Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-106(კ-24) 24 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ჩ-ე, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჩ-ემ 2022 წლის 01 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა ი. ჩ-ეის სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და მატერიალური ზიანის სახით 8 თვისა და 17 დღის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის 12 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 6 000 ლარის ანაზღაურება; ი. ჩ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი ამავე კოდექსის 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, პალატის მითითებით, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს..“ (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტის - ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით, პალატის მოსაზრებით, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. სააპელაციო პალატის მითითებით, მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია ზიანის მიმყენებელ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში სახეზე იყო მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია აგრეთვე, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ, პალატის მითითებით, ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. პალატის მოსაზრებით, იგივე ვერ გავრცელდება პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ 6 000 ლარი წარმოადგენდა მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ თავის დროზე ი. ჩ-ეის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. კასატორი ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, მოსარჩელე აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე თვე იმყოფებოდა პატიმრობაში, თუმცა აღნიშნული არ გამომდინარეობდა პროკურატურის ბრალით, კერძოდ, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო არა პატიმრობა, არამედ - გირაო, რომლის გადაუხდელობამ განაპირობა მოსარჩელის პატიმრობაში დარჩენა.

ამდენად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 6 000 ლარის განსაზღვრა შეუსაბამოდ მაღალია, არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობით (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანით).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ცვლილებით; ბრალდებულ ი. ჩ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო; გირაოს თანხა განისაზღვრა 3000 ლარი; გირაოს შეტანის ვადად განისაზღვრა 30 დღე; გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა; ბრალდებულ ი. ჩ-ეს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 09 ივნისის 23:20 საათიდან; განემარტა ბრალდებულს, რომ თუ დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფდა გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანას, ის დარჩებოდა პატიმრობაში; წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 23 ივლისს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის ოქმის ამონაწერის თანახმად, ი. ჩ-ეის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩა ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენის თანახმად, ი. ჩ-ე გამართლდა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; გაუქმდა ი. ჩ-ეის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მხარეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 2015 წლის 4 ივნისის საქმე №ბს-485-474(2კ-14)). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს შეადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი.).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. ამასთან, მართალია, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა - წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას.

რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა (საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო პროცესები), იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 8 თვისა და 17 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, ბრალდების შინაარსის, მოსარჩელისთვის მიყენებული სტრესის, უკანონოდ წარდგენილი ბრალდების გამო შელახული პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 6 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. კასატორი ვერ ასაბუთებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობის არაპროპორციულობას დარღვეულ უფლებასთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე