Facebook Twitter

ბს-788 (კ-22) 29 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 16.04.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის თ.ნ-ის მიმართ და მოითხოვა ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 677,85 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021წ. გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2022წ. განჩინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.01.2021წ. MIA 2 21 00014261 ბრძანებით თ.ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 11 სექტემბრიდან. თ.ნ-ეს 2020 წლის სექტემბრის ხელფასი ჩაერიცხა სრულად. ამასთან დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 18.01.2021წ. MIA 2 21 00105233 წერილით თ.ნ-ეს ეცნობა, რომ იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რის შედეგადაც მას სრულად აქვს ჩარიცხული 2020 წლის სექტემბრის თვის შრომის ანაზღაურება, შესაბამისად მის მიერ დაბრუნებულ უნდა იქნეს 677,85 ლარი. აღნიშნული წერილი თ.ნ-ეს საფოსტო გზავნილის მეშვეობით ჩაბარდა 22.01.2021წ.. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.01.2021წ. MIA 2 21 00014261 ბრძანება თ.ნ-ეს გაეცნო 22.01.2021წ.. შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვეში თ.ნ-ისათვის არ იყო ცნობილი სამსახურიდან დათხოვნისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, ამდენად, 2020 წლის სექტემბრის თვეში მის მიერ მიღებული ხელფასი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ნ-ისათვის 2020 წლის 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ანაზღაურებული ხელფასი არ წარმოადგენს უსაფუძვლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თ.ნ-ემ სამსახური თვითნებურად მიატოვა 2020 წლის 11 სექტემბრიდან. ამ პერიოდიდან იგი ფაქტობრივად აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დისციპლინური წარმოების შედეგად თ.ნ-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 04.01.2021წ. ბრძანებით 2020 წლის 11 სექტემბრიდან. შესაბამისად, თ.ნ-ისათვის ზედმეტად ჩარიცხულმა შრომის ანაზღაურების თანხმა შეადგინა 677.85 ლარი, რაც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

კასატორმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელის არ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა "საჯარო სასმახურის შესახებ" კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვით მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიოდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე. აღნიშნული ჩანაწერი არეგულირებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას პირადი განცხადების საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, კასატორის მოსაზრებით არ არსებობდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები მოცემული დავის გადაწყვეტისთვის.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.01.2019წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის" 12.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.07.2019წ. N59 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, სსდ-ის სპეციალური წოდების მქონე პირის და სსდ-ის სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურების, ასევე სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით. სადავო შემთხვევაში მოპასუხე სამსახურში არ გამოცხადებულა 2020 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო პრაქტიკა მნიშვნელობას ანიჭებს ფაქტობრივად ნამუშევარ დღეებსა და მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება/არ შესრულების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმაზე, რომ მოპასუხის გათავისუფლება განხორციელდა მისი პირადი პატაკის საფუძველზე და ის სამსახურში აღარ გამოცხადებულა, შესაბამისად მას საკუთარი ნებით 2020 წლის 11 სექტემბრიდან აღარ შეუსრულებია მასზე დაკისრებული უფლებამოსილება, რაც უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 25.12.2020წ. MIA 4 20 02998261 დასკვნის თანახმად, თ.ნ-ემ დაარღვია "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის" მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (სამსახურის არასაპატიო მიზეზით 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტი (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), რაც მისი მხრიდან გამოიხატა 2020 წლის 10 სექტემბერს სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში, ასევე 17 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 სამუშაო დღეზე ნაკლები ვადით გაცდენაში და 16 ოქტომბრიდან სამსახურში გამოუცხადებლობაში. დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.01.2021წ. MIA 2 21 00014261 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ... სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი სერჟანტი თ.ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 11 სექტემბრიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 18.01.2021წ. MIA 2 21 00105233 წერილით თ.ნ-ეს ეცნობა, რომ იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რის შედეგადაც მას სრულად აქვს ჩარიცხული 2020 წლის სექტემბრის თვის შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, მის მიერ დაბრუნებული უნდა იქნეს 677,85 ლარი. აღნიშნული წერილი თ.ნ-ეს საფოსტო გზავნილის მეშვეობით ჩაბარდა 22.01.2021წ..

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.01.2021წ. MIA 2 21 00014261 ბრძანებას თ.ნ-ე 22.01.2021წ. გაეცნო, შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვეში მისთვის არ იყო ცნობილი სამსახურიდან დათხოვნისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ 2020 წლის სექტემბრის თვეში თ.ნ-ის მიერ მიღებული ხელფასი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.01.2019წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის" 12.2 მუხლის თანახმად მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებისა და გენერალური ინსპექციის 25.12.2020წ. დასკვნის თანახმად, თ.ნ-ეს არ ჰქონია ნორმირებული სამუშაო გრაფიკი, არამედ იგი ცვლაში მუშაობდა და ყოველ მესამე დღეს უწევდა მორიგეობა. ამასთან, სექტემბრის თვეში იგი რამდენჯერმე შეუთანხმდა ხელმძღვანელს, რომ სამუშაოზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა გამოცხადებას, რაზედაც ხელმძღვანელისგან მიიღო თანხმობა, რაც მოპასუხე მხარისათვის იმის მოლოდინს ქმნიდა, რომ სამუშაოზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ არ მიჩნეულიყო, ხოლო ამ პერიოდისათვის (სექტემბრის თვის) მიღებული ხელფასი ზედმეტად დარიცხულად არ ჩათვლილიყო. ამასთან, დაუსაბუთებელია და არც საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თ.ნ-ემ პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება, რის შემდეგაც საკუთარი ნებით უარი განაცხადა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა