ანუ სამართლებრივი აქტით მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების უფლების მოწესრიგებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეძლებდნენ გათავისუფლებამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების მიღებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა (სუსგ 2019 წლის 12 სექტემბრის საქმე N1104(კ-18)).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2019 წლის 10 მაისს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე