საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-50(კ-24) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ. ჭ-ი, ს. ჭ-ი, ა. ჭ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 21 მაისს ლ. ჭ-იმა, ს. ჭ-იმა და ა. ჭ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის ლ. ჭ-ის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №1, შპს „ი...“ (...). აღნიშნული შენობა მიჩნეულ იქნა ნგრევად ობიექტად და მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება. თუმცა ლ. ჭ-ის განსახლება განხორციელდა მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვინაიდან მოსარჩელის მეუღლე კომპენსირებულ იქნა, იგი დაკმაყოფილდა როგორც ძმის ოჯახის წევრი, ისე რომ არ გაითვალისწინეს მისი ორი შვილი. ლ. ჭ-ის განმარტებით, ძმას ჰყავს თავისი ოჯახი, ისინი არ არიან ერთი ოჯახის წევრები და არ ეწევიან ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას.
მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანების იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელე ლ. ჭ-ის, ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელე ლ. ჭ-ის ოჯახის ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის, ს. ჭ-ისა და ა. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანების დანართი, იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელე ლ. ჭ-ის; დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ოჯახთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჭ-იმა, ს. ჭ-იმა და ა. ჭ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. ჭ-ის, ს. ჭ-ისა და ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. ჭ-ის, ს. ჭ-ისა და ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და ლ. ჭ-ის, ს. ჭ-ისა და ა. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ 2020 წლის 28 დეკემბრის N03-3433/ო ბრძანების დანართი იმ ნაწილში, რომელიც ეხება, მოსარჩელე - ლ. ჭ-ის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა. მითითებული კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.
ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების მისი გამომტანი მოსამართლის/მოსამართლეების მიერ ხელმოწერა. ასეთი ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. მოსამართლე ხელმოწერით ადასტურებს დოკუმენტში მითითებული გარემოებებისა და სასამართლოს აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების ნამდვილობას, მატებს მას ლეგიტიმაციას, აძლევს საბოლოო სახეს და ამცირებს სასამართლოს აქტის გაყალბების რისკებს. მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი იწვევს იურიდიულ შედეგებს. სწორედ ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილება საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ მის დადგენაში მონაწილე ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობას უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, რაც საქმეში სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის დადგენილი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-53-52(კ-06)).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს საქმეზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 287), ამავე კოდექსის 289.3 მუხლის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ, მე-4 ნაწილის თანახმად კი, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავდა – ამ სხდომის თავმჯდომარე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საპროცესო დოკუმენტს, რომელიც ასახავს სასამართლო პროცესის მსვლელობას, თითოეულ საპროცესო მოქმედებას, რომლებიც განახორციელა სასამართლომ საქმის განხილვისას. სხდომის ოქმი საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობის პირობებში ოქმს უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, როგორიც საქმეში სასამართლო სხდომის ოქმის არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეს არ ერთვის სასამართლო სხდომის ოქმი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეს ერთპიროვნულად იხილავდა მოსამართლე - ირინა ზარქუა. 2023 წლის 10 მაისის (გვ. 339-341) და 2024 წლის 24 მაისის (გვ. 348-349) სასამართლო სხდომის ოქმებზე არ არის მოსამართლის ხელმოწერა, მოსამართლის ხელმოწერა არ არის ასევე საქმეში არსებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული სხდომის ოქმები და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან და საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რა ოქმის შედგენის სავალდებულოობას, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, სასამართლო სხდომის ოქმის გარეშე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული სახით, ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (,,ე“; ,,ე1“ ქვეპუნქტები), გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი (,,ვ“ ქვეპუნქტი), საქმეში არ არის სააპელაციო სხდომის ოქმი (,,თ“ ქვეპუნქტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“, ,,ე1“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლის არსებობის დროსაც, იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე