Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-351(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - ნ.მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, კერძო აღმასრულებელი მ.ს-ი

მესამე პირი - ი.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 12 ივნისს ნ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძო აღმასრულებლის მ.ს-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 ნოემბერს მას ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის - მ.ს-ის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ნ.მ-სა და თ.ჩ-ს კრედიტორის სასარგებლოდ გააჩნდათ შესასრულებელი ვალდებულება ჯამში 3755 ლარის ოდენობით და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის (ს/კ ... მიწის ნაკეთი მდებარე: ..., სოფელი ...) რეალიზაცია. 2020 წლის 27 მაისს კი მოსარჩელისთვის ელექტრონული პორტალის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ მისი უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით ჩანიშნული იყო იძულებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა 2020 წლის 25 მაისს და ქონების შემძენი გახდა ი.მ-ი.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ კერძო აღმასრულებელმა მ.ს-მა 2019 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე და მოითხოვა ნ.მ-ის კუთვნილ ქონებაზე იძულებითი აუქციონის ჩატარება, აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობად განისაზღვრა 3755 ლარი, ხოლო იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა - 2725 ლარი არ იქნა მითითებული, შესაბამისად, მოთხოვნა გასცდა იპოთეკის საგნით უზრუნველყოფის ფარგლებს, რაც იყო უკანონო.

მოსარჩელემ ნ.მ-ისათვის 3755 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში კერძო აღმასრულებლის მ.ს-ის ქმედებისა (დავალების) და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე (რომლითაც მოითხოვა ნ.მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე იძულებითი აუქციონი გაემართათ 3755 ლარზე) კერძო აღმასრულებლის მ.ს-ის ქმედების (მიმართვის) უკანონოდ ცნობა, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 9 ივნისის №A19196970-013/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით №3/3316-20 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ი.მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუს ე.შ-ს მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს, 2018 წლის 9 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კრედიტორ (იპოთეკარი) - შპს „ ...ოს“ სასარგებლოდ, მოვალე - თ.ჩ-ის და მესაკუთრე - ნ.მ-ის მიმართ გაიცა №191431172 სააღსრულებო ფურცელი. 2019 წლის 27 ნოემბერს კი, კრედიტორმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - მ.ს-ს და 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემული №191431172 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა.

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოვალეებს ნ.მ-სა (მესაკუთრე) და თ.ჩ-ს გაეგზავნათ 2019 წლის 27 ნოემბრის №A19196970-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობათ, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა - 3755 ლარი. აღნიშნული წინადადება 2019 წლის 29 ნოემბერს ადრესატს - ნ.მ-ს, ჩაბარდა პირადად. ამასთან, კერძო აღმასრულებელმა - მ.ს-მა 2019 წლის 27 ნოემბერს წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნოტარიუს ე.შ-ს მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემული №191431172 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და ნ.მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე - ..., სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთის დაზუსტებული ფართი - 8117 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ...) შპს „...ოს“ სასარგებლოდ დადებული ყადაღის რეგისტრაცია მოითხოვა, 2019 წლის 26 დეკემბერს კი სააღსრულებო ბიუროს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სააუქციონო მომსახურების გაწევის მოთხოვნით მიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 9 ივნისის №19196970-013/001 განკარგულებით მოვალე ნ.მ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ..., სოფელი ..., სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთის დაზუსტებული ფართი - 8117 კვ.მ, ს/კ ..., შემძენი 2020 წლის 25 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი.მ-ი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის - მ.ს-ის მხრიდან არ ჰქონია ადგილი უკანონო ქმედების ჩადენას, ვინაიდან იგი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვალდებული იყო დაეწყო სააღსრულებო წარმოება, დამოუკიდებლად განეხორციელებინა დასახელებული კანონით დადგენილი აუქციონის მოსამზადებელი პროცედურები (მოვალეებისათვის შეტყობინების გაგზავნა, მოვალის ქონების მოძიება, აღწერა-დაყადაღება, ქონების შეფასება და ა.შ.) და მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ ზედმიწევნით სრულყოფილად იქნა შესრულებული კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოვალეებს გაეგზავნათ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება, განემარტათ იძულებითი მოქმედებების შესახებ და რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ, თუმცა მათ მითითებულ ვადაში არ გადაუხდიათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და არც რაიმე განცხადებით მიუმართავთ სააღსრულებო ბიუროსათვის. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, არ შეიძლებოდა გამხდარიყო იმ დასკვნის გამოტანის საფუძველი, რომ სააღსრულებო წარმოება და აუქციონი არ იქნა ჩატარებული კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა მათი დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ კრედიტორს სააღსრულებო ფურცლის წარდგენა ნებისმიერ დროს შეუძლია, ამასთან მოვალის მიმართ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობაც ნებისმიერი შეიძლება იყოს, თუმცა მესაკუთრის მიმართ მოთხოვნა შეზღუდული იყო მხარეთა შორის 2018 წლის 9 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 პუნქტით, რომელიც თან ერთვოდა სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, კერძო აღმასრულებელ მ.ს-ს შეეძლო შესაბამისი თანხა მოეთხოვა მოვალისთვის, ხოლო მესაკუთრის მიმართ უნდა ეხელმძღვანელა დასახელებული მიდგომით და მისთვის 2725 ლარზე მეტის გადახდა არ უნდა მოეთხოვა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან დარღვეულ იქნა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მოთხოვნები. ბიურომ, ნაცვლად იმისა, რომ ლოტებად დაეყო იძულებით აუქციონზე გასატანი მიწის ნაკვეთი (რომელიც აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებულ იქნა 137 000 ლარად), 3755 ლარის ოდენობით მოთხოვნის აღსასრულებლად, გაცილებით დიდი ღირებულების უძრავი ნივთი გაიტანა საჯარო აუქციონზე. უძრავი ქონების ლოტებად დაყოფის ვალდებულების დასადასტურებლად კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე №ბს-3(კ-21).

ამასთან, კასატორმა ზემოაღნიშნულ წესზე მითითებით აღნიშნა, რომ პირველი მუხლი სწორედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაზე მიუთითებდა, როდესაც იძულებით აუქციონზე გასატანი ქონების განსაზღვრისას, საჭიროების შემთხვევაში, ქონების ლოტებად დაყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი კი, აღმასრულებელს ავალდებულებდა მიეღო ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის, ხოლო სააღსრულებო ბიუროს ავალდებულებდა გულისხმიერად მოქცეოდა მოვალეს და მის ქონებასაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს კერძო აღმასრულებლის მ.ს-ის ქმედებების კანონიერება ნ.მ-ისთვის 3755 ლარის გადახდის მოთხოვნის და აღნიშნულ თანხაზე ნ.მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის გამართვის მოთხოვნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვის თაობაზე, ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 9 ივნისის №A19196970-013/001 განკარგულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად კი, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნოტარიუს ე.შ-ს მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს, 2018 წლის 9 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კრედიტორ (იპოთეკარი) - შპს „...ოს“ სასარგებლოდ, მოვალე - თ.ჩ-ის და მესაკუთრე - ნ.მ-ის მიმართ გაიცა № 191431172 სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო სესხის ძირითადი თანხა - 2500 ლარი, ყოველთვიურად 3% (გადაუხდელი თანხა - 225 ლარი), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.1%-ს ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი და 72 თეთრი და აღსრულების ხარჯი სრულად. 2019 წლის 27 ნოემბერს შპს „...ოს“ წარმომადგენელმა №488297214 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - მ.ს-ს და 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემული № 191431172 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა.

დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოვალეებს ნ.მ-სა (მესაკუთრე) და თ.ჩ-ს გაეგზავნათ 2019 წლის 27 ნოემბრის №A19196970-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობათ, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა - 3755 ლარი. აღნიშნული წინადადება 2019 წლის 29 ნოემბერს პირადად ჩაბარდა ადრესატს - ნ.მ-ს.

დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა - მ.ს-მა 2019 წლის 27 ნოემბერს წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ნოტარიუს ე.შ-ს მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემული № 191431172 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის თანახმად, ნ.მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე - ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დაზუსტებული ფართი - 8117 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ...) შპს „...ოს“ სასარგებლოდ დადებული ყადაღის რეგისტრაცია მოითხოვა. ამასთან, დასახელებული უძრავი ქონების შეფასების მოთხოვნით კერძო აღმასრულებელმა 2019 წლის 18 დეკემბერს მიმართა შპს „R...ის“, რომელმაც უძრავი ქონება შეაფასა 137 000 ლარად. ხოლო, 2019 წლის 26 დეკემბერს კერძო აღმასრულებელმა მ.ს-მა №A19196970-009/001 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ნ.მ-ის სახელზე რიცხულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე სააუქციონო მომსახურების გაწევა. შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 9 ივნისის №19196970-013/001 განკარგულებით მოვალე ნ.მ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დაზუსტებული ფართი - 8117 კვ.მ, ს/კ ...) შემძენი, 2020 წლის 25 მაისს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე, გახდა ი.მ-ი, რომელმაც უძრავი ქონება 13700 ლარად შეიძინა. ამავე განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - შპს „...ოს“ სასარგებლოდ.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებლის - მ.ს-ის მიერ, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, სწორედ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები იქნა განხორციელებული, კერძოდ დაიწყო წარმოება, განახორციელა აუქციონის მოსამზადებელი პროცედურები და მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების თაობაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელმა იმოქმედა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელა კანონით დადგენილი პროცედურები და არ იკვეთება მისი ქმედებების უკანონოდ ცნობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 9 ივნისის №A19196970-013/001 განკარგულების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-147 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომელიც აწესრიგებს კერძო აღმასრულებლის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-11 პუნქტი კი სააუქციონო მომსახურებაში მოიაზრებს აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას, ბიუროს მიერ კანონით დადგენილი წესით აუქციონის ჩატარებას, პირველი აუქციონის შესაბამისი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებასა და აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის კანონით დადგენილი წესით განაწილებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონის დაწყების და დასრულების შესახებ, ქონების და მისი ღირებულების შესახებ და სხვ. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge, ხოლო აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის - მ.ს-ის 2019 წლის 27 ნოემბრის №A19196970-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს ნ.მ-სა (მესაკუთრე) და თ.ჩ-ს გაეგზავნათ მისამართებზე (ნ.მ-ს წინადადება 2019 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა პირადად), ამასთან გაფრთხილებულნი იქნენ, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები და განემარტათ, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ, ხოლო მოვალეებს მათთვის განსაზღვრულ ვადაში არ გადაუხდიათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და არც რაიმე განცხადებით მიუმართავთ ბიუროსთვის, დასტურდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებით დაცვით ჩატარება, რაც გამორიცხავს მისი განკარგულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა წარმოდგენილ საჩივარში მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე №ბს-3(კ-21) და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქონების რეალიზაციამდე უნდა მომხდარიყო მისი ლოტებად დაყოფა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის 1-ლი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია წინამდებარე საქმესა და კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-3(კ-21) საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის საკითხის კანონიერება და ორივე შემთხვევაში სამსჯელო საკითხს წარმოადგენდა ისეთი ქონების რეალიზაციის გონივრულობა, რომლის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ დასახელებულ საქმესა და მიმდინარე დავას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები.

საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „შპს „ტ-ის“ კუთვნილი ქონება (ს/კ №...) შედგებოდა რამდენიმე ობიექტისაგან, რომელიც განლაგებული იყო 30 022.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მთლიანი ქონება სოლიდური ღირებულების იყო და მისი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა შპს „მ-ოს“ მიმართ არსებულ დავალიანებას, შპს „ტ-ის“ საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების ნაწილის გატანა საკმარისი იყო დავალიანების გადამეტებით დასაფარავად, შესაბამისად, არსებობდა მოვალის უძრავი ქონების დაყოფის საჭიროება... ბუნდოვანია თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად აუქციონზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთელი ქონების გატანას, რატომ არ იყო შესაძლებელი მოვალეზე რიცხული ნაკვეთის ნაწილის ან ნაკვეთზე განლაგებული შენობებიდან ერთ-ერთის რეალიზაციით დავალიანების დაფარვა, ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება და არც საკასაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე იქნა გაჟღერებული რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, დაყოფის შემთხვევაში ქონების ნაწილის განკარგვის შეუძლებლობის, აქტივების გაუფასურების და დარჩენილი ქონების ლიკვიდურობის შენარჩუნების შეუძლებლობის შესახებ“ (სუსგ №ბს-3(კ-21); 14.07.2022). წინამდებარე დავის ფარგლებში კი, დადგენილია 2018 წლის 9 ივლისს კრედიტორსა და მოვალეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით სრულად იქნა დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ..., სოფელი ..., ფართი - 8117.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ..., შესაბამისად, ვერ განხორციელდებოდა იპოთეკით მთლიანად დატვირთული უძრავი ქონების ლოტებად დაყოფა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ იპოთეკა თავისი არსით მიზნად ისახავს სწორედ ქონების მთლიანად აღსასრულებლად მიქცევას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე №ბს-3(კ-21) ერთ-ერთ მთავარ სამსჯელო საკითხს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს „ტ-მა“ აღსრულების პროცესში საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა; ამ ნივთზე აღსრულების შეწყვეტა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენა და უძრავ ნივთზე აღსრულების მიქცევა, თუ მოვალის სხვა ქონებათა რეალიზაციით ვერ დაიფარებოდა კრედიტორის მოთხოვნა. ამასთან, დადგენილი იყო, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების განმავლობაში შპს „ტ-...“ მუდმივად ითხოვდა, არ დაეშვა სააღსრულებო ბიუროს დავალიანებაზე მრავალჯერ ძვირადღირებული ქონების აუქციონზე გატანა, ამ მიზნის მისაღწევად წარდგენილ იქნა არაერთი განცხადება. 2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილი №7579 საჩივრით მოვალე ერთდროულად ითხოვდა აღსრულების საქმის წარმოების შეჩერებასა და შეწყვეტას, ხოლო 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანებით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, უარი უთხრა №A16064532 სააღსრულებო საქმის შეჩერებაზე, თუმცა არ ჩასწვდა საჩივრის ძირითად არსს და იმავე ბრძანებით სააღსრულებო საქმის შეწყვეტაზეც უარი, რაც თავისთავად მოვალის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, მხოლოდ კრედიტორის ზოგად ინტერესს დააფუძნა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების პროცესი წარიმართა არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რა დროსაც მოვალის და კრედიტორის ინტერესი თანაზომიერების პრინციპის დაცვით უნდა დაბალანსდეს, არამედ კრედიტორის ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭების გზით, რა დროსაც მოვალის არაერთი თხოვნა - სხვა ქონებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არ იქნა გათვალისწინებული (სუსგ №ბს-3(კ-21); 14.07.2022). ამდენად, №ბს-3(კ-21) საქმეში კასატორმა არაერთხელ მიუთითა ალტერნატიული ქონების რეალიზების შესაძლებლობაზე, წინამდებარე შემთხვევაში კი, საქმის მასალებიდან არ დასტურდება კასატორის მხრიდან არც აღმასრულებლის რაიმე ქმედების გასაჩივრების, არც სარეალიზაციო ქონებასა და დავალიანებას შორის არაგონივრულ სხვაობაზე მითითება, ამასთან, არ დასტურდება კასატორის მხრიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების ფარგლებში ალტერნატიული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით მიმართვა. მითითებული გარემოებები კი ქმნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის №ბს-3(კ-21) გადაწყვეტილებაში არსებულისგან განსხვავებულ ფაქტობრივ შემადგენლობას, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.მ-ის საკასაციო საჩივარზე გ,ს-ის მიერ 07.06.2023წ. №006 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ,ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. გ,ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.06.2023წ. №006 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე