ბს-25 (კ-22) 29 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ 11.06.2020წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის შპს " ...ოს" მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 416.13 (ოთხას თექვსმეტი ლარი და ცამეთი თეთრი) ლარის ანაზღაურების სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს "...ოს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 416.13 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "...ოს" მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2021წ. გადაწყვეტილებით შპს "...ოს" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 13.03.2018წ. შპს ,,...ოსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის დაიდო N146 ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელი უზრუნველყოფდა დანაშაულის აღკვეთას შპს ,,...ოს’’ ობიექტში, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით (1.1 მუხლი). ამავე ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, შემსრულებელს ევალებოდა ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან მყისიერად, არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა, ობიექტზე გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთა-აცილება. ხელშეკრულების 4.1 მუხლი ითვალისწინებდა მხარეების გათავისუფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებლისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევების დროს, რომლის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 13.03.2018წ. N146 ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შემსრულებელი უწევდა მომსახურებას, ხოლო დამკვეთი - შპს ,,...“ იხდიდა მიღებული მომსახურების ყოველთვიურ გადასახადს 150 ლარის ოდენობით. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 25.05.2020წ. MIA 3 20 01122497 ბრძანების საფუძველზე შეწყდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი- გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს ,,...ოს“ შორის 13.03.2018წ. დადებული N146 ხელშეკრულების მოქმედება. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 04.06.2020წ. MIA 42001215189 ცნობით შპს ,,...ოს“ დებიტორულმა დავალიანებამ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ შეადგინა 416.13 ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტი მხარის - შპს ,,...ოს“ წარმომადგენელმა ზ.ნ-ემ განმარტა, რომ შპს ,,...ოს“ შენობა ფუნქციონირებს 2014 წლიდან, ... ...თან დადებული ხელშეკრულების თანახმად ვალდებული იყო მოეწყო სპეციალიზირებული სალარო აპარატები, რომლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო ე.წ. საგანგაშო ღილაკის მოწყობა იმ სართულზე, სადაც სალარო აპარატები იქნებოდა განთავსებული. ამდენად, ღილაკი მოეწყო მხოლოდ სალაროების განთავსების ადგილას - მე-3 სართულზე. აპელანტმა განმარტა, რომ მესამე სართულზე მყოფ კომპანიის დაცვის თანამშრომელს ან მოლარე ოპერატორს ჰქონდა უფლებამოსილება ღილაკზე ხელის დაჭერით ჩაერთო საგანგაშო სიგნალი. ამდენად, ღილაკი ავტომატურად არ ირთვებოდა და საჭირო იყო ადამიანური რესურსი, ღილაკის მოქმედებაში მოყვანა შეეძლო მხოლოდ ...ის პერსონალს ხელის დაჭერით. აპელანტის მითითებით, პანდემიიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შპს ,,...ოს“ შენობა დაიკეტა და შენობის დაცვას ახორციელებდა შპს ,,...ოს“ დაცვის სამსახური. ამდენად, არც სხვა სართულებზე და არც მე-3 სართულზე არ იმყოფებოდნენ ადამიანები, არ ფუნქციონირებდა ..., შესაბამისად, აზრი დაკარგა საგანგაშო სიგნალის არსებობამ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 21.03.2020წ. N1 დეკრეტის და საქართველოს მთავრობის 23.03.2020წ. N181 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების ფარგლებში შპს "...ომ" 2020 წლის 20 მარტიდან შეაჩერა ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა და შენობა დაკეტა. საქმიანობა აღდგა მხოლოდ 01.06.2020წ.. ამდენად, შპს ,,...ოს’’ დაცვის პოლიციისგან სადაო პერიოდში (20.03.2020 წლიდან - 01.06.2020 წლამდე) არ მიუღია N146 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება და არ გადაუხდია მომსახურების ღირებულება, რაც გამოწვეული იყო საგანგებო მდგომარეობით. პალატამ მიუთითა 13.03.2018წ. N146 ხელშეკრულების 4.1. მუხლზე, რომელშიც გაწერილია მხარეთა უფლება-მოვალეობები ფორს-მაჟორის დროს, მუხლის მიხედვით მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისაგან ფორს-მაჟორის შემთხვევის გამო. სააპელაციო პალატის მითითებით ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში დაწესდა COVID-19 -ით შექმნილი პანდემიის და მისგან გამომდინარე გარემოებების გამო შეიძლება შეფასდეს ფორსმაჟორად (დაუძლეველი ძალად) და გახდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, 2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 01 ივნისამდე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე გავლენა იქონია ფორს-მაჟორულმა მდგომარეობამ, კერძოდ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო 2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში ვერ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, რამდენადაც მასთან შეტყობინება საგანაგაშო სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით არ გადაიცემოდა, ხოლო შპს ,,...“ საკუთარი ძალებით ახორციელებდა დაკეტილი ობიექტის დაცვას 24 საათიან რეჟიმში, არ იღებდა შემსრულებლისგან მომსახურებას და შესაბამისად არ წარმოეშობა ამ პერიოდში მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდის ვალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულება მოპასუხე მხარემ დაარღვია, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოშობა. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ საგანგაშო სიგნალიზაციის ღილაკზე წვდომა გააჩნდა კომპანიიის დაცვის თანამშრომლებს ან მოლარე ოპერატორს. საქმეში დაცულია შპს "...ოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლ.ჩ-ის მიერ 30.06.2020წ. გაცემულია ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო მოპასუხე შენობის დაცვას 24 საათიან რეჟიმში 2020 წლის 01 ივნისამდე საკუთარი დაცვის სამსახურით ახორციელებდა. ამდენად, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული დასკვა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს სადავო პერიოდში არ მიუღია N146 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურება. კასატორის მითითებით, დასაცავ ობიექტზე საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, დაცვის თანამშრომელს შეეძლო საგანგაშო სიგნალიზაციის ღილაკით სარგებლობა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაძლებლად ჩათვალა პანდემიიდან გამომდინარე გარემოებების ფორს-მაჟორად მიჩნევა და შესაბამისად სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. კასატორის მითითებით მოპასუხე მხარის მიერ სპეციფიკური ვალდებულება არ ყოფილა შესასრულებელი, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად მას უნდა გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური. კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სასკ-ის 34.3 მუხლის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ მოცემული საქმე მოიცავს ადმინისტრაციულ სახლეშეკრულებო ურთიერთობებში კოვიდ-19-ით გამოწვეული მდგომარეობის ფორს-მაჟორად მიჩნევის სამართლებრივ პრობლემებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს "...ოს" შორის 13.03.2018წ. გაფორმდა N146 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველეყო მოპასუხის ობიექტის (მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N14) დაცვა საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით. დამკვეთს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა მომსახურების ღირებულება 150 ლარის ოდენობით. შპს "...ოს" მიერ დაცვის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 25.05.2020წ. MIA 3 20 01122497 ბრძანების საფუძველზე, შეწყდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი- გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,...ოს“ შორის 13.03.2018წ. დადებული N146 ხელშეკრულების მოქმედება. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 04.06.2020წ. MIA 42001215189 ცნობით შპს ,,...ოს“ დებიტორულმა დავალიანებამ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ შეადგინა 416.13 ლარი. საქმეში დაცულია შპს "...ოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.06.2020წ. ცნობის თანახმად 2020 წლის 20 მარტიდან, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, შპს "...ოს" შენობაში ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა იყო შეწყვეტილი, ხოლო შენობა იყო დაკეტილი. 2020 წლის 01 ივნისიდან შენობაში აღდგა სხვადასხვა სახის ეკონომიკური საქმიანობა. ამავე ცნობის მიხედვით 2020 წლის 21 მარტიდან 01 ივნისამდე შენობის დაცვას ახორციელებდა შპს "...ოს" დაცვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ... და შესაბამისად საგანგაშო სიგნალიზაციის ღილაკი მოწყობილი იყო შპს "...ოს" შენობის მესამე სართულზე. საქმის მასალებით დგინდება ასევე, რომ ღილაკთან წვდომა გააჩნდა კომპანიის დაცვის თანამშრომლებს და მოლარე-ოპერატორებს. ღილაკის ჩართვის გარეშე დაცვის პოლიციისათვის შეტყობინება ვერ გაიგზავნებოდა, შესაბამისად, შემსრულებლის მხრიდან ხელშეკურლებით ნაკისრი მომსახურების ვალდებულება (დანაშაულის აღკვეთა) მხოლოდ სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით მისთვის შეტყობინების გადაცემის შემთხვევაში წარმოიშობოდა. აღსანიშნავია, რომ შპს "...ოს" შენობაში გარდა ...სა, განთავსებული იყო სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, რომელთა ფუნქციონირება (მათ შორის ...ის) სადავო პერიოდში, გავრცელებული კოვიდპანდემიის გამო საქართველოს პრეზიდენტის 21.03.2020წ. N1 დეკრეტით და საქართველოს მთავრობის 23.03.2020წ. N181 დადგენილებით დაწესებული რეგულაციების გამო, იყო შეზღუდული. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს "...ომ" 2020 წლის 20 მარტიდან ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა და შენობა იყო დაკეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფორს-მაჟორი არის დაუძლეველი ძალა, ანუ ისეთი გარემოება, რომლის თავიდან აცილება მხარეებისთვის შეუძლებელია. ასეთი მოვლენის არსებობისას მხარეები დასაშვებია შეთანხმდნენ როგორც ხელშეკრულების პირობების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებასა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, ასევე შესაძლებელია გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან მხარეების გათავისუფლება. ხელშეკრულებაში შესაძლებელია მხარეების მიერ განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები, ხოლო შეთანხმების არარსებობისას ფორს-მაჟორად განიხილება ისეთი ვითარება, რომლის დროსაც მოვალის მიერ შეუძლებელია სათანადო მოქმედებების განხორციელება ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის, შესაბამისად, ის წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალს (იხ. სუსგ 23.07.2009წ. Nას-30-367-09). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარემოების ფორს-მაჟორად მიჩნევისთვის აუცილებელია მხარემ დაასაბუთოს, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, ფორს-მაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი. მხოლოდ ის გარემოება, რომ პანდემიური მდგომარეობა არსებობდა არ გულისხმობს, რომ შესაბამისი მტკიცებულების, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის დადასტურების გარეშე ხელშეკრულების მხარე გათავისუფლდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ შპს "...ოს" შენობა სადავო პერიოდში იყო დაკეტილი, არ ფუნქციონირებდა, ამასთან, საგანგაშო სიგნალაზიის ღილაკის მოქმედებაში მოყვანას ადამიანური რესურსი ესაჭიროებოდა, ხოლო შპს "...ოს" დაცვის სამსახური მხოლოდ გარე პერიმეტრის დაცვას უზრუნველყოფდა, არსებობდა მხარეთა შორის 13.03.2018წ. დადებული ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2021წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა