Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-410(კს-24) 12 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ...“

მოწინააღმდეგე მხარე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო

დავის საგანი - დადგენილების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოდან მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №..., №..., №..., №... №... და №... ოქმები და მასალები შპს „კ...“-ს მიმართ, საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავების ფაქტებზე, სასარგებლო წიაღისეულის, კირქვის მოპოვების ფაქტზე და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის და გადაადგილების ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 571-ე მუხლით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და ასკ-ის 512-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის დადგენილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ №..., №..., №..., №..., №... და №... ოქმების საფუძველზე წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები - საქმე №... (4/181-23), №... (4/182-23), №... (4/183-23), №... (4/184-23), №... (4/200-23), №... (4/201-23) შპს „კ...“-ს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 571-ე მუხლით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და ასკ-ის 512-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის დადგენილებით შპს „კ...“, ს/კ ..., (დირექტორი გ. მ-ე, პ/ნ ...), მისამართი - მარტვილი, სოფელი ...) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 571-ე მუხლით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და ასკ-ის 512-ე მუხლით. შპს „კ...“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. შპს „კ...“-ს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 2516,60 (ორი ათას ხუთას თექვსმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა.

მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის დადგენილება გაასაჩივრა შპს „კ...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის დადგენილებით შპს „კ...“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის დადგენილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ...“-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების სამართალწარმოება არის ორსაფეხურიანი, მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ...“-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების ან ორინსტანციური სამართალწარმოების ფარგლებში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების სათანადოდ შესრულების კანონიერება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ...“-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის დადგენილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე