Facebook Twitter

№ბს-1086(2კ-23) 10 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ტ-ამ, ნ. შ-იმა და ე. შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №510/9 ბრძანება, ე. შ-ის, ნ. შ-ის და გ. ტ-ას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 სექტემბრის №860 ბრძანება; დ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. ტ-ასათვის, ნ. შ-ისა და ე. შ-ისათვის უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ას, ნ. შ-ისა და ე. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №510/9 ბრძანება, ე. შ-ის, ნ. შ-ისა და გ. ტ-ას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 სექტემბრის №860 ბრძანება გ. ტ-ას, ნ. შ-ისა და ე. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ტ-ასთვის, ნ. შ-ისა და ე. შ-ისათვის უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, 2021 წლის 22 ოქტომბერს გ. ტ-ამ, ნ. შ-იმა და ე. შ-იმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა თავშესაფრით საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვეს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია. კომისიის 2022 წლის 24 ივნისის №52 ოქმით გ. ტ-ას, ნ. შ-ის და ე. შ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. კომისიის 2022 წლის 24 ივნისის №52 ოქმის საფუძველზე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №5109 ბრძანებით გ. ტ-ას, ნ. შ-ის და ე. შ-ის უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.01.2018წ. №10-13 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 28.02.2019წ. №19.225.312 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით, კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ საქართველოში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების მიზნისა და მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას და უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება უსახლკარო ოჯახების რეგისტრაცია, მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება. დასახელებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილია იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალი, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება ქმნის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველს. დასახელებული ნორმებით, ასევე დადგენილია იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობა განაპირობებს განმცხადებლისათვის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმას. მოცემულ შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 29.12.2021 წლის №31-01213631627 წერილზე დართულ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი ბინის ქირას იხდის პირადად. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლები ვერ აკმაყოფილებდნენ საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნებს (დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი). ამასთან, დადგინდა, რომ ოჯახის შემოსავალი აჭარბებს სამსულიანი ოჯახისათვის სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხებისა და კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციის თანხების ერთობლიობას. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი სს „ლ...ისა“ და სს „ს...ის“ წერილებზე თანდართული მონაცემებით. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელეების შემოსავალი აღემატება სამ სულიანი ოჯახისათვის სსიპ ,,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის’’ მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმით გათვალისწინებულ თანხას (დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი).

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად გაიზიარა მოსარჩელეთა ზეპირი ახსნა-განმარტება ქირის გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და ამავდროულად არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ დამოუკიდებლად ქირის გადახდის ფაქტს. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ დამოუკიდებლად ქირის გადახდის ფაქტი, ასევე ოჯახის წევრების სახელზე ბანკში დაფიქსირებული შემოსავალი, თუმცა ცალსახაა სწორედ აღნიშნული მტკიცებულებების არსებობამ განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. პალატამ ასევე მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა ე. შ-ის განმარტება მის შემოსავალთან დაკავშირებით.

3.2. კასატორის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის განმარტებით, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 24 ივნისის №52 ოქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა თავშესაფარით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო გ. ტ-ას, ნ. შ-ისა და ე. შ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია. აღნიშნული ოქმის საფუძველზე გამოიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის პირველი ივლისის №510/9 ბრძანება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსახლკაროდ რეგისტრაციაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის და საცხოვრისით უზრუნველყოფის ერთ-ერთ კრიტერიუმად განისაზღვრა ის გარემოება, რომ ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ, ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუდეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას (თვის განმავლობაში განსაზღვრულია 500 ლარი) და ამავე პერიოდში სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრული პირის საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას. განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის „სს ლ...ის“ მიერ ექვსი თვის საბანკო ამონაწერების მიხედვით დგინდება, რომ გ. ტ-ას, ნ. შ-ის და ე. შ-ის ოჯახის შემოსავალი აჭარბებს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის (500 ლარი) 6 თვი კომპენსაციას და ამავე პერიოდში საარსებო მინიმუმისთვის დადგენილი აუცილებელი თანხების ჯამურ ოდენობას. სწორედ აღნიშნული ფორმულით ხელმძღვანელობს ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური თანხის ზედა ზღვარის დადგენისას, კერძოდ, ჯამდება საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის 6 თვის კომპენსაცია და ამავე პერიოდში საარსებო მინიმუმისთვის დადგენილი აუცილებელი თანხები სამ სულიანი ოჯახისათვის. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული თანხა შეადგენდა 7338.00 ლარს, რომელშიც გათვალისწინებულია 6 თვის ქირის თანხა 500 ლარის ოდენობით და სამსულიანი ოჯახისთვის 6 თვის საარსებო მინიმუმის თანხა, რომლის ფორმირებასაც საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა. ამავე პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ექვსი თვის საბანკო ამონაწერების მიხედვით გ. ტ-ას სს ,,ლ...ში’’ უფიქსირდება 1475 ლარის შემოსავალი, ნ. შ-ის - 1375 ლარის შემოსავალი, ხოლო ე. შ-ი სს ,,ს...ში’’ უფიქსირდება 5743.24 ლარის შემოსავალი. ზემოაღნიშნული თანხები ჯამურად არის 8593,24 ლარი, რაც არსებითად აღემატება საარსებო მინიმუმის დადგენილ ოდენობას.

კასატორის განმარტებით, პირის შემოსავლების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანად, კანონით დადგენილი წესით მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და კანონმებლობის შესაბამისად. სამსახურის ვალდებულებას არ წარმოადგენს იმის კვლევა, თუ რა სახის სამუშოს შესრულების შედეგად მიიღო პირმა ესა თუ ის შემოსავალი, რადგან ერთჯერადი სამუშაოს შესრულებით შემოსავლის მიღება არ არის წინაპირობა იმისა, რომ საარსებო მინიმუმთან ოჯახის შემოსავლების შედარებისას, ეს შემოსავალი მხედველობაში არ იქნება მიღებული, ვინაიდან, აუცილებელი არ არის ოჯახის მხრიდან რეგისტრირებული შემოსავლის არსებობის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს აპელირება მოსარჩელის მხარის განმარტებაზე, რომ მან 5743,24 ლარის შემოსავალი ერთჯერადად მიიღო მეგობრისგან მის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ, კერძოდ, მუშაობდა ძიძად. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა სამ სულიანი ოჯახისთვის ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული წესის მიხედვით დადგენილი ფორმულით გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმის ოდენობა, ამ შემთხვევაში 7338 ლარი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახს აქვს შესაძლებლობა თავად უზრუნველყონ საცხოვრებლი. ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ოჯახმა დააკმაყოფილოს უსახლკაროდ რეგისტრაციის ყველა კრიტერიუმი შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ უნდა დასტურდებოდეს ოჯახი მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახე ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი. საბურთალოს რაიონის გამგეობის 2021 წლის 29 დეკემბრის №31-01213631627 წერილის თანახმად, ოჯახი თავად იხდის ქირას 450 ლარის ოდენობით. აღნიშნული წერილ კი ემყარება გამგეობის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მსურველთა გადამოწმებისას თავად ამ პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეთა განმარტებაზე, რომელიც შეეხება მათი მხრიდან ბინის ქირის გადახდის ფაქტს, კერძოდ, რომ ისინი ქირის გადახდას ცდილობდნენ, თუმცა, უწყვეტ გადახდას 6 თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფდნენ, საცხოვრებელი დაკავებული ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ გამქირავებლის კეთილ ნების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებას ვერ ასრულებდნენ. ამჟამად ბინის მესაკუთრის პოზიცია შეიცვალა და ითხოვს საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლებას. აღნიშნული მსჯელობა მეტად ბუნდოვანია და გამყარებული არ არის სანდო მტკიცებულებებით, კერძოდ, არაფერია წარმოდგენილი იმის დამადასტურებლად, რომ რამდენიმე თვის მანძილზე ოჯახმა ვერ შეძლო ქირის გადახდა საკუთარი სახსრებით, რასთან დაკავშირებით, მესაკუთრეს მანამდე პრობლემა არ ჰქონდა, ახლა კი ითხოვს აღნიშნული ოჯახის გამოსახლებას.

ამდენად, სახეზე არის ორი წინაპირობა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმისა, კერძოდ, სამ სულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმზე მეტი შემოსავალი და საცხოვრებლის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სასამართლო ცალკეული საჩივრების ფარგლებში არ გაითვალისწინებს საარსებო მინიმუმისათვის დადგენილ ზედა ზღვარს და ყველა დავის პირობებში თანხის ოდენობას ინდივიდუალურად შეაფასებს, აღნიშნული ხელს შეუშლის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესრულებას და ბენეფიციარებს ჩააყეენებს არათანაბარ უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობაში, ადგილი ექნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლო მტკიცების ტვირთ სრულად აკისრებს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული სამართლებრივი ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზებას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოპასუხე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) გ. ტ-ამ, ნ. შ-იმა და ე. შ-იმა განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია მოითხოვეს (ტ.1, ს.ფ. 195-199); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 24 ივნისის №52 ოქმის თანახმად, ე. შ-ის, ნ. შ-ის და გ. ტ-ას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო (ტ.1, ს.ფ. 210-214); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №510/9 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 24 ივნისის №52 ოქმის საფუძველზე, ე. შ-ის, ნ. შ-ისა და გ. ტ-ას უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე (ტ.1, ს.ფ. 24); დ) გ. ტ-ამ, ნ. შ-იმა და ე. შ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №510/9 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს (ტ.1, ს.ფ. 165-173); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 სექტემბრის №860 ბრძანებით გ. ტ-ას, ნ. შ-ისა და ე. შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №510/9 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 26-33); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 17 აგვისტოს №15-01222291593 წერილის თანახმად, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცი მიხედვით, ოჯახი 450 ლარის ოდენობის ქირას იხდის პირადად. ექვსი თვის საბანკო ამონაწერების მიხედვით, გ. ტ-ას სს „ლ...ში“ უფიქსირდება 1475 ლარის შემოსავალი, ნ. შ-ის უფიქსირდება 1375 ლარის შემოსავალი, ხოლო, ე. შ-ის სს „ს...ში“ უფიქსირდება 5743.24 ლარის შემოსავალი. 3-სულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმი 6 თვის განმავლობაში წარმოადგენს 7338 ლარს, ხოლო ოჯახის შემოსავალი 6 თვის განმავლობაში ჯამში შეადგენს 8593,24 ლარს, რაც აღემატება დადგენილ საარსებო მინიმუმს. (ტ.1, ს.ფ. 189-191); კ) საბურთალოს რაიონის გამგეობის 2021 წლის 29 დეკემბრის №31-01213631627 მიმართვის თანახმად, ოჯახი 450 ლარის ოდენობის ქირას იხდის პირადად (ტ.1, ს.ფ. 192-194).

განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №510/9 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 სექტემბრის №860 ბრძანების კანონშესაბამისობის შემოწმება და იმ გარემოებების დადგენა, თუ რამდენად არსებობდა სადავო აქტების მიღების დროს მოსარჩელეთა ოჯახისათვის უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სადავო პერიოდში მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლოშემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებისათვის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარის თქმა განპირობებული იყო ორი საფუძვლით: 1. ოჯახის მიერ დამოუკიდებლად ბინის ქირის გადახდით (№37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი); 2. სამსულიანი ოჯახისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმზე მეტი შემოსავლის მიღების ფაქტით (№37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი).

მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირველ საფუძველთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 2021 წლის 29 დეკემბრის №31-01213631627 მიმართვა, რომლის თანახმად, მოსარჩელეები 450 ლარის ოდენობის ქირას იხდიან პირადად, არ იძლევა სრულ ინფორმაციას მოსარჩელეთა მხრიდან დამოუკიდებლად უწყვეტ რეჟიმში ბინის ქირის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი (№37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი) მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება ქირის უწყვეტად გადახდას გარკვეულ პერიოდზე, კერძოდ, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამდენად, ის გარემოება, რომ ოჯახი ქირას უწყვეტად იხდიდა კონკრეტულ პერიოდში, საბურთალოს რაიონის გამგეობის 2021 წლის 29 დეკემბრის №31-01213631627 მიმართვაზე (ცნობაზე) თანდართული დოკუმენტით (ცხრილით) არ დასტურდება (ცნობის თანახმად მოსარჩელეები 450 ლარის ოდენობის ქირას იხდიან პირადად). აღნიშნული მტკიცებულება შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და ვერ დგინდება ვერც გადახდის პერიოდი და ოჯახის მიერ ქირის უწყვეტად გადახდის ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო, მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, მოცემულ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას ვერ განიხილავს სარწმუნოდ. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არც საქმის სასამართლო წესით განხილვისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2).

ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაუსაბუთებელი და შესაბამის მტკიცებულებას მოკლებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეებისთვის უარის თქმის საფუძველი, რომელიც ემყარება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს.

მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე საფუძველთან დაკავშირებით - სამსულიანი ოჯახისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმზე მეტი შემოსავლის მიღების ფაქტი (№37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2022 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გ. ტ-ას, ნ. შ-ის და ე. შ-ის ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 103 130 (ტ.1, ს.ფ. 37); ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 და 3 თებერვლის №19357, №19305 და №18820 ცნობების თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით გ. ტ-ას, ე. შ-ისა და ნ. შ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 34, 35, 36); გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით (2022 წლის 20 ივლისის მდგომარეობით) 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით, გ. ტ-ას მიერ შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება (ტ.1. ს.ფ. 38); სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით (2022 წლის 22 ივლისის მდგომარეობით) ნ. შ-ის მიერ 2020 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით, მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირება (ტ.1. ს.ფ. 39); სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით (2022 წლის 20 ივლისის მდგომარეობით) ე. შ-ის მიერ 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით, მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირება (ტ.1, ს.ფ. 40);

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელეების ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე