საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-403(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ჩ-ე
მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჩ-ემ 2020 წლის 18 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 5 მარტის MES 4 20 00274235 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის გ. ჩ-ეის სახელზე გაცემული პა/PA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას არ გაითვალისწინა საბოლოო შეფასების უწყისი, დიპლომი, წერილზე მიღებული პასუხები, რომლითაც დასტურდება საქართველოს სპორტის აკადემიის ... ფაკულტეტიდან გ. ჩ-ეის შსს აკადემიის დაუსწრებელ სწავლებაზე გადაყვანა. ასევე არ იქნა გათვალისწინებული შსს აკადემიიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მოსარჩელე დაშვებული იყო სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე და მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 5 მარტის MES 4 20 00274235 გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ჩ-ეის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების პა/PA №... (სარეგისტრაციო №...) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სწავლის დროინდელი (1999-2003) ცნობები შესაძლოა განადგურებული/დაკარგული იყოს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის კანონიერების მტკიცების მოვალეობისგან, მით უფრო იმ პირობებში, რომ სადავო აქტით იზღუდება პირის განათლების უფლება. მოცემულ შემთხვევაში სამართლის არცერთი ნორმა არ ავალდებულებდა სტუდენტს სასწავლებლის ნაცვლად განეხორციელებინა რაიმე მოქმედება, ან შეენახა იმგვარი ცნობები, რომელთა მოპოვება არქივიდან შემდგომში შესაძლოა გართულებულიყო. ამგვარი გარემოების (სასწავლო დაწესებულების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის) დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული ფაქტი, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების გამომრიცხველ გარემოებად ვერ მიიჩნევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. განათლების სასურველი ფორმით, სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღება კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა ის, თუ რამდენად მოხდება ამ განათლების, როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის წინაპირობის სახელმწიფო დონეზე აღიარება, დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესზე, რომლის დაცვაც სწორედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ევალება. შეუძლებელია, ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის უფლებას, მიიღოს განათლება. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ გაუბათილებია მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომელიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ დასკვნამდე.
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ შეუფასებია მოსარჩელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი, სწავლის პერიოდი იყო თუ არა აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს დიპლომის ნამდვილობის შეფასებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სწავლის პერიოდი არ იყო სახელმწიფო მხრიდან აღიარებული, რაც დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელი წინაპირობაა. სასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ დასტურდება გ. ჩ-ეის მიერ საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის ფაქტი, ასევე, მისი მე-4 და მე-5 კურსებზე გადაყვანის ბრძანებები ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში ვერ იქნა მოძიებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ცენტრის მიერ ვერ იქნა დადგენილი გ. ჩ-ეის სწავლის პერიოდის სახელმწიფო აღიარება, შესაბამისად, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედასტურებინა გ. ჩ-ეის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საკასაციო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შსს აკადემიის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული პა/PA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული წინაპირობები პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას.
განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), რომელიც, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ამავე „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მე-8 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დიპლომის დეფინიცია, კერძოდ, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2020 წლის 7 თებერვლის MIA 0 20 00154874 წერილით დასტურდება, რომ გ. ჩ-ემ დაამთავრა საქართველოს შსს აკადემია და მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. ამავე წერილით დასტურდება, რომ გ. დ.-ს ძე ჩ-ე საქართველოს შსს აკადემიის 1999 წლის 16 ივლისის №61 პ/შ ბრძანების შესაბამისად ჩარიცხული იყო საქართველოს შსს აკადემიაში საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე. საქართველოს შსს აკადემიის 1999 წლის 10 სექტემბრის №80პ/შ ბრძანების შესაბამისად, იგი, სამთავრობო ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლებლად მივლინებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის პოლიციის აკადემიაში. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შსს აკადემიის 2002 წლის 28 მარტის №23 ბრძანების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის პოლიციის აკადემიის მე-... კურსის კურსანტი, პოლიციის რიგითი გ. ჩ-ე დაითხოვეს შსს ორგანოებიდან სხვა სასწავლებელში გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს შსს აკადემიის 2003 წლის 19 მარტის №9 ბრძანების მიხედვით, გ. ჩ-ე საქართველოს სპორტის აკადემიის ... ფაკულტეტის ...ის სპეციალობის მე-... კურსიდან გადმოვიდა საქართველოს შსს აკადემიის ...ის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-... კურსზე. დადგენილია, რომ საქართველოს შსს აკადემიის 2003 წლის 2 აპრილის №15 ბრძანებით, გ. ჩ-ე დაუშვეს სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე, ხოლო 2003 წლის 22 აპრილის №22 ბრძანებით მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჩ-ემ 2020 წლის 4 თებერვალს №123696 განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2004 წელს მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების პა/PA №... (სარეგისტრაციო №...) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის 12 თებერვალს MES 3 20 00179889 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და მოითხოვა დოკუმენტაცია გ. ჩ-ესთან დაკავშირებით. წერილში მიეთითა, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოსარჩელეს ...ის კვალიფიკაცია მიენიჭა 2003 წლის 22 აპრილის №22 ბრძანებით, ხოლო სანოტარო წესით დამოწმებულ დიპლომში კი, კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლად მითითებულია 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიას ეთხოვა, კვალიფიკაციის მინიჭების გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი. წერილის პასუხად, შსს აკადემიის რექტორმა ცენტრს გაუგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ამასთან, კვალიფიკაციის მინიჭების გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლთან დაკავშირებით განმარტა, რომ შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში ვერ იქნა მოძიებული.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის 10 თებერვალს MES 8 20 00162756 წერილით მიმართა სსიპ - ილიას სახელობის უნივერსიტეტს და მოითხოვა მოსარჩელე გ. ჩ-ეის აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის შესახებ დაცული ინფორმაცია. სსიპ - ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა 2020 წლის 12 თებერვლის N35/643 წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში გ. ჩ-ეის პირადი საქმე არ ინახებოდა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2020 წლის 5 მარტის MES 4 20 00274235 სადავო გადაწყვეტილებით გ. ჩ-ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ იქნა დადგენილი განმცხადებლის სწავლის პერიოდის სახელმწიფო აღიარება. კონკრეტულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად ვერ იქნა მოძიებული მოსარჩელე გ. ჩ-ეის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ: „კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი“ (სუსგ №ბს-1065(კ-20), 20.10.2021წ.). „დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (სუსგ №ბს-812(კ-18), 04.10.2018წ.).
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში განხორციელდა სათანადო ღონისძიებები და მოძიებული ვერ იქნა საკმარისი ცნობები, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. სწავლის თაობაზე დოკუმენტაციის დაკარგვა/განადგურების შემთხვევა ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის კანონიერების მტკიცების მოვალეობისგან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტით იზღუდება პირის განათლების უფლება. საგულისხმოა, რომ პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი, თუ იგი სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონმდებლობა სტუდენტს არ ავალდებულებს სასწავლებლის ნაცვლად განახორციელოს რაიმე მოქმედება, ან ივარაუდოს დოკუმენტაციის შემდგომში არქივიდან მოპოვების გართულება და შეინახოს ისინი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობის მართებულობასა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით გ. ჩ-ეის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების პა/PA №... (სარეგისტრაციო №...) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 03.02.2023წ. №01250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.02.2023წ. №01250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე