Facebook Twitter

№ბს-1168(კ-23) 10 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ფ. მ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ. მ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2022 წლის 19 აგვისტოს №02-982223133 გადაწყვეტილება ფ. მ-ეის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღძრავს შუამდგომლობას „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ფ. მ-ეის ჩართვის თაობაზე.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2022 წლის 19 აგვისტოს №02-982223133 გადაწყვეტილება ფ. მ-ეის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღძრავს შუამდგომლობას „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ფ. მ-ეის ჩართვის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოსარჩელე ფ. მ-ეს დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ვ. მ-ეის მიერ 2021 წლის 21 სექტემბერს სს „ს...ში“ №... საგადახდო დავალებით, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: მიმღების ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი- TRSGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300733150. დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 6 თებერვლის №10 განკარგულების №2 დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც, ფ. მ-ეს უარი ეთქვა პროგრამაში ჩართვის მიზნით შუამდგომლობის აღძვრაზე. როდესაც ბენეფიციარი უწყვეტად არ არის რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მისი საკითხი უნდა განიხილოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების ფარგლებში შექმნილმა კომისიამ. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეს უფიქსირდება რეგისტრაციის წყვეტა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 6 თებერვლის №10 განკარგულების №2 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, მერია ვალდებულია საკითხის შესწავლის შემდგომ აღძრას შუამდგომლობა ან წარმოადგინოს წერილობითი უარი შუამდგომლობის აღძვრაზე. დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ მერიას არ ჰქონდა უფლება არ აღეძრა შუამდგომლობა. მერიის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში აღმოჩნდა, რომ ფ. მ-ეს ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციის წყვეტა, რაც შუამდგომლობის აღძვრაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ფ. მ-ეის ოჯახს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობდა მეუღლე, მ. მ-ესთან ერთად. 2003 წელს, სოფელ ...ში ჩამოწვა მეწყერი, რის შედეგადაც განადგურდა მათი ოჯახის სახლი და საოჯახო მეურნეობა; ბ) 2016 წლის 24 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ფ. და მ. მ-ეის საკარმიდამო ნაკვეთში განხორციელდა გეოლოგიური შესწავლა, რის საფუძველზეც მომზადდა გეოლოგიური დასკვნა. მასში მითითებულია, რომ სოფელ ...ში მდებარე მ. მ-ეის საკარმიდამო ტერიტორია წარმოადგენს 25-39 გრადუსის დახრილობის ფერდს. საკვლევი ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ვულკანოგენური წარმონაქმნებით, რომლებიც ზემოდან გადაფარულია მეოთხეული ასაკის დელოვიური თიხა თიხნარებით, რომლის სიმძლავრე ვიზუალურად არ ფიქსირდება. მორფოლოგიურად ტერიტორია წარმოადგენს ძველ მეწყრულ ფერდს, რომელიც განიცდის პერიოდულ აქტივაციას, განსაკუთრებით ჭარბწყლიანობის პერიოდში. აღნიშნული პროცესების ზემოქმედების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლი, ამჟამად ტერიტორიაზე ფიქსირდება შენობის საძირკვლის ფრაგმენტები, მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია. დაზიანების ხარისხი მიეკუთვნება პირველ კატეგორიას; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ეს უარი უთხრა საცხოვრებლის გადაცემაზე, იმის გამო, რომ მის ოჯახს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს წალკისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული სახლებით; დ) ფ. მ-ემ განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა და შუამდგომლობის აღძვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიამ, 2021 წლის 11 აგვისტოს №136 საოქმო გადაწყვეტილებით, ფ. მ-ეს უარი უთხრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრაზე. უარის მიზეზად დასახელებულია ის, რომ შვილს, ვ. მ-ეეს, საჯარო რეესტრის ამონაწერით (ს/კ ...) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში უფიქსირდებოდა უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი); ვ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2021 წლის 11 აგვისტოს №136 სხდომის ოქმი ნაწილობრივ, ფ. მ-ეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ შუამდგომლობის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ფ. მ-ეისათვის შუამდგომლობის აღძვრის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის თაობაზე; ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დავისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის 2022 წლის 19 აგვისტოს №02-982223133 აქტით ფ. მ-ეს განემარტა, რომ მისმა ოჯახმა ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია გაიარა 2016 წელს, ხოლო ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროში შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ. აღნიშნულის გამო, ვინაიდან საკითხი განიხილებოდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების ფარგლებში, საკითხის გასარკვევად მიზანშეწონილი იყო ხსენებული კომისიისთვის მიმართვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 იანვრის №15 განკარგულების №2 დანართით დამტკიცებულ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის წესს (1.1 მუხლი). აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, შესაბამისი მერიის შუამდგომლობის საფუძველზე; ამავე წესის მე-5 მუხლი არეგულირებს ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის პროცედურას. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მერია ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის მიზანშეწონილობაზე საკითხის შესწავლის მიზნით, გადაამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულთა მიერ ბაზაში შეტანილი პირველადი ინფორმაცია შეესაბამება რეალობას, სამინისტროს წინაშე გონივრულ ვადებში აღძრავს შუამდგომლობას ან წარმოადგენს არგუმენტირებულ უარს.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისია, მერიის შუამდგომლობის საფუძველზე. სწორედ ეს უკანასკნელი ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და პირველადი მონაცემების რეალობასთან შესაბამისობის შემთხვევაში სამინისტროს წინაშე აღძრავს შუამდგომლობას ან წარადგენს არგუმენტირებულ უარს შუამდგომლობის აღძვრაზე. შესაბამისად, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისია და სწორედ იგი ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი შესაბამის კრიტერიუმებს, მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებაში კი შედის მხოლოდ შუამდგლომლობის აღძვრის საკითხის განხილვა.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლი განსაზღვრავს მოსარგებლეთა წრეს, კერძოდ, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით შეუძლია ისარგებლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენით ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ფ. მ-ე ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მისი ოჯახი წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (ეკომიგრანტი). მას სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია და არ გააჩნია ალტერნატიული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც წარმოშობს მოპასუხე კომისიის ვალდებულებას ფ. მ-ეის ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამთავრობო კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოპასუხეს შინაარსობრივად არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია, სად ცხოვრობდა ფ. მ-ე, წარმოადგენდა თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებელს მისი შვილის ქონება, რომელიც ვ. მ-ეეს შემდგომში სხვა ოჯახის წევრზე გასხვისებული ჰქონდა. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე სწორედ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ფ. მ-ეისათვის შუამდგომლობის აღძვრის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი თავდაპირველად განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროში შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, არ გამორიცხავს ფ. მ-ეის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე