Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-764(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - თ. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 20 დეკემბერს თ. ტ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2005 წელს ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე, ს. ხ-იასგან შეიძინა თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლებსაც დღემდე ფლობს და სარგებლობს. 2021 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა ს. ხ-ის მიერ მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობების ორიგინალები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 28 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით მოითხოვა ს. ხ-ის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან მისი ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაზეც მოსარჩელემ განუმარტა, რომ აღნიშნული პირი იყო გარდაცვლილი რაც გამორიცხავდა როგორც მინდობილობის წარდგენის, ასევე მისი წარმოებაში ჩართვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა კანონით დადგენილი წესით საკადასტრო ბლოკის განსაზღვრა და 3 მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის წერილობითი თანხმობის წარმოდგენის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელება.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სააგენტომ 2021 წლის 6 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებებით გაიმეორა წინა გადაწყვეტილებებში არსებული მითითებები, კვლავ მოითხოვა გარდაცვლილის მინდობილობის წარდგენა ან მისი სარეგისტრაციო წარმოებაში ჩართვა და დამატებით განმარტა, რომ ს. ხ-ის შესაბამისი ქონება შეძენილი ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით მან გაასაჩივრა სააგენტოს გადაწყვეტილებები, თუმცა მოპასუხემ 2021 წლის 29 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოებები, ხოლო 2021 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 28 სექტემბრის №... და №..., 2021 წლის 6 ოქტომბრის №..., 2021 წლის 29 ოქტომბრის №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 29 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის საკადასტრო ბლოკების განსაზღვრისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ ... და ს/კ ...) რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, თ. ტ-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებები, 2021 წლის 6 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებები, 2021 წლის 29 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებები და 2021 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა თ. ტ-ის 2021 წლის 23 სექტემბრის განცხადებების (№... და №...) თაობაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ტ-იმა 2005 წელს ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე ს. ხ-იასაგან შეიძინა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლებსაც დღემდე ფლობდა და სარგებლობდა. თავის მხრივ, ს. ხ-იამ ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა 2003 წლის 3 ოქტომბერს ა. ა-ისგან და მის სახელზე შედგენილ იქნა ორი სარეგისტრაციო მოწმობა. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ორი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა ორივე განცხადებაზე მოპასუხემ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოთხოვნილ იქნა ს. ხ-იას წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან მისი ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელემ სააგენტოს განუმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იყო და დამატებით მოითხოვა, რომ განსაზღვრულიყო საკადასტრო ბლოკი, რომლის საფუძველზეც ის წარადგენდა სამი მომიჯნავე მესაკუთრის თანხმობას რეგისტრაციაზე. მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას განმეორებით მოთხოვა დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენა ან/და შესაბამისი პირის ჩართვა წარმოებაში. მოგვიანებით კი, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მართალია წარმოდგენილი იყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების დედანი, თუმცა მის საფუძვლად მითითებული იყო მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებები. სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 პუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება შესაძლებლობას აძლევდა პირებს მოეხდინათ საკუთრების უფლების აღრიცხვა და რეგისტრაცია ფორმადაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე, თუმცა, მისი მიზანი მიემართებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევათა კანონის ფარგლებში მოქცევის შესაძლებლობის შექმნას, რომლებიც კონკრეტული უძრავი ქონების პირველად რეგისტრაციას საჭიროებდა. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან, 2003 წლის 12 მაისს სადავო ქონება აღირიცხა ა. ა-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ხოლო, ამავე წლის 3 ოქტომბერს იგი ფორმის დაცვით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა და დარეგისტრირდა ს. ხ-იაზე, მითითებული ბრძანებულებით დადგენილი წესი ვერ გავრცელდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ იმგვარ განცხადებებზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ სარეგისტრაციო ქონებაზე უკვე განხორციელებული იყო რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო მარუსა ალადაშვილის ოჯახის საკუთრების უფლება და მისი რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა - მიწის მიღება-ჩაბარების №22 აქტი, ხოლო, პირს, რომლისაგანაც მოსარჩელის განმარტებით მან შეიძინა უძრავი ნივთები, საკუთრების უფლება წარმოეშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა პირველად რეგისტრაციას და შესაბამისად, სახეზე არ იყო ის წინაპირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელი იყო, რომ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის დედანი გამხდარიყო სარეგისტრაციო დოკუმენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემული დავა, ამასთან მან გადაწყვეტილების დასაბუთებისას იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილებით, რომელიც არ შეესაბამებოდა განსახილველ შემთხვევას. კასატორმა აღნიშნა, რომ მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მიზეზად მითითებული არ ყოფილა წარდგენილ დოკუმენტაციაში (სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი) ხარვეზის არსებობა ან მათი არასათანადოობა, არამედ მოთხოვნილი იყო მინდობილობის წარდგენა, რაზეც მხარემ მკაფიოდ განმარტა, რომ ყოფილი მესაკუთრე ს. ხ-ია იყო გარდაცვლილი, რაც გამორიცხავდა როგორც მის მიერ გაცემული მინდობილობის წარმოდგენას, ასევე წარმოებაში მის ჩართვას. გარდა ამისა, კასატორმა მოითხოვა საკადასტრო ბლოკის განსაზღვრა, იმ მიზნით რომ სააგენტოში წარედგინა ალტერნატიული დოკუმენტები - 3 მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კასატორს ახალი აქტებით წაუყენა იგივე მოთხოვნები, რომლებიც ობიექტურად არ ექვემდებარებოდა შესრულებას. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ არც წარმოების შეჩერების თუ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიზანი არ ყოფილა განმცხადებლისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემა და თ. ტ-ის შეეზღუდა მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეების თანხმობის წარდგენის გზით მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. კასატორმა ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისაუბრა თ. ტ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო მოწმობების არასათანადოობაზე, თუმცა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის ეტაპზე აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ გაკეთებულა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება გამოცემული იყო 1999 წელს, ხოლო ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდებოდა 2016 წელს მიღებული „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელშიც ცვლილებები რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით 2019 წელს შევიდა. ამასთან, კასატორი სწორედ აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით ითხოვდა ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში კი არაფერი იყო ნათქვამი ფორმადაუცველ გარიგებებზე, შესაბამისად მის მიზანს არ წარმოადგენდა ასეთი გარიგებების რეგისტრაცია. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება, ვინაიდან ერთი მხრივ ნაცვლად კანონისა, აღნიშნული ბრძანებულება წარმოაჩინა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად, ხოლო შემდგომ აღნიშნული ბრძანებულების მიზნები განმარტა იმგვარად, რომ ბრძანებულება მხოლოდ პირველად რეგისტრაციას უკავშირდებოდა და ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში იყო დასაშვები. კასატორი მიიჩნევს, რომ რეალურად კანონმდებელმა დასახელებული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე მითითება მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ის წარმოადგენდა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს და ამ ბრძანებულებით იყო დამტკიცებული სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა. გარდა ამისა, კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანო მის მიერ მიღებულ აქტებში უთითებდა, რომ თ. ტ-ის მიერ მოთხოვნილი იქნა სწორედ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, აღნიშნული კი თავის თავში მოიაზრებდა არა პირველად, არამედ შემდგომ რეგისტრაციას, იმის მიუხედავად თუ რა იყო უკვე რეგისტრირებული უფლების წარმოშობის საფუძველი.

კასატორი მიიჩნევს, რომ მასზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული დროებითი და საგამონაკლისო მექანიზმი, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმა დროში ერთადერთ შეზღუდვად ითვალისწინებს ფორმადაუცველად დადებულ გარიგებებს, რომლებიც დაიდო აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (ამოქმედდა 2016 წელს), ხოლო ფორმადაუცველი გარიგება თ. ტ-ისა და ს. ხ-იას შორის დაიდო 2005 წელს. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი ითვალისწინებს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ფორმას, თუმცა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა მოგვიანებით, 2016 წელს და მასში ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდა 2019 წელს. ამდენად, ვინაიდან კანონმდებელმა ჯერ გარიგების სტანდარტული ფორმა განსაზღვრა სამოქალაქო კოდექსით, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ზემოაღნიშნული კანონით გაითვალისწინა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამით კანონმდებელს არ შეუქმნია გარიგების ფორმის დაცვის იმპერატიული დანაწესის გვერდის ავლისთვის სივრცე, არამედ გაითვალისწინა სწორედ ისეთი შემთხვევები, როგორიც წინამდებარე დავის ფარგლებში იყო სახეზე. კასატორი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მოსარგებლეს განესაზღვროს ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის გარიგების ფორმის დაცვის ვალდებულება, როდესაც კანონი პირდაპირ განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში გარიგების ხელახლა დადება შესაბამის პირს არ მოეთხოვება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე განიხილა თ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრები და ისე მიიღო გადაწყვეტილება მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ ჩაატარა სხდომა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მართალია ნაწილობრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 28 სექტემბრის №... და №..., 2021 წლის 6 ოქტომბრის №..., 2021 წლის 29 ოქტომბრის №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 29 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, ასევე, მოპასუხისთვის საკადასტრო ბლოკების განსაზღვრისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ ... და ს/კ ...) რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალების კანონიერება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს რეგისტრაციის განხორციელებას ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელების წესის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების (ძალის დაკარგვის თარიღი: 22/05/2007) მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა. გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირმა/მესაკუთრე ფიზიკურმა პირმა ან/და მესაკუთრე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე გაასხვისა მიწის ნაკვეთი, რის დასადასტურებლადაც მოსარგებლეს გადასცა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის დედანი, ეს გარემოება გამოყენებული იქნება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად, თუ იმავე საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული არანაკლებ 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (მესაკუთრეები) ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი (პირები) აღნიშნულ ფაქტს წერილობით დაადასტურებს (დაადასტურებენ) ან თუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი/მესაკუთრე თანხმობას განაცხადებს. ამ შემთხვევაში გარიგების ხელახლა დადება არ მოითხოვება.

მოსარჩელე მხარის განმარტების თანახმად, მან 2005 წელს ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე ს. ხ-ისაგან შეიძინა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლებსაც დღემდე ფლობს და სარგებლობს. დადგენილია, რომ ს. ხ-იამ, რომელიც გარდაიცვალა 2007 წლის 2 თებერვალს და მისი სამკვიდრო მოწმობა არავის მიუღია, თავის მხრივ 2 მიწის ნაკვეთი შეიძინა 2003 წლის 3 ოქტომბერს ა. ა-ისგან და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაიცა მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობები.

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ტ-იმა ორი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობები, აზომვითი ნახაზები და მოითხოვა თავის სახელზე აღნიშნული უძრავი ქონებების რეგისტრაცია. ასევე დადგენილია, რომ თ. ტ-ის ორივე განცხადებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოთხოვნილ იქნა ს. ხ-იას წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან მისი ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელემ განუმარტა მოპასუხეს, რომ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იყო. ასევე მოითხოვა, რომ განსაზღვრულიყო საკადასტრო ბლოკი, რომლის საფუძველზე ის წარადგენდა სამი მომიჯნავე მესაკუთრის თანხმობას რეგისტრაციაზე. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის მიერ მას განმეორებით მოეთხოვა მითითებული დოკუმენტაციის ანდა შესაბამისი პირის ჩართვა წარმოებაში. მოგვიანებით ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ასევე დადგენილია, რომ თ. ტ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები. ამავდროულად ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ორივე მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების თაობაზე იმსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას.

მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ფაქტობრივად უარის თქმის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ მართალია წარმოდგენილი იყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების დედანი, თუმცა მის საფუძვლად მითითებული იყო მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებები. მოპასუხემ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის საფუძველზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა იმის გამორკვევა, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტები ვრცელდება თუ არა პირველად რეგისტრაციაზე, არამედ უნდა გამოიკვეთოს განსახილველ შემთხვევაში რამდენად იყო სახეზე ფორმის დაუცველად დადებული გარიგება და მასზე ვრცელდებოდა თუ არა ზემოაღნიშნული დანაწესები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის დედანის წარდგენას მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად, თუ იმავე საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული არანაკლებ 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (მესაკუთრეები) ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი (პირები) აღნიშნულ ფაქტს წერილობით დაადასტურებს (დაადასტურებენ) ან თუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი/მესაკუთრე თანხმობას განაცხადებს, თუმცა აღნიშნული საფეხურების გავლა და შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ უტყუარად არის დადასტურებული უძრავი ქონების მესაკუთრესა და ქონებით იმჟამინდელ მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად დადებული გარიგების არსებობის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება მოტყუების გზით, შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების უკანონოდ რეგისტრაციის რისკები, რაც შედეგობრივად დააზიანებს როგორც ინდივიდუალური პირების ინტერესებს, ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო ბრუნვის ზოგად სტაბილურობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია თ. ტ-იმა სააგენტოში წარადგინა მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობები, აზომვითი ნახაზები, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების დედანი, რომლის საფუძვლად მითითებული იყო მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა საქმეში გარდა თავად მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტებისა, არ მოიპოვება რაიმე სხვა მტკიცებულება (მაგ: ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულება), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ს. ხ-იას მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობასა და მის მიერ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თ. ტ-იზე გასხვისების ფაქტს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი ან და სამართლებრივი წანამძღვრების არსებობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 28 სექტემბრის №... და №..., 2021 წლის 6 ოქტომბრის №..., 2021 წლის 29 ოქტომბრის №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 29 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის საკადასტრო ბლოკების განსაზღვრისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ ... და ს/კ ...) რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალების საფუძველი, შესაბამისად არ იკვეთება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. თ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე ა. ბ-ეს 30.06.2023წ. №2256 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრისათვის, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ა. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი და ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, სულ 510 ლარი (300+210=510) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება;

3. ა. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.06.2023წ. №2256 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 510 (ხუთას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე