Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1174(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე - ს. კ-ი

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 1 აგვისტოს ს. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მარნეულის რაიონული პროკურატურის 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით იგი პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მარნეულის მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში.

მოსარჩელის განმარტებით, იგი უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში 2014 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 29 ივნისამდე, ანუ 7 თვე და 9 დღე. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში იგი იყო ჩაკეტილი, ვერ ურთიერთობდა მშობლებთან, ნერვიულობდა ავადმყოფ დედაზე, რის გამოც გადაიტან სტრესი, რაც უარყოფითად აისახა მის ჯანმრთელობაზე. იგი დაპატიმრებამდე მუშაობდა სხვადასხვა ადგილას და თვეში ჰქონდა შემოსავალი 2000 ლარი, რითაც არჩენდა ოჯახს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი, როგორც რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 20 000 ლარისა და მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის, სულ 50 000 ლარის ოდენობით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე ს. კ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირისათვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის - 7000 ლარის და მორალური ზიანის - 7000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე ს. კ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირისათვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის 7000 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე ს. კ-ის სასარგებლოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის 3500 ლარის ოდენობით ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები ს. კ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა; ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - რეაბილიტაციას. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს; სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულს განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, არამედ ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან; შესაბამისად მოსარჩელე არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად განსაზღვრა მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებელ გონივრულ ოდენობად-7000 ლარი.

რაც შეეხება მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 7 000 ლარის ანაზღაურების დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე და ასევე 411-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი კი, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ ზიანი მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. კ-ის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია თავისუფლების აღკვეთამდე მისი შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც ვერ წარადგინა შრომითი საქმიანობის და შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით ე.ი თვეში საშუალოდ 1000 ლარი და განმარტა, რომ მოსარჩელეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შემთხვევაში აუცილებლად მოუწევდა საარსებო წყაროს მოძიება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას ჰყავს ოჯახი - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, მაგრამ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტული ყოველთვიური შემოსავლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის პირობებში მისთვის თვეში 1 000 ლარის ანაზღაურება არამართებულია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის სხდომაზე ს. კ-ის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელეს სხვადასხვა პირებთან ფიზიკურად რომ ემუშავა, იგი დღიურად საშუალოდ 30-40 ლარს მაინც აიღებდა და ს. კ-ის თავისუფლების აღკვეთის პერიოდის ხანგრძლივობის (7 თვე და 9 დღე) მხედველობაში მიღებით გენერალურ პროკურატურას დააკისრა ს. კ-ისათვის 3 500 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მსგავს საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 7 000 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა მატერიალური ზიანის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ს. კ-ის სასარგებლოდ 3500 ლარის დაკისრებას და განმარტა, რომ სასამართლომ მატერიალური ზიანის ანაზღაურება ისე დააკისრა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე (პატიმრობის პერიოდისათვის) ს. კ-ის მუშაობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის (პატიმრობის გამო) შემოსავლების მიუღებლობის თაობაზე მტკიცებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

დამატებით აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

დადგენილია, რომ ს. კ-ის 2014 წლის 21 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისათვის.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე ს. კ-ის შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და მისი პატიმრობის ვადის ათვლის თარიღად განისაზღვრა მისი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 20 ნოემბრიდან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით მოსარჩელე ს. კ-ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამავე განაჩენით ს. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამასთან, აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 აპრილის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა ს. კ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

აღსანიშნავია, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. კ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 7 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მითითებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და აქვს ფართო მიხედულების ფარგლები. ხოლო სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად და იქცეს ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ოდენობით თანხის ანაზღაურების დასასაბუთებელ არგუმენტად.

რაც შეეხება კასატორის განმარტებას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის მიუღებელი შემოსავალი, რომლის ანაზღაურებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იყო მისი მიღება მოსალოდნელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ ქონებრივ ნამეტს, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის. სავარაუდოა შემოსავალი, რომლის მიღებაც მოსალოდნელი იყო (სუსგ №ბს-1031(კ-20), 21.06.2021წ.; №ას-154-2021, 01.04.2022წ.). მართალია, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, თუმცა მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის დადგომის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების და მტკიცებულების შეფასებიდან, რომელიც ქმნის მისი წარმოშობის მტკიცების მაღალ ალბათობას. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შემთხვევაში მოიძიებდა საარსებო წყაროს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას ჰყავს ოჯახი - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ს. კ-ის თავისუფლების აღკვეთის პერიოდის ხანგრძლივობის (7 თვე და 9 დღე) მხედველობაში მიღებით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის 3 500 ლარის დაკისრების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე